მადლი
მადლი
მადლი დიდია ადამიანში მაშინ, როცა ღვთის სიყვარულია დიდი
მადლი უფლისა ადამიანებს სულიწმინდის მეშვეობით გვეძლევა. მისი მოხვეჭა ჩვენი მთავარი მისიაა, თუმცა ადვილი როდია. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ "მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს". თუ ბასილი დიდს დავესესხებით, -სულიწმინდის მადლი მზის სხივის მსგავსად ყველაზე ერთნაირად იღვრება, მაგრამ ყველას როდი აქვს უნარი მისი ერთნაირად მიღებისა. მადლის მიღება ნიშნავს არა სულიწმინდის ფიზიკურ მიახლოებას კაცთან, არამედ იმ ვნებათა განდევნას, რომელნიც კაცის სულში ცოდვით დაცემის
შედეგად შემოვიდა. სულიწმინდა განაბრწყინებს ბიწიერებათაგან განბანილებს და თავის თავთან ზიარებით სულიერებად აქცევს. სულიერებით ნათელშემოსილებს კი უკვე თავადაც შეუძლიათ მიღებული მადლის სხვებისათვის განაწილება, ისევე როგორც ელვარე და გამჭვირვალე სხეულს მასზე დაცემული მზის
სხივის არეკვლით ახალი სხივის წარმოშობა.

მადლის შესახებ გვესაუბრება ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

- მეუფეო, როგორ უნდა გვესმოდეს მადლის ცნება?

- მადლი ღვთით მოცემული სიკეთე და სიყვარულია, რომელსაც აქვს თვისება, ბუნება, უნარი, ჩვენით აღასრულოს უძლურთა კურნება, ნაკლულევანთა აღვსება, რომელმაც არცა სანაცვლოდ, არცა მოყვრობისათვის, არცა შიშისათვის კეთილი და ქველის საქმე აღასრულოს. უფალმან მდაბალთა ზედა განისვენოს, ხოლო "სიმდაბლე მადლი არს გამოუთქმელი", - ამბობს იოანე კიბისაღმწერელი.

- არსებობს გამოთქმა - ღვთის მადლითო, მაგრამ როდესაც უზენაესისგან ადამიანებზე გადასულ მადლზე საუბრობენ, უმეტესად მას სულიწმინდის მადლად იხსენიებენ, მაგალითად, ამ ადამიანმა სულიწმინდის მადლი მოიხვეჭაო. რატომ არის ასე?

- ღვთის მადლი და სულიწმინდის მადლი ერთი და იგივეა. აღდგომის შემდეგ უფალმა მოწაფეებს აღუთქვა "ძალი მაღლით". ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობას მათ მიიღეს მადლი - სულიწმინდის ძალა, რისი შეწევნითაც ქადაგებდნენ და ჭეშმარიტებას ახარებდნენ მრავალთ ქვეყნიერებაზე.

- რას გულისხმობს სულიწმინდის ნიჭი, შეიძლება თუ არა ისინიც მივიჩნიოთ ღვთის მადლის გამოვლინებად?

- ნაყოფი სულისა წმინდისა არის სიყვარული, სიხარული, მყუდროება, მარხვა... ეს არის მადლი ღვთისა. როგორც მოციქული პავლე ამბობს, "ჩვენთვის მოცემული მადლისამებრ სხვადასხვა ნიჭი გვაქვს..." მადლი დიდია ადამიანში მაშინ, როცა ღვთის სიყვარულია დიდი. მოციქული ამბობს, რომ მადლის გამოხატულება სხვადასხვაგვარია, ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესატყვისი, ამიტომაც ღვთის მადლით ზოგი სულგრძელია, ზოგი გლახაკთშემწყნარებელი, მშიერთა დამპურებელი, შინაგანი ლოცვის მატარებელი და სხვა.

- მადლი ადამიანზე უხილავად ზემოქმედებს...

- ხე ნაყოფით იცნობა. გულით ნატარები ღვთის სიყვარული, უფლის მცნებებისათვის თავდადება ხილულად საქმით ცხადდება. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს.

- როგორ ცვლის ადამიანს მადლის ზემოქმედება?

- ღვთის მადლით ადამიანი იძენს მთავარს - სიმდაბლეს. მდაბალი გონება არ განიკითხავს სხვას და ვერ ამჩნევს საკუთარ სათნოებებს.

