მღვიძარება
მღვიძარება
სულო ჩემო, სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს!
,,დგება ღამე სიმშვიდისა და მოსვენებისა, გვერდზე გადავდებთ მთელი დღის სიმძიმილს, დაღლილობას, მღელვარებას, დაძაბულობას, საზრუნავს. ყოველივე ამას ღამის ზღურბლზე ვტოვებთ და ძილის ბურანში ვეხვევით. სრულიად უმწეოთ, ძილის დროს, მხოლოდ უფალი თუ დაგვიფარავს თავისი ფრთებით. მას შესწევს ძალა, ჩვენს გულებს ჩვენი უწმინდური, ბნელი სიღრმეებიდან ამოსული გრძნობები განარიდოს, დაიფაროს ჩვენი აზრები, სიზმრებიც და სხეულიც. ჩვენთვის სიმშვიდის ღამე იწყება. მოდით, ისინი გავიხსენოთ, ვისთვისაც დგება ღამე მათი მღელვარებისა. არ დაეძინებათ ავადმყოფთა სასთუმალთან მყოფთ, რადგან სტკივათ, ეშინიათ, ღელავენ, თავად იდებენ თავს საყვარელ ადამიანთა უძლურების მთელ სიმძიმეს, იმ ადამიანებისა, რომელთა გარდაცვალება ობლობის სიმწარეს უქადის მათ.

არიან პატიმრობის მარტოობაში დატანჯულნი. მრავალი მათგანი ახალგაზრდაა, რომელთა იმედებისაგან აღარაფერი დარჩა...

არის ციხეები, სადაც ღამე საშინელებით არის სავსე, სადაც მალე უსაშველოდ გრძელ დაკითხვებს დაიწყებენ. ვიღაცას სცემენ, ვიღაცას აწამებენ. ისინი სასომიხდილნი დაუბრუნდებიან თავიანთ საკნებს განთიადისას, რომელიც დასაწყისი იქნება უსიხარულო, მომავალი ღამის შიშით დაყურსული დღისა.

გარდა ამისა, ყოველ ქალაქში არის ღამე ხმაურიანი, ღამე ლხინისა და დროსტარებისა, ღამე აზარტული თამაშებისა; ღამე, რომელსაც დაკარგულ უბიწოებას ჩააბარებენ ჭაბუკები და ქალიშვილები; ღამე, როცა, სიყვარულდავიწყებულნი, მხოლოდ სურვილის დასაკმაყოფილებლად შეურაცხყოფენ ერთმანეთს მეუღლენი. სინდის-პატიოსნებასაც დაკარგავს ბევრი და დილით თვალის ახელისა შერცხვება.

არის ხალხიც, ვინც ყოველივე ამით სარგებლობს, ვინც ლოთობას აჩვევს, ვინც აცდუნებს, ვინც ნარკოტიკებით შხამავს, ვინც დემონური სიცილით იცინის... ღმერთმა დაიფაროს ერთნიც, მაგრამ შეიწყალოს მეორენიც.

ამ ღამით ღვთის წინაშე მდგომარენიც გავიხსენოთ: შვილის სასთუმალთან მჯდომი დედა; მომაკვდავი მეუღლის სარეცელთან მყოფი ცოლი თუ ქმარი, ვინც ღამეს ლოცვაში გაათენებს; ის ბიჭიც, შინიდან რომ წავიდა: "დედა, უფალი მეძახის სალოცავადო", - და აი, წლები გავიდა, ის კი მარტოდმარტო ესაუბრება ღმერთს დაბურულ ტყეში... და რამდენი, რამდენი კიდევ! ამაღამ არ დაეძინება ექიმს და მომვლელი ქალიც თამამად შეებრძოლება ძილს.

აი, მთელი სამყარო სიცოცხლისა, განსაცდელისა, იმედისა, სიკვდილისა. სიხარულისა და ღვთის თანადგომისა. ყოველივე ამას მოიცავს ეს ღამე.

