ჭიქა წყალიც რომ მიაწოდო მწყურვალს, ესეც არ იკარგება ღვთის წინაშე
ჭიქა წყალიც რომ მიაწოდო მწყურვალს, ესეც არ იკარგება ღვთის წინაშე
ნუ გეშინია, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება

ერთი წმინდა მამა წერს: "ადამიანებს არ ძალუძთ უმწეოთა ტანჯვისა და გასაჭირის სიღრმისეული შეცნობა-წვდომა, და რომც შეეძლოთ, არ ექნებათ არც საშუალება და არც დრო ნამდვილი თანადგომისა".

ყველამ, ვინც მძიმე განსაცდელი გადაიტანა, იცის, რაოდენ უძლურია უდიდესი მწუხარების ჟამს ადამიანური სიტყვა. თუმცა ბევრი გულსგარეთ ამბობს: "ნუ სტირ!" - და ამით მწუხარეს უფრო მეტად სტკენს გულს. მწუხარებით მოცულ სულს სტკივა ეს უძლური, ზედაპირული ნუგეშისცემა. მაგრამ უფალი მუდამ მზადაა, შეგვეწიოს და გვანუგეშოს, თავისი სიყვარულის უფსკრულიდან გვითხრას: "ნუ სტირ!"

"ყოვლისშემძლე და საკვირველია უფლის ნუგეშინისცემა. ის ყოველთვის როდი სპობს ცრემლთა მიზეზს, მაგრამ შეუდარებლად მეტს იძლევა - სულს არიგებს ყოველივე იმასთან, რაც მოეზღო, განაწყობს, უარი თქვას იმაზე, რასაც მოკლებულია... და "სული ვიდოდეს ძალითი ძალად" (ფსალმ. 83:07), მადიდებელი ღვთისა თვით ტანჯვისთვისაც კი, ვინაიდან ყოველივეში მის სიყვარულს ხედავს".

როდესაც ნუგეშის სიტყვებს ვერ ვპოულობთ, უფალს შევთხოვთ, გაგვინათოს გონება და მიგვახვედროს, რაგვარი ნუგეში სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- მოყვასის დახმარების, მისი გასაჭირის გაზიარების, თანადგომის სხვადასხვა სახე არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ნუგეშისცემა...

- უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "ხშირად ამბობენ, რომ დღეს ყველას უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: დახმარება მხოლოდ მატერიალურ შემწეობას არ გულისხმობს... რა თქმა უნდა, ადამიანს ესეც სჭირდება. მაგრამ ადამიანი უპირველესად სულიერ დახმარებას, თბილი სიტყვის თქმას, გამხნევებას, იმედის მიცემას საჭიროებს... მატერიალურ დახმარებაზე მეტად ზოგჯერ ადამიანს ასეთი სიტყვები სჭირდება: ნუ გეშინია, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება. ჭიქა წყალიც რომ მიაწოდო მწყურვალს, ესეც არ იკარგება ღვთის წინაშე... არც ერთ თბილ და იმედისმომცემ სიტყვას არ დაგივიწყებთ უფალი... პავლე მოციქულიც ხომ გვმოძღვრავს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი".

- არის შემთხვევები, როდესაც არ იცი, რითი ანუგეშო მოყვასი და იტანჯები უძლურების გამო.

- ასეთ დროს უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, ვინც უნუგეშო მდგომარეობაშია. უფალს შევევედროთ, გაგვიხსნას გონება და გვაპოვნინოს საჭირო სიტყვები.

ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაა. იყო მოძღვარი - მამა არსენი, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაატარა გულაგში - კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. საოცარ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა პატიმრების მიმართ, გასაჭირში გვერდით ედგა, ნუგეშს სცემდა. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა იგი სხვისი აზრების წაკითხვის, ცოდვების უთქმელად დანახვის, განკურნების უნარით დააჯილდოვა. როდესაც გაათავისუფლეს, მასთან უამრავმა ხალხმა დაიწყო დენა. შორეული ქალაქებიდანაც კი ჩადიოდნენ, რათა გასაუბრებოდნენ, ნუგეში მიეღოთ მისგან. ერთხელ მამა არსენთან მივიდა ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დედა კი სამუდამოდ დაუხეიბრდა... შეხვედრას ის ასე იხსენებდა: "როდესაც მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა, ყვირილით, გაბოროტებით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დავიწყე თხრობა. მამა არსენი ჩუმად იჯდა, მე კი უსასრულოდ ვლაპარაკობდი და მგონი სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: "რატომ?! რისთვის?!" ლაპარაკი რომ დავასრულე, გაოცებულმა შევხედე ბერს: სად იყო ნუგეშის სიტყვები, სად იყო სულიერი შეწევნა, მისგან რომ ველოდი?! მამა არსენი უსიტყვოდ წამოდგა, კანდელი გაასწორა, რამდენიმე სანთელი აანთო და... დაიწყო ლოცვა. ლოცვისას ხშირად ახსენებდა ჩემი და ჩემი ახლობლების სახელებს... ევედრებოდა ღვთისმშობელს. ბოლოს მომიბრუნდა და მითხრა: "ყოველდღე, დღისითაც და ღამითაც, დრო შეარჩიეთ და სადაც არ უნდა იყოთ, შინ, სამსახურში თუ ქუჩაში, იკითხეთ ეს ლოცვები. დედა ღვთისა უთუოდ დაგეხმარებათ. ხშირად იარეთ ეკლესიაში და სასწაულმოქმედი ხატის - "მოულოდნელი სიხარულის" წინაშე იკითხეთ დაუჯდომელი. არც განსჯა თქვენი მწუხარებისა, არც ნუგეშისცემა არ არის საჭირო. მხოლოდ ლოცვა, რაშიც ჩაეტევა მთელი თქვენი ამქვეყნიური მწუხარება". მეორე დღეს კი მითხრა: "თქვენი ტკივილი უზარმაზარია, მას ვერა საზომით ვერ გაზომავ. მე ამას ვხედავ, ვგრძნობ, მაგრამ ქედს ვიხრი უფლის ნების წინაშე. მხოლოდ მისთვის არის ცნობილი თითოეული ადამიანის გზა და, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ყოველ ჩვენგანს თავისთან უხმობს მისთვის უმჯობეს ჟამს".

- როგორ ვცეთ ნუგეში საკუთარი ცოდვების განცდით სასოწარკვეთილ ადამიანს?

- ათონზე მოღვაწეობდა ილარიონ ქართველის მოწაფე, მამა საბა. ის ხედავდა, რომ ბევრს ვერ ეპოვა ძალა აღსარების სათქმელად და ამბობდა: "როცა ადამიანის დახმარება გინდა, თავად უნდა მიხვიდე მასთან სიყვარულით, დაარწმუნო, გაამხნევო და ნავსაყუდელში მოიყვანოო". როცა ხედავდა, რომ ახალგაზრდა ბერს ან მორჩილს უჭირდა ცოდვების აღიარება, ეუბნებოდა: "მიამბე, ჩემო კარგო, შენი ცოდვები, ნუ გერიდება. მე მოხუცი კაცი ვარ, შეიძლება დამეძინოს, მაგრამ შენ ნუ შეჩერდები, განაგრძე აღსარება, - მაცხოვარი ხომ აქ არის და ყველაფერი ესმის; ყველაფერი გაბედულად თქვი, განიწმინდე სული და ის თოვლივით განსპეტაკდებაო". როდესაც მორჩილი ან ბერი აღსარებას დაიწყებდა, მამა საბა თავს მოიმძინარებდა, ხოლო როდესაც აღმსარებელი ყველაზე მძიმე ცოდვებს მიადგებოდა, უცებ "გამოფხიზლდებოდა" და ეტყოდა: "მოიცა, მოიცა, რაღაც ცოდვა ახსენე, მე კი კარგად ვერ გავიგე. უფრო გარკვევით მითხარი, რათა სული განიწმინდოო". ბერიც უფრო გაბედულად უყვებოდა და სული უმსუბუქდებოდა.

დიდად ცოდვილი ადამიანი ათონის მთაზე მოღვაწე ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებისთვის მივიდა. თავისი ცოდვების ჩამოთვლა რომ დაიწყო, მოძღვარი შეძრწუნდა და აღსარება არც კი დაამთავრებინა, ისე უთხრა: "აღარ შემიძლია შენი მოსმენა, შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო. ეს ადამიანური კი არა, დემონური ცოდვებია! სასწრაფოდ წადი აქედან!" ცოდვილი სასოწარკვეთილი გამობრუნდა უკან. გზად ერთი ათონელი ბერი შეხვდა, მწუხარების მიზეზი ჰკითხა და მამა საბასთან მისვლა ურჩია.