- მავანზე ამბობენ ხოლმე, სახეზე მადლი ეფინაო. აისახება თუ არა ნაწილობრივ მაინც მადლი ადამიანის გარეგნობაზე?

- მოსე წინასწარმეტყველმა სინას მთაზე ღვთისაგან სჯულის ფიცრების მიღების შემდეგ სახე ტილოთი დაიფარა, რადგანაც ხალხი ვერ უძლებდა მისი გაბრწყინვებული პირის ხილვას, ის მათ თვალს ჭრიდა. ბასილი დიდის თქმით, შიში ღვთისა ვისაც აქვს, მას ეს ყველაფერზე ეტყობა - სიარულზე, ჩაცმაზე, საუბარზე, გარეგნობაზე.

- მოციქულთა სწავლებით, ადამიანი სულიწმინდის ტაძარია. როდის ხდება იგი მადლის დამტევნელი?

- თქვენ ხართ ტაძარი სულისა წმინდისა. ვინც გარყვნას იგი, ღმერთმაც გახრწნას სიწმინდის შემაგინებელი. მადლის დამკვიდრება მხოლოდ გამზადებულ სულს შეუძლია. მცნებების აღსრულებით განწმენდილი სული არის სულიწმინდის ტაძარი.

- როგორ ხდება მადლის მოხვეჭა?

- მადლის მოხვეჭა დღენიადაგ შრომით არის შესაძლებელი, დღისით და ღამით საძიებელი. "დაღვარე სისხლი და მიიღე მადლი", - გვასწავლიან წმინდა მამები.

- ადამიანებს, რომლებმაც უფალს მიუძღვნეს თავი და უარყვეს ეს ქვეყანა, თითქოს მადლის მოხვეჭის მეტი პირობა აქვთ, მონასტრებში დაუღალავად იღვწიან ცხონებისათვის. როგორია მადლის მიღების გზები ერისკაცისთვის?

- მონაზონსაც და ერისკაცსაც სიმდაბლე სჭირდება შრომაში, რადგან "უკეთუ არა იყოს სიმდაბლე, ყოველი შრომა ჩვენი ამაო არს". სხვა არის ბრძოლა ერისკაცისა და სხვა - მონაზონისა. ცხონების გზაზე მდაბლად მავალს საფრთხე და განსაცდელი ვერაფერს დააკლებს. თუ მონაზონი თავს აიმაღლებს და მოიწონებს თავის ღვაწლს, იგი მარილია ძალადაკარგული, ფეხით დასათრგუნი. ერის ადამიანი თუ გაამპარტავნდება თავისი ცოდნითა და ღვთისმოსაობით, იგი ნასხლავია ვაზისა, რომელიც ცეცხლში დაიწვება.

- რა შეიძლება გახდეს მადლის დაკარგვის მიზეზი?

- თავმოწონება საკუთარი ბუნებითი სიკეთით: ნიჭიერებით, გონიერებით, სილამაზით, - ამა თუ იმ საქმის კეთება, მედიდურობა და სხვისი განსჯა მადლს მოგვაშორებს.

- შესაძლოა თუ არა მადლის შეგრძნებამ ადამიანი ამპარტავნებაში ჩააგდოს?

- შესაძლოა. ამიტომაც ღმერთი ფარავს ჩვენგან მადლს და კეთილი საქმის სანაცვლოდ ყვედრება-კიცხვას ვიღებთ, რომ ამპარტავნების მგელმა არ მოგვტაცოს იგი.

- ხშირად ვიმეორებთ სერაფიმე საროველის ცნობილ სიტყვებს - მოიპოვე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასობით ცხონდებიანო. როგორ ხდება მადლის გავრცელება?

- როგორც მზეს არაფერი აკლდება ნათებისა და სითბოს გაცემისაგან და ამით ააღორძინებს, ზრდის, ათბობს, ნაყოფიერს ხდის მრავალს, ისე მადლით სავსე ადამიანი გასცემს სულის სითბოს - სინათლეს, თავად არ აკლდება, სხვას კი ზრდის და განამტკიცებს.

- რამდენად მოქმედებს ადამიანებზე უკეთური ხალხის გარემოცვა?

- სულის სანათი თვალია. თუ თვალი ბნელია, სულიც ბნელია. ასე რომ, უკეთური გარემო სითბოს ნაცვლად სიცივეს გასცემს, ნათელის სანაცვლოდ - სიბნელეს. კი არ ააღორძინებს, აკნინებს და სპობს. თუმცა ეკლესიის ისტორიაში, წმინდანთა ცხოვრებებიდან მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც სიბნელე ძლეულა და სასწაულის ძალით ათასები მოქცეულან.