ძილად მისვლის წინ მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რასაც გვიგზავნის და შევთხოვოთ, ვიდრე ჩვენ გვძინავს, დე, მას ახსოვდეს ნატანჯი სხეული სნეულისა და მეძავისა, მოხუცისა და სულმთლად ბავშვისა, დაკითხვაზე მყოფი პატიმრისა და დამკითხველისაც; მათიც, ვინც სხვისი სისუსტით სარგებლობს და მათიც, ვინც გატყდა თავისი სისუსტის გამო. დე, მოგვიხსენოს მან ყოველნი სასუფეველსა თვისსა და მოგვცეს მშვიდობა, შენდობა და მოწყალება. დე, მან, ვინც ღამით გეთსიმანიაში იგემა ღალატის მთელი საშინელება, მოიხსენიოს ყველა, ვისთვისაც არ დადგება ღამე სიმშვიდისა და მოსვენებისა. მოგვიხსენოს ჩვენც, სუსტნი და უმწეონი. ხელთა მისთა შევვედრებთ სულთა ჩვენთა რწმენით, სასოებით და იმ სიხარულით, რომ ჩვენ ჩვენი ძალისაებრ გვიყვარს ის - ჩვენი სიყვარულისთვის ჯვარცმული და აღდგომილი. ამინ".
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი.


"სულო ჩემო, სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს! აღსასრული მოახლოებულ არს და გეგულვების აღშფოთება! განიღვიძე, რათა შეგიწყნაროს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს". დიდი მარხვისას წმინდა ანდრია კრიტელის ეს ლოცვა იგალობება, მიმართულია გამოსაფხიზლებლად და იმის შესახსენებლად, თუ რა ღრმა ძილს მისცემია სული. მარხვაც მღვიძარებისკენ მოწოდებაა. მღვიძარება კი ნიშნავს, რომ მარად გვახსოვდეს ღმერთი და მის სათნოდ ვცხოვრობდეთ. პავლე მოციქულიც ხომ შეგვაგონებს: "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდექით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით" (1 კორინ. 16, 13-14).

ჩვენს შეკითხვებს პასუხობს დეკანოზი დავით ციცქიშვილი:

- მართლმადიდებლური მოღვაწეობა ხორციელი სიამოვნებისა და განცხრომისგან თავშეკავებას გულისხმობს. ასეთ განცხრომად მოიაზრება ზღვარგადასული კვება და ძილიც. წმინდა მამები ღამეებს ლოცვაში ათენებდნენ. მონასტრებში ღვთისმსახურება ღამით აღესრულება. რა მნიშვნელობა აქვს სულიერი თვალსაზრისით ღამით ლოცვას?

- წმინდა თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს, რომ ღამე საუკეთესო დროა ლოცვისთვის, წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით კი "უფალი განსაკუთრებულ წყალობას გამოიმეტებს ღამეული მლოცველისთვის". ხდება ხოლმე, რომ ღამით გაგვეღვიძება და ვერაფრით ვიძინებთ, საწოლში ვტრიალებთ. ბოლოს შეიძლება ავდგეთ და ლოცვა დავიწყოთ. ამ დროს განსაკუთრებით შეიგრძნობა მადლის გარდამოსვლა. სხვანაირად გვინათდება გონება, სხვანაირი განწყობა გვეუფლება.

განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ ღამით ლოცვას უფრო მეტი სიდიადე ახლავს თან, უფრო მეტ ნაყოფს იძლევა, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში შესრულებული ეს ღვთისმსახურებითი წესი. კარგი იქნება, თუ წესად გავიხდით მღვიძარებას, ღამით ლოცვას. თუ დროზე ადრე გამოგვეღვიძა, არ დავიზაროთ, ავდგეთ და ვილოცოთ უფლის, ღვთისმშობლისა და ჩვენი მფარველი ანგელოზის მიმართ, რომელმაც სიფხიზლე მოგვგვარა.

მრავალნაირ საშუალებას მიმართავდნენ ბერ-მონაზვნები მღვიძარებისათვის. მაგალითად, ერთ-ერთი ბერი წერს, რომ სამფეხა სკამს დგამდა სენაკში; როდესაც ჩაეძინებოდა, ეს სკამი ვარდებოდა, თვითონაც ეცემოდა იატაკზე და ეღვიძებოდა. ამის შემდეგ ხელახლა იწყებდა ლოცვას.

