სულისა და სხეულის მკურნალი
სულისა და სხეულის მკურნალი
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უხერხული შედარებაა, მაგრამ მოძღვრისა და ექიმის პროფესია ხომ ასე ახლოსაა ერთმანეთთან. ორივეს მიზანი კურნებაა: მოძღვარი ცდილობს ადამიანის სული განკურნოს ცოდვებისაგან, ექიმი კი სხეულის განკურნებაზე ზრუნავს. იყო დრო, როცა სამღვდელოება გვევლინებოდა არა მარტო სულის, არამედ "ხორცის მკურნალადაც". საეკლესიო მედიცინის დასახასიათებლად საქართველოში მეტად მდიდარი ფაქტობრივი მასალები მოგვეპოვება მხატვრული და ისტორიული ძეგლების სახით. ამ ცნობებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონასტრებში ავადმყოფებს კურნავდნენ არა მხოლოდ რელიგიური რიტუალებით, არამედ რაციონალური სამკურნალო საშუალებებითაც. სამღვდელოება გვევლინებოდა არა მარტო მკურნალად, არამედ დიდ როლს ასრულებდა მედიცინის განვითარებაში. მონასტრებთან არსებულ სამკურნალო და საგანმანათლებლო კერებში ავადმყოფთა მკურნალობასთან ერთად წარმოებდა სამკურნალო საქმის სწავლება. ძველი მონასტრების წესდებით სასნეულოები მონასტრის მშენებლობის გეგმაში იყო გათვალისწინებული. საექიმო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა ეკისრებოდა მონასტრის წინამძღვარს, რომელიც პრაქტიკულ ექიმობასთან ერთად სამედიცინო ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ესენი იყვნენ: პეტრე იბერი, მარტვირი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, გიორგი მთაწმინდელი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე პეტრიწი და სხვები. მონასტრის მოღვაწენი თარგმნიდნენ და წერდნენ ზოგადბიოლოგიურ და ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტრაქტატებს. ისინი განიხილავდნენ სამყაროს, ბუნებისა და ადამიანის შექმნისა და გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის საკითხებს, ადამიანის სხეულის აგებულების, ცხოველმყოფელობის, სიჯანსაღისა და ავადმყოფობის არსს. ძველ საქართველოში თითქმის ყველა დიდ ტაძარს ჰქონდა სამედიცინო-კულტურული ცენტრები და საავადმყოფოები. უკანასკნელი გამოკვლევებით საბოლოოდ დადგენილია საქართველოში სატაძრო მედიცინის, სამედიცინო-კულტურული ცენტრებისა და საავადმყოფოების არსებობა ათონის ივერთა მონასტერში, საბაწმინდის ქართველთა ლავრაში, გელათის მონასტერთან, ტაო-კლარჯეთის საეკლესიო-კულტურულ ცენტრებთან და ა.შ. წმინდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი, უვერცხლოდ მკურნალი კოზმან და დამიანე, წმინდა მოწამე კვიპრიანე, წმინდა მოწამე იოანე მართალი, იოანე კრონშტადტელი და მრავალი სხვა, უპირველეს ყოვლისა, კურნავდნენ სულს, შემდეგ კი - სხეულს, ვინაიდან უკვდავი სული ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მოკვდავი, ხრწნადი სხეული. მათ მიერ განკურნებულ ადამიანებს ეცვლებოდათ ცხოვრების წესი, უმტკიცდებოდათ სარწმუნოება, მათი სულიც იწმინდებოდა ვნებებისაგან. სულიერი მოძღვრის მოვალეობაც ხომ სწორედ ესაა - განკურნოს სული. უფალმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, გვჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ ღვთის გარეშე არ შეგვიძლია სულიერ წარმატებას მივაღწიოთ. აუცილებლად გვჭირდება "ხელმძღვანელი", ის, ვინც დაგვარიგებს, უხელმძღვანელებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მივმართავთ არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც.

საეკლესიო სწავლების თანახმად, მოძღვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მოძღვარმა, სულიერების რა საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ფხიზლად უნდა ადევნოს თვალყური სულიწმინდის მოქმედებას ადამიანზე და მოამზადოს იგი სულიწმინდის მადლის მისაღებად, ამავე დროს დაიცვას და დაიფაროს იგი საცდურის, დაცემისა და რწმენაში ორჭოფობისგან. მოძღვრის ღვაწლი, ერთი მხრივ, ამ დროს შეიძლება ნაკლებად აქტიური გვეჩვენოს, მეორე მხრივ კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია.

სერაფიმე საროველი ამბობს: - იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი გამოჯანმრთელება. ამით კი იგი იმეორებს იმას, რაც წერია ზირაქის წიგნის 38-ე თავში. იქ ნათქვამია, რომ ჭეშმარიტად ღმერთმა შექმნა ექიმიც, წამალიც და მისცა მას ძალა კურნებისა. მოძღვრის მსგავსად ექიმის პროფესიაც მუდმივ თავდადებას მოითხოვს ადამიანისგან. ეს პროფესია განუწყვეტლივ სწავლას, წლების გამოცდილებას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ექიმებს საკმაოდ დაძაბული და გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ამ პროფესიამ არ იცის დრო და ადგილი. მედიცინის ძველი ემბლემაა სანთელი, ე.ი. უნათებდე და იწვოდე, შენ უნდა დაიხარჯო იმისათვის, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდეს.

ექიმს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მედიცინაში უმთავრესად ყველაფერი ღვთის შეწევნაზეა დამოკიდებული. ამიტომ იგი უნდა შეეცადოს, საღმრთო მადლის ჭურჭელი გახდეს. ექიმი, რომელიც ერთდროულად კარგი და კეთილი ქრისტიანია და ამავე დროს კარგი სპეციალისტიცაა, ავადმყოფებს თავისი სიკეთითა და თავისი სარწმუნოებით ეხმარება, რამდენადაც უნერგავს მათ, რომ ავადმყოფობას ვაჟკაცურად და რწმენით დაუხვდნენ. როდესაც საქმე სერიოზულ ავადმყოფობასთან აქვს, ექიმმა ავადმყოფს უნდა უთხრას: "მედიცინა თავისთავად, თავისი შესაძლებლობებით ამ დონეზეა განვითარებული, თუმცა იქ, სადაც ადამიანური ცოდნა საკმარისი არ არის, არსებობს ღმერთი, რომელიც სასწაულებს აღასრულებს". ალბათ, ძალიან დიდი შინაგანი ძალააა საჭირო იმისათვის, რომ სხვისი ტვირთის, ტკივილის შემსუბუქება შეძლო.
ბეჭდვა
1კ1