- ხდება თუ არა მადლის მოპოვება ეკლესიის გარეშე?

- ჭეშმარიტება ერთია და ის არის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რადგან თავი ეკლესიისა თავად ქრისტეა, ამიტომ ეკლესიის გარეთ მაცხოვნებელი ძალა - მადლი არ არის.

- ზოგადად როგორ ხდება მადლის ზემოქმედება ეკლესიური საიდუმლოებების დროს თუ ღვთისმსახურებისას?

- ღვთის მადლით, წირვისას პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად გარდაიქცევა, ჯვრისწერისას ორნი შეერთდებიან და მთლიანდებიან, აღსარებისას ცოდვით დაწყლულებული სული განახლდება, ნათლობისას სულიწმინდის მადლი გარდამოდის ადამიანზე და მირონცხებით მისი შინაგანი განიწმინდება, ზეთი კურთხევისას საკურნებელ ძალას შეიძენს, ღვთისმსახურებისას მღვდელი ანგელოზთა თანაზიარად იქცევა და უფლის საიდუმლოებებს აღასრულებს.

- იკარგება თუ არა მადლი, როდესაც ამ საიდუმლოებებს უღირსი ღვთისმსახური ასრულებს ან თუ ემატება საღვთო მადლს საიდუმლოს შემსრულებელი პიროვნების მადლი?

- საიდუმლოებებს თავად ღმერთი აღასრულებს. წირვისას ანგელოზთა გუნდნი მსახურებენ დიაკვნებად, თავად უფალია მწირველი, სამღვდელო კი მხოლოდ მოქმედებების აღმასრულებელი. მღვდლის ნაკლოვანება სიწმინდეს, საიდუმლოს ვერაფერს აკლებს, ისე როგორც სუფთა წყარო არ შეიბღალება ცოდვილი ადამიანის მიახლებით. მადლი გადმოდის, ადამიანი კი მის გარეშე რჩება. თუ სამღვდელო შემართულია, მონდომებული, პატიოსანი, საიდუმლოს შესრულებისას თავმდაბალი და საკუთარი უღირსების დამნახავი, ამით სიწმინდეს კი არ შეემატება რამე, არამედ ამ სამღვდელოს მსახურებით ადამიანები კიდევ უფრო მკაფიოდ შეიგრძნობენ ღვთის მადლს და კიდევ უფრო გულმხურვალენი ხდებიან ღვთისათვის.

- ლოცვის დროს მიღებული მადლი სტიმულია უფლისაკენ სვლაში. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა შორს ვართ სრულყოფილი ლოცვისაგან. როგორი უნდა იყოს ჩვენი ლოცვა, რომ მისი მადლი შევიგრძნოთ?

- მშვიდი, აუჩქარებელი, გონებამოზღუდული. ამისთვის ლოცვის დაწყებამდე მამათა სწავლებების კითხვაა კარგი.

- როდესაც უფლისაგან სხვისთვის ითხოვენ რაიმეს, იტყვიან, ამ ადამიანის ლოცვის მადლითო. რა ძალა აქვს, რამდენად მადლიანია მოყვასისა თუ მტრისთვის აღვლენილი ლოცვა?

- მართალი სულის ადამიანის ლოცვას ღმერთი შეისმენს: მოყვასს განსაცდელს მოარიდებს, მტერს გულისხმისყოფას მისცემს. ღირსმა მამამ დავით გარეჯელმა ლოცვით წარმართი მთავარი ბუბაქარი მოაქცია - გონიერ ჰყო.

- ტაძარში ახალმოსულებს თავიდან უშურველად ეძლევათ სულიწმინდის მადლი, რაც შემდეგში უკვე დიდი ძალისხმევით მოიპოვება. რატომ ხდება ასე და რა განსხვავებაა ამ პირველ, უშურველად მიღებულ მადლსა და შრომით მომუშაკებულ მადლს შორის?

- დამწყებს პირველად სიმხნევისათვის ეძლევა მადლი, ბრძოლამ რომ არ დააფრთხოს, შეაშინოს; მადლი მას წაახალისებს. შემდეგ შრომით მოპოვებულ მადლს კი სწავლების ფუნქცია აქვს, რომ გვასწავლოს ცუდისა და კარგის გარჩევა.