- მაგრამ განუწყვეტელი ლოცვა და მღვიძარება მხოლოდ სულიერებით გამორჩეულ მოღვაწეებს ხელეწიფებათ. ეს ღვაწლი მათ სულიერ ძალებს კიდევ უფრო განამტკიცებს. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებმა, ხომ შეიძლება უძილობას ვერ გავუძლოთ?

- მართალს ბრძანებთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ღამისთევით ლოცვა და მღვიძარება ბერ-მონაზვნებისთვის დიდი სათნოებაა, ერისკაცისთვის კი ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ჩვენი საუკუნე მღელვარეა, დაძაბული, ამიტომ ზომიერ ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს ძალების აღდგენისთვის. თუ ღვაწლმოსილ მონაზვნებს შევედრებით, ამპარტავნება გვძლევს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ვიდებთ თავს ისეთ ღვაწლს, რომელიც არ ხელგვეწიფება, ეს შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

წმინდა იოსებ ისიქასტი წერს: "თითოეულმა ჩვენგანმა - ახალგაზრდამაც და მოხუცმაც, პატარამაც და დიდმაც - გამოიკვლიოს: თითოეული სიტყვით, რომელსაც იტყვის, ნაბიჯით, რომელსაც გადადგამს, მუდამ, ღამე იქნება თუ დღე, რამეს ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც არ მოსწონს ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს". მღვიძარება მუდმივი ხსოვნაა იმისა, რომ უფალი არსებობს.

- მღვიძარება იმიტომაც არის საჭირო, რომ ბოროტი ძალა მთელი დღე-ღამის განმავლობაში, განუწყვეტლივ გვიტევს...

- წმინდა იოანე კასიანე წერს: "უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი დემონი ყველა ვნებას კი არ აღუძრავს ადამიანს, არამედ ცალკეულ მანკიერებათათვის ცალკეული სულები არიან გამოყოფილნი. ზოგი უწმინდური, ბილწი ავხორცობისკენ გვიბიძგებს; ზოგი ღვთის გმობისკენ განგვაწყობს; ზოგი ჩვენს გააფთრებას, მრისხანებაში ჩაგდებას ცდილობს, ზოგი - მწუხარების გამოწვევას, ზოგი კი შთაგვაგონებს, რომ პატივმოყვარეობით, ამპარტავნებით ვიცეთ ნუგეში. ყოველი დემონი თითოეული ადამიანის გულში იმ ვნებას აღძრავს, რომლისკენაც იგი ყველაზე მეტად არის მიდრეკილი. ისინი მონაცვლეობით მოქმედებენ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უწყობს ხელს დრო, ადგილი და თვით კაცის მიმღებლობა". მრუშობის ვნების შესახებ კი წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "არის სული, რომელიც დაწოლისთანავე მოდის ჩვენთან და არაწმინდა, ბილწ ფიქრთა ისრებით გვგესლავს, რათა ამგვარი ფიქრებით დავიძინოთ და უწმინდურ სიზმრებში ჩავიძიროთ". არიან ისეთი ბოროტი სულებიც, რომლებიც გამოფხიზლებისთანავე გვიბილწავენ აზრებს.

- მრავალმხრივია ბოროტი ძალის ზემოქმედება. ხშირად იგი ინიღბება, თავს მალავს, ამიტომ მასთან ბრძოლა რთულია. განსაკუთრებით რა შემთხვევებში გვმართებს სიფხიზლის გამოჩენა?

- როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკის უდიდესი გამარჯვება ის იყო, რომ კაცობრიობას თავისი არარსებობა ჩააგონა. ბოროტი ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანი საცდურს წამოაგოს, რათა მის მიერ ჩაგონებული ცდუნებანი საკუთარ აზრებად მივიღოთ. თუკი გავაცნობიერებთ, რომ ამ აზრებს უცხო ძალა შთაგვაგონებს, მაშინ ბუნებრივია, წინააღმდეგობას გავუწევთ მას.

ვიდრე გვაცდუნებდეს, ეშმაკი ყურადღებით სწავლობს ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებებს, ჩვენს დადებით თუ უარყოფით დამოკიდებულებას მანკიერებათა მიმართ, გვაჩვევს, ჯერ მცირედით შევცოდოთ, ამავე დროს, გვამშვიდებს, გვაწვეთებს ასეთ აზრს: "დიდი ამბავი, ერთხელ თუ შესცოდე, მაინც წესიერი და სათნო ადამიანი ხარო". თუ დავყევით, მეორედაც გვიბიძგებს მსგავსი საქციელისკენ და ასე... ცოდვას ცოდვა მოჰყვება და სული გვიმძიმდება.Aასე იქცევა ცოდვა ჩვევად.

