ადამიანის მიზანია, იცხოვროს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით
ადამიანის მიზანია, იცხოვროს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით
გვესაუბრება ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):

- მამაო, დრო რისთვის მოგვეცა ამქვეყანაზე?

- რათა ღვთისადმი მადლიერებით გავატაროთ წუთისოფელი. ადამიანებს მუდამ უნდა გვახსოვდეს ქრისტესშობა, ჯვარცმა და აღდგომა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხსნისათვის მაცხოვარი განკაცდა, ჯვარს ეცვა და გამოგვისყიდა ცოდვებისაგან. მადლობას უნდა გამოვხატავდეთ ცხოვრების წესითაც. ცხოვრების წესს კი ბიბლიიდან ვიგებთ. ბიბლია დაწერილია სულიწმიდით და სულიწმიდითაა განმარტებული წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თეოფილაქტე ბულგარელისა და სხვა წმინდა მამათა მიერ. რას გვასწავლის ბიბლია: რომ გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად და მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. თუ საკუთარი თავივით გეყვარება სხვა, მაშინ დედამიწაზე არ იქნება ნარკომანია, შური, ქურდობა, ყაჩაღობა, ლოთობა, ღალატი, სიძულვილი და სხვა ბოროტება. რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად? რადგან მიკერძოებით სიყვარული ადამიანს აბრმავებს და იწვევს სიძულვილს მტრებისადმი, ან ხდები კერპთაყვანისმცემელი. ზოგს დროის დაკარგვად მიაჩნია ლოცვა ან წირვა-ლოცვაზე სიარული. წმინდა ნინოს მაგალითით ჩანს, თუ რა დიდი ძალა აქვს ლოცვას. მისი ლოცვით კერპთაყვანისმცემლები - მეფე მირიანი და დედოფალი ნანა გაქრისტიანდნენ. დედის ლოცვით მეძავი და მწვალებელი ავგუსტინე გახდა ჭეშმარიტი აღმსარებელი და წმინდანი.

მარტყოფის მამათა მონასტერი

წუთისოფელში ადამიანის მიზანია, იცხოვროს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ვერ შეიცნეს ქრისტე, რადგან მათთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობა და რომაელებისაგან განთავისუფლება (ებრაელებს რომაელები ბატონობდნენ) იყო. უფალი კი ასწავლიდა, რომ სულის განწმენდის გარეშე ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვსო. მაგალითად, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ვერ გამოვიყენეთ მოქმედების თავისუფლება და მივიღეთ სამოქალაქო ომი. საქართველოს ტელევიზიაც, გარდა საეკლესიო არხისა, ვერ იყენებს მოქმედების თავისუფლებას და სულიერად ანადგურებს მოზარდ თაობას ლათინურამერიკული თუ სხვა სერიალების ჩვენებით, რომელთა შინაარსია საკუთარი მეს მსახურება (ეგოიზმი). ეგოიზმის შედეგია ნარკომანია, სიძვა, მრუშობა, ყაჩაღობა, ქურდობა, შური, სიძულვილი, ანგარება, სხვების წინაშე თავის გამოჩენა და სხვა ბოროტება. ბავშვები უნდა გავზარდოთ წმინდანთა მაგალითებით, რომელთაგანაც ისწავლიან უანგაროდ, ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულით ცხოვრებას. მაგრამ საკუთარი ძალებით ეგოიზმისა და ამპარტავნების დაძლევა შეუძლებელია, ამიტომ ვლოცულობთ, ვითხოვთ დახმარებას ღვთისაგან.

მონასტრული დრო, ტიპიკონი
მონასტერში განსაზღვრულია ძილის, ლოცვისა და შრომის დრო. მონასტერში სტუმრები მოდიან, რათა განეშორონ მიწიერ საზრუნავებს და სული განიწმინდონ. მონასტრული ცხოვრების საძირკველი მორჩილებაა. მორჩილებით, საკუთარი ნების უარყოფას ვსწავლობთ. მორჩილებით სწავლობ, სიყვარულით ემსახურო ძმებს, სძლიო ეგოიზმს. მარხვით ვსწავლობთ, რომ სული განეგდოს სხეულს. ხშირი აღსარებები, მოძღვრის შემწეობით, ადამიანს ეხმარება, შეიცნოს საკუთარი თავი, რაც აუცილებელია ცოდვებისაგან სულის განსაწმენდად.

მარტო ზიარება საკმარისი რომ იყოს სულის გადასარჩენად, მაშინ იუდას ეშველებოდა. მოძღვრად უფალი ჰყავდა, მისი ხელიდან ეზიარა, მაგრამ მაინც ვერ ეშველა, რადგან ღმერთზე მეტად ფული უყვარდა. ჩვენთვისაც ზიარება რომ დასასჯელი არ გახდეს, უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლის შედეგადაც ადამიანს მათგან განშორების სურვილი უჩნდება. მხოლოდ იმ შემთხვევაშია ზიარება საკურნებელი, როცა სურვილი გაქვს, განთავისუფლდე ეგოიზმის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვებისაგან.

ბეჭდვა
1კ1