მარხვით, ლოცვით, სიყვარულით დაინახე სიკეთე, მხოლოდ სიკეთე და თუ ეს არ ძალგიძს, ნურაფერს იტყვი
მარხვით, ლოცვით, სიყვარულით დაინახე სიკეთე, მხოლოდ სიკეთე და თუ ეს არ ძალგიძს, ნურაფერს იტყვი
როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, შეუდგება სინანულის გზას და მარხვისთვის ემზადება, მისი გული ბრძოლის ველს ემსგავსება. ხილულად შეიძლება კაცს ბოროტი სული არც ებრძოდეს, მაგრამ აზრობრივ ბრძოლას ვერსად გაურბის.

საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია ფიზიკური მარხვა, რომელიც მოითხოვს გარკვეული საკვებისგან თავის შეკავებას. სულიერი მარხვა კი არის მობილიზება ადამიანის შინაგანი ძალებისა ქრისტეს მცნებების ზედმიწევნით შესასრულებლად.

ხშირად უნებურად ვარღვევთ მარხვას. ეს ღვთის დაშვებითაც ხდება, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. მამათა ცხოვრების მიხედვით, ერთ-ერთი ბერი მარხვაში ისეთ ამპარტავნებაში ჩავარდა, რომ სულიერმა მოძღვარმა ხორცისა და ღვინის მიღების კურთხევა მისცა. მარხვის დარღვევის პერიოდში ამ ბერმა საოცარი სიმდაბლე შეიძინა.

მარხვაში ადამიანი უნდა შეეცადოს, სიამაყემ არ სძლიოს. უფალი თუ ხედავს ჩვენს დაფარულს, იგი ცხადად მოგვაგებს. მთავარია, ადამიანი ტაძარში მივიდეს და უფალს პატიება სთხოვოს, რადგან არ არსებობს ღვთის მოწყალებაზე აღმატებული ცოდვა.

მარხვა დიდი დღესასწაულების ღირსეულად შესახვედრადაა დაწესებული. შობის მარხვის გარდა, არის დიდი მარხვა ქრისტეს აღდგომის წინ, პეტრეპავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა, მარხულობენ ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, რადგან ოთხშაბათს, ეკლესიის სწავლებით, იუდამ გასცა ქრისტე, ხოლო პარასკევს მაცხოვარი ჯვარს აცვეს.

პირველი მარხვა კი უფალმა ადამს და ევას სამოთხეში დაუწესა, როცა ცნობადი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა.

გვესაუბრება თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი მამა იოანე (გვაჯაია).

- უფალმა სამოთხეში ადამს და ევას აუკრძალა ეჭამათ ნაყოფი ხე ცნობადისა. მაგრამ მათ ღვთის მორჩილება დაარღვიეს. მარხვის გატეხამ კი პირველი ცოდვა შვა. უფალმა სამოთხის შვილებს თავისუფალი ნება მისცა, რაც მათ არასწორად გამოიყენეს. ამ შეცოდების გამო ისინი სამოთხიდან განიდევნენ. ღმერთთან კვლავ მისაახლებლად ადამს და ევას დარღვეული კავშირის აღდგენა დასჭირდათ - ლოცვით, ვედრებით და შენდობის თხოვნით. მარხვა ღმერთთან მისაახლებლად და სინანულისთვისაა დაწესებული, სინანული - სიხარულისა და სიყვარულისთვის. როდესაც დიაკვანი აღსავლის კარებთან დგას და ლოცვას ამბობს, ეს იმის გამოხატულებაა, რომ გამოდევნილი ადამი ევედრება უფალს სამოთხეში შეუშვას. ყოველი კაცი, თავისი დაცემული ცხოვრებიდან გამომდინარე, უნდა ცდილობდეს ღმერთთან მიახლებას. ამის საუკეთესო იარაღია მარხვა. მარხვის არშენახვა სხვადასხვა ცოდვას იწვევს. როდესაც ადამმა და ევამ დაარღვიეს მარხვა, წარმოიშვა მრავალი ცოდვა, რაც მთელ კაცობრიობას დღემდე მოჰყვება. მარხვა დაარღვიეს, ამპარტავნებით შეიმოსნენ და ერთმანეთს პირველი ცოდვის ჩადენას აბრალებდნენ. ცოდვამ ცოდვა შვა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ღვთის განკაცება, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები. გონებაში მარხვა თუ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, აუცილებლად დაცემისკენ წავალთ. ღმერთმა ქნას, დაცემულმა ადამიანმა ბოლომდე შეიგნოს თავისი მდგომარეობა და საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა: რა დაარღვია - გონებრივი მარხვა, საჭმლით მარხვა, თვალით, ყნოსვით მარხვა, შეხებით მარხვა თუ გულისხმისყოფით მარხვა.