ბოროტი ძალა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ გვტოვებს. თუ დამარცხდა, ჯიუტად ელის ახალ შემთხვევას, რომ კვლავ გვაცდუნოს. Mმან იცის, რომ ადამიანი, რა მტკიცეც უნდა იყოს, შეიძლება მაინც წამოეგოს ანკესზე სულიერი მოდუნების, გაუფრთხილებლობის ჟამს. იცის, რომ ადამიანი განსაკუთრებით სუსტია დაღლილობისას, წყენისას და ელის, როდის მოვდუნდებით, რათა მძლავრად შემოგვიტიოს და გვიბიძგოს იმ ცოდვისაკენ, რომლისკენაც ყველაზე მეტად ვართ მიდრეკილნი.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "მართალია, ახლა სარწმუნოებისთვის არ ვიდევნებით, მაგრამ მღვიძარება მაინც საჭიროა, რადგან სჯულის წინააღმდეგნი, რომელნიც ყოველ დროში იყვნენ, დღეს კიდევ უფრო მომრავლდნენ. მაშასადამე, თუ ქრისტიანი დაიძინებს და მღვიძარე არ იქნება, განსაცდელში ადვილად ჩავარდება და თავის სულიერ საუნჯეს - სარწმუნოებას - მოაკლდება".

- ხშირად უაზროდ და უდიერად ვფლანგავთ ცხოვრებას - ყველაზე ძვირფას ძღვენს, ვივიწყებთ მის ხანმოკლეობას, ან სევდიანად ვიგონებთ წარსულს, ან ველით იმ მომავალს, როცა თითქოს დაიწყება ნამდვილი ცხოვრება. ნამდვილი ცხოვრება კი, ანუ ის, რაც ჩვენს რეალურ ცხოვრებას წარმოადგენს, უნაყოფო წუხილსა და ოცნებებში გადის". რა ვითარებაში იძენს ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მღვიძარება ანუ ყურადღების წარმართვა და კონცენტრირება?

- ეკლესიური მოღვაწეობის მთელ რიგ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყურადღების ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვას. იქნება ეს ლოცვა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა, თუ სხვა ღვთისმსახურებითი წესის შესრულება. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ვერ ხერხდება რა ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირება, მიღებული შედეგის გაუბრალოება, გაფერმკრთალება ხდება. ეს კი საეკლესიო წეს-ჩვეულებებით მოტანილი მადლის ნაკლებობას, შემცირებას იწვევს. ყურადღება ზოგადფსიქოლოგიური განმარტებით რაიმე მოვლენის, საგნის ნათლად აღქმის, გაცნობიერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. რასაც გარემო სამყაროდან გამოვყოფთ და მასზე ვაკეთებთ აქცენტს, ის სხვებთან შედარებით უფრო ნათლად განიცდება, იგი იმ მომენტში მთავარ ადგილს იჭერს ჩვენს ცნობიერებაში.

