"განუდექი უგულობას და ჰქმენ მოწყალება"
"განუდექი უგულობას და ჰქმენ მოწყალება"
უფალი გვმოძღვრავს: "განუდექი უგულობას და ჰქმენ მოწყალება". უგულობის, შეუბრალებლობის გამო ისჯებიან ცოდვილნი. დაიწყევლნენ უკეთურ საქმეთათვის: შიშველი არ შემოსეს, მშიერი არ დააპურეს, მწყურვალთ არ ასვეს, უცხონი არ შეიწყნარეს, უძლურნი არ შეიბრალეს, საპყრობილეში მყოფთ არ ემსახურებიან. წყვდიადი მოშორებულია ღვთიურ ნათელს და ამიტომაა ყველაზე მძიმე სატანჯველი.

დარეჯანი (62 წლის): - საკუთარი თავისა და ნაშიერის რჩენაზე ნადირ-ფრინველიც კი ზრუნავს. მთავარი ისაა, ერთი პურიც რომ გქონდეს, ბოლომდე კი არ შეჭამო, სხვებზეც იფიქრე, იფიქრე იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შესაძლოა, შენ რომ ილხენ და განსვენებაში ხარ, ხემსი არ ჩასვლიათ პირში. ამას წინათ ერთ საცხობში შევედი, მშიოდა და ლობიანის ყიდვას ვაპირებდი. მანქანებით მოდიოდა ხალხი (ცნობილი ადგილია), უკვეთავდნენ ხაჭაპურს, ლობიანს, სოკოს ღვეზელებს... კუთხეში ქალი იდგა, უხმოდ, მდუმარედ ხელგაშვერილი, მხოლოდ დროდადრო ამოისლუკუნებდა, შემიწყალეთო. ეტყობოდა, ამ მდგომარეობამდე უკიდურესმა გაჭირვებამ მიიყვანა, მხოლოდ თითო-ოროლა თუ აძლევდა ხურდას, გული უფრო ჩვენი ხალხის შეუწყნარებლობის გამო მეტკინა... მაპატიეთ, თუ პათეტიკურად გამომივიდა, მაგრამ აქ ნაკლებად დავინახე ჭაშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ანუ საღვთო მცნებათა აღსრულება. უფალი კი იქ დაივანებს, სადაც ერთმანეთი უყვართ, იქ, სადაც, ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს.

ალექსანდრე (53 წლის): - ხშირად მიფიქრია, რატომ ვართ გამუდმებით განსცდელში. პასუხი მანამ მიჭირდა, სანამ ღვთისმეტყველებაში შეძლებისდაგვარად არ გავერკვიე. უფალი ცდის ჩვენს სიყვარულს ურთიერთისადმი და სამწუხაროდ, ხშირად ამ გამოცდას ვერ ვაბარებთ. ეკლესიები სავსეა მრევლით, მაგრამ იმ ათასობით კაციდან ათი მაინც თუ იქნება, ქუჩაში მყოფი მათხოვარი შინ რომ მიეყვანოს, დაებანოს, მოევლოს, დაეპურებინოს... გამოდის, ტაძარში იმისთვის დავდივართ, რომ ჩვენი სატკივრით შევაწუხოთ უფალი, ჩვენი საჭიროებისთვის ვილოცოთ. ეს არც მე მიქნია, მოწყალება კი გამიღია, მაგრამ უფრო მოვალეობის მოსახდელად. გულით იფიქრე, გულით მიუდექი სხვის გაჭირვებას, შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილას და მიხვდები, რაოდენ საჭიროა ერთმანეთის თანადგომა.

ანდრია (37 წლის):
- ქართველებს უცნაური ხასიათი გვაქვს - უცებ ავენთებით, მერე კი ცეცხლი ჩაგვიქრება და ნაკლებად ვფიქრობთ გაჭირვებულ თანამოძმეებზე, რომელთაც არც სახელმწიფო უდგას გვერდით და არც ხალხი. ხომ შეიძლება რაღაცამ მაინც იმოქმედოს ჩვენს სინდისზე და გულით მივუდგეთ მოყვასის ბედს. ეკლესიაში სიარული არ უნდა იყოს ფარისევლური, იქ რასაც გეუბნებიან, ანუ მოყვასის სიყვარულზე რომ მახვილდება ყურადღება, იმის შეგრძნებაა საჭირო. რუსეთ-საქართველოს ომში ხომ მთელი ხალხი დაირაზმა, ლტოლვილებს ტანსაცმელი, ფული შევუგროვეთ, მივდიოდით, ვანუგეშებდით... მერე? ახლა რომ გეტოებში ცხოვრობენ, გვიფიქრია, რა უჭირთ და ულხინთ, ახლა არ შეგვიძლია თითო კაცმა თითო ლარი გაიღოს თუნდაც თვეში ერთხელ და ერთ ოჯახს მაინც ვუპატრონოთ?

გენადი (55 წლის): - არავინ იცის, ვის რა შეგვხვდება ცხოვრებაში. რამდენი მდიდარი გაგიგონიათ, მერე მათხოვრად რომ ქცეულა. ამიტომ გვმართებს სიფხიზლე და მოწყალების გაღების სურვილი. მე სოხუმელი ვარ, ერთი უმდიდრესი ოჯახი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად. გარეგნობითაც ისეთი ლამაზები იყვნენ, მთელი სოხუმი განცვიფრებული მისჩერებოდა... ის ქალბატონი დავინახე ამას წინათ შუქნიშანთან, გაჩერებულ მანქანებს რომ მოწყალებას სთხოვდა. დავიმალე, არ შემხედოს-მეთქი, ჩემგან არც აიღებდა ფულს. ხანდახან მიფიქრია, რამდენ ტკივილს შეიძლება ადამიანმა გაუძლოს.

ბეჭდვა
1კ1