როგორ აღვასრულოთ მცნებები
როგორ აღვასრულოთ მცნებები
ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა, სრულყოს საკუთარი თავი, განიწმინდოს მანკიერებათაგან და მიემსგავსოს უფალს, რომლის "ხატად და მსგავსადაც" შეიქმნა. ეს არის მიზანი, რისთვისაც ამქვეყნად ვართ მოვლენილნი. წმინდა სერაფიმ საროველი ამბობდა: "გადაარჩინე საკუთარი სული და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო".

ქრისტიანულ მოვალეობათა აღსრულება, რაც საკუთარ თავზე ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, უფლისმიერი მადლის შეწევნის გარეშე შეუძლებელია. ეს მადლი კი ეკლესიის წიაღშია დაუნჯებული.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ქრისტიანის მოვალეობანი ყველაზე უკეთ გადმოცემულია ათ მცნებაში, რომლებიც უფალმა სინას მთაზე უბოძა მოსეს. როდესაც მდიდარმა ჭაბუკმა მაცხოვარს ჰკითხა, როგორ მოვიქცე, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდროო, იესომ მიუგო: ათი მცნება დაიცავიო.

როგორ აღვასრულოთ მცნებები?

პირველი მცნება იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა შეიმეცნოს უფალი, რამდენადაც ხელეწიფება. ცოდნა, რა სახისაც უნდა იყოს იგი, თუ ღვთის შემეცნების ნათლით არ არის გაცისკროვნებული, თავის ჭეშმარიტ აზრსა და დანიშნულებას კარგავს და სიკეთის ნაცვლად ხშირად ზიანი მოაქვს.

იმისთვის, რომ უფალი შევიმეცნოთ, საჭიროა ვკითხულობდეთ წმინდა წერილს, წმინდა მამათა ცხოვრებას, მათ შრომებსა და სწავლებებს, ვიაროთ ეკლესიაში და დავესწროთ ღვთისმსახურებას. ლოცვის, მარხვის, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია უფლის შემეცნება და სულიერების სამყაროში შესვლა.

მუდამ გვახსოვდეს, რომ რასაც ვაკეთებთ ანდა ვფიქრობთ, უფალი ყველაფერს ხედავს და ესმის. გვქონდეს მისი სასოება, გვიყვარდეს და ვემორჩილებოდეთ მას. ნუ დავიწყებთ დრტვინვას, როდესაც უფალი არ გვაძლევს იმას, რაც გვსურს - ღმერთმა უკეთ იცის, რა მოგვცეს, რა არის ჩვენთვის უმჯობესი.

ამ მცნების აღსრულებას უპირისპირდება უღმერთობა, ურწმუნოება, მრავალღმერთიანობა.

მეორე მცნება გვასწავლის, არ გავაკერპოთ არც ადამიანი, არც ცხოველი, მხოლოდ უფალს ვცემდეთ თაყვანს. აქ, რა თქმა უნდა, არ არის ლაპარაკი წმინდანებსა და ანგელოზებზე, რომელთა მიმართაც პატივისცემას, მოწიწებას გამოვხატავთ და არა თაყვანისცემას. წარმართები უსულო საგნებს აღმერთებდნენ და ამით, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკს სცემდნენ თაყვანს. ჩვენში კერპთაყვანისმცემლობა უფრო "დახვეწილი" ფორმით ვლინდება, თუმცა შინაარსი იგივეა. მაგალითად, პავლე მოციქული ამბობს, რომ გამდიდრებისკენ სწრაფვაც კერპთაყვანისმცემლობაა. კერპთაყვანისმცემლობის გამოვლენაა ნაყროვანებაც. ამ ვნებით შეპყრობილთა ღმერთი, პავლე მოციქულისავე თქმით, მუცელია. კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებაა სიამაყე და პატივმოყვარეობაც - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარი თავისგან ქმნის კერპს.

მესამე მცნებაა, ამაოდ არ ვახსენოთ, მოწიწების გარეშე არ წარმოვთქვათ უფლის სახელი (ასეთი რამ ხშირად ხდება ფუჭ საუბრებში). ასევე უნდა ვერიდოთ ფიცის დადებას, ისეთი სიტყვების თქმას, რომლებიც უფალს შეურაცხყოფს, სიწმინდეებზე ხუმრობითა და დაცინვით ლაპარაკს.