რა ვითარებაში იძენს ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყურადღების წარმართვა ამა თუ იმ მიმართულებით. მეტად დიდი როლი ენიჭება მას ლოცვის დროს. წმიდა მამათა მიხედვით, ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნათლად აღვიქვამდეთ ლოცვის სიტყვებს, ვფიქრობდეთ, ყურადღებას ვამახვილებდეთ მხოლოდ მასზე, რასაც ლოცვის შინაარსი გვაწვდის. ეს კი არცთუ იშვიათად არ ხერხდება. ხშირად ვიწყებთ რა ლოცვას, ყურადღება გვეფანტება და სულ სხვა რაღაცაზე გადაგვაქვს ფიქრი, ჩვენი გონება ყოფით თემებს, საკითხებს დასტრიალებს. ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის გამოსაყოფია ფაქტორები, რომლებიც ბოროტისეული შემოქმედების შედეგია და მიზეზები, რომლებიც ადამიანური ყოფით, მოღვაწეობით არის განსაზღვრული. ჯერ შევეხოთ პირველ მათგანს. ერთ-ერთი მეუდაბნოე ბერი ამბობს: "როცა ეშმაკი დაინახავს რა, რომ ვლოცულობთ და ვცდილობთ ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ, ამ დროს ყველა საშუალებას იყენებს, რამეთუ გაგვიფანტოს იგი, დიდ ხელოვნებას, გაწაფვას ამჟღავნებს ამ მიმართულებით. ამისთვის კი იმ ფიქრებს, თემებს იყენებს, რომლებიც განსაკუთრებით გვტანჯავს. გვირტყამს მგრძნობიარე, ყველაზე სუსტ ადგილებში, გვიჩენს ავხორცულ აზრებს, შთაგვაგონებს მათ, ვერცხლისმოყვარეს შესაბამისს, პატივმოყვარეს ამ ვნებასთან დაკავშირებულს... იმ ფიქრებით, რომლებიც ჩვეულებრივ, ლოცვის დროს მოგვდის, შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი სუსტი ადგილები, მოქმედი ვნებები და მივმართოთ ყურადღება მათ საწინააღმდეგოდ".

იგივე მეუდაბნოე აღნიშნავს: "ეშმაკი განსაკუთრებით ვერ იტანს მორწმუნე ხალხს და ყველას საშუალებით ცდილობს, გამარჯვება მოიპოვოს მათზე, შევიდეს მათ გულში. როცა ქრება (ფარული ხდება) ღვთაებრივი მადლი, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სულ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს (მთ 12,45. ლკ 11,16), საბრძოლველად. სწორედ ამაში მდგომარეობს განსაცდელის არსი. ოცნება - ეშმაკის ყველაზე მსუბუქი ფორმაა ბრძოლის, დაკავშირებული წარსულთან და მომავალთან. ოცნება კეთილ საქმეებზე და ბოროტ ქმედებებზე. ჩნდება სხვადასხვა აზრები და ისინი გონებას იპყრობენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს იესოს სახელის მოხმობას. ეშმაკი ცდილობს, კაცმა ყურადღება არ გამოიჩინოს ღმრთისადმი, არ გამოავლინოს სიყვარული მის მიმართ. უმთავრესად მეხსიერებაში ატივტივებს სხვადასხვა დაცემებს, ახლახან და წინარე წარსულში გადახდენილს... ოცნებას მუდმივად იესოს სახელის მოხმობა უნდა დავუპირისპიროთ, ყურადღების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. ვაჟკაცურად უნდა იდგე ლოცვის დროს და არ იფიქრო არც კეთილ და არც ბოროტ ქმედებებზე".

- მღვიძარებისა და ყურადღების სათანადო დონით გამოვლენის ერთ-ერთ ფაქტორს ნებისყოფაც წარმოადგენს. როგორ ვაიძულოთ თავი, ვიყოთ მღვიძარების მდგომარეობაში და არ დავიძინოთ სულით?

- ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის იძულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არ შეიმჩნევა ინტერესი, სურვილი, განწყობა რაიმე საქმიანობის შესასრულებლად, არადა ამის გაკეთება იმ დროისათვის მეტად სასურველია. მართლმადიდებლისათვის ძალისხმევის გამოჩენას, საკუთარი თავისადმი ძალდატანების მომენტს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ქრისტიანის ცხოვრება - მუდმივი ბრძოლაა, ხშირად ნებისყოფის სიმტკიცის გამოვლენა. "სასუფეველი ცათა იიძულების", - კითხულობთ სახარებაში. არცთუ იშვიათად, ადამიანს ერთი სურს, ქრისტიანული შეგნება, ღვაწლი კი სულ სხვას კარნახობს. ზოგჯერ დიდი სურვილი არა აქვთ ლოცვის, სასულიერო ლიტერატურის კითხვის, ეკლესიაში წირვაზე დასწრების, აღსარების თქმის, ხანდახან ეზარებათ, განწყობა არა აქვთ ამის, აზრს ვერ ხედავენ მათი შესრულების, მაგრამ ასეთ დროს მაინც უნდა აიძულო თავი და გააკეთო ეს. სასოწარკვეთილების, მრისხანების, სხვა ვნებათა შემოტევისას, არცთუ იშვიათად შეიმჩნევა იგი და თუ აყევი მათ, არაფერი გააკეთე საწინააღმდეგოდ, ეკლესიური წესების შესრულების თვალსაზრისით, შენი შინაგანი მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდება, უფრო მეტად გაეხვევი უხილავი ბოროტის ბადეში. იგივე ითქმის ლოცვისას, სასულიერი ლიტერატურის კითხვისას ყურადღების გამოჩენის თვალსაზრისით. აქაც, როცა დიდი სურვილი არა აქვთ ამის გაკეთების, გონება ეფანტებათ, სულ სხვა რამეზე ფიქრობენ, თუ არ აიძულეს საკუთარი თავი და ნებისყოფის დაძაბვით არ მოახდინეს ყურადღების კონცენტრირება, ბევრი დააკლდებათ ამ შემთხვევაში. ასეთ დროს ნებისყოფის სიმტკიცის გამოჩენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მღვიძარებისა და ყურადღების წარმართვის, მის სათანადო დონეზე გამოვლენის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განწყობაც ითვლება. იმისდა მიხედვით, თუ როგორია იგი, მეტად ან ნაკლებად ახერხებენ ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრირებას. დაღლილი დედა შეიძლება ძლიერმა ხმაურმა არ გააღვიძოს, მაგრამ ბავშვის პატარა გაფაჩუნებამაც კი უცბათ გამოაფხიზლოს. შვილთან დაკავშირებული შინაგანი მზაობა იწვევს ყურადღების გამახვილებას ამ მიმართულებით. განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოცვის დროსაც. დიდ ათონელ ბერს მამა პაისის შემდეგი კითხვა დაუსვეს: "ვლოცულობ რა ყოველდღიურად, ჩვეულებრივ საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდგომ ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: უფლისადმი აღვლენილი სიტყვების შემდეგ რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?" პასუხი ასეთი იყო: "განა როგორ შეიგრძნობ ლოცვას, როცა ამის წინ ამდენ ხანს ტელევიზორთან იჯექი და სხვადასხვა ცნობას ისმენდი, შემდეგ გამორთე და მაშინვე დაიწყე საღამოს ლოცვების კითხვა? კარგია, საერთოდ არ უყურო ტელევიზორს, მაგრამ თუ შეხედავ, მაშინ გამორთავ რა მას, ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო თავი წმიდა წერილიდან ან წმიდა მამათა თხზულებიდან, იმ მიზნით, რომ შესასვლელში შესვლის შემდეგ ლოცვის ადგილას მოხვდე. მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულით და პრობლემებით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით, დღის დაბრკოლებები იმოქმედებს ჩვენზე".

- სულიერი მოდუნების და დაძინების ერთ-ერთი გამოხატულება გულგრილობაცაა. სამწუხაროდ ამ სენის მომძლავრებას, არცთუ იშვიათად, ეკლესიაშიც ვხვდებით, რაც კიდევ უფრო მტკივნეულად აღსაქმელია... რით უნდა იყოს ეს გამოწვეული?

- დიახ, ეკლესიაშიც შეიმჩნევა ასეთი რამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავზე იღებენ ზედმეტ ღვაწლს: ბევრს აქტიურობენ, მარხულობენ, ლოცულობენ, ეწევიან ამა თუ იმ საქმიანობას. ამ დროს იმდენად იფიტება, ენერგია ეცლება კაცს, რომ უტყვი ხდება სხვისი გასაჭირისადმი, პრობლემების მიმართ, თითქოს ერთგვარი თავდაცვითი რეაქცია ირთვებაო, შეგრძნებაა, რომ სურვილი, ძალა აღარ არისო სხვის დასახმარებლად. როგორც კი სიტუაცია შეიქმნება გულისხმიერების, შემწეობის გამოსაჩენად, მაშინვე შემოდის თავის არიდების მოთხოვნილება, განცდა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეკლესიურ მოღვაწეობაში, ზომიერების დაცვა გახლავთ, რათა საკუთარი ძალები, ენერგია ისე საღად გაანაწილო, რომ თუნდაც შესაძლებლობა დაგრჩეს, დაეხმარო სხვას.

ბეჭდვა