- რა ნიშნით აძლევს უფალი ადამიანს სხვადასხვა მადლს, მაგალითად, კურნების მადლს?

- უფალი თვითონ არის მიმცემელი და გულთამხილავი. მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალია - სულიერ და ხორციელ სნეულებათა. ქრისტე ბევრ ადამიანს კურნავდა, მადლმოსილი სასწაულები სულიერ კურნებას აღასრულებდნენ.

- ზოგიერთ ადამიანს ცხოველები არ ერჩიან, წმინდანთა ცხოვრებებიდან უამრავი მაგალითი ვიცით, როდესაც მათ გამძვინვარებული მხეცები პირს არ აკარებდნენ. როგორ შეიგრძნობენ ცხოველები უფლის მადლს?

- უფლის დაშვებით მხეცები გლეჯდნენ მოწამეებს, წმინდა მამებს და უფლის დაშვებითვე მისი წარმოგზავნილი ანგელოზნი ფრთებით აჩერებდნენ გამხეცებულ ადამიანებს, გამძვინვარებულ სტიქიებს, პირსისხლიან მხეცებს. მხეცებს ადამიანის ენა ესმოდათ და თვინიერნი წმინდა მამების კურთხევით მწყემსავდნენ მონასტრის ნახირს, ფარას. მტაცებლობასაც კი თავს ანებებდნენ - ეს ღირსი შიოს ცხოვრებიდან ვიცით.

- მადლი ჩვენი ხორციელი თვალისთვის უხილავია, მხოლოდ მისით აღსრულებულ საქმეებს ვხედავთ. არსებობს თუ არა იგი მატერიალური სახით? შეიძლება თუ არა, თუნდაც აღდგომის ცეცხლი მადლის ერთ-ერთ ხილულ დასტურად ჩავთვალოთ?

- რა თქმა უნდა, აღდგომის ცეცხლი ჩვენდამი ღვთის სიყვარულის ნიშანია. მართლმადიდებელთათვის - სიხარული და სიმტკიცე, წარმართებისათვის კი მხილება და სირცხვილი. აღდგომის ცეცხლს პირველხანს მწველი თვისება არ აქვს, შემდეგ ჩვეულებრივი ხდება. ეს რომ დიდხანს გაგრძელდეს, ადამიანის გული ვერ გაუძლებს მდინარესავით მოვარდნილი მადლის მოქმედებას.

- იტყვიან, ამა თუ იმ ტაძარში დიდი მადლი იგრძნობაო. რას ნიშნავს მადლიანი ადგილი, რამდენად ზემოქმედებს ასეთი ადგილი ადამიანზე?

- ადგილები, სადაც აღსრულებულა უდიდესი სასწაულები - სინა, იერუსალიმი და სხვა, სადაც მამებს უღვაწიათ, ულოციათ - გარეჯი, პალესტინა, ათონი... მარავალი საუკუნის შემდეგაც ატარებენ ამ მადლს, ღვთის ძალას. ამას გრძნობს ყოველი ღვთისმოყვარე ადამიანი. ისინიც, რომლებიც არაეკლესიურები არიან, მრავლად მოდიან ასეთ ადგილებზე. მართალია, არ ესმით მათი მნიშვნელობა, მაგრამ ენით გამოუთქმელ სიდიადეს გრძნობენ, რასაც სახელს სხვაგვარად არქმევენ.

- მოჰყვება თუ არა მადლი სანთელს (მაგალითად, იერუსალიმისას) ან სიწმინდესთან შენახებ სხვა ნივთს?

- საგნების სიწმინდეზე შეხება ძველი საეკლესიო წესია. ამის მაგალითია უფლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მის უწმინდეს სახეზე შეხებით გამოისახა და მომდევნო საუკუნეებშიც არ დაუკარგავს ძალა. მოციქულები ქადაგებისას, როცა ხალხში დადიოდნენ, ჩრდილის გადავლითაც კი კურნავდნენ უძლურებს. ასეთი შემთხვევა მრავალია ეკლესიის ისტორიაში. დიდმარხვაში, ვნების შვიდეულში, თორმეტი ვნების სახარების კითხვის დროს დანთებულ სანთელს მთელი წელი ინახავენ და ლოცვისას ან სახარების კითხვისას ანთებენ. სიწმინდესთან შეხება არ ქრება უკვალოდ, მას კურნების ძალა აქვს. როდესაც IV საუკუნეში ელენე დედოფალმა იერუსალიმში სამი ჯვარი აღმოაჩინა და სურდა გაეგო, რომელი იყო იქიდან უფლისა. ჯვრები მიცვალებულს შეახეს და მაცხოვრის ჯვარმა მკვდრეთით აღადგინა იგი. უფალი შეხებით კურნავდა და მრავალს აღადგენდა. ღვთის მადლსა და კურნების ძალას ატარებს სიწმინდესთან შენახები ყველა საგანი, მაგრამ ადამიანის სარწმუნოებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის ამ მადლსა და კურნებას.

