სასუფეველი ცათა იიძულების
სასუფეველი ცათა იიძულების
ადამიანი მუდმივად ფიქრობს და მსჯელობს, რის შედეგადაც უამრავი გულის წადილის აღსრულების სურვილი უჩნდება. მას არ შეუძლია ამ სურვილების გარეშე სიცოცხლე, თუმცა ყოველი მისი გულის წადილი სასარგებლო და ღვთისთვის სათნო როდია. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: ,,ყოველივე ჯერ-არს ჩემდა" - არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ,,ყოველივე ჯერ-არს ჩემდა" - არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს" (1კორ. 10:23).

ყოველი გონიერი კაცი, რაჟამს ახალი სახლის მშენებლობის სურვილი გაუჩნდება, წინასწარ იმასაც განსაზღვრავს, აქვს თუ არა შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში თუკი მხოლოდ საძირკველს ჩაყრის და მშენებლობას ვერ დაასრულებს, მაშინ: ,,ყოველნი, რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა" (ლკ. 14:29). ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც, პირველად ის უნდა განისაზღვროს, რამდენად მართებულია ამა თუ იმ გულისწადილის აღსრულებისთვის ფიქრი და ქმედება, რათა ეშმაკის დასაცინი არ გავხდეთ. მით უმეტეს, მაცხოვარი გვასწავლის - სასუფევლის გზა იწროა, საკუთარი თავის იძულებას და სურვილების უარყოფას მოითხოვს: ,,სასუფეველი ცათა იიძულების და, რომელნი აიძულებდნენ მათ მიიტაცონ იგი" (მათ.11:12).

ამრიგად, თუკი ყოველი კაცობრივი სურვილი არ აღაშენებს და ამასთან ბუნების იძულებას მოითხოვს, მაშინ ყოველგვარი ცოდვა უნდა მოვიკვეთოთ და სათნოებები აღვასრულოთ. მაგრამ ნუთუ ასე ადვილად შესასრულებელია ის, რაც ესოდენ მარტივად გამოითქმება. ჩვენი დაცემული ბუნება, სამწუხაროდ, უარყოფით პასუხს გვთავაზობს. მაშ, რითი ავხსნათ მაცხოვრის მოწოდება ბუნების იძულების შესახებ? ნუთუ მან არ იცის, რომ კაცობრივ ბუნებას ყოველივეში თავის შეზღუდვა და იძულება არ ძალუძს? ამის დაშვება უკიდურესი მკრეხელობა და უვიცობა იქნებოდა. სწორედ ქრისტეში მოხდა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთება. იგი მარტოოდენ ღვთაებრივი გადმოსახედიდან არ გვიდგენს ცხონების გზას, მან ადამიანური ბუნების უძლურება ბოლომდე იტვირთა. რაც მთავარია, თავისი სამისიონერო მოღვაწეობის წინ უმკაცრესი მარხვა დაიცვა, რასაც შემდეგ ეშმაკისგან მისი საშინელი გამოცდა დაერთო.

ქრისტესთან დაკავშირებული ნახსენები მაგალითი მისსავე სიტყვას განამტკიცებს (თუკი საჭიროა ღვთის სიტყვის რაიმეთი განმტკიცება) და მარხვის, თავშეკავების, ბუნების იძულებისა და სურვილთა დათმობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. შევეცადოთ, დაწვრილებით განვიხილოთ მარხვის შესახებ მაცხოვრისეული სწავლება და აქედან გამომდინარე, ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ სათნოებათა აღსრულებასა და ღვაწლის შესახებ.

მარხვა, როგორც უძველესი ტრადიცია, წარმართულ სამყაროშიც ფართოდ იყო გავრცელებული. მართალია, მიზანი განსხვავებული იყო, მაგრამ მისი გარეგნული მხარე მაინც ყოველთვის თავის უარყოფასთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორც ქრისტიანულ სამყაროში, რადგან საკვებისგან თავის შეზღუდვაში გამოიხატებოდა. ქრისტემ მას განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა მიანიჭა და განწმენდის აუცილებელ პირობად წარმოაჩინა. იგი გვასწავლის: ,,ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მთ.17:21).

ამრიგად, მარხვა, როგორც განწმენდის აუცილებელი საშუალება, სავალდებულოა ყოველი ქრისტიანისთვის, ვინაიდან, მისი აღსრულება ერთი მხრივ, საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლაა, რადგან ქრისტე ამას მოითხოვს ჩვენგან: ,,რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღე ჯუარი თვისი და მომდევდინ მე" (ლკ.9:23), ხოლო, მეორე მხრივ, სულის ბოროტისაგან განწმენდის უმთავრესი პირობა.

მართლაც, მარხვა მარტოოდენ მისი გარეგნული გამოხატულებითაც კი თავის იძულების აშკარა მაგალითია. თუმცა მაცხოვარი გვაფრთხილებს: ,,არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა" (მთ. 15:11). ამდენად, მაცხოვარი ერთი მხრივ, მარხვის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს, მეორე მხრივ, საკვების უმანკო ბუნებაზე. იგი არსად ამბობს, თუ როგორი სახის მარხვა უნდა შევინახოთ, რომელი საკვების მიღება გვეკრძალება და როდის. ამით ნათლად წარმოჩნდა მარხვის შინაგანი და დაფარული მიზეზის უპირატესობა, რადგან ამ საკითხზე იგი პირდაპირ გვმოძღვრავს: ,,და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა - იგი ორგულნი მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ, გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამაი შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად" (მთ. 6:16-18).

