შევიძინოთ ღრმა სარწმუნოება, რათა უფალმა ლაზარე-ივერია მკვდრეთით აღგვიდგინოს
შევიძინოთ ღრმა სარწმუნოება, რათა უფალმა ლაზარე-ივერია მკვდრეთით აღგვიდგინოს
1985 წლის ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". ამ დღესასწაულის საეკლესიო კალენდარში შეტანა იმხანად მართლაც რომ გმირობა იყო - ეს ის დრო გახლდათ, როცა ყოველნაირად ითრგუნებოდა ქართული სული, როცა თავისუფლებაზე მეოცნებეებს ციხეში სვამდნენ... და უეცრად ჩვენი სამშობლოს ყველაზე მაღალი ამბიონიდან გაისმა ქადაგება ერთიან, ძლიერ საქართველოზე. მაშინ ბევრმა მოვიძიეთ და პირველად წავიკითხეთ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". წავიკითხეთ და მღელვარებისაგან სუნთქვა შეგვეკრა. ის, რასაც ვნატრობდით, რაზეც ვოცნებობდით, რასაც შინაგანად მიველტვოდით, მართალი გამოდგა - დადგება დრო და ჩვენი სამშობლო გათავისუფლდება, გაძლიერდება. ძველი საქართველო დაბრუნდებაო, - გვიქადაგებდა უცნობი წინაპარი... და თურმე ამ ყველაფერს ქართველი მამები ჯერ კიდევ 1000 წლის წინათ ჭვრეტდნენ.

1984 წლის მიწურულს - ალბათ, არც ეს მომხდარა შემთხვევით - არაგვის მარცხენა შენაკადის ნოკორნის ხევის სათავესთან, ტყით დაბურულ მთაზე, სოფელ დავათის ღვთისმშობლის სახატო ნაგებობათა ნანგრევებში, ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს. ერთ სტელაზე მთავარანგელოზებს ხელთ თევზი უპყრიათ (თევზი მაცხოვრის ძველქრისტიანული სიმბოლოა), რომლის ტანზეც, თითქოს ქერცლიაო, შვიდ მწკრივადაა გამოყვანილი დაქარაგმებული ქართული ასომთავრული ანბანი. თევზი თავით ქვემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად უფლის მეორედ მოსვლაზე მიანიშნებს.

მეცნიერთა ნაწილმა დავათის სტელა და "ქებაი და დიდებაი" ერთმანეთს დაუკავშირა და არცთუ უსაფუძვლოდ - მათი აზრით, ისინი ერთსა და იმავე პერიოდში - IV საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი. ზოგი მათსავე რკალს მიაკუთვნებს VI საუკუნის ბრდაძორის სტელას, სადაც მთავარანგელოზებთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეცაა გამოსახული. აქ მთავარანგელოზი მიქაელი სამყაროს უფლის მეორედ მოსვლას საყვირით ამცნობს.

სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის გარდაცვლილი აღადგინა მკვდრეთით, მეორე დღეს კი დიდებით შევიდა იერუსალიმში. ეს შესვლა წინასახეა უფლის მეორედ მოსვლისა.

ქართველები მართალ ლაზარესთან - უფლის მეგობართან - მუდამ დიდ სულიერ კავშირს გრძნობდნენ. უფლის კვართით დაწინდულნი, ღვთისმშობლის წილხვედრნი, წმინდა ანდრიას ჯვრით მოქცეულნი, წმინდანინოსეულ ემბაზში განათლულნი, თავადაც უფლის მეგობრებად მიიჩნევდნენ თავს. მათ, როგორც წმინდა კირიონი ბრძანებდა, "გააქრისტიანეს თავისი საუკუნო ეროვნული სარწმუნოება, მისცეს ქრისტიანობას თვისება თავის ეროვნული ხასიათისა: სირბილე, გულითადობა, სითბო, უბოროტობა, სიმტკიცე". მუდამ განმზადებული ჰქონდათ გულები, მუდამ მორტყმული ჰქონდათ სარტყელი (აკი კიდევაც უწოდებდნენ სარტყლის ქრისტიანებს, და არა მარტო წმინდა გიორგის დიდი სიყვარულისთვის).

