ფული გიყვარს და მას ეძებ? იცოდე, მონა ხარ მისი. ვნება გიყვარს და მას ემორჩილები? იგია "უფალი" შენი
ფული გიყვარს და მას ეძებ? იცოდე, მონა ხარ მისი. ვნება გიყვარს და მას ემორჩილები? იგია "უფალი" შენი
საბრალოა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ განუცდია მშობლების სითბო, სიყვარული, ერთგულება, მაგრამ გაცილებით შესაბრალებელია ის, რომელსაც ვერ შეუცვნია შემოქმედი თვისი, არ ცდილობს მასში ერთობას, რამეთუ სიცოცხლეშივე მკვდარია იგი.

ათასგვარი მიწიერი საზრუნავი, თვალისმომჭრელი სანახაობები, სიმდიდრე, ძვირფასეულობა, ხორცის ძახილი, საცთურები ხშირად გვწყვეტს და გვავიწყებს მთავარ საზრუნავს, არსს ჩვენი სიცოცხლისას - უფალს. ბოროტი ყველანაირად ცდილობს მოსწყვიტოს ჩვენი გონება, სულიერი მზერა ღმერთს, მასზე ფიქრს, სხვადასხვაგვარი მანქანებითა და ბნელი ხრიკებით წაგვართვას თავისუფლება და დაგვამონოს ამაოებას. მხოლოდ უფალზე ფიქრს, მასზე სასოებას შეუძლია მოგვცეს ცხოვრების მართებული გეზი, რადგან წმინდა ფიქრი მშობელია წმინდა მოქმედებისა, რომელიც მიწაზევეა ცხონების დასაწყისი.

ცოდვამ ქვეყანაზე მოიტანა მონობა, შიში, ორგულობა და სიკვდილი. ცოდვისგან უცხო პირველქმნილი ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი იყო, ხოლო რაჟამს საკუთარი გონიერი სული, თავისუფალი ნება და არჩევანი დაუქვემდებარა შეგონებასა და ცდუნებას ეშმაკისას, იქცა მონად ბოროტებისა, წყევლისა და სიკვდილისა. თავისუფლება არ ნიშნავს თავისუფალ არჩევანსა და ქმედებას, გააკეთო ის, რაც გსურს, არამედ აირჩიო, ეძებო ის, რაც შენი სულისთვის, ზნეობრივად ამაღლებისა და ცხონებისთვისაა აუცილებელი. პირველ რიგში ესწრაფოდე იმის აღსრულებას, რაც ღვთისთვის სათნო და კეთილია.

ქრისტე მოვიდა მიწაზე, რათა ადამიანი ეხსნა ცოდვის ტყვეობიდან, გაეთავისუფლებინა სასჯელისგან. მონა ძმად აქცია, მოკვდავი - უკვდავად, მეძავი - წმინდანად და ავაზაკი - ანგელოზად.

KARIBCHE

მხოლოდ ქრისტეშია ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ყოველმა, რომელმაც შეიცნო იგი, შეიგრძნო გემო სასუფევლისეული თავისუფლებისა.

წმინდა პავლე მოციქული შეგვაგონებს: "ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს მე. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერი არ უნდა მფლობდეს მე. საჭმელი მუცლისთვის და არა მუცელი საჭმლისთვის. ხოლო ღმერთი ერთსაც და მეორესაც განაქარვებს. სხეული კი არა სიძვისთვის, არამედ უფლისთვის და უფალი სხეულისთვის" (I კორ. 6,12-13). ვინც რას მონებს, ისაა მისი ღმერთი და ბატონი. ფული გიყვარს და მას ეძებ? იცოდე, მონა ხარ მისი. ვნება გიყვარს და მას ემორჩილები? იგია "უფალი" შენი. "ცოდვილ ადამიანს იმდენი ბატონი ჰყავს, რამდენი ნაკლოვანებაც არსებობს" (ნეტარი ავგუსტინე). ბოროტის გალიაში გამომწყვდეული, ცდუნებული, მოტყუებული ადამიანი თავს თითქოს იმით ინუგეშებს, რომ მას თავად სურს, სიამოვნებს ასეთი ყოფა და როცა მოუნდება, მაშინ იტყვის მასზე უარს. ჯერ ერთი, გონების ამგვარი წარმართვა უკვე დაცემაა და წარწყმედის დასაწყისი, მეორე ის, რომ იტყვი კი მასზე უარს ასე იოლად? ნარკოტიკების მიღებაც სიამოვნებითა და საკუთარი ნებით იწყება, მაგრამ მასზე უარის თქმა და თავის დანებება ბევრს სიცოცხლის ფასად დასჯდომია. გველს არ უნდა აკბენინო, თორემ შემდეგ ნუღარ იტყვი, შხამი ვერაფერს დამაკლებსო. ცოდვაც გველის შხამივით შემოდის ადამიანის სულში. უნდა ერიდო მომაკვდინებელ გესლს, რადგან საწამლავის მიღების შემდეგ მის შედეგსაც უნდა ელოდე. მრავალნი ამბობენ: "ჩვენს არსებობაში იმთავითვე უცოდველობა რატომ არ ჩაიდო? არ ყოფილიყო ქვეყანაზე ბოროტება და, რომც მოგენდომებინა, ვერ შეძლებდი ცოდვის ჩადენას". წმინდა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი და არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, არამედ მაშინ, როდესაც ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს.

ქრისტიანი მონობაშიც არ იქნება მონა, რამეთუ ის სულიერად თავისუფალია, ურწმუნო და ბოროტი კი ტახტზეც მჯდომი მონაა, რამეთუ ვნებასაა მიჯაჭვული და დამონებული. ვინც სძლია საკუთარ სისუსტეებს, ებრძვის მომაკვდინებელ ცოდვებს, ის მოიპოვებს ზეციურ, მაცოცხლებელ თავისუფლებას.

მართლმადიდებლობა ის წმინდა ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს სულიერი ტყვეობისგან, ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, მას, როგორც მექოთნეს თიხისგან, ისე ამოჰყავს სულის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლამაზი ჭურჭელი, მშვენიერს ხდის ქრისტიანთა სულებს სულიწმინდისეული მადლით, ამზადებს მათ ღვთაებრივი ნეტარებისთვის, რათა წმინდა სამებასა და ზეციურ დასთან ერთად სასუფეველში ხარობდნენ სამარადისოდ. ამინ!
ბეჭდვა
1კ1