სულიერი სიბრმავე ცოდვაა, მაგრამ ორმაგი ცოდვაა, როცა არ გინდა თვალი აგეხილოს
სულიერი სიბრმავე ცოდვაა, მაგრამ ორმაგი ცოდვაა, როცა არ გინდა თვალი აგეხილოს
როგორც ბნელში მყოფი ვერ არჩევს ოქროსა და რკინას, როგორც ბრმისათვის ძნელია განსხვავება ქვისა და ბრილიანტისა, ასევე სარწმუნოებრივად უმეცარმა, ბრმა ადამიანმა არ იცის ფასი და ძალა საღვთო სიტყვისა - "ზეციური მარგალიტისა". ადამიანი ჯერ უნდა გამოვიდეს ურწმუნოების ბნელი ლაბირინთიდან, აეხილოს სულიერი თვალი, გაარჩიოს ნათელი ბნელისგან და ამის შემდგომ განეცხადოს, მიეცეს მას არსი ზეციური სიტყვისა. დაბურულ ტყეში ვერ აღწევს მზის სხივები, ვერც ცოდვით დაბურულ, ვნებებით დაბინდულ სულში დაიმკვიდრებს ნათელი ღვთისა. როგორც ნიადაგი არის აღმომაცენებელი თესლისა, ასევე ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვის, "თესლის" ნიადაგია, არის საკუთარ გულში აღმომაცენებელი, მასაზრდოებელი სარწმუნოებისა.

სახარებაში მაცხოვარი ამბობს: "ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცნენ და განგხეთქნენ თქუენ" (7,6 მათე).

ღვთის სიტყვა, რომელიც უფალ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი ღმერთის მიერ მიეცა კაცობრიობას, არის სულიერი მარგალიტი, საფასე და საგანძური. იგი განურჩევლად მოეფინა ყველას, მაგრამ ყველა ადამიანმა არ განუკუთვნა საკუთარი თავი ამ უდიდეს მოწყალებას, მადლს ღვთისას. მრავალი, როგორც ძაღლი, ის უყეფს უფლის სიწმინდეს და როგორც ღორი, ისე თელავს მის ჭეშმარიტებას. მათ, რომელთაც არ შეისმინეს მაცხოვრის სიტყვები (მწიგნობრები, ფარისევლები), ძაღლებივით და ღორებივით გამოჩნდნენ ქრისტეს სიწმინდის წინაშე. ღმერთი არავის უმალავს მადლსა და ჭეშმარიტებას, მაგრამ მრავალმა საკუთარი ნებითა და განზრახვით დაუფარა იგი თავის თავს. ჩრდილს მზისგან წამოსული ნათელი კი არ ქმნის, არამედ ის წინაღობა, რომელიც ხელს უშლის მის მოფენას რომელიმე საგანზე. მსგავსად ამისა, სულიერ ჩრდილში ექცევა ყველა ის ადამიანი, რომელთათვისაც ისევე უნაყოფოა ქრისტეს სიტყვები, როგორც ღორისა და ძაღლისათვის - მარგალიტები.

წმინდა იოანე ოქროპირი შემდეგნაირად განმარტავს ამ სიტყვების მნიშვნელობას: ნუ გამოუცხადებთ საღმრთო და დიდებულ საიდუმლოს ძაღლებსა და ღორებს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ბილწი ცხოვრების გამო ღირსნი არ არიან საღვთო სიტყვის არსის წვდომისა. ძაღლებში იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ ჭეშმარიტების, ურწმუნოების სენით არიან დაავადებულნი და ძაღლებივით უღრენენ, ებრძვიან უფლის სიტყვას. ღორებში კი ისინი მოიაზრებიან, რომელთაც თუმცა გარეგნულად სწამთ ღმერთი, მაგრამ თავიანთი შეგინებული და ამაო ცხოვრების წესით ყველანაირად შეურაცხყოფენ და ეწინააღმდეგებიან ღვთის მცნებებს.

პავლე მოციქული ამბობს: "მშვინვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაი, რამეთუ სიცოფე უჩნ მას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვის" (I კორ. 2,14). ბოროტი და გახრწნილი ცხოვრების წესი არის მიზეზი იმისა, რომ არ ძალუძს მას შეიწყნაროს მაღალი და სულიერი სწავლა. როდესაც გონიერ ადამიანს გამოეცხადება, მიეცემა საღვთო საიდუმლო, იგი მეტ პატივს მიაგებს მას, მეტად დააფასებს უფლის მიერ ბოძებულ უდიდეს მადლს, ხოლო უგულისხმო და ბოროტი ყველანაირად შეეცდება შეურაცხყოს, შეაგინოს იგი, რამეთუ მოწამლულია მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა და სიცოფედ მიაჩნია ყოველგვარი სიწმინდე. როგორც ღორისთვის უცხოა მარგალიტის რაობა და ფასი, ასევე არც მათ უწყიან არსი და სიდიადე სარწმუნოებისა. ამიტომ ნუ დააფენთ მარგალიტებს მათ წინაშე, რათა უარეს განსაცდელად და სასჯელად არ ექცეთ როგორც მათ, ასევე ჩვენც. ღვთის სიტყვაში კი არ არის რაიმე ნაკლი (ასეთი აზრი ეშმაკისაა), არამედ მათშია პრობლემა, რადგან ღორთა და ძაღლთა შორის მოხვდა იგი და არა კაცთა. სულიერი სიბრმავე ცოდვაა, მაგრამ როცა არ გინდა თვალი აგეხილოს, ორმაგი ცოდვაა. არის ისეთი ურწმუნოება, რომელშიც დევს კეთილი მარცვალი სარწმუნოებისა (როდესაც ადამიანი ეძებს უფალს) და არსებობს გაკერპება ურწმუნოებაში, როდესაც ადამიანი არ ცდილობს და არც სურს შეიცნოს ჭეშმარიტება. აი, სწორედ ამგვართ არ განეცხადება საიდუმლო ზეციური სიხარულისა, როგორც უფალი ბრძანებს: ბრმანი რომ იყოთ, აგეხილებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, რომ ხედავთ, იმიტომაც დაბრმავდით. კეთილი სიბრმავე - ურწმუნოება მომავალი ხედვის, რწმენის საწინდარია, ბოროტი - ურწმუნო ხედვა კი სიბრმავის, ურწმუნოების დასაწყისი.

წმინდა ბასილი დიდის თქმით: ჩვენ შევაგინეთ უფლის სიტყვა მისი დარღვევით, ჩვენი ცოდვებით იბღალება ქრისტეს წმინდა მცნებები. კარგი იქნება, თუკი თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრებით მიემგვანება არა პირუტყვს, არამედ იმ სახარებისეულ ვაჭარს, რომელმაც ძვირფასი საგანძურისა და მარგალიტის მოსაპოვებლად მრავალი განსაცდელი და დაბრკოლება მიაყენა საკუთარ თავს, ყველაფერი დათმო, უარყო, რათა ეს უდიდესი სიმდიდრე მოეპოვებინა. ვაჭარში მორწმუნე, ღვთის მცნებებს დაწაფებული ადამიანი მოიაზრება, საგანძურში - ქრისტეს გზა, რწმენა, მადლი, განსაცდელში კი ის წინააღმდეგობანი, რომლებიც სულიერი სრულყოფილების გზაზე შემდგარს წინ ეღობება. უფალმა ინებოს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს ამ ზეციური საუნჯის, სულიერი სიხარულის განცდა და მოპოვება, ამინ!
ბეჭდვა
1კ1