ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას...
ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას...
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია. მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როდესაც ადამიანის თითი მიეკარება, მღერის ან ტირის: "ეს ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა ამაზეა დამყარებული. თუკი ექიმი ამგვარ დამოკიდებულებაშია ავადმყოფთან, მაშინ იქმნება სრულიად ახალი ურთიერთობები... მორწმუნე ავადმყოფებისა და მედიკოსებისთვის ღმერთი ხსნის, სულიერი საზრდოობის, ზნეობრივი მხარდაჭერის, ემოციური ნუგეშის, გონების მოკრების და ხორციელი გაძლიერების დაულეველი წყაროა. მისდამი რწმენა ექიმებს ეხმარებათ, იყვნენ გულმოწყალენი, ავადმყოფის მიმართ თანამგრძნობნი, შეძლონ მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა, არა იმდენად იმისთვის, რომ მასთან ერთად სტკიოდეთ და კვდებოდნენ, არამედ რათა მასთან ერთად გამოჯანმრთელდნენ ან მარადიულ ცხოვრებაში გააცილონ იგი. სულიერად ძლიერი ექიმი ავადმყოფს ამხნევებს და რწმენას უნერგავს, მისი სიტყვები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სულიერად სუსტი ექიმისა".

მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგან თანამშრომლობდა მედიცინასთან. შესაძლებლობის ფარგლებში სოციალურ, სამკურნალო და, რაც მთავარია, სულიერ დახმარებას ანიჭებდა ღარიბებს, ხეიბრებს, უსახლკაროებს, ობლებსა და ქვრივებს. ინახავდა დავრდომილთა თავშესაფრებს. ეს ტრადიცია გრძელდება. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვარის მამის სახელობის ეკლესიასთან 2001 წლის 1-ელ ივნისს დაარსდა სამედიცინო სამსახური, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნოდა ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილს. ვესაუბრებით ჯვარის მამასთან არსებული სამედიცინო სამსახურის კოორდინატორს, ექიმ-კარდიოლოგს, ნინო ნადიბაიძეს.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ექიმის მოვალეობა და ზოგადად, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანულ ეკლესიას მედიცინასთან?

- ბიბლია გვასწავლის, რომ ექიმის საქმიანობა არ ამოიწურება ნარევის დამზადებით (ზირ. 38,8), ე.ი. მხოლოდ თეორიული გამოცდილებითა და წამალთმცოდნეობით (წამლის მომზადება-შენახვით). სამკურნალო ხელოვნებას თან უნდა ახლდეს კეთილმოქმედი პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ავადმყოფისთვის მასზე ღვთაებრივი გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი სახე იქნება. "იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი, რადგან მკურნალობა უზენაესისაგან არის და ნიჭიც მეუფისაგან ეძლევა მას. ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს. უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები (სასარგებლო წამლები) და გონიერი კაცი არ უგულებელჰყოფს მას". ამგვარად აკურთხებს თვით უფალი ღმერთი ჭეშმარიტ სამკურნალო ხელოვნებას (ზირ. 38,1-4). "ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისათვის" (ზირ. 7,35).

ეს სიტყვები გახდა საკვანძო ქრისტიანული ეკლესიისათვის მედიცინასთან დამოკიდებულებაში.

- ქრისტიანული ეკლესია იცნობს მრავალ მაგალითს წმინდანების სამედიცინო საქმიანობისა".

- უამრავი მაგალითიდან დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ცხოვრება ავიღოთ (III-IV სს.). ჯერ კიდევ ყმაწვილს სამედიცინო ცოდნისა და ჩვევების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ახალგაზრდობაში ის დილეგში მოინახულებდა ხოლმე მსჯავრდებულთ. უხვად მიჰქონდა ძღვნად ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, იყო არა მხოლოდ ხორციელ სნეულებათა, არამედ ადამიანურ უძლურებათა გულმოწყალე მკურნალი. უფალი მიმადლებდა მას ძალას, რომ განეკურნა არა იმდენად სააფთიაქო საშუალებებით, რამდენადაც მისი სახელის მოხმობით. თვით წმინდანის მოკვეთილი თავიდან გარდამონადენი სისხლი და რძე XI ს-მდე ინახებოდა და მორწმუნეებს უხვ წყალობას ანიჭებდა. მისი პატიოსანი თავი ღვთის მადლით დღემდე მრავალ კურნებათა წყაროს წარმოადგენს.