ცოდვილს ხსნის იმედი გადაწურვოდა, მაგრამ მაინც დაჰყვა მის რჩევას. მამა საბამ დაამშვიდა იგი, უთხრა, უფლის წყალობა უფსკრულზე ღრმა და მრავლისმომცველიაო, მაგრამ ის მაინც სასოწარკვეთილი იმეორებდა: "არა, გზა ხსნისა უკვე დახშულია ჩემთვის!" მამა საბამ უთხრა: "გგონია, მე კი უცოდველი ვარ? ნახე, რა საშინელება მაქვს ჩადენილიო", - და ერთი მძიმე ცოდვა დაასახელა. ცოდვილი გამოცოცხლდა: "ასეთი რამ, მამაო, მეც ჩავიდინე!" მამა საბამ სხვა მძიმე ცოდვებიც ჩამოთვალა. ცოდვილი გამხნევდა და გაბედულად მოუყვა ყველაფერს. მისგან გახალისებული და იმედით აღსავსე გამობრუნდა. გზად ისევ ის ნაცნობი შეხვდა. მანაც მადლობა გადაუხადა და უთხრა: "რა კეთილი და ლმობიერი მოძღვარია მამა საბა, თუმცა ერთადერთი ადამიანია ჩემს ნაცნობებს შორის, ვინც ჩემზე ცოდვილი აღმოჩნდაო". ბერმა გაიოცა: "ის წმინდა მთაზე თითქმის ბავშვობიდან მოღვაწეობს და ანგელოზივით უბიწოაო". ერისკაცი გაოგნდა... მიხვდა, რაც გააკეთა მისთვის მამა საბამ.

ჩვენი საუკუნე გულგრილობის საუკუნეა... ხდება ხოლმე, რომ თავს ვერ ვაიძულებთ, მივიდეთ გასაჭირში მყოფ მოყვასთან, მოვინახულოთ, მოვიკითხოთ, ნუგეში ვცეთ. ხან - ღმერთმა შეგვინდოს! - გვეზარება, ხან დროს ვერ ვპოულობთ, ხან ვფიქრობთ, თავი გაგვჭირვებიაო... მაგრამ უფლის ნებით ის ზოგჯერ თვითონ გვეხმიანება და ჩვენც იძულებულნი ვხდებით, მისკენ გავეშუროთ. თან სინდისი გვქენჯნის, რომ ზეგარდმო ძალის ჩარევა დაგვჭირდა, რათა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა აღგვესრულებინა, თან კმაყოფილნი ვართ, რომ უფალმა მოწყალება მოიღო და სიკეთის ჩადენის საშუალება მოგვცა.

რაგინდ გულგრილი იყოს ხალხი, უფალი არ მიგვატოვებს... ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: "უფალი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ყოველ წუთს უწვდის ხელს, იცავს ხილული და უხილავი მტრისგან, ასწავლის ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით". გადაშლი "წმინდანთა ცხოვრებას" და განუგეშებს იმის გაგება, თუ როგორ უჭირდათ ამ ადამიანებს და როგორ უძლებდნენ ისინი განსაცდელს, ანდა ეკლესიაში შეხვალ, ქადაგებას მოისმენ. პირადად მე ბევრისგან გამიგონია, რომ უწმინდესის ქადაგების დროს მათ პასუხი მიუღიათ უამრავ კითხვაზე, სიმშვიდე, ნუგეში უგრძნიათ. ვისაც ოდნავ მაინც აქვს სულიერი ხედვა, ის ყველგან შეამჩნევს უფლის მზრუნველ თვალსა და ხელს.

- სასოწარკვეთილებაში მყოფთათვის სულიერი დახმარების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ადამიანთა გახსენება, რომლებიც უარეს განსაცდელში არიან...

- იღუმენი ნიკონი წერს: "განსაცდელისა და უსასოობის ჟამს სასარგებლოა ეფრემ ასურის რჩევა: "მუდამ გახსოვდეს მწუხარეთა და გაბოროტებულთა, მაგალითად, ტყვეობასა და გადასახლებაში მყოფთა უმძიმესი განსაცდელი, რათა ჯეროვანი მადლიერება გამოხატო ღვთისადმი იმ მცირედი და უმნიშვნელო განსაცდელისთვის, რომელშიც თავად იმყოფები და სიხარულით შეძლო მისი დათმენა".
ბეჭდვა
1კ1