სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს!
სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს!
რა არის მოწყალება? - ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში მოწყალება ახსნილია, როგორც წყალობა, დახმარება, სიკეთე, სიბრალული, მათხოვრისათვის მისაცემი გასაკითხი. ამ სიტყვის საოცარ განმარტებას ვხვდებით სულხან-საბას ლექსიკონში. ესაა "მწუხარება სხვისა ბოროტსა ზედა". ხოლო როცა ადამიანი წუხს სხვის ცუდზე, ბუნებრივია, სწუხს, როცა ის ამძიმებს და ღუპავს საკუთარ სულს. ე.ი. სწუხს მისი სულისა და ხორცისათვის.

"მიეცი, - ამბობს წმინდა ათანასე დიდი, - ღარიბსა და ღატაკს, რაც საჭიროა მისთვის, და ყოველივე ამას სრულად, შეუბღალავად და უვნებლად ზეცაში იპოვი". - "რისი გეშინია შენ, - კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი, - განა მოწყალებით დაილევა შენი სიმდიდრე? არა, მიეცი წყალობა, სწორედ ამით არ შემცირდება იგი, არამედ მეტი შეემატება, რადგან მათ შეერთვება ზეციური სიკეთენიც".

მოწყალებისა და ქველმოქმედების სათნოების შესახებ გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

- ეს მცნება გვიხსნის, რითი შეგვიძლია სათნო ვეყოთ უფალს, რათა შეგვიწყალოს ჩვენ, ცოდვილნი. გადავხედოთ ჩვენს ყოფას - განა ვცხოვრობთ ისე, რომ კადნიერად გვქონდეს იმედი უფლისგან შეწყალებისა? უფალმა თქვა: "ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელნი" (მთ. 7,12). რომელ ჩვენგანს არ სჭირდება ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ცხოვრების მძიმე წუთებში? გულისხმიერი ადამიანი თავის თავში გულმოწყალების თვისებებს ატარებს. იგი ყველასათვის სასურველი, ახლობელი და საჭირო ადამიანია.

- საით მიყავართ გულმოწყალების გზას?

- უფალი ამბობს: "ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ჰყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა.

ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც მოყვასს, ანუ ახლობელს უწევენ როგორც ხორციელ, ისე სულიერ დახმარებას. ნეტარნი იქნებიან, რომელნიც მშიერთ აპურებენ, მწყურვალთ - ასმევენ, შიშველთ შემოსენ, უცხოებს იღებენ, სნეულებსა და საპატიმროში მყოფთ ნახულობენ და ნუგეშს სცემენ. ნეტარნი იქნებიან, რომლებიც ობლებს გამოკვებავენ, ქვრივებს დაეხმარებიან, მოხუცებსა და დავრდომილებს უპატრონებენ! ნეტარნი არიან, რომლებიც გზააბნეულთ ჭეშმარიტ გზაზე აყენებენ, ურწმუნოებს რწმენაში მოაქცევენ, ჭეშმარიტების ვერმცნობელთ, ასწავლიან სიკეთეს და განსაცდელებს არიდებენ, კეთილ რჩევებს აძლევენ, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობენ, და წყენას გულით პატიებენ! ნეტარნი არიან, რომლებიც ტირიან მტირალებთან, გულით თანაუგრძნობენ უბედურებაში მყოფთ, იმათ ვინც ცოდვებით არიან დამძიმებულნი! ნეტარნი არიან მოყვასისათვის მლოცველნი და განსაკუთრებით კი თვითონ მტრებისათვის მავედრებელნი! ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც უყურადღებოდ არ ტოვებენ მიცვალებულებსაც კი: ღატაკებს ქრისტიანულად კრძალავენ, მოწყალებას გასცემენ მიცვალებულთა სულებისათვის, ყველას იხსენიებენ წირვა-ლოცვებში: ეს მოწყალება არის ყველაზე უანგარო, ყველაზე სუფთა და ყველაზე წმინდა!

- ორი სახის მოწყალებაა: სულიერი და ხორციელი მოწყალება...