საკუთარ სიცოცხლეს გასცემდნენ ტანჯულთათვის უვეცხლონი კოსმა და დამიანე (III ს.).

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულების გამოსახატავად სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი, გამოვყოფთ მაღალღირსი ბარსანოფი დიდის პასუხს აბბა დოროთეს მიმართ, რომელიც საავადმყოფოში მორჩილებაში მყოფს გაუგზავნა: "როცა სამკურნალო წიგნებს კითხულობ, ან ვინმეს მათ შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე ვერავინ განიკურნება, ამიტომ, ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს და ღმერთი შეეწევა. საექიმო ხელოვნება ადამიანის კეთილსინდისიერებას ხელს არ უშლის, არამედ მოუწოდებს შეითვისოს ის, როგორც ძმათა სასარგებლო ხელსაქმე".

წმინდა მამათა შეხედულება მშვენივრად გამოხატა აბბა ევაგრემ: "ერისკაცი, რომელიც ავადმყოფ ძმას ემსახურება, იმ განდეგილზე უკეთესია, ახლობლების დანახვა რომ არ სურს".

მეუფე ლუკას (ვოინო-იასენეცკი) მართლმადიდებელი მრწამსის გამო, რომელსაც იგი ცხოვრებასა და საქმეში იცავდა, ბევრის გადატანა მოუხდა. აი, მხოლოდ ერთი ფაქტი: როგორი მორჩილებით, ვაჟკაცობითა და სიბრძნით ითმენდა იგი ხელისუფლებისაგან უსამართლო თავდასხმებსა და დევნას.

"სახალხო ბრალმდებელმა", ჩეკისტმა პეტერსმა, მეუფის ე. წ. "ექიმთა საქმე" განსახილველად სასამართლოს გადასცა (1921). კითხვებს შორის იყო ასეთი: "როგორ გწამთ ღმერთი, მღვდელო და პროფესორო იასენეცკ-ვოინი? განა გინახავთ იგი, თქვენი ღმერთი?" "ღმერთი მე ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის ქალის კოლოფი გამიხსნია, არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი", - ღირსეულად უპასუხა მეუფემ.

პეტერსის მიერ შეთითხნილი "ექიმთა საქმე" მწარედ ჩავარდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუფე მაინც რეპრესირებული აღმოჩნდა. ხელისუფლების მიერ შორეულ ტურუხანსკში გადასახლებულ წმინდა ექიმს ი. პ. პავლოვი ამშვიდებდა: "მთელი სულით თანავუგრძნობ თქვენს მოწამეობას".

ეს იყო ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი. შემორჩენილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუკეთა ერთ ციმბირელ გლეხს მუცლის ღრუს ოპერაცია ჯიბის დანით, ჭრილობა ქალის თმით გაკერა და ამას დაჩირქება არ მოჰყოლია.

სად და ვისთვის არ უმკურნალია ლეგენდარულ ექიმს, მას არასოდეს შერცხვენია კეთილშობილი პაციენტებისთვის მხურვალედ ეთქვა: "ღმერთმა განგკურნათ ჩემი ხელით, ილოცეთ".

ის თავის მოწაფეებს "ადამიანურ ქირურგიასაც" ასწავლიდა, ყოველ დაჭრილთან თითქოს პირადად ურთიერთობდა, თითოეულს სახით ცნობდა, იცოდა გვარი, ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომი ყოველი წვრილმანი ახსოვდა. ამჟამად ფართოდაა ცნობილი მეუფე ლუკას სიტყვები: "ქირურგისთვის არ უნდა არსებობდეს შემთხვევა, არამედ მხოლოდ ცოცხალი, ტანჯული ადამიანი".