მეოთხე მცნება გვავალებს, კვირაში ერთი დღე უფალს დავუთმოთ. ჩვენ ხშირად გვეზარება წირვა-ლოცვაზე დასწრება; დროდადრო სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი როდია, რომ უფალმა ჩვენზე მოწყალება მოიღოს და ცხოვრების მძიმე ტვირთის ზიდვაში შეგვეშველოს... ეს ერთი დღე მაინც მივუძღვნათ უფალს და მისთვის სათნო საქმეები აღვასრულოთ, მაგალითად, წავიდეთ ტაძარში, ვილოცოთ, ვიკითხოთ სასულიერო შინაარსის წიგნები, ვისაუბროთ საღვთისმეტყველო თემებზე, შევეწიოთ ღარიბებს, სნეულებს, პატიმრებს, ნუგეში ვცეთ მწუხარეთ... ამ მცნებას არღვევენ ადამიანები, რომლებიც კვირა დღეს ფუჭ გართობას უძღვნიან, ზედმეტად მხიარულობენ, ლოთობენ და უფლის სამსახურზე არ ფიქრობენ.

მეხუთე მცნება გვასწავლის, რომ ქრისტიანის ერთ-ერთი მოვალეობაა, პატივი სცეს მშობლებს. უნდა ვეცადოთ, არ შეურაცხვყოთ ისინი სიტყვით თუ საქმით, შევეხიდოთ შრომაში, ვიზრუნოთ მათზე, განსაკუთრებით - ავადმყოფობის ან უძლურების ჟამს, ვილოცოთ მათთვის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც. პატივი უნდა ვცეთ აგრეთვე ჩვენს მოძღვრებს, ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ჩვენს აღზრდაში.

მეექვსე მცნება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მკვლელობასაც გულისხმობს. ამ მოვალეობას არ აღასრულებს ის, ვისაც არ აქვს სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ბოღმითა და სიძულვილით არის სავსე, გულს იოლად სტკენს სხვას. ყველაზე მძიმე მკვლელობას კი ის სჩადის, ვინც ადამიანს აცდუნებს. სწორედ ასეთ ხალხზე ამბობს მაცხოვარი: "უმჯობესი იქნებოდა მათთვის, წისქვილის ქვა გამოებათ კისერზე და ზღვის სიღრმეში დანთქმულიყვნენ. ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური!"

მეშვიდე: ქრისტიანის მოვალეობაა, არ იმრუშოს, თავი წმინდად დაიცვას. თუ დაქორწინებულია, არამცთუ საქმით, ფიქრითაც კი არ უღალატოს მეუღლეს, ლაგამი ამოსდოს აზრებს, შეგრძნებებს, წარმოსახვას. ერიდოს ისეთ ფილმებსა და წიგნებს, რომლებიც ხელს უწყობს ვნებათა გახელებას.

მერვე: ჩვენი მოვალეობაა ასევე, არ ვიქურდოთ, სხვისი კუთვნილი ქონება ძალით არ მივიტაცოთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ქრთამად არ მივიღოთ, რაც არ გვეკუთვნის. ქურდობის გამოვლენაა ისიც, როცა ადამიანი იღებს ხელფასს, მაგრამ არ შრომობს. ამ მცნებას ისიც არღვევს, ვინც სხვებს მოტყუებით, ეშმაკობით, მზაკვრობით სძალავს ფულს.

მეცხრე: ქრისტიანს ევალება, ცილი არ დასწამოს სხვას, არ თქვას ტყუილი, არ მისცეს ყალბი ჩვენება...

მეათე მცნება გვავალებს, არ გვშურდეს სხვისი ქონება. ეს მცნება არა მხოლოდ ავის ჩადენას, არამედ ავის ზრახვასაც გვიკრძალავს. უნდა დავიცვათ გულის სიწმინდე, ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა და გვიხაროდეს სხვისი კეთილდღეობა.

ეს მცნებები, რა თქმა უნდა, ადვილი აღსასრულებელი არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სხვაგვარად მარადიულ სიცოცხლეს ვერ ვეზიარებით. განა შესაძლებელია, ამ მცნებების დარღვევით ადამიანმა ნეტარება პოვოს?! ამიტომ სიხარულით უნდა ვისწრაფოდეთ ამ მოვალეობათა აღსრულებისაკენ. ამას სჭირდება დრო, საკუთარ თავზე მუშაობა და ეკლესიის მადლი, ურომლისოდაც უფალთან მიახლება წარმოუდგენელია.
ბეჭდვა
1კ1