იგი მოწყალების გაღებას ემსგავსება და ხშირად მოწყალებაზე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს
იგი მოწყალების გაღებას ემსგავსება და ხშირად მოწყალებაზე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს
ნუგეში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა. იგი მოწყალების გაღებას ემსგავსება და ხშირად მოწყალებაზე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს. მშიერის დაპურება იოლია, სულიერი შეჭირვებისას კი ხელის გამართვა საქმეს ვერ უშველის.

მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, თავად იყო ნუგეში ცოდვით დაცემული კაცობრიობისთვის. იგია ჩვენი უდიდესი ნუგეშისმცემელი და ჩვენ, ადამიანები, მისდამი ვსასოებთ. წმინდა წერილი სწორედ იმ დიდი ნუგეშით არის გამსჭვალული, რაც დედამიწაზე ქრისტეშობით აღესრულა. "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - ახარეს მაშინ ანგელოზებმა ადამიანებს. იესო ქრისტეს მიწიერი მოღვაწეობაც სწორედ ამ ნიშნით წარიმართა. მაგრამ ყველაზე დროული და დიდი ნუგეში ნაინელი ქვრივის ერთადერთი ვაჟის გაცოცხლება იყო. მართალია, ის ერთი ოჯახის, ერთი ადამიანის ბედზე აისახა, მაგრამ უფლისთვის ხომ თითოეული ჩვენგანის ხვედრი ძვირფასია! ამიტომ ეს კერძო შემთხვევა ნათლად დაგვანახებს, თუ როგორ ზრუნავს უფალი ჩვენზე.

"და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქვა მას: ნუ სტირ!" როგორ განსხვავდება უფლის ეს სიტყვები იმ ფუჭი, უსაგნო "ნუ ტირისგან", ეგზომ ხშირად რომ გაისმის ქვეყნიურ ნუგეშისმცემელთა ბაგეთაგან, რომლებიც იმას აღარ გვეუბნებიან, რა გზით შევიჩეროთ ცრემლი. მაგრამ ის, ვინც ქვეყანას მოევლინა ამ სიტყვების გასამართლებლად - " და აღხოცოს ყოველი ცრემლი თვალთაგან მათთა, და სიკვდილი არღარა იყოს, არცა გლოვაი, არცა ღაღადებაი, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარხდეს" (გამოცხ. 21:4) - ახლა თავის ყოვლადძლიერებას ქმედითად გამოავლენს და ცრემლებს წარხოცავს, თუმცა კი არა საბოლოოდ და სამარადჟამოდ, უზომოდ მწუხარე დედას.

როცა უფალმა იესო ქრისტემ საბრალო ქვრივი ქალი დაინახა, რომელსაც ერთადერთი ვაჟიშვილი მოჰკვდომოდა, გულგრილად კი არ ჩაუარა მას, არამედ გულწრფელი თანალმობა გამოხატა და უდიდესი კეთილმოქმედებაც აღმოუჩინა, რაკი გარდაცვლილი ძე მკვდრეთით აღუდგინა. ეს მაგალითია ჩვენთვის: ნუ ვიქნებით გულგრილნი იმ საწყალობელ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემოგვხვდებიან, არამედ გულწრფელად თანავუგრძნოთ და შეძლებისდაგვარად კეთილიც ვუყოთ. ასე უნდა მოვიქცეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტემ დაგვიტოვა ხატი, "ხელით წერილი, რაითა შევუდგეთ კვალთა მისთა" (I პეტ. 2:21), არამედ იმიტომაც, რომ ყოველნი ღარიბნი და უბედურნი ჩვენი ძმები არიან ხორცითა და სულით და უფალსაც ის სურს, რომ მათზე ვზრუნავდეთ: რამეთუ "შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე" (ფს. 9:35).

უფალმა იესო ქრისტემ სიბრალულის გამო უბედურ ქვრივს უდიდესი ნუგეში მიანიჭა მაშინ, როცა იგი ამას არ მოელოდა, და ის გააკეთა მისთვის, რაც ბუნების ძალებს აღემატებოდა. მას შეუძლია, ასეთივე ნუგეში აღმოუჩინოს ყველას, ვისაც ეს სჭირდება, დღესაც, რამეთუ სუფევს უფალი იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნითი უკუნისამდე. ამიტომ, როგორი განსაცდელიც არ უნდა გვეწვიოს, ნურასოდეს წარვიკვეთთ სასოს, ნუ დავკარგავთ იმედს, არამედ ჩვენს მაცხოვარზე, სახიერსა და ყოვლადძლიერზე დავამყაროთ სასოება. იგიც უეჭველად მოგვივლენს შეწევნას, როცა ეს აუცილებელი შეიქმნება მისი ყოვლადბრძნული განგებულების მიზნებისთვის. მას შეუძლია ჩვენთვის ისეთი რამ გააკეთოს, რასაც არც კი მოველით. "რამეთუ იცის უფალმან ღმრთის მსახურთაი მათ განსაცდელთაგან ხსნაი... ხოლო სასოებამან არ არცხვინოს", - ამბობენ წმინდა მოციქულნი (II პეტ. 2:9; რომ. 5:5).

უფლის განგებულებამ ინება, ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენის მოწმენი მრავალნი ყოფილიყვნენ, რამეთუ უფლის თანმხლები დიდძალი ერი ქალაქიდან გამოსულ პროცესიას შეუერთდა. ასეთი შეხვედრის გარემოებანი, რაც ღვთის საკვირველი განგებულების ნაყოფია და მხოლოდ ერთი შეხედვით მოჩანს შემთხვევითობად, სინამდვილეში საღმრთო მადლით აღესრულება.

შენ კი, მაცხოვარო ჩვენო, შეგვეწიე ჩვენ, რათა ღირსეულად ვიდოდეთ ჩვენს ცხოვრებაში ისე, როგორც ეს ქრისტიანის სახელს შეეფერება და ყოველივეს ღმერთის სადიდებლად აღვასრულებდეთ. შენი ენით გამოუთქმელი მოწყალებით სიკვდილის ძილისაგან აღადგინე, განაღვიძე ნაინელი ქვრივი დედაკაცის ძე და ჩვენც ნუ მოგვცემ საშუალებას, დავიძინოთ ჩვენს მომაკვდინებელ ცოდვებში, არამედ განგვაღვიძე და აღგვადგინე ჩვენც წმინდა და ცხოველმყოფელი ცხოვრებისა და ქმედებისთვის, და სული ჩვენი განგვიახლე გვამსა ჩვენსა, რათა ჩვენც განახლებული სულით უკვე კაცობრივ გულისთქმათა შორის კი არ ვცხოვრობდეთ, არამედ ღმერთის ნებით, სადიდებლად სახელისა მისისა და საქებელად ჩვენდა შენს სამსჯავროზე.
ბეჭდვა
1კ1