სულმოკლეობა მოუთმენლობის დედაა, მიმტევებლობა კი ყველაზე აღმატებული
სულმოკლეობა მოუთმენლობის დედაა, მიმტევებლობა კი ყველაზე აღმატებული
წმინდა თეოფანე დაყუდებული თავის წიგნში, "წერილები ქრისტიანული ცხოვრების შესახებ", წერს: "წარამარა შეურაცხგყოფენ? ყოველწუთს აპატიე და ყოველწუთს უფრო და უფრო ღრმად შეხვალ ღვთის გულმოწყალების, ყოვლადმიმტევებელი უფლის შეწყალების სფეროში და ამ შეწყალებით, ვითარცა შესამოსლით, შეიმოსები და დაცული იქნები ყველაფრისგან, რაც შენს ცხონებას უშლის ხელს.

არაფერია ღვთის თვალში იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე წყენის მიტევება - ამით ვემსგავსებით გულმოწყალე უფალს. და არაფერი ისე ადვილად არ გვაცდუნებს, როგორც სურვილი შურისძიებისა, სიტყვით იქნება ეს აღსრულებული თუ საქმით. გამოდის, რომ შეძენის ნაცვლად განუწყვეტლივ ვკარგავთ. არადა, ეს უკანასკნელი თავად გვეძლევა - აპატიებ? სიმშვიდესა და ღვთის წყალობას მოიპოვებ; არ აპატიებ? შინაგანი დრტვინვა მოგიღებს ბოლოს და ნუღარც წყალობას ელი ღვთისაგან.

ხშირად, პატიების ნაცვლად, მრისხანებას, წყენასა და უკმაყოფილებას ვეძლევით, იმიტომ, რომ არად ვაგდებთ მიმტევებლობის ფასს, უყურადღებოდ გვრჩება ის, რაც მიტევების შემდეგ გვეძლევა, რასაც წყენისგან გათავისუფლების შემდეგ განვიცდით. გოროზი გული მსჯელობს: რისთვის ვაპატიო? - და არც ვპატიობთ. წყენის წუთებში აღადგინეთ გონებასა და გულში მიტევების უეჭველი აღთქმა, აღთქმა შეუდარებლად ძვირფასი, ვიდრე ის წყენაა, რაც შეიძლება მოგვაყენოს ადამიანმა. მაშინ, რა საწყენიც უნდა შეგვხვდეს, გულიდან მოგვესმება მანუგეშებელი ხმა: - აი, ამისთვის აპატიე. და ჩვენც ვპატიობთ.

მივუტევებთ? ჩვენც მოგვეტევება. კიდევ მივუტევებთ? კიდევ მოგვეტევება. და ასე განუწყვეტლივ. მიმტევებელი მუდამ ყოვლადმოწყალე ღვთის სიყვარულითაა გარემოსილი. ჩვენც ხომ ასევე გვჭირდება მიტევება! ამიტომ ვიჩქაროთ და მივუტევოთ მოყვასს, რომ ჩვენც მოგვიტევოს. თანაც ხალისით, რამეთუ რასაც ვპატიობთ, ფასი არა აქვს, ხოლო რაც ჩვენ გვეპატიება, ძალზე ძვირია და ვერაფერი შეედრება. სახარებისეულ იგავში ჩვენი ცოდვები ღვთის წინაშე უხვი ტალანტით, ხოლო სხვათა ცოდვები ჩვენს წინაშე - რამდენიმე დინარით არის შეფასებული. მიწიერი საგნების არანაირი შეფასება არ არის ისე ზუსტი, როგორიც შედარებითი შეფასება ჩვენი ცოდვებისა და სხვათაგან მოყენებული წყენისა, რადგან ეს შეფასება სამართლიანობის ღმერთისგან წარმოითქმება. ასე რომ, გაიხსენე ცოდვები, რომლებიც მოგვეტევა ანდა ეძებ მოტევებას, მიღებულისადმი მადლიერებით ანდა სასურველი მოწყალების მიღების უეჭველი იმედით, მიუტევე - მიუტევე ფართოდ გაღებული კეთილი გულით. მით უფრო, თუ წყენით რამდენადმე დაგამცირეს ანდა ზიანი მოგაყენეს. ღმერთი ყველაფერს ხედავს. ხედავს შენი გულის მოძრაობას, აკვირდება მის სვლას წყენიდან მიტევებისკენ, ახარებს იქ მომხდარი სასიკეთო ცვლილება და შენს მიერ გაღებულ მსხვერპლს ძვირად აფასებს.

ერთი ბერი არც ისე დიდი მოღვაწე იყო, არც არავის განიკითხავდა და არც სწყინდა, როცა შეურაცხყოფდნენ. როცა კვდებოდა, ძმები წუხდნენ, მას კი ნათელი და მხიარულება არ შორდებოდა სახიდან. ჰკითხეს, რა გახარებსო. მაპატიეთ, ძმებო! მე ცოდვილი და ზარმაცი ბერი ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არავინ განმიკითხავს და არც ვინმეს წყენა ჩამიდია გულში. ღვთის ანგელოზი მოვიდა და მითხრა, შენ არ განიკითხავდი და არც ღმერთი განგიკითხავსო. შენ პატიობდი და ღმერთიც გპატიობსო. ამ სიტყვების მოსმენამ ისე გაახარა ჩემი გული, რომ მკერდიდან ამოხტომას ლამობსო. ასე გარდაიცვალა ბერი. ხედავთ, როგორი სამაგიეროა! ამის შემდეგ როგორღა იტყვით, რისთვის ვაპატიოო?

