ერთგულება
ერთგულება
ღვთის მცნებების დარღვევა ღალატია, მტრობაა ღვთისა
ქრისტიანის მიზანი ღვთის მსახურება, თავისი ცხოვრებით უფლის განდიდება, მისი მცნებების დაცვაა. მხოლოდ ქრისტეს მცნებათა ერთგულად აღსრულებითაა შესაძლებელი ცხონება. ერთგულება ის სათნოებაა, რომელიც ღმერთსა და ადამიანთა ურთიერთობაში აუცილებლად გვესაჭიროება. ერთგულება, როგორც ჩვენი სტუმარი ბრძანებს, ის სათნოებაა, ურომლისოდაც ადამიანის ცხოვრებას ფასი ეკარგება. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ერთგულების უნარი ჩვენში მეტად მცირეა. დღე არ გავა ისე, რომ უფალს არ ვუღალატოთ, მისი მცნებები არ დავივიწყოთ... როგორც ღალატობდნენ ქრისტეს იუდეველნი და ვერ აფასებდნენ მას, ისე ჩვენც ყოველ წამს ჩვენი საქციელით ვღალატობთ უფალს და უხილავად კიდევ ერთ ჭრილობას ვაყენებთ.

როგორ ვძლიოთ ღალატს და მოვიპოვოთ ერთგულება, როგორ ვზიდოთ ჩვენი ჯვარი სიცოცხლის ბოლომდე და როგორ მივიტანოთ ის უფლის სამსხვერპლომდე?

გვესაუბრება მაღალყოვლადუსამღვდელოესი, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი):

- ერთგულება არის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი თვისება ღმერთისა. ეს არ არის კაცობრიული, ადამიანური ნიჭი - ეს ღვთის თვისება, ღვთაებრივი, ზეციური საფასეა. ეს ნიშანია ღვთისა, ბუნებაა მისი. ერთგულება იკვებება სიყვარულით და დაკავშირებულია მამაშვილურ გრძნობასთან, მზრუნველობასთან. როგორც მამა ზრუნავს თავის შვილზე და მისი ერთგულია, იმის მიუხედავად, თუ როგორია შვილი, ისეთი ერთგული იყო და არის უფალი კაცთა მოდგმის, ადამიანების მიმართ. კაცობრიობის მთელი ისტორია ამის ნათელი დასტურია. როგორ ერთგულებდა უფალი იმ აღთქმებს, რომლებიც მან დაუდო ადამიანებს! მაშინაც კი, როცა ადამიანი ვერ ასრულებდა დაპირებას და ღალატობდა უფალს (უმეტესად სწორედ ასე იყო), უფალი ბოლომდე რჩებოდა მისი ერთგული. ერთგული ადამიანისა, ერთგული იმ სიყვარულისა, რომელიც მას თავისი ქმნილების მიმართ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ღვთიურია ადამიანი, იმდენად არის მასში ერთგულების ნიჭი და, პირიქით, რამდენადაც უცხოა კაცი ღვთისათვის, იმდენად უცხოა მისთვის ეს თვისებაც. ერთგულება ისეთი საფასეა, რომელიც ავსებს ჩვენს ცხოვრებას, ურომლისოდაც უღიმღამო და უფერული ხდება წუთისოფელი. ამიტომაც მისი მოპოვება თითოეული ჩვენგანის ვალია.

- თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთგულების ყველაზე ნათელი მაგალითია.

- ქრისტეს განხორციელება იმ ხიდის გამრთელებას წააგავდა, რომელიც ადამიანებსა და ღმერთს შორის ადამის დაცემის დროს ჩატყდა. პირველმა ადამიანმა ვერ უპასუხა უფლის ერთგულებას იმავეთი. უღალატა მას და ამის შემდეგ, მის კვალდაკვალ, ყოველი ადამიანი არღვევდა უფლის მცნებებს. საუკუნეები მოელოდა უფალი კაცთაგან ერთგულებას, მაგრამ იმდენად დაითრგუნა კაცი ბოროტისაგან და იმდენად შესუსტდა მასში სიყვარული და, აქედან გამომდინარე, ერთგულება გამჩენისა, რომ ძლიერი, ზეციური შემწე გახდა საჭირო, რათა თავად, თავისი მაგალითით ეჩვენებინა კაცთათვის მამისადმი ერთგულება, გაეთავისუფლებინა ადამიანი ცოდვის ტყვეობიდან და აღედგინა ერთობა ღმერთთან. ეს მხოლოდ მაცხოვარმა შეძლო. მან იტვირთა ეს დიდი მისია და მთლიანად შეეწირა მამის ნებას, გადადო თავი მამა ღმერთის ნების აღსასრულებლად. ქრისტე ადამიანთა გამოსახსნელად მოვიდა ქვეყნად, მაგრამ მისგან გაჩენილებმა ის სასიკვდილოდ გაიმეტეს, ნერწყვეს, აგინეს და ჯვარზე გააკრეს. მიუხედავად ამ დამცირებისა, მიუხედავად ასეთი უმადურობისა, უფალი ბოლომდე ჩვენი ერთგული დარჩა და ღირსეულად ზიდა ის მძიმე ჯვარი, რომელიც მას ცოდვილმა ადამიანებმა შურითა და ღვარძლით კისერზე დაადგეს. უფალმა მისცა მაგალითი კაცობრიობას მამა ღმერთის ერთგულებისა და თითქოს გზაც გაგვიხსნა, რათა მივბაძოთ მას, ჭეშმარიტად ქრისტიანები მიმბაძველები არიან ქრისტე მაცხოვრისა. და ამ მიბაძვით შესაძლებელი ხდება მათი ცხონება, რადგანაც ხიდი უფალსა და ადამიანებს შორის შევსებული და გამრთელებულია.

