ნუ იქნებით სულმოკლენი და ნუ დაფრთხებით
ნუ იქნებით სულმოკლენი და ნუ დაფრთხებით
წმინდა ნექტარიოს დიდაქე წერს: "განსაცდელი გვეძლევა, რათა გამოჩნდეს ჩვენი დაფარული ვნებები, შევებრძოლოთ მათ და განვიკურნოთ სული. ესეც ღვთის წყალობაა. ამიტომაც მიენდე ღმერთს და ითხოვე შემწეობა, რათა გაგაძლიეროს ბრძოლის ჟამს. განსაცდელს თავმდაბლობა მოაქვს. უზენაესმა იცის თითოეული ჩვენგანის გამძლეობის ზღვარი და ძალისაებრ ჩვენისა გვიგზავნის განსაცდელს. თუმცა ჩვენც ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა ჩვენვე არ ჩავიგდოთ თავი განსაცდელში.

მიენდეთ ღმერთს, კეთილს, ძლიერს, სიცოცხლის საწყისს, და ის წაგიძღვებათ განსვენებისკენ. განსაცდელს სულიერი სიხარული მოსდევს. უფალი თვალყურს ადევნებს მათ, ვინც მწუხარებას მისი სიყვარულისთვის ითმენს. ამიტომ ნუ იქნებით სულმოკლენი და ნუ დაფრთხებით.

გაფრთხილდით, რადგან ეგოიზმი სამართლიანობითაა შენიღბული. უფრთხილდით მცირედ წუხილსაც კი, რომელსაც თვითონვე წარმოშობთ სამართლიანი გამოცდის შემდეგ. გადაჭარბებული წუხილი ეშმაკისგანაა. ჭეშმარიტი წუხილი კი ერთადერთია და მაშინ ჩნდება, ჩვენი სულის საცოდავ მდგომარეობას რომ დავინახავთ. ყველა სხვა მწუხარებას ღვთის მადლთან საერთო არა აქვს რა.

იზრუნეთ, რომ დაიცვათ გულში მადლი სულისა და შხამის გადმონთხევის ნება არ მისცეთ მაცდურს. გაფრთხილდით! გაფრთხილდით, რომ თქვენს გულში დავანებული სასუფეველი ჯოჯოხეთად არ იქცეს".

ზოგნი განსაცდელისგან თავდასაღწევად და მის დასაძლევად მონასტერში მიდიან, რათა სულიერი თუ ფიზიკური შვება პოვონ.

გვესაუბრება თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (გვაჯაია):

- როცა ეკლესიურ ადამიანს განსაცდელი შეაწუხებს, ხშირად მონასტერში წასვლაზე იწყებს ფიქრს. ერისგან მოშორებული იქ პოვებს მყუდრო ნავსაყუდელს, მონასტერი ხომ სამოთხეა დედამიწაზე. აქ თითქოს უფრო დაცული ხარ იმ ცოდვებისგან, ერში რომ ტრიალებს. თუ კაცი მონასტერში განსაცდელის გამო მიდის, ესე იგი განიცდის, რაც მის თავს ხდება, მერე კი უკვე მონასტერი გაძლევს დათმენის საშუალებას.

ბევრი ცოდვაში მცხოვრები ერისკაცი მინახავს, იმდენად სახელგატეხილი, რომ მათ კარგ თვისებებს ვეღარავინ ამჩნევს, ისე დაცემულან და განადგურებულან. მათი ასეთი მდგომარეობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ვერც ერთ განსაცდელს ვერ გაუძლეს, ვერც ერთი გამოცდა ვერ ჩააბარეს. ასეთი ადამიანი სასოწარკვეთილია, უფალი კი არ ტოვებს და გონებას უხსნის. ვინმე კეთილისმსურველი მონასტერში წასვლას ურჩევს...

მე კი მოკრძალებით ვურჩევდი, მონასტერში წასვლამდე ტაძრებში დაიწყონ სიარული, მოძღვარს მიენდონ და მის ლოცვა-კურთხევას დაემორჩილონ. მონასტერშიც მისი კურთხევით მივიდნენ. ამით უფრო მეტ სარგებელს ნახავენ.