თვითმხილველთა - კოლეგების, ავადმყოფების და მათი ახლობლების მოწმობით, ავადმყოფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება "იდეალური" იყო.

- ახლა ჯვარის მამასთან არსებულ სამედიცინო სამსახურზე ვისაუბროთ. როგორ დაარსდა ეს სამედიცინო სამსახური და რას ისახავდა მიზნად?

- ჩემი მოძღვრის, მამა ტარიელის კურთხევით, ავადმყოფებს ვუტარებდი კონსულტაციას და ვუღებდი ელექტროკარდიოგრამას. ჩემი მუშაობის მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო, მაგრამ მათ გარდა მოდიოდნენ სხვა ავადმყოფებიც. საჭირო გახდა სხვა სპეციალობის ექიმების ჩართვაც. მოვიწვიე მაღალკვალიფიციური ექიმები უფასო კონსულტაციების ჩასატარებლად. სამედიცინო სამსახურის მუშაობის მთავარი მიზანი არის სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი მიმართულების მიცემა. ჩვენთან მომსახურე ექიმები სიამოვნებით ეწევიან ქველმოქმედებას. ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია ის განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როდესაც მადლიერია პაციენტი და დაგლოცავს. გარდა ამისა, ექიმებს ეკლესიური ცხოვრებაც ეხმარებათ უანგაროდ მუშაობასა და მოწყალების გაცემაში. განკურნების თვალსაზრისით რწმენა ავადმყოფებისთვისაც მნიშვნელოვანია, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დანიშვნის შემდეგ კიდევაც ეზიარებიან. აქ მომუშავე ექიმებისგან მსმენია, რომ ავადმყოფებისგან იღებენ იმდენ სითბოს, დალოცვასა და მადლიერებას, რომ სიხარულით ივსებიან, არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს გრძნობენ. გაცემული სიკეთე ათმაგად უბრუნდებათ მადლიერი პაციენტების სიყვარულით.

ჩვენი ავადმყოფების უმრავლესობა რწმენით არის აღსავსე: იღებენ ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს... რწმენას ემატება მკურნალობა და ეს უმსუბუქებთ მდგომარეობას.

ჩვენი სამსახური ეხმარება არა მარტო ამ ტაძრის მრევლს, არამედ ყველა მომსვლელს. პაციენტმა იცის, რომ აქ მას დახვდება რწმენაში გაძლიერებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი ექიმი, რომელიც სრულიად უანგაროდ მოუსმენს, უმკურნალებს, გაამხნევებს და იმედიან სიტყვას ეტყვის - "უფალი მოწყალეა". ექიმისთვის კი ყველაზე საუკეთესო სამადლობელია - "ღმერთმა შეგიწიროს", რომელსაც მადლიერი პაციენტი ამბობს.

დიდია ძალა რწმენისა და უფლის სიყვარულისა.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფასიან მედიცინაზე გადასვლამ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მოსახლეობა. ჩვენთან თავისუფლად შეუძლია მოსვლა ნებისმიერ ადამიანს და სამედიცინო კონსულტაციის მიღება, მიუხედავად მისი ეკონომიკური მდგომარეობისა. ჯვარის მამაში სიმშვიდის გრძნობა ეუფლებათ ექიმებს. რაც უნდა დაღლილები იყვნენ, მაინც ხალისით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

რწმენა ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის ავადმყოფობის დაძლევაში. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და ექიმობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.

ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში მოსვლისას გვეუფლება ისეთივე განცდა, რაც საერთოდ ეკლესიაში მოსვლისას ეუფლება ადამიანს. რწმენა და ქველმოქმედება და ექიმის საქმიანობა ხომ განუყოფელია.

ბეჭდვა
1კ1