შურისძიების ვნება დღევანდელ ცხოვრებაში კაცობრიობას განსაკუთრებით ებრძვის
შურისძიების ვნება დღევანდელ ცხოვრებაში კაცობრიობას განსაკუთრებით ებრძვის
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს? შური, ეს უმძიმესი ვნებაა ადამიანის გონში გაბატონებული, დღევანდელი ადამიანი დამძიმებულია ამ ცოდვებით, დაჩაგრულია იგი ამ საშინელი სენით. ხშირად შურის მიზეზი ხდება მატერიალური სიდუხჭირე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია გაბატონებულია. ხშირად ეს ცოდვა ხდება სათავე და მიზეზი მრავალი სხვა ცოდვისა, როგორიცაა მკვლელობა. წმინდა წერილიდან ვიცით, როგორ კლავს კაენი აბელს, ძმა, ძმას, როგორ იღვრება მიწაზე მართალი სისიხლი ამ უმძიმეს ცოდვის გამო.
შურისძიება როგორც ცოდვა და მიმტევებლობა როგორც სათნოება ყოველთვის ხდება სათავე ადამიანთა დაპირისპირებისა. შურისძიება ეს არის საშინელი ვნება, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში განსაკუთრებით ებრძვის კაცობრიობას. ეს გრძნობა ადამიანს აკარგვინებს საღად აზროვნების უნარს და მხოლოდ იმ ფიქრით ცხოვრობს, როგორ გადაუხადოს მეორე ადამიანს სამაგიერო. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში შურისძიება იმ ადამიანისთვის არის საზიანო, ვინც ამას განიზრახავს, რადგან ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოველთვის სამაგიერო გადაუხადოს მეორე ადამიანს ბოროტი განზრახვით, ის რჩება მადლის გარეშე. უმადლოთ დარჩენილი ადამიანი კი ბოროტი ძალისგან ადვილი სამართავი ხდება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მისი ამქვეყნად მოღვაწეობის დროს და ნაწამები ჯვარზე გაკრულიც მოგვიწოდებდა, რათა ვყოფილიყავით მოწყალენი, მიმტევებელნი, რასაც დღესდრეობით ვერ ვასრულებთ.

დღეს ადამიანს არ შესწევს უნარი შეასრულოს უფლის ეს მცნებები და თავს სხვადასხვა არგუმენტებით იმართლებს. მას მისი გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ სიბოროტით უპასუხეს და არ გამოიჩინეს მის მიერ მადლიერების გრძნობა. როდესაც შურისძიების გრძნობაშემოვა ყოველთვის უნდა დავუპირისპიროთ უფლის სიტყვები: "მიუტევე უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან". თითოეული ჩვენგანი უნდა ვხელმძღვანელობდეთ წმინდა წერილით და ნაკლებად ჩავარდებით ისეთ ცოდვაში, როგორიც არის: სიძულვილი, სიბოროტე, ღვარძლი. ეს იმ ცოდვათა მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც ადამიანი გამოჰყავს უფლის წიაღიდან და მიჰყავს ჯოჯოხეთის უფსკრულში. მიმტევებელი გულის მქონე ადამიანი, ყოველთვის ცდილობს სიყვარულით მოეპყრას ისეთ ადამიანს, რომელიც მის მიმართ გამოავლენს რაიმე ფორმით აგრესიას და ილოცებს ასეთი ადამიანისათვის, რათა უფალმა მიუტევოს მას ეს დიდი შეცდომა, რომელიც ბოროტის მანქანებით ჩაიდინა.თვითონ ადამიანს, როგორც უმაღლეს ქმნილებას და უფლის ხატებას და მსგავსებას, არ შეუძლია ბოროტების ჩადენა, ის მაშინ ხდება ბოროტების ჩამდენი, როდესაც ეშმაკს მისცემს საშუალებას მისით იმოქმედოს. ჩვენ უნდა გავაკეთოდ სიკეთე არა იმისათვის, რათა ადამიანებმა დაგვიფასონ და ჩვენი მადლიერნი იყვნენ, არამედ იმისათვის, რომ უფალს სათნოვეყოთ. "ყოველი კაცი ცრუ არს", ამბობს უფალი წმინდა წერილში. ამიტომ ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთე რჩება ადამიანებისგან დაუფასებელი, რაც ჩვენი გაღიზიანების მიზეზი ხდება. შევეცადოთ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით და ვაკეთოდ სიკეთე ისე, რომ სამადობელს არ დაველოდოთ. ასეთ ადამიანს უფალი გაათმაგებულ მადლს მიანიჭებს. ისეთ სიკეთეს ადამიანი ვერასოდეს გააკეთებს, რასაც მაცხოვარი უკეთებდა ადამაინებს მისი ამქვეყანაზე ცხოვრების პერიოდში. სამაგიეროდ, ის განკურნებული ხალხი მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, მაგრამ არც ამას გაუღიზიანებია უფალი, ჯვარიდანაც ლოცულობდა მათი გადარჩენისათვის და მათ შეწყალებას ითხოვდა. ხანდახან ადამიანებს გვავიწყდება, რომ ამქვეყანაზე დროებით ვართ და მარადიულ სამყოფელში უნდა გადავიდეთ. ამისათვის კი მომზადებაა საჭირო, რომელიც ამქვეყანაზე უნდა მოვასწროთ.

უფალი ბრძანებს: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა", რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც სიბოროტეს გვიკეთებს კი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ ვილოცოთ მასზე, რათა უფალმა გაუნათოს გონება. ლოცვას დიდი ძალა აქვს და ყოველივე ბოროტებას ამარცხებს, განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ ისეთი ადამიანების სულზე, რომელმაც ვერ შეინანა ამქვეყნად და წუთისოფლიდან ისე გავიდა.
უფალმა მოგვცეს სიყვარულის და მიმტევებლობის უნარი, რათა ჩვენში დავამარცხოთ ისეთი მავნე ვნებები, როგორიც არის სიძულვილი და შურისძიება.

ბეჭდვა
1კ1