პირადად მე მარხვა დავიწყე არასამარხვო საკვებისგან თავის შეკავებით, ამას მოჰყვა წირვა-ლოცვაზე დასწრება. თავიდან წირვა-ლოცვა შეიძლება არ გესმოდეს, მაგრამ მადლი იმდენად მოქმედებს, რომ დროთა განმავლობაში, როგორც ტაძარი, ისე ყალიბდები. ახალაშენებული ტაძარი ხომ თავიდან ცივია, მერე ნელ-ნელა თბება. ამიტომაცაა, რომ საუკუნის ტაძრები სხვა სითბოს გამოყოფენ. ასეა ადამიანიც - რაც დრო გადის, ეკლესიაში სიარულით მასში მეტი სითბო და სიყვარული ღვივდება. საკვების მიღება, თავშეკავება, აზროვნება - ყველაფერი მარხვას უკავშირდება. მარხვის, ლოცვის და ქადაგების შემდეგ ადამიანის გული თბება. უწმინდესი ხშირად ქადაგებს, - მადლიანი ადამიანის დანახვას ვცდილობთ სადღაც შორს და ვერ ვგრძნობთ, რომ ის ჩვენს გვერდით დგასო. ყოველ ადამიანში დაინახე სიკეთე, მხოლოდ სიკეთე და თუ ეს არ ძალგიძს, ნურაფერს იტყვი, ნურაფერს გაიფიქრებ მასზე. თუ გაიფიქრე, მიხვდი, რომ მარხვა დაარღვიე. უფალმა მარხვა დაგვიწესა, რათა გონებით ყველა ადამიანზე კეთილად ვფიქრობდეთ.

როდესაც ტაძარში მისული ადამიანი იწყებს მარხვას, მოძღვარი დილა-საღამოს ლოცვების წაკითხვას სთხოვს. ერისკაცობაში პირველად ამ ლოცვების წაკითხვა ძალიან მიჭირდა. მერე დავფიქრდი - ამ საქმეს სულ ოცი წუთი სჭირდებოდა. ოცი წუთი ბევრი არაა. ამით მივეჩვიე, რომ ოცი წუთი აუცილებლად ღმერთთან საუბრისთვის დამეთმო.

ადამიანისთვის მთელი ცხოვრება მარხვაა. რა თქმა უნდა, წუთისოფელში რთულია ყველაფრის შესრულება. ბევრი ერთხელ შეინახავს მარხვას, ეზიარება, მერე იკარგება, ეფლობა წუთისოფლის მორევში, გვიან ხვდება ტაძრის აუცილებლობას და ისევ მოდის... წლების შემდეგ გრძნობს, რომ ტაძრის გარეშე აღარ შეუძლია ცხოვრება. უწმინდესი ამბობს ხოლმე, - ღმერთმა ყველა გაჭირვებულს უშველოსო. გაჭირვებულად სახავს ურწმუნო ადამიანს.

მარხვით, ლოცვით, სიყვარულით იზრდება ადამიანი და მიდის ღმერთთან. სულიერ მოძღვართან სიახლოვე მარხვას სწორად შეგვანახვინებს. ნამარხულევი შედეგს მაშინ ნახავს, როდესაც საკუთარ თავში ნაკლს დაინახავს. ადამიანში უსასრულოდაა სიკეთე, მაგრამ მას დაუღალავად ებრძვის ბოროტება და მონდომებულია, მადლიერებას მოაკლოს. მარხვისა და ზიარების შემდეგ ჩასაფრებული ბოროტი ცდილობს, ეს მადლი წაგართვას ცუდი აზრებით, ბოროტი გულისთქმებით. როცა გრძნობს მადლის დაკარგვას, მორწმუნემ უკვე იცის, მას ეკლესიაში დაიბრუნებს და მიდის მოძღვართან.

უფალი ამბობს: "არა არს ცოდვა, მძლე და უპირატესი ღვთის კაცთმოყვარეობისაო".

ზოგიერთი არ დადის ეკლესიაში, თუმცა საზოგადოებაში პატიოსანი კაცის სახელი აქვს. მისთვისაც არის მარხვა დაწესებული. პატიოსნებასთან ერთად სარწმუნოებრივი პატიოსნებაც საჭიროა.

შუა ზღვაში ნავში რომ იჯდე და ერთი ნიჩაბი გქონდეს, ნაპირზე ვერ გახვალ, ერთ ადგილას იტრიალებ. საჭიროა ორი ნიჩაბი - პატიოსნება და სარწმუნოება. ამით წინსვლას შეძლებ. ასეთია მარხვის დანიშნულება. ზოგჯერ იმდენად ვშორდებით ღმერთს, რომ ყოველდღე გვჭირდება მარხვა.