- არ შეიძლება გამოვტოვოთ წმინდა დავით გარეჯელი თავისი მადლის ქვით. სწორია თუ არა გამონათქვამი, დავითგარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის ტოლფასიაო?

- გარეჯის უდაბნოს მამათა ცხოვრებაში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ სამგზის გარეჯში ყოფნა იერუსალიმში ერთგზის მოლოცვას უდრის. იერუსალიმში მოსალოცად ჩასული ღირსი დავით გარეჯელი არ შევიდა ქალაქში, მისი კედლიდან აიღო სამი მადლის ქვა და დაბრუნდა მონასტერში. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს უფლის ანგელოზი გამოუჩნდა და აუწყა, - ღირს მამა დავითს იერუსალიმის მთელი მადლი მიაქვს. სამი ქვიდან დაატოვებინე ორი და ერთი გაატანე ძმათა სანუგეშოდო. ასე ჩამოაბრძანა ღირსმა მამამ გარეჯში მადლის მესამედი. მადლის ქვა მონასტრის მთავარ ტაძარში ინახებოდა მორწმუნეთა სანუგეშოდ, ბევრ სასწაულსაც აღასრულებდა, რაც მონასტრის ძმობამ ძველთაგანვე აღწერა და მომდევნო თაობებს შემოგვინახა. იერუსალიმის მთელი მადლი ღირსმა მამამ თავმდაბლობით წამოიღო. თავმდაბლობით მოლოცვა ამ სიწმინდისა, ძველი მამების სიტყვით, მართლაც იერუსალიმის კურთხევაა.

- მართებულია თუ არა ხალხური გამოთქმა - მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო?

- მამები გვასწავლიან: ქველის საქმე არ დაიმახსოვროთ, არ დათვალოთ, რომ ღვთისაგან გამზადებული ჯილდო არ დაკარგოთო. ამიტომ ვინც მადლს აკეთებს, ქებას კაცთაგან არ ელოდება, გაურბის დიდებას ღვთისაგან კურთხევის მომლოდინე. ვინც იმახსოვრებს, საკუთარ თავს მიაწერს აღსრულებულ სიკეთეს და თავს იწონებს, ამით მადლს განაგდებს.

- ზოგიერთს ყველაფერი კარგად გამოსდის ხელიდან. ასეთებზე ამბობენ, მადლიანი ხელი აქვთო. რამდენად აისახება მადლი ყოფით საქმიანობაზე?

- ყოფაში - ყველგან და ყველაფერში აისახება წმინდა გულით ნაკეთები საქმე. თუ გული წმინდაა, გონებაც წმინდას ფიქრობს და ხელიც მადლიანს აკეთებს.

- მადლთან მიმართებაში შეიძლება გამოვყოთ მადლიანი, მადლიერი და უმადური ადამიანები. რას იტყოდით მათ შესახებ?

- მადლიერება არის ხსოვნა ღვთის მოწყალებისა და მისი სიყვარულისა. მადლიერება დიდი ნიჭია.

- რამდენად მძიმე ცოდვაა უმადურობა?

- უმადურობა მძიმე ცოდვაა, რომელიც შეურაცხყოფს უფლის ჩვენთვის მოწამეობას და ემსგავსება იუდას შინაგამცემლობას, რომლის ბოლო საშინელია: ღვთის უარყოფა - საბელი თვითმკვლელისა.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვინც მადლობს ღმერთს, მას მეტი ეძლევა, მადლი უმრავლდება, ხოლო ვინც არ მადლობს, რაც აქვს, ისიც წაერთმევა.

- დაგვლოცეთ, მეუფეო!

- ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გატაროთ სულის ცხონების გზაზე.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვა
1კ1