- ადამიანის უმთავრესი მოვალეობა ღვთის ერთგულებაა. რაში გამოიხატება ეს? როგორ უნდა უერთგულოს კაცმა უფალს თავის ცხოვრებაში?

- ადამიანების ერთგულება ღვთისადმი იმ მცნებების კეთილად აღსრულებაში გამოიხატება, რაც მათ ღვთისგან აქვთ მიცემული. ვინც აღასრულებს მცნებებს, იგი ერთგულებს უფალს. რამდენადაც არის კაცი შემსრულებელი ღვთის წმიდა ნებისა, იმდენად არის ის ღვთის ერთგული. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ ღვთის მცნებების დარღვევა ღალატია, მტრობაა ღვთისა. სიმართლე გითხრათ, შემაკრთო კიდეც წმინდა მოციქულის ამ სიტყვებმა. მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, მართლაც ასეა. ვინც არ ცდილობს ღვთის მცნებათა დაცვით ცხოვრებას, ვინც არ ცდილობს უფლის მთელი გულით შეყვარებას, უფლის მოღალატეა, მოღალატე იმ დაპირებებისა, რომელიც შემოქმედის წინაშე აქვს დადებული.

ჩემი აზრით, ერთგულება ისეთივე დიდი ნიჭია, როგორც მუსიკა, მხატვრობა და ა.შ. ზოგს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა მისი გამრავლება ყველას ევალება. უფალიც თითოეულ ადამიანს მისივე შესაძლებლობისდა მიხედვით სჯის. სახარებისეული იგავის მსგავსად, ზოგს 10 ტალანტი აქვს მიცემული, ზოგს - 5, მაგრამ თითოეულმა უნდა გაამრავლოს ის, და უფალიც ყველასგან მოელის ნამატს. ვისაც მეტი აქვს მიცემული, მას მეტი მოეთხოვება და მეტიც მიეგება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სული, როგორც მშიერი, ისე ეძებს ერთგულებას, მაგრამ ძნელად, ძალზე ძნელად პოულობს ისეთს, როგორსაც ელის იმიტომ, რომ ეს სათნოება მეტად დიდი საფასეა და ყველას არა აქვს. დიდი ერთგულება რჩეულთა ხვედრია. რამდენი შეესწრო უფალს, რამდენი ხედავდა მის სასწაულებს, მაგრამ რა ცოტამ ირწმუნა მისი და რამდენი დარჩა მისი სამუდამო ერთგული. ცოტა, ძალიან ცოტა. და დღესაც არც ისე ბევრია ქვეყნად ღვთის ჭეშმარიტი ერთგული.

- სად მოხდა პირველი ღალატი ანუ საიდან წარმოიშვა ეს ვნება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

- პირველი ღალატი მაშინ მოხდა, როცა ანგელოზი უფალს აუმხედრდა და ღმერთთან გატოლება მოინდომა. ეს იყო ღალატი ღვთისა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, დაეცა ადამიც. ღვთისადმი, მისი მცნებისადმი ერთგულება კვლავ დაირღვა. ადამში ჩაითესა ეს ვნება და მან მოიცვა ადამიანის ბუნება. აქედან მოყოლებული, ყოველი ქრისტიანი ებრძვის თავის თავში ამ ცოდვით მიდრეკილებას. ადამის მსგავსად, როცა კაცის ნება დაშორდება ღვთისას და ზედმეტად მიენდობა თავის ნებას, როცა არ ცდილობს ღვთის მცნებათა აღსრულებას, ეს აუცილებლად აჩენს ბზარს ერთგულებაში, რაც საბოლოოდ ღალატით მთავრდება. კადნიერებაც დიდად უწყობს ხელს ამ ვნების განვითარებას. შიში და სიყვარული ღვთისა კი ყოველთვის არის გარანტი უფალთან ერთობისა, არა მარტო ღვთის, არამედ ადამიანთა მიმართაც... როცა შიში მოიკლებს, სიყვარულიც მცირდება და ადამიანი ბევრ ისეთ საქციელს სჩადის, რაც უკვე ღალატის ტოლფასი ხდება.

ამ ცოდვისგან თავისუფალი არავინაა. მხოლოდ სიყვარულით შევძლებთ ღალატის ვნების დაძლევას - სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, იქ ღალატს ადგილი არა აქვს. ერთგულებას, როგორც გითხარით, სიყვარული კვებავს. წმიდა ისააკ ასური წერს, რა უნდა მოხდეს, რომ მშობელმა შვილს ბოროტებისთვის სამაგიერო გადაუხადოსო. სიყვარულმა არ იცის სიძულვილი, სიყვარულს არ შეუძლია ღალატი, მისთვის უცხოა ორგულობა. ამგვარადვე, თუ სიყვარული აქვს ადამიანს, ის ვერ შეძლებს ღალატს. სწორედ სიყვარული შეაძლებინებს მას ერთგულებასაც, დღეს სიყვარული დაკარგა ადამიანმა და ამიტომაც აღარ აქვს ერთგულება. სწორედ ამიტომ იკლო ამ თვისებამ დღევანდელ კაცში. სიყვარულზე უნდა აღმოცენდეს ერთგულება.