მონასტერში მოსულ ადამიანს, შეუძლებელია, არ აღმოაჩნდეს სულ მცირე მარცვალი იმ კეთილი თვისებისა, რაზეც აიგება მისი შემდგომი ცხოვრება. როგორც ნაცარში ღვივის ნაპერწკალი, სულს რომ შეუბერავ და ცეცხლად აგიზგიზდება, ასე აღდგება მონასტერში განსაცდელებით მისული ადამიანის სული.

- მონასტერში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები მოდიან. განსხვავებული საერო ცხოვრება გაუვლიათ, სხვადასხვაა ტრადიციები, რომლებზეც აღიზარდნენ, სოციალური თუ ეკონომიკური პირობები, ცოდნის ხარისხი... რთულია ერთმანეთთან შეგუების პროცესი?

- მონასტერში საოცარი ძმობა ყალიბდება. სრულიად უცხო ადამიანები ისე ეთვისებიან ერთმანეთს, რომ ხშირად ისევ ბრუნდებიან ერთმანეთის სანახავად. ერთხელ სტუმრად მოსული ადამიანი მეორედაც სიხარულით მოადგება მონასტრის კარიბჭეს, რადგან აქ ის გარემოა, სადაც განსაცდელის გადალახვას შეძლებს. მართლაც, იპოვა ასეთი ადგილი, მოვიდა და იცხოვრა მორჩილებასა და წინამძღვრის ლოცვა-კურთხევის აღსრულებაში. შესაძლოა, მონასტერშიც მოუვლინოს განსაცდელი უფალმა, მაგრამ აქ მადლიც მეტი ტიალებს, რომელიც გაუადვილებს მის დაძლევას.

სასულიერო პირობა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მინდოდა, რომ იმაზე მეტი სიკეთე მეკეთებინა, ვიდრე ერში შემეძლო. სიკეთის თესვა ნებისმიერ ადამიანს ძალუძს, მაგრამ სასულიერო პირობის, მღვდლობის მადლით მეტის გაკეთება შეიძლება. თუნდაც აღსარების - სინანულის საიდუმლოს მიღებით, რომელიც საკურნებელია განსაცდელში მყოფი სულისთვის.

ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა განსაცდელების დათმენას გვიადვილებს. ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება გვასწავლის, როგორ დავითმინოთ განსაცდელი და ამის ძალასაც გვაძლევს, სწორად ცხოვრებაში გვეხმარება და, რაც მთავარია, ცხონებამდე მივყავართ.

- მამაო, არაეკლესიური ადამიანი როგორღა შეძლებს განსაცდელების დათმენას?

- ეს ცოტა რთული იქნება მისთვის, რადგან ეკლესიური სწავლების გარეშე, სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე სწორად დათმენა შეუძლებელია. გამოცდად უნდა მივიღოთ ყველაფერი - განსაცდელიც, ცილისწამებაც... მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ გამოცდაა და მზადება გარდაცვალებისთვის. სასულიერო პირს ეს გაცილებით მეტად ესმის, ვიდრე ერისკაცს.

ყველაზე დიდი სინანული, "განცდა თვისთა ცოდვათა" მიცვალებულისთვის წესის აგებისას მიჩნდება. ამ დროს უფრო მეტად ვისწრაფვი სასუფევლისკენ და უფრო მეტად ვაკვირდები საკუთარ თავს.

ადამიანი ვიდრე გარდაცვალებამდე განსაცდელებით უნდა განიწმინდოს. ხომ გაგიგონიათ, ვინც დაითმინოს სრულად, იგი ცხონდესო.

ვისურვებდი, ღვთის მადლით, ადამიანებმა შეძლონ განსაცდელის სწორად დათმენა, იმ მიზეზების დანახვა, რატომაც მოგვივლინა იგი უფალმა. თუ კვლავ მოიწია განსაცდელი, კვლავ ვმადლობდეთ უფალს - ჩანს, კიდევ რაღაც დაგვრჩენია გამოსასწორებელი. ჩვენ სასუფეველში უნდა შევიდეთ, რომელიც იძულებით მოიპოვება.

ჯვარი გეწეროთ. ჩვენთან არს ღმერთი!

- არს და იყოს!
ბეჭდვა
1კ1