- 1. ხორციელი მოწყალების სახეებია: 1) მშიერთა დაპურება; 2) მწყურვალთა სმევა; 3) შიშველთა შემოსვა.

ჯერ მოწყალების ეს სამი სახე განვიხილოთ. განა ყოველთვის სიყვარულითა და მზადყოფნით ვასრულებთ ამ საქმეებს? არა! ჩვენ ანგარებიანნი და ძუნწები ვართ, ფული არასოდეს გვყოფნის და ჩვენი ქონება მუდამ გვეცოტავება, ხოლო როდესაც მცირეოდენს გავიმეტებთ მოწყალებისათვის, კმაყოფილნი ვართ საკუთარი თავით, რომ აღვასრულეთ ნეტარების ეს მცნება.

- ხშირად ვიმიზეზებთ, რომ თავადაც გვიჭირს...

- დიახ. ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მისი ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით, გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი - გავცეთ ზედმეტი, რაც დაგვიგროვდა კარადაში და ამ მიზნით შევუდგებით გადასინჯვას. იმავდროულად მაცდური აზრიც გვეწვევა, რომ ეს სამოსელი შემდეგშიაც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც კი შეიძლება... საბოლოოდ, გვრჩება გროვა უსარგებლო ძველმანებისა... იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა "შავი დღისათვის"? წმინდა მამა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი მკაცრად ამბობს ამის შესახებ: "ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლისა". "მაშ, ვინც ამ ვნებითა ხართ შეპყრობილნი, სასწრაფოდ გაითავისუფლეთ თქვენი სულები, დაურიგეთ გაჭირვებულებს გადანახული ფული, შესწირეთ ღარიბ ტაძარს, გაეცით თქვენი და თქვენი ახლობლების სულთა მოსახსენებლად. ჩვენ ისე გვიძნელდება საკუთარ ქონებასთან განშორება, რომ რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში, თავს ვიკლავთ დარდით. უფალო, განაწყე ჩვენი გულები, თუნდაც იმის გაცემისათვის, ურომლისოდაც იოლად გავალთ", - გვმოძღვრავს მამა იოანე კრესტიანკინი.

- მოწყალების სახეები?

- მოწყალების საქმეებს განეკუთვნება ასევე: პატიმართა მოკითხვა; სნეულთა მიხედვდა, მათი მოვლა და შემწეობა განკურნების საქმეში, ანდა ქრისტიანული აღსასრულისათვის მზადებაში; უცხოთა შევრდომა.

პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ყოველ შაბათს სნეულნი მოვინახულოთ (კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც მის შესრულებას უნდა ვცდილობდეთ). ჩვენ ისინი სიტყვით უნდა გავაძლიეროთ. მათ მოფერება, სიყვარული, სარწმუნოებაში განმტკიცება სჭირდებათ.

უამრავი მოწყალების მაგალითის მოყვანა შეიძლება პატერიკებიდან:

VIII საუკუნეში მცირე აზიაში ცხოვრობდა მდიდარი მღვდელი ფილარეტი. უყვარდა გლახაკნი და უხვად სწყალობდა მათ. ერთხელაც მძარცველები დაესხნენ თავს, დაარბიეს და ამის შემდეგ მას მხოლოდ ორი ხარი, ფური, ცხენი და მიწის მცირე ნაკვეთიღა დარჩა, მაგრამ, მართალი იობის მსგავსად, არ დაუწყია დრტვინვა, მიენდო უფლის ნებას და განაგრძნო მოწყალების გაცემა: ერთ გლეხს, რომელსაც ხარები ხვნისას დაუვარდა, მისცა ჯერ ერთი ხარი, მერე მეორეც. სხვას ხბო უწილადა...

- გლახაკთა მოწყალეს ღმერთი ასწილად მიუზღავს...