- ყველაზე ხშირად რით ვღალატობთ უფალს?

- თუ დავუკვირდებით, თითქმის ყოველ წუთს ვღალატობთ მას საქმით თუ არა, გონებით მაინც. ერთი დღეც რომ იცხოვროს კაცმა ამქვეყნად, მაინც უხდება ღვთის მცნებათა დარღვევა. უმადურობა, ურჩობა ჩვენი სულის დაავადებაა. ყოველ წამს, ყოველ წუთს გვავიწყდება ჩვენი მოვალეობა და ამაო შფოთსა და საზრუნავში ვეფლობით. დღეს კაცი ძალიან არის გამიწიერებული. და უმეტესად უფალს სწორედ ამ კუთხით ვღალატობთ. ქრისტიანი ზედმეტად არ უნდა მიეჯაჭვოს ამ სოფელს. ის, მართალია, ცხოვრობს ამქვეყნად, მაგრამ მისი ნამდვილი სამკვიდრებელი უნდა იყოს ზეცას, მომავალი ცხოვრება. უნდა ცხოვრობდეს იმ ცხოვრებისათვის. ცხადია, სულ ვერ მოსწყდება ამ სამყაროს და ეს არც იქნება სწორი. უნდა გაისარჯოს კეთილად ქვეყნისა და ოჯახისათვის, მაგრამ რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერი უნდა წაადგეს მის მომავალ ცხოვრებას. ზედმეტად არ უნდა მიეტმასნოს ამ ქვეყანას, არ უნდა ჩაეფლას წარმავალ ცხოვრებაში. ეს რწმენა, ეს იმედი თავად ასწავლის მას, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. დღეს სასოება მომავალი ცხოვრებისა ნაკლებია ადამიანში. ეკლესიაშიც კი ნაკლებადაა ისეთი ადამიანი, ვინც, უპირველეს ყოვლისა, სასუფევლისთვის ცხოვრობს; უმეტესად ამ სოფელს არიან მიჯაჭვულნი. თითქოს მომავალი ცხოვრების რწმენა აქვთ, მაგრამ როცა მათ დააკვირდები, ხვდები, რომ ცხოვრობენ მაინც ამ ქვეყნით, წარმავალით და არა საუკუნოთი, არა უკვდავების, ღვთის სასუფევლის მოლოდინში. ღმერთმა ქნას, რომ სასოება და მოლოდინი მომავალი ცხოვრებისა უფრო გაძლიერდეს ჩვენში, რადგან ამის ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა, თვით სასულიერო პირებშიც კი.

- თქვენი აზრით რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ასე მიეჯაჭვა წუთისოფელს?

- მორწმუნე ადამიანის გზა არ არის იოლად გასავლელი. ძალიან ძნელია, ცხოვრობდე ამ სოფელში და ამავე დროს იყო უცხო მისთვის. მორწმუნე კაცი კი მარტო და უცხოა ამა ქვეყნისთვის. რაც უფრო ღვთისაა კაცი, მით უფრო უცხო ხდება წუთისოფლისთვის, ზოგჯერ ახლობლებისთვისაც კი. ეს სიუცხოვე იმდენად მძიმე გადასატანია, რომ ბევრი ვერ უძლებს და ურჩევნია, მიწიერად დარჩეს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, სხვებთან ურთიერთობებიც დალაგებულია, მაგრამ მტკივნეულად გრძნობს კაცი, რომ შორდება ღმერთს. ადამიანმა უნდა შეარჩიოს მანძილი, რამდენზე მიუახლოვდეს და რამდენზე გაემიჯნოს სოფელს.

კაცი ზედმეტ იმედს ამყარებს ამ სოფელზე, მაგრამ ბოლოს მაინც გაწბილდება. მეც რამდენი ასეთი გაწბილების მომსწრე გავხდი, რამდენი რამ დაამსხვრია უფალმა ჩემშიც, მაგრამ მადლობას ვწირავ უფალს, რომ ეს არ მოხდა ჩემი ცხოვრების ბოლოს, კიდევ კარგი, რომ ეს დაუშვა მაშინ, როცა შემიძლია რაღაც შევცვალო, მოვასწრო. იმედგაცრუება სიცოცხლის ბოლოს - დამღუპველია. როცა ამაოებაზე ფიქრით, ამაო საზრუნავებით გადადის კაცი იმ სოფელში, ეს საშინელებაა, ე.ი. ის საფასენი, რაც მას უნდა წაეღო იმ ქვეყნად, არ აქვს შეძენილი.

ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ რაღაც მაკლია, რაღაც შესაძენი მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს არის რაღაც ნივთიერი, ღვთის მადლით, ვახერხებ ზოგის შეძენას, მაგრამ მერე ვგრძნობ, რომ ის ვერ ავსებს ჩემს სულს. ვხვდები, რომ სულიერ ღირებულებებს დაეძებს ჩემი შინაგანი. მართლაც, კიდევ რამდენი სათნოება, რამდენი სიკეთე მაქვს მოსაპოვებელი. ეს უნდა იყოს საგზალი ჩემი მომავალი ცხოვრებისა. თავს ვეკითხები ხოლმე, ვარ კი მზად ამ დიდი მოგზაურობისთვის? მაგრამ როცა ამაზე ვიწყებ ფიქრს, ვხვდები, რომ ნამდვილად არ ვარ მზად უფლის წინაშე წარსადგომად, მარადიული ცხოვრებისთვის ჯერ არ ვარ შემზადებული, არადა მოუმზადებელი როგორ უნდა გადახვიდე მარადისობაში, როცა წესით, მთელი ცხოვრება სწორედ საუკუნო სულიერი საფასის შეძენით უნდა გავრჯილიყავი. ტკივილი და წუხილი მეუფლება ამაზე ფიქრისას და სიმართლე გითხრათ, მერიდება უფლის, მაგრამ ისევ მას მივმართავ დახმარებისთვის, მას ვთხოვ შეწყალებას, რადგან მან იცის ჩვენი სისუსტენი და უღონობანი.

ეს ქვეყანა გვითრევს და თავისკენ გვექაჩება, ამ წუთისოფელსაც აქვს თავისი ხიბლი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით არასაიმედოობა მისი, მაინც მისკენ ვიხრებით, რადგან გვიზიდავს იგი. ამიტომ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რომ სულ არ ჩავეფლოთ მის შფოთსა და საზრუნავში. "სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ იგი", - ბრძანებს წმიდა წერილი.

ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს არასაიმედოობას, წარმავლობას ამა სოფლისა. როცა ვათვალიერებ ახალგაზრდობის სურათებს, სევდა მეუფლება, რადგან ვხვდები, რომ არაფერი ყოფილა მარადიული, ეს სოფელი არ არის საიმედო და ადამიანისთვის მოაქვს მხოლოდ დროებითი კმაყოფილება და სიკვდილი. ამას თუ არ შეაგუა ადამიანმა თავი, ბოლოს საშინელ ტკივილსა და იმედგაცრუებას მიიღებს და ამან შეიძლება სრულიად დაღუპოს იგი. ამიტომაც უნდა ეცადო, მოიპოვო ზეციური საუნჯე, ის, რაც არასდროს განქარდება, არ გაქრება. უნდა მიხვდე, რომ არაფერი შენი არ არის. ადრე თუ გვიან ყველაფერს წაგართმევს სიკვდილი და რაღაა იგი სიკეთე, რომელიც თოვლივით განქარდება, დაიმსხვრევა? ხომ უნდა იყოს რაღაც მარადიული, უკვდავი, რომ ღირდეს ამის გამო ცხოვრება?! რას უნდა ჩაეჭიდო ამ დროს? რას უნდა ჩაებღაუჭო? ქრისტეს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს. აი, ის არის მარადიული სიკეთე, ის არასდროს დაგვტოვებს და გვიმტყუნებს არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში.

- რამდენად აუცილებელია მოყვასის ერთგულება და როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს სათნოება?

- თუ ადამიანი არის ერთგული ღვთისა, ის იქნება ერთგული მოყვასისაც. თუ კაცი ფიქრობს, რომ ღვთის ერთგულია, მაგრამ ამ დროს ვიღაცას მტრად ეკიდება, ის არც ღვთის ერთგულია. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი ღვთის ერთგულებას სიყვარულით იძენს. მაშინ, როცა ადამიანს აქვს სარწმუნოება, სიყვარული და სასოება ღვთისა, ის ხდება ღვთის ნიჭების, მისი ბუნების მატარებელი. და რადგანაც ღვთიური ნიჭით ივსება, მას უკვე აღარ შეუძლია ღალატი. ის ვერ იქნება მოძულე და ორგული. როგორც უფალი ვერ იქნება მოღალატე, როგორც მას არ შეუძლია რაიმენაირი ბოროტების ჩადენა იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელიც მას აქვს ადამიანისადმი, ასევე ვერ შეძლებს ორგულობასა და ღალატს ის, ვისაც ღვთის ერთგულება, მისი სიყვარული გააჩნია. ამიტომაც, როცა ცხოვრების თანამგზავრს ვირჩევთ, ამ ნიშნით უნდა ავირჩიოთ ის. თუ ვხედავთ, რომ ის ყოველ წუთს ღალატობს უფალს, მაშინ ის ადრე თუ გვიან ჩვენც გვიღალატებს. მაგრამ თუ კაცი ცდილობს ღვთის ერთგულებას, თუ სურს ემსახუროს მას, და ძალ-ღონეს არ იშურებს ამის მისაღწევად, მაშინ ის საიმედო მეგობარი და შემწე იქნება ჩვენიც.

- ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ხშირად ვღალატობთ ერთმანეთს. მათ კი, ვინც ღალატის სიმწარეს იგემებს, პატიება უჭირთ...