წმინდა სვიმეონ მესვეტის ცხოვრებაში ასეთი ამბავია მოთხრობილი: ერთხელ წმინდანს "განკვირვებასა შინა" უხილავს "ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათა, და აქუნდა ხელთა მამათა ჯვრები და მოვიდოდეს იგი აღმოსავლეთით და სული წმიდა ჰფარვიდა მათ". "ესე არს ნათესავი ქართველთაო", - უცნობებია სულიწმიდას მისთვის... მუდამ "სულიწმიდა ჰფარვიდა" ჩვენს წინაპრებს, ნიკორწმინდის ჩუქურთმას კვეთდნენ თუ გაშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში; "სულიწმიდა ჰფარვიდა" დავათისა და ბრდაძორის სტელების შემქმნელს და "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის" დამწერს. ვინ იყო ის დიდებული ადამიანი, რომელმაც საუკუნეთა წინ განჭვრიტა ივერიის მომავალი, უცნობია, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ის მეგობარი იყო ქრისტესი. ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის - უფალი ხომ მეგობარს უწოდებს ყველას, ვინც მის მცნებებს აღასრულებს! "თქვენ აღარ გიწოდებთ მონებს, - ბრძანებს მაცხოვარი, - რამეთუ მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი, ხოლო თქვენ გიწოდეთ მეგობარი, იმიტომ, რომ რაც მესმა მამისაგან, ყოველივე გაუწყეთ თქვენ". მერე კი აფრთხილებს თავის მიმდევრებს, რომ ყოველი მისი მეგობარი, მისი მოწაფე, ამ სოფლად დევნილი იქნება.

ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ არათუ ჰურიანი, თვით წარმართნიც კი მოდიოდნენ მაცხოვრის სანახავად, მისი ქადაგების მოსასმენად და "მოვიდეს არა ხოლო იესუსთვის, არამედ ლაზარეცა იხილონ, რომელი იგი აღადგინა მკვდრეთით. ხოლო ზრახვა-ჰყვეს მღვდელთმოძღვართა, რათა ლაზარეცა მოკლან. რამეთუ მრავალი ჰურიათაგანი მისთვის მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუისსა". ლაზარე-ივერიასაც მხოლოდ იმისთვის ებრძოდნენ და ებრძვიან, რომ იგი მოწამე იყო მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მაცხოვრისა - რაკი ერთხელ იწამა, მისთვის არასოდეს უღალატია.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე ჩვენს წინაპართ წაეწერათ: "სდექ მტკიცედ და შეურყევლად". ქრისტეს სიყვარულითა და შიშით აღვსილნი ქართველნი ჩვეულებისაებრ მამულისა სლვითა ვიდოდნენ - ჭირთა დათმენით არ განეშორებოდნენ მხოლოდშობილსა ძესა ღვთისასა...

ახლა კი... არც სპარსნი გვაიძულებენ რწმენის შეცვლას და არც არაბნი, არც ჭირნი გვაქვს დაუთმენელნი. მხოლოდ საკუთარი გულისთქმით განვიცდებით. მაინცდამაინც სექტანტი კი არ უნდა გერქვას, ქრისტე რომ დაუტევო! უფალს ვღალატობთ მაშინაც, როცა ვცოდავთ დიდად თუ მცირედ, უფალს და ჩვენს მფარველს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ უნდა მოვიგოთ, შევიძინოთ ღრმა სარწმუნოება და კეთილი საქმეები, ვითარცა ორნი დანი - მარიამ და მართა, რათა უფალმა ლაზარე-ივერია მკვდრეთით აღგვიდგინოს. მივბაძოთ მართასა და მარიამს და შევღაღადოთ მაცხოვარს: "უფალო, აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს!"
ბეჭდვა
1კ1