მაცხოვარი ძველი აღთქმის ეპოქიდან მარხვის დარღვევაზე უფრო დიდი დანაშაულის შემთხვევასაც კი იხსენებს, რაც თავად ებრაელთათვისაც კი მისაღებად იქნა მიჩნეული: ,,არა აღმოგიკითხავსა, რაი-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთა არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღვდელთა ხოლო?" (მთ.12:3-4). თვით წმინდა ტაძარში დავით მეფის კადნიერი ქმედებაც კი გამართლებულია შიმშილის გამო.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაცხოვარი არ ამარხულებდა თავის მოწაფეებს მისსავე სიცოცხლეში. იგი შემდეგი მიზეზით ხსნის ამ ფაქტს: ,,ხელ-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ" (მთ. 9:14). აქ მარხვა გლოვასთან არის დაკავშირებული და მაცხოვარი მიგვანიშნებს, რომ სიხარულის ჟამს მარხვა არ ეგების. თუმცა ჩვენთვის სხვა გარემოებაა ამ შემთხვევაში ყურადსაღები - ქრისტე გვაძლევს გარეგნული მარხვის დარღვევის მაგალითებს და მათ გამამართლებელ მიზეზებს წარმოაჩენს.

წმინდა პავლე მოციქულიც პირდაპირ მიგვითითებს, რომ მთავარი სულის შინაგანი განწყობილებაა და არა საჭმელ-სასმელის სახეობა: ,,უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაისათვის ვიგმობვი, რომლისათვის-იგი მე ვჰმადლობ? გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ (1კორ. 10:30).

როგორც ვხედავთ, წმინდა წერილის ერთსულოვანი სწავლების მიხედვით, მარხვა, როგორც გარკვეულ სურვილთა უარყოფა, მხოლოდ სულიერ კონტექსტში განიხილება, რადგან მას სხვა დატვირთვა არ გააჩნია. იგივე უნდა ითქვას, ნებისმიერ სხვა სათნოებასთან მიმართებით, რამეთუ მარტოოდენ გარეგნულად აღსრულებული სიკეთე წმინდა წყლის ფარისევლობაა.

მართალია, ფარისევლობაც, გარკვეულწილად, სურვილებისგან თავის შეზღუდვასა და იძულებას მოიცავს, მაგრამ მას მხოლოდ გარეგნული სახე გააჩნია და იმდენად არის პატივმოყვარეობის სულით გამსჭვალული, რომ მოღვაწის სული არათუ სარგებელს, არამედ დიდ ზიანსაც კი იღებს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ მაცხოვარი ეშმაკისგან გამოიცადა მარხვის შემდეგ. იესო ქრისტემ, რომელიც თავისუფალი იყო ადამიანური ცოდვებისგან, მარხვა თავმდაბლობით დაიცვა და ეშმაკს ცდუნების არანაირი საშუალება არ დაუტოვა. ბოლოს, გაშმაგებულმა ბოროტმა უკანასკნელი დარტყმის მიყენება სცადა, რაც ნამოღვაწარის სწრაფად გაფანტვაში უნდა გამოხატულიყო, კერძოდ, ღმერთკაცის ნაყროვანების, ვერცხლისმოყვარეობისა და დიდებისმოყვარეობის ვნებათა ხაფანგით მონადირება განიზრახა.

ამრიგად, როგორც მარხვის შესახებ სწავლებაში გამოჩნდა, სათნოებათა აღსრულებისას უმთავრესი ყურადღება მის შინაგან მხარეს უნდა მიექცეს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ღვაწლი და სიკეთე ორ მხარეს მოიცავს: გარეგანს, რაც თვალისთვისაც ხილვადია და შინაგანს, რომელსაც მხოლოდ სულიერად გამოცდილნი ჭვრეტენ.

თუკი სასუფეველი ცათა იიძულების, ხოლო სათნოებათა შეძენა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მისი გარეგნული და შინაგანი აღსრულება. გარეგნულს შედარებით ადვილად გავართმევთ თავს, მაგრამ შინაგანის მიყურადება ფრიად რთული საქმეა. მრავალი სურვილი და გულის წადილი იბუდებს სულის სიღრმეებში და მხოლოდ ფრთხილ, მღვიძარე გონებას თუ შეუძლია მათი წვდომა. თუმცა, მხოლოდ სურვილის აღმოჩენა და დაფიქსირება სულაც არ ნიშნავს მის მოშთობას. მაშ, როგორ უნდა ამოვძირკვოთ ყოველგვარი მავნე სურვილი? არ უნდა მივცეთ ჩვენში შემოსვლის და დამკვიდრების საშუალება. როგორ? მუდმივი მღვიძარებითა და ლოცვით: ,,იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა; სული გულმოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ" (მთ. 26:41).

ბეჭდვა