თუკი შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!
თუკი შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!
იმ ხანებში როცა წმინდა ამბროსი მედიოლანის მღვდელმთავარი გახლდათ, თესალონიკის მოსახლეობა თავის მმართველ ბოტერიქეს აუჯანყდა, რომელიც იმპერატორ თეოდოსი დიდის პირადი მეგობარი იყო, და მოკლა იგი. ხელმწიფე ამის გამო დიდად განრისხდა და მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა აჯანყებულ მოქალაქეთა დასასჯელად; იმ დღეებში შვიდი ათასამდე თესალონიკელი იქნა მოკლული, რომელთა შორის ბევრი სრულიად უდანაშაულოც იყო, რადგან მეფის მეომრები სულაც არ ეძიებდნენ მმართველის მკვლელებს - ისინი ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ყველა შემხვედრს ხოცავდნენ განურჩევლად, მოხუცებსაც, ჭაბუკებსაც და ყრმებსაც კი.

როცა ეს ამბავი წმინდა ამბროსიმ შეიტყო, მეტისმეტად დამწუხრდა და მართალი რისხვით განურისხდა იმპერატორს ასეთი განუსჯელი სისხლისღვრისთვის. და აი, ერთხელაც, როცა ხელმწიფე თავის ამალასთან ერთად საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიაში დღესასწაულში მონაწილეობისათვის, წმინდა მღვდელმთავარი უშიშრად გამოვიდა მის შესახვედრად, ტაძარში შესასვლელი გადაუღობა და შემდეგი სიტყვებით ამხილა უსამართლო მკვლელობაში:

- არა ჯერ-არს შენდა, მეფეო, წმინდა ზიარებას მიეახლო ერთგულ ქრისტიანებთან ერთად, რადგან მიზეზი გახდი ესოდენი მკვლელობებისა და ჯერ არ შეგინანია შენი საქციელი!.. როგორ უნდა მიიღო ქრისტეს წმინდა სხეული იმ ხელებით, რომლებიც ქრისტიანთა უდანაშაულო სისხლითაა შეღებილი (ძველ დროში მორწმუნენი ხელში იღებდნენ ზიარების ნაწილთ და თვითონვე იდებდნენ პირში). ან კი როგორ მიიღებ ქრისტეს სისხლს იმ ბაგეებით, რომლებმაც ბრძანება წარმოთქვეს ხალხის სასტიკი ამოწყვეტის შესახებ?!.

- დავით მეფემაც ხომ შესცოდა, - შეეპასუხა იმპერატორი, - მანაც ხომ ჩაიდინა მკვლელობა და მრუშობა, მაგრამ ამისთვის არ მოჰკლებია ღმერთის წყალობას!..

მაგრამ წმინდა ამბროსიმ უპასუხა:

- თუკი შენ შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!

იმპერატორი ღრმად დამწუხრებული დაბრუნდა სასახლეში და გულწრფელად ნანობდა თავის შეცოდებას. მალე მან ზედმიწევნით აღასრულა ის ეპიტიმია, რომელიც წმინდა ამბროსიმ განუწესა: საჯაროდ მოინანია თავისი ცოდვა, ქვე იყო დამხობილი ეკლესიის წინ სხვა მონანულებთან ერთად როგორც უბრალო მლოცველი და ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა; ამასობაში ქრისტეს შობის დღესასწაულიც დადგა, თეოდოსი კი თვალცრემლიანი იჯდა სასახლეში და ფიქრობდა, აი, ჩემს მსახურთა და გლახაკთათვის ღიაა ტაძარი, ჩემთვის კი, ამ დღესასწაულზე იგი მიუწვდომელიაო. როცა მეფის დამწუხრების მიზეზი შეიტყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული კარისკაცი რუთინე სასწრაფოდ წმინდა ამბროსისთან გაეშურა, რათა დაეთანხმებინა იგი ეპიტიმიის მოხსნაზე. მის კვალად ეკლესიაში თვით თეოდოსიც მოვიდა. წმინდა მღვდელმთავარმა თავიდან მკაცრად მიიღო ხელმწიფე, და იცოდა რა მისი გულფიცხი ხასიათი, დაჟინებით მოსთხოვა ისეთი კანონის მიღება, რომლითაც სამსჯავროთა განაჩენები სიკვდილით დასჯისა და ქონების ჩამორთმევის შესახებ უნდა დამტკიცებულიყო მხოლოდ 39 დღის შემდეგ. იმპერატორი დათანხმდა და დაშვებულ იქნა ეკლესიაში. აქაც მან ღრმა სინანული გამოხატა თავისი შეცოდების გამო: ქვე¬დამხობილი შუბლს იატაკს სცემდა და ცრემლებით დაალტობდა ფილაქანს. ამის შემდეგ ამბროსიმ, ბოლოს, წმინდა ზიარების მიღების ნებაც დართო იმპერატორს. ხელმწიფემ საკურთხეველში შესვლა დააპირა, რადგან ფიქრობდა უწინდებურად მღვდელმსახურებთან ერთად უნდა მივიღო ზიარებაო, მაგრამ წმინდა ამბროსიმ მთავარდიაკვანი გამოუგზავნა გარეთ და უბრძანა, საკურთხევლის წინ დაელოდე ზიარების მიღებას სხვა ერისკაცებთან ერთადო; ამასთან ესეც შეუთვალა მეფეს - "ძოწეული მხოლოდ სამეფო ღირსებას შეგძენს, და არა სამღვდელოსაცო". ხელმწიფემ მორჩილად მოისმინა ეპისკოპოსის ბრძანება და სხვა მორწმუნეებთან ერთად დადგა საკურთხევლის წინ. თუმცა მან ისიც უთხრა მთავარდიაკვანს, რომ კონსტანტინოპოლში არსებობს ჩვეულება მეფეთა საკურთხეველში ზიარებისა მღვდელმსახურებთან ერთად. შემდგომში, კონსტანტინოპოლში ყოფნისას იმპერატორი თეოდოსი არ შევიდა ზიარებისთვის საკურთხეველში და პატრიარქ ნექტარიოსის შეკითხვაზე, რატომ საკურთხეველში არ შემობრძანდები სამეფო ჩვეულებისამებრ და უბრალო მორწმუნე ერთან ერთად მის გარეთ რად ელოდები წმინდა ზიარებასო, ამოოხვრით მიუგო:

- აქამდე არ ვუწყოდი განსხვავება მეფესა და ეპისკოპოსს შორის, აწ კი ვიცი, რადგან ვისწავლე ეს სიმართლის მოძღვარ ამბროსისგან, რომელიც ერთი იმსახურებს ეპისკოპოსის წოდებას!..
ბეჭდვა
1კ1