- მარხვაში ხშირად სტუმრობენ ერისკაცნი მონასტრებს. წუთისოფელს მოშორებულები უფრო უღრმავდებიან საკუთარ თავს და მარხვაში საკუთარი ცოდვების უკეთ დანახვას ცდილობენ...

- მონასტერს გალავანი აკრავს. მასზე დედა ღვთისმშობელი დაბრძანდებაო, ნათქვამია. მონასტერში მოსული ადამიანი ცოდვას გამოერიდა. დიდი ვაჟკაცობაა, როცა ხედავ, წუთისოფელში იღუპები, გამოერიდები ყველაფერს და მონასტრის გალავანში მოექცევი. ადამიანმა საკუთარ სულში უნდა გაიკეთოს გალავანი მარხვით, ლოცვით და მყუდროებით. ზოგჯერ გადაახტება ამ გალავანს და არღვევს იქ ყოფნას ანუ მარხვას, მორჩილებას. "მამაო ჩვენოში" წერია: "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". უნდა გულისხმავყოთ ეს სიტყვები: "ვითარცა ჩვენ მიუტევებთ". ამას ვინც იტყვის, უკვე ნაპატიები ექნება. ასეთი ცხოვრებით მარხვასაც შეინახავს და მარხვის გემოსაც გაიგებს, რის შემდეგაც მისი ჭეშმარიტი შემსრულებელი იქნება.

მონასტერში მარხვისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. იქ ერთ ადგილას ხარ, მორჩილება გაქვს და დავალებას აღასრულებ. ტაძარში სასულიერო პირების გარემოცვაში მყოფი ერის ადამიანი უფრო მეტად იცავს თავს ცოდვებისაგან. ათი მცნების შესრულება ყველას ევალება - ერსაც და ბერსაც. მონასტერში ყოფნით გულმოდგინე ხარ ათი მცნების მიმართ. მონასტერში განეშორები მათ, რომლებთანაც ერში ცდუნება გძლევდა. უღრმავდები შენს თავს. ადამიანის კარგი თვისება, რომელიც ერში ნაკლებად ჩანს, მონასტერში უფრო მჟღავნდება. შეუძლებელია წინამძღვარმა ან მონასტრის რომელიმე წევრმა არ შეამჩნიოს. იმ ერთი კარგის წარმოჩენით კაცი კეთილშობილდება და ცუდ თვისებას იცილებს.

- სასულიერო და საერო პირების მარხვა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება?

- საკვებთან მიმართებაში მსგავსება შეიძლება იყოს, სულიერი მარხვა კი განსაკუთრებულია. სახარებაში წერია: ოდენ მარხვითა და ლოცვით განიდევნოს ბოროტი მოდგმაო. ვინც ნაკლებად მარხულობს, ლოცულობს, მის სულში მეტი ბოროტება და ცოდვა შემოდის. პირადად მე რაც მეტ ცუდს ვხედავ საკუთარ თავში, უფრო მეტი ბრძოლა მიწევს მასთან - მოკრძალებით. მოკრძალებას ახლავს მარხვა, ლოცვა, მდუმარება, მყუდროება და მოთმინება. ესენი ის სათნოებებია, რითაც უნდა ებრძოდეს სასულიერო პირი ცოდვას და ბოროტებას. ეს ესწავლება მრევლსაც. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ებრძვის ცოდვას - ზოგი ხშირად ამბობს აღსარებას, ბევრს ლოცულობს, ზოგი - თვეში ერთხელ. ზოგი ყოველკვირა ეზიარება. ფაქტობრივად, ხუთ დღეს ებრძვის ორი დღე - შაბათი და კვირა. ცოდვა მრავალგზის აღიარებით სუსტდება, დავარდება და აღარ მოგვეკარება. აღსარებისას შეიძლება მოძღვარმა სასჯელი დაგიწესოს ან სასიკეთო რჩევა მოგცეს. ეს კვლავ მარხვას უკავშირდება. მაგალითად, თუ ისეთ ადგილას გიწევს ყოველდღე ყოფნა, რომელსაც ზიანი მოაქვს შენი სულისთვის, ამას აღსარებაში ამბობ. მოძღვარი მარხვას გინიშნავს - არ მიხვიდე იქ. თუ მიხვალ, მოკრძალებული იყავი. ეს არის შენი მარხვის დადგენა. სამსახურში ჭორაობ. მეგობარი გიბიძგებს ამისკენ. არადა სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებ! ლოცვა-კურთხევით ამ შემთხვევაში თავშეკავება გმართებს.

თუ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ყურადღებას არ მიაქცევ, უარეს ცოდვაში ჩავარდები. თავშეკავება და მოკრძალებული ცხოვრებაა მარხვა, რომელსაც ღვთის და შემდეგ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვასრულებთ.

