ყველაზე მეტად მიმტევებლობა გვაკლია
ყველაზე მეტად მიმტევებლობა გვაკლია
ღვთის სათნოდ მცხოვრებმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ გაანაწილონ ღვთისგან ბოძებული დრო ისე, რომ უფალიც ადიდონ და პირადი ცხოვრებაც მოიწესრიგონ. მაინც როგორი უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის დღე? უფრო დაწვრილებით გავეცანი წიგნს, "ჩვენთან არს ღმერთი". "დილით ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი ამოუდგება, მარცხნივ ეშმაკი და ორივენი ელიან, ვის სცემს იგი ძილისაგან აღდგომილი თაყვანს. ამიტომ ქრისტიანი გაღვიძებისთანავე უნდა ადგეს, გადაისახოს პირჯვარი, მივიდეს ხატებთან, გააკეთოს სამჯერ მეტანია და მადლობა შესწიროს ღმერთს.

გმადლობ შენ, ღმერთო, ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, შემეწიე, რომ ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე გავაკეთო, დამიფარე ხილული და უხილავი მტრებისაგან.

ამ ლოცვის შემდეგ უნდა წარმოვთქვათ იესოს ლოცვა. მერე დავიბანოთ პირი, ჩავიცვათ და ისევ მივიდეთ ხატებთან. მოვიკრიბოთ გონება, აზრი და შევუდგეთ დილის ლოცვების კითხვას. დამთავრების შემდეგ წავიკითხოთ ერთი თავი სახარებიდან. მერე ამოვირჩიოთ რომელიმე კეთილი საქმე და შინიდან გასვლისას წარმოვთქვათ იოანე ოქროპირის სიტყვებით: - განვედი ჩემგან სატანავ, სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!

ისევ გადაისახე პირჯვარი და შინიდან გასულმა, გზასაც შეუმჩნევლად გადასახე იგი. სამსახურისკენ მიმავალმა გზაშიც იკითხე იესოსა და ღვთისმშობლის ლოცვა. თუ ამ დღეს სადილი შენ უნდა მოამზადო, სურსათ-სანოვაგეს ნაკურთხი წყალი ასხურე, ქურა სანთლით აანთე, სანთელი კი კანდელიდან, რომელიც გამუდმებით უნდა გენთოს ხატებთან.Aამ წესის დაცვით მომზადებული საკვები გამოკვებავს არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც. კარგი იქნება, თუ სადილის კეთებისას ვიკითხავთ იესოს ლოცვას.

გვესაუბრება სოფელ ვახტანგისის (გარდაბანი) წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- თითოეული მართლმადიდებელი ვალდებულია, იმ მცნებების მიხედვით იცხოვროს, რაც უფალმა, იესო ქრისტემ მოგვცა. ლოცვა ყველაზე მთავარია. ადამიანი როდესაც ლოცვას იწყებს, მან უნდა ილოცოს სხვისთვისაც, "ილოცევდით, მტერთა თქვენთა, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა". ვისაც უჭირს, ის უნდა დალოცო და ამით უკვე დალოცვილი ხარ. როდესაც სხვისთვის იხარჯები, ეს არის დალოცვა. მხოლოდ შენთვის რომ სთხოვო მადლი უფალს, ეს არ არის მორწმუნეობა, მართლმადიდებლური ცხოვრება. მნიშვნელოვანია, ასევე მოწყალება გასცეს ადამიანმა. მოწყალება მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. სახარებაში წერია, ვინც ჩემი სახელით ერთი ჭიქა წყალიც კი მიაწოდოს, უდიდესი მადლიაო. ვინც საპყრობილეში მნახოს, ვინც შიშველი მნახოს, მე ვარო, მე მმოსავთ და არა გაჭირვებულსო.

***
ყველაზე მეტად მიმტევებლობა გვაკლია. რატომღაც არ ვართ მიმტევებლები, არ ვივიწყებთ სხვის ჩადენილ დანაშაულს, როცა ამ დროს უფალი ივიწყებს ჩვენს ჩადენილ დანაშაულს და გვპატიობს.

ვისურვებდი, უფრო მიმტევებლები გავმხდარიყავით. ბერობის მერე დავინახე, თუ რა კარგი და ტკბილი ყოფილა, როდესაც შენ ხარ თაოსანი შერიგებისა, მიტევებისა. უფლის დაპირებაც ასეთია: რამდენსაც მიუტევებ, იმდენიც მოგეტევება. ადამიანებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოცემული ამქვეყანაზე ცხოვრებისა. არავინ ვიცით, ვინ როდის გავალთ ამქვეყნიდან და შევეცადოთ მეტი მადლი მოვიხვეჭოთ და კეთილი საქმეები ვაკეთოთ. სამწუხაროდ, ადამიანი ფიქრობს, რომ დედამიწა მიეცა ცხოვრების მოსაწყობად. სასუფეველია ადამიანის სულის სახლი. სადაც შეიქმნა ადამიანი, იქ უნდა დაბრუნდეს. მეტად მნიშვნელოვანია, როგორი დაბრუნდები. დედამიწა მიეცა ადამიანს დანაშაულის გამოსასწორებლად, რათა სწრაფად შეინანოს, გაიღოს მოწყალება, მეტი სიკეთე გააკეთოს, რომ მეტი ტალანტით წარსდგეს უფლის წინაშე. რაც მიეცა, ის გააორმაგოს. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რისთვის მოვიდა დედამიწაზე. რა არის მისი ფუნქცია. ამქვეყანას, მატერიალურ ცხოვრებას არავინ უარყოფს, სიმდიდრე უფლისგან არ არის უარყოფილი. სოლომონ ბრძენს მიანიჭა იმდენი სიმდიდრე, რამდენიც არავის ჰქონდა, მაგრამ რის შემდეგ მიანიჭა, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სოლომონს რომ უფალმა ჰკითხა, რა მოგცეო, მხოლოდ სიბრძნეო... ადამიანმა სწორად უნდა ილოცოს, სთხოვოს უფალს ისეთი რამ, რაც მას სჭირდება. რად გინდა ფული და ქონება, თუ არ გექნება სიბრძნე, როგორ გაანაწილო და როგორ შეეწიო ადამიანს. ის ითხოვა სოლომონმა, რაც დღესაც გვჭირდება. დღეს კეთილსა და ბოროტს კი ვერ ვარჩევთ, არამედ ვინ არის მატერიალურად გამართული და ვინ - ღარიბი. არც სიმდიდრე უარყო უფალმა სოლომონ ბრძენთან, თუმცა სახარებაში ამბობს: "უადვილესია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა სასუფეველში". სახარებაში ასევე ვკითხულობთ: როდესაც მდიდარი მიდის მაცხოვართან და ეუბნება, - შენთან ერთად წამოსვლა მინდაო, მაცხოვარი პასუხობს: - გაყიდე ყველაფერი და შემომიდექო. ის ვერ შეელია სიმდიდრეს და ამით გაღებული მოწყალება წყალში ჩაყარა. მარტო მდიდარი კი არ უნდა გყავდეს გვერდზე, ვისაც უჭირს, ის ღარიბი უნდა დაიახლოვო.

ტაძარი არის ადგილი, სადაც ცოდვილნი უნდა განიწმინდონ, მიიღონ მადლი და სწორ გზაზე დადგნენ. დალოცვილი და გახარებულები ყოფილიყავით.

ბეჭდვა
1კ1