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს ღალატზე საუბარი. ღალატი, ჩემი აზრით, არის ის, როცა სიყვარულს გათელავ, როცა ძალიან წმინდას არ გაუფრთხილდები, როცა ყველაზე ძვირფასს ლაფში ამოსვრი. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისაგან. ღალატი მართლაც ძალიან ძნელი ასატანია. როცა ძალიან ბევრს მისცემ ადამიანს, როცა გაიღებ მისთვის ყველაზე ძვირფასს, დიდსა და სათუთს გაიმეტებ, რაც ყველაზე კარგი გაგაჩნია, მას მიუძღვნი და ის გადათელავს, არ შეიფერებს, რაღაც იმსხვრევა შენში, ძალიან დიდი გრძნობა ხუნდება და ინგრევა. ამის აღდგენა კი მართლაც მეტად რთულია, დიდი ძალისხმევა, პატიების უნარია საჭირო ამისთვის. ღმერთს ჩვენი იმხელა სიყვარული აქვს, რომ გვპატიობს ყველაფერს, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ არა აქვთ ასეთი სიყვარული, ამიტომაც გვიჭირს ღალატის პატიება. თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თუ არ ვაპატიებთ, არც ჩვენ მოგვეტევება. ადამიანი უნდა დადგეს თავის თავზე მაღლა და თუ დაინახა, რომ მოყვასი მართლაც განიცდის, ნანობს, უნდა აპატიოს მას დანაშაული.

- ჯვარცმის დროს, იოანეს გარდა, ყველა მოციქულმა მიატოვა უფალი. ეს, ალბათ, ღალატის ტოლფასი იყო. თუმცა სულთმოფენობის შემდეგ ისინი უშიშარნი გახდნენ. რატომ მოხდა ასე, რამ შეცვალა მოციქულები?

- მოციქულებს ძალზე უჭირდათ დაჯერება ღმერთკაცის ჯვარზე გაკვრისა და მისი სიკვდილისა. და ეს, ალბათ, სრულიად გასაგები და ნათელია. დღესაც კი ბევრისთვის გაუგებარია ეს. ხშირად გვესმის: უფალი ხომ ყოვლისშემძლეა, როგორ მოიკლა ადამიანთაგან იგი, უკვდავი? ვერ შეუთავსებიათ, ვერ გაუთავისებიათ ეს ყველაფერი მათაც კი, ვინც უფლის აღდგომის შესახებ იცის, და მით უმეტეს, ამის ცნობა და დაჯერება მეტად გაუჭირდებოდათ მოციქულებს, რომლებიც რწმენაში ჯერ კიდევ არ იყვნენ ძლიერნი და თვლიდნენ, რომ ჯვარცმით დასრულდა ყველაფერი, რომ ის, ვისაც ღმერთად მიიჩნევდნენ, მოკვდა. რამდენი ძალისხმევა დასჭირდა უფალს, რომ მოწაფეებში შეეტანა თავისი ღვთაებრიობის რწმენა. და როგორც კი მათში ეს რწმენა გაჩნდა, უფალმა დაიწყო ლაპარაკი მოახლოებულ ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილზე. ამისი დაჯერება, ადამიანური სისუსტიდან გამომდინარე, მოციქულებს მეტად გაუჭირდათ. ამას დაერთო სასტიკი დევნა იუდეველების მხრიდან. შიშმა და დაბნეულობამ თავისი ქნა და მოციქულებმა (იოანეს გარდა) ჯვარცმის დროს მარტო დატოვეს უფალი. მაგრამ აღდგომის შემდგომ, როცა უფალი რამდენიმეჯერ გამოეცხადა მათ, რწმენა აღდგომილი ღვთისა გამტკიცდა მათში და კვლავ დაიბრუნეს ერთგულება ღვთისა. განსაკუთრებული სიყვარული კი მათ, ჩემი აზრით, ამაღლების შემდგომ დაეუფლათ. როცა მათ თვალწინ უფალი ამაღლდა ზეცად, როცა მათ ხილულად დაშორდა, მაშინ თავი მარტოდ იგრძნეს. მაგრამ უფალმა მათ დაუტოვა იმედი და აღთქმა სულიწმიდის, როგორც ნუგეშინისმცემელის, მოვლინებისა და სწორედ ამ რწმენამ აღავსო და გაახარა მოციქულები. და ამის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ ღმერთთან არ იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გვერდით ხორციელად აღარ იყო ქრისტე, ისინი თავს აღარ მიიჩნევდნენ მარტო. პირიქით, მაშინ ისე გრძნობდნენ უფლის მადლს, ისე ცხადად, ცხოველად, როგორც არასდროს ამ დრომდე, რადგან ამაღლების შემდგომ მათ თავიანთ თავში, თავიანთ სულში იპოვეს უფალი. უკვე არა მათ გვერდით, არამედ მათ გულებში იყო ქრისტე. ეს კი საოცარი გრძნობაა. სწორედ ამ ღვთაებრივმა გრძნობამ იმდენად გააძლიერა და განამტკიცა მოციქულები, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე უერთგულეს უფალს. თუ ადრე ეშინოდათ, ახლა, პირიქით, უფლის სიტყვის ქადაგების გამო სიკვდილისთვისაც მზად იყვნენ და, მართლაც, ისე განვლეს ცხოვრება, რომ მთელი ქვეყანა მოინადირეს, მოაქციეს მრავალი, მთელ სამყაროში იქადაგეს აღდგომილი ღმერთი და ქრისტეს შესწირეს ცხოვრება. სწორედ რწმენა, ცოცხალი სარწმუნოება ქრისტეს ღმერთკაცობისა, იმედი, რომ უფალი არ დატოვებდა მათ და უფლის სიყვარული იყო ის, რამაც მოციქულებს ერთგულება შეაძლებინა. ასეა, თუ გიყვარს, თუ გწამს და თუ სასოებ, სიცოცხლის ბოლომდე დარჩები მისი ერთგული და თუ საჭირო იქნა, თავსაც გაწირავ მისთვის. სიყვარული, სასოება და სარწმუნოება შობს ერთგულებას.