- როცა ადამიანი მარხვას იწყებს, მისი გული ბრძოლის ველს ემსგავსება.

- ღმერთთან მისასვლელი გზა - ბრძოლით, ცათა სასუფეველი იძულებით მოიპოვება. ნათქვამია, ვინც აიძულოს, ის მიიტაცებსო. მორწმუნე ამქვეყნიურ ბედნიერებას, ფუფუნებას, ქონებას, სამსახურს მარხვით, ლოცვით, მდუმარებით გამოიყენებს ღმერთთან მისასვლელად. ვისაც სარწმუნოება არა აქვს, არ მარხულობს და ოცნებობს მხოლოდ ფუფუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაზე რჩება - მიწად მიიქცევა. ყოველივე ამაოა და წარმავალი. ყველაფერი წარმავალია, გარდა ღვთისმსახურებისა, მარხვისა და ლოცვისა. ეს კი ღმერთთან მისაახლებლად საგზლად გჭირდება.

- სამწუხაროდ, ბევრი ზედმიწევნით იცავს მარხვას, ხორცს არ ჭამს. ამ დროს კი "კაცის ხორცის ჭამას" უნდება.

- ერთ-ერთმა მოძღვარმა თავის სულიერ შვილს, როცა მარხვა ხორცის ჭამით დაარღვია, ურჩია, ოღონდ კაცის ხორცს არ გაეკარო და ეს ხორცი ჭამეო. ადამიანობა იმაში გამოიხატება, რომ მოყვასი არ შეურაცხყო. ამ სათნოების შესრულება ვაჟკაცობაა. ჩვენს დროში, ღმერთმა ქნას, თითოეულის საქციელის საფუძველი იყოს ქრისტიანობა, რომელსაც ადამიანის სიყვარული ჰქვია. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ სხვა გძაგდეს. თუ კაცმა რამდენიმე მხილების შემდეგ არ მოგისმინა და თავისი საქციელი არ გამოასწორა - განეშორე, რადგან შენი შეგონებით ის უფრო მეტ ცოდვაში ვარდება, მეტ ამპარტავნებაშია. არ ღებულობს? ილოცე მისთვის.

ადამიანი იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ ამით ღმერთს უყვარდე. ღვთის სიყვარული თუ არ მოიხვეჭე, ცხოვრება შეუძლებელი გახდება. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: საოცარია ისეთი ადამიანის ზნეობა, გონება, ვინც ყოველდღე საკუთარ თავს ეკითხება - დღეს ვის რა ვარგეო. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ ქრისტეს არ ვუღალატოთ.

- მამაო, თანამედროვე ადამიანების ფიზიკური თუ სულიერი უძლურებიდან გამომდინარე, მოძღვარი გარკვეულ დათმობაზე მიდის და მათ მარხვის შენახვას უადვილებს.

- სნეულისთვის აუცილებელია საკვების მიღება. პირიქით, ცოდვაა, თუ ამას აუკრძალავ. ექიმთან შეთანხმებით, მოძღვარი შეიწყალებს სულიერ შვილს და არასამარხვო საკვების მიღების კურთხევას აძლევს. საკვებთან ერთად ლოცვასაც უადვილებს - ვისაც ფეხზე დგომა არ შეუძლია, მჯდომარემ უნდა წაიკითხოს და მოისმინოს ტაძარში წირვა-ლოცვა. აღსარების დროს კი შემსუბუქება არ არსებობს.

- მამაო, თუკი ადამიანს არასოდეს შეუნახავს მარხვა, გარდაცვალების შემდეგ დაისჯება ღვთის წინაშე?

- შეიძლება არ იყოს მმარხველი, ნაზიარები, მაგრამ მისი კეთილი საქმეები არ დაიკარგება. ვინც ვერ მოასწრო ცხოვრებაში ამ საიდუმლოებების შესრულება, მისთვის ჩვენ უნდა ვილოცოთ. უფალი მოწყალეა და ღმერთმა გააძლიეროს ყველა ამ მოღვაწეობაში, ჩვენი მიცვალებულების მიმართ ლოცვაში.

- დიდი მარხვის განმავლობაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

- აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული. ამისთვის დედაეკლესია საგანგებოდ ემზადება. მარხვაში ტაძრებში სრულად იკითხება სახარება, აღესრულება ყოველდღიური მსახურება. განსაკუთრებული ლოცვითი განწყობა ეუფლება მორწმუნე მრევლს, როდესაც კითხულობს წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას. მუხლმოდრეკით უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვს. სინანულით ცდილობს მოიხვეჭოს "განცდა თავისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა მისისა". როდესაც ადამიანს თავისი ცოდვების განცდა აქვს, ამ დროს განიწმინდება მისი სული.

ღმერთმა შეუნდოს ყველას, ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი.
ბეჭდვა
1კ1