ნეტარია ის ადამიანი, რომელიც მოძღვრის სრულ მორჩილებას გამოიჩენს
ნეტარია ის ადამიანი, რომელიც მოძღვრის სრულ მორჩილებას გამოიჩენს

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა:


-გულგრილობის ცოდვაზე გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალაა საჭირო, გარე და ჩვენს შესაძლებლობებს აღმატებული ძალა. მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია ფლობს ძალიან დიდ სიმდიდრეს, მაცხოვნებელ სწავლებას, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაშრომებში, რომელიც მორწმუნე ადამიანმა თავის ყოველდღიურ სახელმძღვანელოდ უნდა აქციოს.

 

არის ასეთი გამოთქმა: "ადამიანები უფრო ხშირად კოცნიან წმინდა სახარებას, ვიდრე კითხულობენ მას". სემინარიაში სწავლის პერიოდიდან მახსენდება ჩვენი სასწავლებლის იმჟამინდელი რექტორის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის დარიგებები და ძალზედ დიდი სიბრძნით განმსჭვალული, თითქმის ყოველდღიური საუბრები სტუდენტებთან, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ერთხელ ასეთი რამ ბრძანა: "ვინაიდან ბევრი საგნის სწავლა გიწევთ, აიღეთ და გულდასმით გაეცანით ერთი კონკრეტული, რომელიმე წმინდა მამის ცხოვრებას, კარგად დაამუშავეთ მისი ნაშრომები, ეცადეთ ასე იცხოვროთ და ეს წმინდანი აუცილებლად შეგეწევათ სწავლაში! იქონიეთ და თან ატარეთ უბის წიგნაკები, აწარმოეთ ჩანაწერები, რადგან ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლით და შეგახვედრებთ..."


უფალი მისდამი მინდობილსა და მისი წმინდა მცნებებით მცხოვრებს აღავსებს სასოებით, დაცემულს აძლევს ძალას წამოდგომისა და აღჭურვავს მას სარწმუნოების მხურვალებით. ასეთ ადამიანში ხდება ფერისცვალება, ის ივსება სასოებით, სიყვარულით, საღმრთო მადლით და ავრცელებს მას თავის გარშემო. დღეს ტაძარში დადიან ადამიანები, ისინი ესწრებიან ღმრთისმსახურებებს, ცდილობენ იცხოვრონ წმინდა ეკლესიის კანონებით, ყავთ სულერი მოძღვარი, მრჩეველი, დამრიგებელი სულიერ თუ სხვა საკითხებში.

 

ნეტარია ის ადამიანი, რომელიც მოძღვრის სრულ მორჩილებას გამოიჩენს და მიენდობა მას, რადგან უფლის ნებას, მისი მადლის მოქმედებას, სწორედ სულიერი მოძღვრის დახმარებით მიიღებს იგი. დღეს საქართველოში, უდავოდ ნიჭიერი და სწავლისადმი მიდრეკილი, მცოდნე ახალი თაობა მოდის, მაგრამ ამ ცოდნასთან ერთად მეტადრე საჭირო და აუცილებელია ღმრთის მადლით მიღებული სულიერი განათლება, რომელმაც მომავალში ბევრი სიკეთე უნდა მოუტანოს ჩვენს ეკლესიასა და სამშობლოს.



ბეჭდვა
1კ1