- ერთ თავადს გულქვა მოურავი ჰყავდა, სახელად პეტრე. არავის ახსოვდა, რომ მას ოდესმე მოწყალება გაეღო. ერთხელ მოურავი პურს გზავნიდა სასახლეში. უეცრად მოწყალების სათხოვნელად მისული გლახაკი დაინახა. პეტრემ მრისხანედ შეუყვირა, მაგრამ ვერ მოიშორა. ქრისტეს გულისათვის შემეწიეო, - ითხოვდა გლახა. პეტრე გაჯავრდა, მიიხედ-მოიხედა, ქვას ეძებდა, რომ აბეზარი მათხოვარი გაეგდო, მაგრამ ვერ იპოვა და გაბრაზებულმა პური ესროლა მთხოვნელს.

გავიდა ორიოდე დღე. პეტრე ძლიერ ავად გახდა. ავადმყოფობისას მან ჩვენება იხილა: რომელიღაც სასამართლოში იყო, წინ კი სასწორი ედგა, რომლის ერთ პინაზე ვიღაც შავ-შავი, საზარელი არსებანი მის ცოდვებს ალაგებდნენ, მეორეზე ანგელოზები იდგნენ დაღონებულნი და ერთმანეთს შესჩიოდნენ: "ჩვენ რა დავდოთ სასწორზე, არა გვაქვს რა იმ ერთი პურის გარდა, პეტრემ რომ ესროლა მათხოვარსო". ბოლოს, რაკიღა სხვა არაფერი გააჩნდათ, სასწორზე ეს პური დადეს. ცოდვებით დამძიმებული თეფში ოდნავ შეინძრა. მაშინ უთხრეს ანგელოზებმა პეტრეს: "წადი, უბადრუკო, და ამ პურს კიდევ მიუმატე რამდენიმე, რათა ჩვენმა მოქიშპეებმა არ მოგვტაცონ შენი თავი და საუკუნო ცეცხლსა და გეენიაში არ ჩაგაგდონო".

გონს მოსულმა პეტრემ სინანულითა და მოწყალებით გამოისყიდა თავისი ცოდვები და ისეთი მოწყალე შეიქმნა, წმინდათა შორისაც კი შეირაცხა.

ასე რომ, გონიერი კაცი თავის ნამუშაკევს გაცემით დაასრულებს, რაც დასაბამია ზეციური მოსავლისა. სულ მცირედის გაღებითაც კი შეიძლება კაცი დიდი ჯილდოს ღირსად იქცეს.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ვიცით, რომ მთხოვნელი უზნეოა? ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთებს არ უნდა დავეხმაროთ, რათა ცოდვისკენ არ ვუბიძგოთ.

- თუ მას მართლა უჭირს, მცირედით მაინც უნდა შევეწიოთ. მოწყალება დიდი საქმეა. ყოველმა კაცმა უნდა შეიგრძნოს, რამხელა მადლს ანიჭებს უფალი გამცემს და ვეცადოთ, ჩვენც მოწყალენი ვიყოთ.

- ნიშნავს თუ არა მოწყალება მხოლოდ მატერიალურ დახმარებას და სულიერი მოწყალების სახეებს რა შეადგენს?

- არა, მოწყალება სხვაგვარიც არსებობს. მაგალითად, ქადაგებაც ერთგვარი მოწყალებაა, რადგან მოძღვრის საუბრით სასოებამიცემული და სარწმუნოებაში გაძლიერებული მრავალი ადამიანი მინახავს.

სულიერი მოწყალების სახეა, ასევე, გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს. "უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი" (იაკ. 5,20). ეკლესიის ისტორიაში ბევრია ამის მაგალითი, როდესაც წმინდა მოღვაწენი მიდიოდნენ გარყვნილ ქალაქებში და თავიანთი სულიერი ძალით მოჰყავდათ იქიდან ცოდვილნი მოსანანიებლად, შემდგომში კი ეს უკანასკნელნი წმინდანები ხდებოდნენ. საერო ლიტერატურაშიც გვაქვს ამის მაგალითები: ვისაც ვიქტორ ჰიუგოს "განკიცხულნი" წაუკითხავს, იცის, როგორ ერთ წამში გადაატრიალა სოფლის მღვდლის უბრალოებამ, გულწრფელობამ და ნდობამ ადამიანის მიმართ კატორღელის ქვადქცეული გული, როგორ მოაქცია იგი და ამ მადლმოსილი წუთის შემდეგ მხოლოდ კეთილ საქმეთა აღმსრულებლად გარდაქმნა.

სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება. აი, აქ არის გაშლილი სულიერ მოწყალებათა ვრცელი ასპარეზი:

1. მწუხარეთათვის ნუგეშისცემა;

2. განსაცდელში ან შეჭირვებაში მყოფი კაცისათვის კეთილი რჩევის მიცემა;

3. ბოროტისათვის ბოროტით არმიგება, სამაგიეროს არგადახდა, გულის არტკენა;

სავსე გულით წყენის მიტევება. ღვთისათვის!

- რა მნიშვნელობა აქვს მოწყალებას მიცვალებულისთვის?

- უდიდესი. ჩვენ ვიცით, რომ სული გარდაცვალებიდან 40 დღის მანძილზე საზვერეებს გადის. ამ დროს მის სახელზე მოწყალების გაცემას, მშიერთა დაპურებას, გლახაკთა შემოსვას, ტაძრისთვის შესაწირავის გაღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ თვითმკვლელთა ოჯახის წევრებს, რომელთაც მიცვალებულისთვის წირვის დაყენება ეკრძალებათ, პატრიარქი ხშირად აკურთხებს, რაც შეიძლება მეტი მოწყალება გასცენ, რადგან, ვიმეორებ, არავის და არასდროს ისე არ სჭირდება მოწყალება, როგორც ეს ესაჭიროება მიცვალებულთა სულებს.

- როგორი გულით უნდა გავცემდეთ მოწყალებას?

- იოანე ოქროპირი ამბობს: "მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში". ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურაცხვყოთ ადამიანი. ისევ იოანე ოქროპირს დავესესხოთ, რომელიც ამბობს: "თუ ვინმე ასეთი განწყობილებით არ გასცემს, უმჯობესია, საერთოდ გაჩერდეს, ვინაიდან ეს მოწყალება კი არ იქნება, არამედ ფუჭი ხარჯი"...

ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): "მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ რასაც გავცემ, ყველაფერი მენანება". ეს სიტყვები სამხილებელია ჩვენთვისაც, ჩვენც ასეთები ვართ - ან საერთოდ არ გავცემთ, ან გავცემთ დანანებით.

- რამდენად მნიშვნელოვანია მოწყალების უანგაროდ აღსრულება?

- ღვთისმშობლის ტაძრის მოწესე ბერი ლეონტი კილიკიელი, რომელმაც 40 წელი დაჰყო ტაძარში, ძალზე სათნო და გულმოწყალე იყო. მოწყალების სათხოვნელად მისულ გლახაკს, თუკი იგი უსინათლო იყო, ხელში უდებდა გასაკითხს, თვალხილულს კი ან სვეტის ძირას დაუდებდა, ან სკამზე, ან საკურთხევლის საფეხურზე. ასე რატომ იქცევიო, ჰკითხა ერთმა ბერმა. მამა ლეონტიმ მიუგო: ეს მოწყალება ღვთისმშობლისაგანაა, მეც მისგან მაქვს და არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს გლახაკს მე ვაძლევდეო რამეს.

განკითხვის დღეს მოწყალეთა წინაშე განიღება სასუფევლის კარი, უფალი სიცოცხლეში სესხად გაცემულ მადლს ასმაგად მოგვიზღავს და გვეტყვის, ისე, როგორც წმინდა მარტირის უთხრა: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავი მე მიწაზე და არც მე უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყალე, მე კი საუკუნოდ შეგიწყალებ შენ".

სახარებისული შეგონებით, ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ "მოწყალების გაცემისას ეკრძალე ქმნას სხვათა დასანახად, იმ მიზნით, რომ ვინმემ შეგაქოს. ნუ ააყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, რათა ხალხმა განგადიდოს. დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს და უფალმა, რომელიც ცხადად ხედავს დაფარულს, ასევე ცხადად მოგაგოს".

ასე რომ, მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად! ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვისაც აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს შენ ხილულად.

ბეჭდვა
1კ1