გარდა ხილულისა, უხილავი სამყაროც არსებობს, გარდა წუთისოფლისა, მომავალი საუკუნეც გველოდება. ჩვენ რომ აზრითა და გულით იმ მომავალში გადასახლება შეგვეძლოს, სულ სხვაგვარი ფიქრები, სხვაგვარი საუბარი, სხვაგვარი საქმეები გვექნებოდა. ისეთი სხვაგვარი ვიქნებოდით, რომ ამ საუკუნის ადამიანები შლეგად მიგვიჩნევდნენ, რამეთუ ერის გაგებით, ვინც ყველაფერს პატიობს, მას ღირსება არა აქვს, სინამდვილეში კი სწორედ ღირსეულს შეუძლია მიტევება. ღვთის მცნებით, მიმტევებელი არის სხვა, დიდებული სამყაროს მოქალაქე. იქიდან იღებს შეგონებას და იქაურ წესებს იცავს. მისდამი მიწიდან და მიწიერად მაცქერალნი ვერ ახერხებენ მის გაგებას.

რა თქმა უნდა, უცებ ვერ მოიპოვებ ასეთ ღრმა და სავსე შინაგან სამყაროს, რომ მან შთანთქას ყოველგვარი შეურაცხმყოფელი დარტყმა. ანუ მიმტევებლობის პირველი საფეხური არის დუმილი. ამით დაიწყე. გაწყენინეს? აჯობე შენს თავს, გაჩუმდი, მიბაძე წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც თავის თავზე ამბობს: "შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფს. 76,5). ერთხელ რომ ასე მოიქცევი, მეორედ ადვილად გაჩუმდები. რაც უფრო ხშირად დაუდუმდები წყენას, მით ნაკლებად აგაფორიაქებს იგი, განმტკიცდება შენში უშფოთველობა და მოგიტანს სიწყნარეს. მაშინ ნებისმიერ წყენას შეხვდები, როგორც მტკიცე კედელი, რომელსაც ქარისგან მოხვეტილი ქვიშის მარცვლები ვერაფერს აკლებენ.

ხოლო თუ არ აჯობებ თავს, უფრო და უფრო გაღიზიანდები და მრისხანების ისეთ გამოხატულებამდე მიხვალ, რომ ყველაზე მცირე უსიამოვნებაც კი თავს დაგაკარგვინებს.

წყენათა ხშირი მიტევება არა მარტო პატიების ჩვევას გამოგიმუშავებს, არამედ წარმოშობს ღვთის გულისთვის წყენის დათმენის ისეთ ლტოლვას, რომ მარჯვენა ყვრიმალში ნაცემი მარცხენას უშვერს, კუართწართმეული სამოსელსაც უთმობს... ეს არის სიმაღლე, რომელიც ჩვენ მიუწვდომელი გვეჩვენება. არადა, ერთხელ თუ დაიწყე მასზე ასვლა, როგორც საჭიროა, მიტევებით, ახვალ მსუბუქად, ბუნებრივად. მიტევება ისეთი სასიამოვნო სათნოებაა, რომ მაშინვე შემოაქვს გულში ჯილდო".

მიტევების დღე
მართლაც, რაოდენი სულგრძელობა მართებს ადამიანს, უდრტვინველად დაითმინოს ყოველივე, რაც ამ წუთისოფელში ტრიალებს. მიუტევო ყველას და მთელი ცხოვრება შენდობას სთხოვდე მოყვასს... საბრალოა ის, ვინც ჭეშმარიტი ღვთისნიერი ადამიანის ამგვარ ქმედებას ალმაცერად შეხედავს და იტყვის, - დამნაშავე იყო და პატიებაც ამიტომ მთხოვაო. არადა ამგვარ კეთილ ნაბიჯს ადამიანი ხომ ღვთის უზომო სიყვარულით დგამს. უყვარს უფალი და ის ადამიანში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ხედავს.

აღდგომის მარხვის დაწყებისას, ყველიერის ბოლო კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის, მიტევების დღეს აღნიშნავს. წმინდა მამათა სწავლებით, მიტევების დღე ეგვიპტეში პირველ საუკუნეში დაწესდა. დიდი მარხვის წინ ეგვიპტელი ბერები ერთად იკრიბებოდნენ და ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, შემდეგ აღდგომის საგალობლებით შორდებოდნენ და უდაბნოში მიდიოდნენ, სადაც დიდ მარხვას ლოცვაში ატარებდნენ. აღდგომის საგალობლებს იმიტომ გალობდნენ, რომ არ იყვნენ დარწმუნებულნი, ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა დღესასწაულზე (იმ დროს ქრისტიანებს დევნიდნენ). მიტევების დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ გარდა შენდობისა, ცოდვათა მიტევებისა, ერთმანეთთან შერიგებისა, ყველა მართლმადიდებლის აღსარების დღეა. ამ დღეს საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საგანგებო ლოცვა აღესრულება და სასულიერო პირები მრევლისგან შენდობას ითხოვენ.

უწმინდესი მსახურების შემდეგ მიტევებას სთხოვს ერს და ამბიონიდან მრევლს უჩოქებს. ეს კი ცოცხალი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვროს თანამედროვე ადამიანმა წუთისოფელში.
ბეჭდვა
1კ1