სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის
სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.

ჩვენი ვალია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სნეულების ჟამს, რათა მისი სიმძაფრე შევამსუბუქოთ, სულისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ, უნდა ვიცოდეთ, რისი აღსრულება გვმართებს, რომ სიკვდილის უზომოდ არ გვეშინოდეს და მას ზედმეტი შფოთის გარეშე შევხვდეთ.
ეპისკოპოსი პეტრე

როდესაც დაუძლურდები, წარმოთქვი: ნეტარია, ვინც ღირსი გახდება, ღმერთმა გამოსცადოს იმით, რის გამოც ცხოვრებას დაიმკვიდრებს. სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვებია: "შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღვწის მოშურნედ სულის ხსნისთვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და მის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

ღმერთი იმიტომ უშვებს განსაცდელს ზარმაც ადამიანზე, რომ მან იფიქროს განსაცდელებზე და არა - ამაოზე. ღმერთი ამას მის მოყვარეებს მოუვლენს, რათა გულისხმისყოფაში ჩააგდოს, განაბრძნოს და განსწავლოს თვისი ნებისაებრ და როდესაც შეჰღაღადებენ, არ შეისმენს მათ ხმას იქამდე, ვიდრე სნეულებით დაუძლურებულნი უეჭველად შეიცნობენ, რომ ეს განსაცდელი დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო მოეწიათ.
წმინდა ისააკ ასური

სხეულის ჯანმრთელობაც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელიც ბრძანებს: "მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა" (2 რჯლ. 32,39). ამდენად, როდესაც ღმერთი ინებებს, გვანიჭებს ჯანმრთელობას მკურნალთა ხელით, ზოგჯერ კი - სიტყვით.

ტანჯვის გახანგრძლივება თუ შემოკლება ღმერთის განგებით ხდება. ამიტომ ისინი, ვინც სრულად მიენდვნენ ღმერთს, არ ზრუნავენ საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთი თავისი ნებით აღასრულებს მათთვის სასარგებლოს.

ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34,10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება - სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხვინის" (რომ. 5,3,4).
წმინდა ბარსანოფი დიდი

წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.

* როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!

* თუკი ხედავ, რომ მართალს ბოროტი აღსასრული მოევლინა, ნუ დაეცემი სულიერად, რადგან უბედურება ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებს. ღმერთი ზოგიერთს მიწაზევე სჯის, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს ან სრულიად გაათავისუფლოს მისგან. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ხომალდთან ერთად დაინთქა ზღვაში, სახლის ნანგრევებში მოჰყვა, მდინარეში დაიხრჩო ან სხვაგვარი მძლავრებით აღესრულა, სხვები კი მასავით ან მასზე მეტად სცოდავენ და ცოცხლები და უვნებლები არიან, ნუ შეშფოთდები და ნუ იტყვი - ერთნაირად შემცოდენი რატომ ერთნაირადვე არ დაიხოცნენ? ღმერთი ზოგიერთს სხვისი ხელით სიკვდილს მოუვლენს, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს, ან მის ცოდვილ ცხოვრებას წყვეტს, რათა უსჯულოების გამრავლებით უფრო დიდი სასჯელი არ დაიმსახუროს. სხვას კი ამგვარ სიკვდილს არ უგზავნის, რათა, პირველის მაგალითით განსწავლული, გამოსწორდეს. თუკი ისინი არ სწორდებიან, დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ მათი უზრუნველობა.
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვა
1კ1