- სარწმუნოების შეცვლა, ალბათ, ღვთის ღალატის ყველაზე მძიმე ფორმაა.

- მცირე ერი ვართ ქართველნი, მაგრამ მაინც მოვაღწიეთ აქამდე. უამრავი ცივილიზაცია, მძლავრი ერი განქარდა, უკვალოდ გაქრა. ჩვენ კი გამოვიარეთ ათასი ბრძოლა, უამრავი გაჭირვება, მაგრამ მაინც გადავრჩით ჩვენი სარწმუნოების მადლითა და შეწევნით. სწორედ ქრისტიანობა იცავდა და განამტკიცებდა ჩვენს ერს... მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანმა საკუთარ რელიგიას არ უნდა უღალატოს, უამრავი გვაქვს. ყველას მინდა მივმართო, რომ არ გადაუხვიონ ჭეშმარიტების გზიდან და იარონ მამა-პაპათა სარწმუნოებით, რამეთუ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, მიმყვანებელი ღმერთთან.

მართლმადიდებლობა, სიმართლის ქადაგება, სიმართლის გზით სიარული მეტად მძიმე და რთულია. ბევრი ვერ უძლებს ამ სირთულეს. მაგრამ ცხონება, გადარჩენა სწორედ ამ სიმძიმეთა დათმენით მიიღწევა, ამიტომ უნდა ვერთგულებდეთ ჩვენს სარწმუნოებას და რამდენსაც შევძლებთ, დავიცვათ ღვთის მცნებები, მთავარია, გულით ვეცადოთ და შეწევნა ღმერთს შევთხოვოთ. იოლი გზის არჩევა, უარის თქმა მაცხოვნებელ სიკეთეზე, რა თქმა უნდა, ღალატია. ღალატი ღვთისა და წინაპრებისა.

უამრავი წმინდა მოწამე შეიძინა ეკლესიამ სარწმუნოების დევნისას. ისინი უფლისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითები არიან... წმინდანები, ზოგჯერ ბავშვებიც კი, ან უმანკო ქალწულები, უფალს არანაირი ტკივილის ფასად არ ღალატობდნენ და მისი ერთგულების გულისთვის საშინელი წამებით კვდებოდნენ.

- ითვლება თუ არა უფლის ღალატად ჭეშმარიტების შეურაცხყოფის დროს გაჩუმება, სარწმუნოების არდაცვა?

- როდესაც უფალი ითხოვს დამოწმებას, აღიარებას, ჭეშმარიტების გვერდზე დგომას და ამ დროს კაცი სირცხვილით ან შიშით დუმილს ირჩევს, ეს, რა თქმა უნდა, ღალატია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა უფალი არ ითხოვს ამას. სახარებაშიც არის აღწერილი ისეთი ეპიზოდები, როცა უფალი თავს არიდებდა უსიამოვნებას. როცა იუდეაში გამძვინვარდებოდა მისი დევნა, გალილეაში გადადიოდა. ამიტომაც ადამიანს გულისხმიერება მართებს, თუ რას ითხოვს მისგან უფალი.

- სამშობლოს ერთგულება ითვლება თუ არა ღვთის ერთგულებად?

- სამშობლოს ერთგულება ჩვენი ხალხისთვის ყოველთვის იყო დიდი ნიჭი. სამშობლოს ერთგულება უდიდესი საფასეა. მაგრამ იგი არ არის ღვთის წმიდა მცნებასა და სიყვარულს გარდამეტებული. ის არ არის ღვთის ერთგულებაზე მეტი. ხომ სათუთია, ძვირფასია, ახლობელი და მშობლიურია, მაგრამ ის მაინც არ არის ისეთი დიდი, როგორიცაა ღვთის სიყვარული. სამშობლოს ერთგულება უფრო ადამიანური გრძნობაა. ჩვენ ქვეყანას თავისი უნდა მივაგოთ, აკი ბრძანებს უფალი: კეისარს კეისრისა მიეცითო და ღვთისა - ღმერთსო. უნდა გვიყვარდეს იგი, უნდა ვიცავდეთ და პატივს ვცემდეთ წინაპართა საძვალეებს, მაგრამ ამან ღმერთის ადგილი არ უნდა დაიკავოს. თუ სამშობლოს სიყვარული შეენაცვლა ღვთისას, მაშინ ღვთიურ საფასეებს ვერ მისწვდება კაცი. უფლის გარეშე კი ყველაფერი ამაოებაა.

- ზოგჯერ მორწმუნე, თხოვნის აღსრულების შემთხვევაში, უფალს სამაგიეროდ რაღაცას ჰპირდება, მაგრამ მერე დაპირებას მალევე ივიწყებს. რამდენად გვმართებს სიტყვის ერთგულება?

