რელიგიის გარეშე ძნელია საზოგადოების როგორც თანამედროვე, ისე სამომავლო ცხოვრების განჭვრეტა
რელიგიის გარეშე ძნელია საზოგადოების როგორც თანამედროვე, ისე სამომავლო ცხოვრების განჭვრეტა
ლევან ბუკია, ისტორიისა და თეოლოგიის მაგისტრი. ის არაერთი გამოცემის ავტორია. ჩვენი ყურადღება სწორედ ამით მიიპყრო და საუბარი ვთხოვეთ:

- საერო განათლებით ისტორიკოსი ვარ, შემდეგ დავამთავრე თბილისის სასულიერო აკადემია. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2004 წლის ბოლოს გავემგზავრე ათენში და სწავლა გავაგრძელე ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის (ფაკულტეტის) თეოლოგიურ განყოფილებაში. 1999 წლიდან ვარ უწმინდესის სტიქაროსანი.

საბერძნეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიაა და როგორც სავალდებულო საგანი, კვირაში ორი საათი ყველა კლასში ისწავლება.

ათენში, სტუდენტობისას, ვახტანგ VI-ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში ვასწავლიდი ქართველ ბავშვებს რელიგიის, ბიბლიურ ისტორიას. სკოლის დირექტორი ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე ძალიან ენერგიულად უძღვება საკვირაო სკოლას და ცდილობს, ქართველ ბავშვებს მაქსიმალურად შეუქმნას სწავლის პირობები. ათენში, გარდა საკვირაო სკოლისა, არის რამდენიმე ქართული კულტურის ცენტრი. ჩვენს ემიგრაციასთან ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

საქართველოში ბიბლიური ისტორიის, ზოგადად, რელიგიის ისტორიის სწავლებით, ბევრი სკოლაა დაინტერსებული. სკოლას აქვს მეტი დამოუკიდებლობა და შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს საგნის სწავლების აუცილებლობა. საჯარო სკოლის ყველა საფეხურზე ამ საგნის სწავლების აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ რელიგია და რელიგიურობა არ არის ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების მიღმა, არამედ თამაშობს განსაკუთრებულ და განმსაზღვრელ როლს საზოგადოების განვითარებაში. რელიგიის გარეშე ძნელია საზოგადოების თანამედროვე და სამომავლო ცხოვრების განჭვრეტა.

დღეს, როცა ადამიანის სიცოცხლე გაუფასურებულია, ადამიანის ცხოვრების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს ვისმენთ, სწორედ რელიგია იძლევა პასუხებს ცხოვრების არსის შესახებ, კითხვებზე რომლებიც მუდმივად აწუხებს ადამიანს. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი თანამედროვე თეოლოგი გ. ზიაკა წერს: "რელიგია იგერიებს და უმკლავდება ცხოვრებისა და სიკვდილის საიდუმლოს და ცდილობს, რომ პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომლებიც შეეხება მხოლოდ ადამიანურ სულს: ვინ ვარ მე? საიდან ვარ? სად მივდივარ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პასუხობს კითხვებს ცხოვრებაზე, სიკვდილზე და ღმერთზე. ვინ არის ადამიანი? რა არის მიზანი და აზრი ჩვენი ცხოვრების? რა არის სიკეთე და ბოროტება? საიდან მოდის ტკივილი? რომელია გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ? რა არის სიკვდილი, განკითხვა და საზღაური სიკვდილის შემდეგ? დაბოლოს, რა არის ის მარადიული და უხილავი საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა, საიდანაც მოვდივართ და საითკენაც მივდივართ." მართლაც ძნელია, წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც მსგავსი კითხვები და მასზე პასუხები არ აფიქრებდეს.

- ბერძნული შთაბეჭდილებიდან განსაკუთრებულად რას გამოყოფდით?

- ძნელია მოკლედ გადმოსცე ყველა ის შთაბეჭდილება, რაც ხუთ წელიწადში დაგროვდა. საერთოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას და სწავლას თან ახლავს ბევრი ისეთი რამ, რაც ზრდის და აფართოებს თვალსაწიერს, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, სადაც საეკლესიო ცხოვრებას, ტრადიციას, წესსა და რიგს განსაკუთრებული გავლენა აქვს ზოგადად ერის კულტურული სახის ჩამოყალიბებაზე. დიდი ამაგი დაგვდეს ლექტორ-მასწავლებლებმა, მრავალი უცხოელი გავიცანი და დავუმეგობრდი, რაც კიდევ ერთი საშუალებაა შენი კულტურის გატანისა. მოვიარე საბერძნეთის სხვადასხვა ისტორიული ადგილები, წარუშლელია ათონის წმინდა მთაზე, ივერონის ქართველთა მონასტერში სტუმრობა.

- ახლახან კიდევ გამოეცით ორი წიგნი "საღვთო ისტორია" ბავშვებისთვის და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის (ფაკულტეტის) პროფესორის ხრისტოს კარაკოლისის წიგნი, სადაც თავმოყრილია მისი წერილები, რომლებიც განმარტავენ ახალი აღთქმის მნიშვნელოვან საკითხებს.