- სახარებაში, მოგეხსენებათ, უფალი სიტყვასთან არის გაიგივებული. სიტყვა ძალიან დიდი ძალაა, ამიტომ მას მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ. სიტყვის დაცვას, მის გატანას წარსულში ამიტომაც ჰქონდა დიდი ფასი, სიტყვის კაციაო, - იტყოდნენ ადამიანზე. თუ იცის ადამიანმა სიტყვის ფასი, უნდა დაიცვას კიდეც იგი. სიტყვა არ უნდა გავაუფასუროთ. მართლაც, ზოგჯერ ისეთ რამეს ვიტყვით, ისეთს დავპირდებით, რომლის აღსრულებაც არ არის იოლი. ეს კი ცოდვაა. რასაც შევპირდებით უფალს და ადამიანებს, უნდა აღვასრულოთ.

- მატულობს ოჯახური ღალატის რიცხვი. რას იტყოდით ამის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ მეუღლეები ასეთ დროს?

- ოჯახი მარტო სითბო და ერთად ყოფნით ტკბობა არ არის. ეს არის მოვალეობები, რომლებიც ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. ამ მოვალეობათა შესრულება არ არის ადვილი, ამიტომაც უნდათ ადამიანებს მისგან გათავისუფლება, რაც ხდება მათი დაქცევის მიზეზი. მინდა ვთხოვო ყოველ ცოლ-ქმარს, რომ ბოლომდე ზიდონ ეს ტვირთი, რამეთუ ეს არის საბოლოოდ სასუფეველში მიმყვანებელი. დღეს ქალის ღალატი უფრო მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე მამაკაცის. მაგრამ, რეალურად, ორივე ერთი და იგივეა. როცა გიყვარს ადამიანი, ძნელია, მას უღალატო, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები ჩვენივე სისუსტის გამო და ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ძლიერი, მწარე სინანულით შეიძლება ამ ურთიერთობათა მოგვარება. სინანულს ყველაფერი შეუძლია.

- ზოგჯერ შვილებს მოხუცი ან ავადმყოფი მშობლების მოვლა ეძნელებათ და მოხუცთა თავშესაფარში აბარებენ.

- როცა ადამიანი გაიმეტებს მშობელს უპატრონოთა თავშესაფრისთვის, უნდა დაფიქრდეს, რომ იგივე შეიძლება მასაც გაუკეთონ შვილებმა. მშობლისგან, თუნდაც უკვე ყველანაირ უნარს მოკლებული იყოს, ადამიანი უდიდეს სითბოსა და სიყვარულს იღებს, რაღაც ისეთი ძალა მოდის, რომელიც სხვა არსაიდან არ მოედინება. ამიტომაც ის, ვინც მშობელზე უარს ამბობს, ამ სითბოსაც, ამ უხილავ ძალასაც ემშვიდობება. კარგავს მადლს და კურთხევას ღვთისას, რომელიც მშობელთა პატივისცემით მოენიჭება.

- ზოგი, როცა ღმერთს რაიმეს სთხოვს, მაგრამ უფალი არ უსრულებს, მის ყვედრებას იწყებს: ღმერთი ხალხისას არ ისმენს, იმას არ ანიჭებს, რასაც ითხოვენო. როგორ მოვიქცეთ, თუ უფალი ჩვენს თხოვნას არ ისმენს?

- უნდა გვახსოვდეს, რომ უფალს შეუძლია უდიდესი წყალობით აღავსოს ადამიანი, შეუძლია უამრავი სიკეთე გაიმეტოს მისთვის, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მისი მიღება. რომ შეგვეძლოს მისი დატევა, ღმერთი გაცილებით მეტ დიდებას მოგვაგებდა, მაგრამ არ გვანიჭებს, რადგან იცის, რომ ვერ დავიტევთ. იცის, რომ ეს დაგვაბრკოლებს მისკენ მიმავალ გზაზე. წმინდა ისააკ ასური წერს, იშვიათია კაცი, რომ ღმერთმა მისცეს მეტი წყალობა და არ იქნეს ძლეული ამ წყალობისგანვეო. მართლაც, რამდენი გვინახავს, რომელსაც დიდებამ, პატივმა, წარჩინებამ სძლია. როგორი კარგები იყვნენ დიდების გარეშე და როგორ შეიცვალნენ ამის მერე! როგორ აიმაღლეს თავი და როგორ იძლივნენ მისგან! ამიტომაც უფალი ხშირად თვითონვე აყოვნებს სიკეთეს ისევ და ისევ ჩვენს სასიკეთოდ. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოძებნოს ამის მიზეზი.

- ორგულობა ბევრს სასოს წარუკვეთს ხოლმე...

- უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ბევრი ერთგული არ გვეყოლება. ერთი ერთგული და თანამოაზრეც კი ძალიან დიდი განძია. ერთი წმიდა მამაც ამბობს, ამ ცხოვრებაში იოლი არ არის ერთგული, უღალატო კაცის პოვნა. ერთი მაინც თუ შეგხვდა, ეს დიდი წყალობაა ღვთისაო. არც უფალს ჰყავს ბევრი ერთგული ამქვეყნად. და ჩვენ ვინ ვართ, მასზე მეტმა რომ გვიერთგულოს? როცა გინდა, გვერდით ძლიერ ერთგულნი გყავდეს, უნდა ჰკითხო შენს თავს, ხარ კი მზად ამ დიდი სიკეთისთვის, შეძლებ ამის დატევას? მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებშიც კი, როცა თითქმის სულ მარტო ვიყავი, ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ ჭეშმარიტად ერთგული ადამიანები. ვერ ვიტყვი, რომ ღმერთი ბოლომდე მარტო მტოვებდა. პირიქით, უფალმა ზოგიერთი ადამიანის საოცრად დიდი ერთგულების მოწმე გამხადა. თითო კაცი მაინც იყო ხოლმე ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბოლომდე ჩემს გვერდით. და სიმართლე გითხრათ, იმ ერთის ერთგულებასაც კი გავუოცებივარ და ზოგჯერ შევუშინებივარ. მიფიქრია: "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავესთვის, რომელი მომაგო მე?" რა გავაკეთო, რით ვუპასუხო უფალს და ამ ადამიანს, რით გადავუხადო მადლობა ასეთი დიდი სიკეთისთვის, ვარ კი ღირსი, რომ მივიღო ასეთი დიდი საფასე ღვთისა? ასე რომ, ერთგულება უდიდესი ტვირთიცაა და როცა ამას სხვისგან ითხოვ, შენც უნდა შეგეძლოს, იგივე შესძინო სხვას.

- ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ისეთი დრო, როცა ყველა ახლობელი, ვისაც სიკეთეს უკეთებდა, უმტყუნებს, იმედს გაუცრუებს და რჩება სრულიად მარტო. რას გვასწავლის ღმერთი ამ მძიმე განსაცდელით?

- უფლის გარეშე ეს არ ხდება. უფალი ამას მიზანმიმართულად უშვებს. თვითონ გაგიმტყუნებს ყველას, ყველას ჩამოგაცილებს, მარტო დაგტოვებს, რომ მოგანატროს თავი. ქრისტიანს ზოგჯერ ადამიანთა მიმართ ზედმეტი სასოება და იმედი უჩნდება. ასეთ დროს უფალი ამ მძიმე განსაცდელით გვაჩვენებს, რომ ყველაფერი წარმავალია და რომ ბოლომდე ერთგული მხოლოდ იგია. "ყოველი კაცი ცრუ არს" - ეს კარგად უნდა გავითავისოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არ არის ღმერთზე ძლიერი საყრდენი, მასზე მეტად საიმედო. ჩემს ცხოვრებაშიც იყო შემთხვევები, როცა უფალმა თითქოს სულ მარტო დამტოვა. ეს ერთი შეხედვით ტრაგედიას ჰგავდა და ამის გადატანა მართლაც ძალზე მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ვმადლობ უფალს ამ განსაცდელისთვის. მივხვდი, რომ მან ეს შემთხვევით, უმიზეზოდ არ დაუშვა, ამ მწარე გაკვეთილით მან ბევრი მასწავლა. დამანახა ამ სოფლის სიცრუე, წარმავლობა, ადამიანის სისუსტე და ღმერთის მარადიულობა, დამანახა თავისი ჩვენდამი სიყვარული და მასწავლა, რომ უფალზე დიდი იმედი ამქვეყნად არავის მიმართ არ უნდა მქონდეს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასეთ დროს უსასოობას არ მიეცნენ. პირიქით, სწორედ ამ მძიმე წუთებში ადამიანს ძლიერ მოგენატრება უფალი, მთელი არსებით გაიხედავ მისკენ და წრფელი გულით შეჰღაღადებ: უფალო, მხოლოდ შენა ხარ ერთგული კაცისა, და მხოლოდ შენთვის ღირს ცხოვრება ამქვეყნად. ეს განსაცდელი ჩვენი გაკვეთილი უნდა იყოს. და თუ ამით ღვთის ძალასა და მის ერთგულებას ვიგრძნობთ, დიდება მას ამ განსაცდელისთვის. ასე გვასწავლის, გვწვრთნის უფალი. გვაჩვენებს, რომ თუ მას არ მივენდეთ, თუ მისადმი სასოება არ განვიმტკიცეთ, ვერც ადამიანები შეძლებენ ერთგულებას ჩვენსას. უფალს არ ვემეტებით ამ სოფლისათვის. უნდა, რომ მთლიანად მისი ვიყოთ. თუ ამას მიხვდება კაცი, კიდეც რომ ვერ იპოვოს ერთგული მეგობარი, მაინც არ იქნება მწუხარე, რადგან იცის, რომ მის გვერდით ღმერთია, რომ მისი ერთგული თვით უფალია. ამაზე მეტი კი რა უნდა ეპოვა მას ამ ცხოვრებაში, ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა მიეღო?! მან მოიპოვა ყველაზე დიდი - ღვთის რწმენა, იმედი და სასოება მისი, რაც ღვთის სიყვარულის საწინდარია.

ჩვენი ეს მოკრძალებული საუბარი ღმერთმა ნუგეშად უქციოს მართალთა სულებს, ერთგულების სიყვარული აანთოს მათ გულებში.

უფალმა დაგლოცოთ. ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1