- წლების მანძილზე ბავშვებთან პრაქტიკული ურთიერთობის გამოცდილებამ გადაგვაწყვეტინა "საღმრთო ისტორიის" ამ ფორმით გამოცემა. "საღმრთო ისტორიის" სერიით პირველი წიგნი, იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორიის" მიხედვით, 2005 წელს გამოვიდა და მოიცავდა ბიბლიურ ისტორიას, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნიდან ვიდრე ისრაელის ერის ეგვიპტიდან გამოსვლამდე. წინამდებარე გამოცემა კი პირველი წიგნის უკვე მეხუთე შესწორებული ვარიანტია.

მეორე წიგნის პირველი გამოცემა ასევე იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორიის" მიხედვით შესრულდა. ახალი გამოცემა კი მეორე წიგნის მესამე შესწორებული ვარიანტია.

სერიის მესამე წიგნით იწყება ახალი აღთქმისეული ისტორიის გადმოცემა, რომელიც გრძელდება მეოთხე და მეხუთე წიგნებში. აქედან მესამე და მეოთხე წიგნებში გადმოცემულია სახარებისეული ისტორია, ხოლო მეხუთე წიგნში - საეკლესიო ისტორია "საქმე მოციქულთას" მიხედვით და ზნეობრივი სწავლებები მოციქულთა ეპისტოლეების მიხედვით. ახალი გამოცემა მესამე წიგნის მესამე, ხოლო მეოთხე წიგნის მეორე შესწორებული ვარიანტებია. მეხუთე წიგნის კი პირველი გამოცემაა.

ყველა წიგნისთვის საერთოა გაკვეთილების რაოდენობა. ყოველი წიგნი 30 გაკვეთილს მოიცავს. ამასთან ყველა გაკვეთილს დაერთვის სხვადასხვა დავალებები. მათ შორის პირთა (ადამიანთა) და გეოგრაფიულ ადგილთა სახელების ამოწერა, სხვადასხვა კითხვები, შესავსები ცხრილები, სამსჯელო თემები, ლექსიკონი, სულისათვის სასარგებლო რჩევები და სხვა.

განზრახული გვაქვს, მომდევნო ხუთ წიგნში გადმოვცეთ ბიბლიური ისტორიის, ქრისტიანული ეთიკის, ბიბლიური თეოლოგიისა და შედარებითი ღმრთისმეტყველების მოკლე კურსი.

კვალავაც მადლიერებით მივიღებთ ყველა შენიშვნასა და მოსაზრებას, რომელიც დაგვეხმარება შემდგომ მუშაობაში.

რაც შეეხება მეორე გამოცემას. ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის (ფაკულტეტის) პროფესორის, ხრისტოს კარაკოლისის წიგნში თავმოყრილი წერილები განმარტავენ ახალი აღთქმიდან მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღემდე განხილვისა და განმარტების საგანია აღმოსავლელ თუ დასავლელ თეოლოგებს შორის.

წიგნის ავტორი წინასიტყვაში აღნიშნავს, რომ დღეს ხშირად გვესმის თითქოს, ჩვენ, მართლმადიდებლები, ჩვენს რწმენაში უფრო ნაკლებად ვეყრდნობით წმინდა წერილს, ვიდრე ლიტურგიკულ წესებს და წმინდა მამების ცხოვრებას. სინამდვილეში კი მართლმადიდებლობაში არანაირად არაა გაზიარებული და მიღებული წმინდა წერილის ნაკლები მნიშვნელობა ლიტურგიკასთან შედარებით. წმინდა წერილი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საეკლესიო ტრადიციისა და წარმოადგენს საფუძველს ლიტურგიკული ტექსტებისა თუ მამათა ნაწერებისათვის. განუყოფელი ერთობა ბიბლიური თუ ლიტურგიკული ტექსტებისა მართლმადიდებლურ ტრადიციაში ააშკარავებს და ნათელს ჰფენს არა მხოლოდ წმინდა წერილის ტექსტებს, რომლებიც ლიტურგიკული მსახურებისას იკითხება, არამედ ამ ლიტურგიკული ტექსტების განუწყვეტელ კავშირს ბიბლიასთან, ბიბლიურ პერსონაჟებთან და ბიბლიურ მოვლენებთან. ამდენად, შეუძლებელია ვინმესთვის გასაგები გახდეს ლიტურგიკული ტექსტები ბიბლიის ცოდნის გარეშე. გარდა ამისა, ეკლესიის მამები ღმრთისმეტყველებენ და მწყემსავენ ღმრთის ერს, როდესაც განმარტავენ წმინდა წერილს, და პირიქით, განმარტავენ წმინდა წერილს, როდესაც ღმრთისმეტყველებენ და მწყემსავენ ერს.

ვფიქრობთ, თანამედროვე ბერძენი ღმრთისმეტყველის, ხრისტოს კარაკოლისის წინამდებარე ნაშრომი, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ, კარგი შენაძენი იქნება თეოლოგიით დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის. ზოგი მონაკვეთის უკეთ გაგებისათვის, საჭიროდ ჩავთვალეთ, მოკლე კომენტარები დაგვერთო.

ბეჭდვა
1კ1