უვერცხლონი
უვერცხლონი
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ

წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "აღსარება ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელთაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს. აღსარება მოთხოვნაა ეკლესიისა, რათა დაეხმაროს ადამიანს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს... არავინ მივა ექიმთან, რათა საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს; მიდიან იმისთვის, რომ წყლულები აჩვენონ. არავინ მივა მოძღვართან საკუთარი სიმართლით თავის მოსაწონებლად; მიდიან იმისთვის, რომ თავიანთი სიმართლის სახიფათო ბზარი დაანახვონ. სამკურნალოდ მისული ადამიანი სიამაყეს საავადმყოფოს კართან ტოვებს; ნეტარ არს, ვინც უკან დაბრუნებისას მას აღარ გაიხსენებს. ღმერთმა ინებოს, ტაძრიდან გამოსვლის დროს იგი სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს".

"არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა", - გვასწავლის სახარება. მაცხოვარი ამქვეყნად მოვიდა არა როგორც მსაჯული, არამედ როგორც მკურნალი, რათა ყველას, ვისაც გადარGენა სურს, ვინც გრძნობს, რომ სჭირდება მხსნელი, თავისი მაცხოვნებელი მადლი მიანიჭოს. მოძღვარი აღმსარებელს სულიერი სალმობისაგან - ცოდვებისაგან - ათავისუფლებს, ექიმი კი ხორციელი სნეულებისაგან კურნავს, თუმცა უმეტესად ცოდვებში იმალება მიზეზი ხორციელი სატკივარისაც... როდესაც ავად გავხდებით, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ, გავაანალიზოთ, რამდენად დავცილდით ღმერთს, რამდენად შევბილწეთ და დავამახინჯეთ ღვთის ის ხატება, რომელიც ჩვენშია.

გვესაუბრება წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- მამაო, თვალი გადავავლოთ - რას გვასწავლის ქრისტიანული მკურნალობის ისტორია ადამიანის და მისი ავადმყოფობის შესახებ, რა შეხედულებებით ხელმძღვანელობს ის სნეულთან მიმართებით?

- უდავოა, რომ ეს მიმართება გამომდინარეობს ადამიანისა და სამყაროს საერთო სურათიდან, ექიმის განსაკუთრებული სულიერი კულტურიდან, რომელიც მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას ეყრდნობა. ადამიანის სულისა და ხორცის რეალურ შეცნობას სხეულის "ბუნებრივი საშუალებებით" მკურნალობის აუცილებლობის გაგება მოსდევს. უარყოფა იმისა, რომ ავადმყოფობის დროს ბუნებრივი ხორციელი კანონზომიერებების აღდგენა შესაძლებელია, ის ცრურწმენაა, ღირსი კირილე რომ ებრძოდა. ბუნებრივი მედიცინა სადავო როდია, ის აუცილებლადაც კი ითვლება, მაგრამ საკმარისი არ არის.

სულზე მზრუნველობა, რომელიც თან ახლავს მკურნალობას სნეულის რწმენისა და იმედის განსამტკიცებლად, მისთვის ლოცვაში ვლინდება, ხოლო უკურნებელ სნეულებათა შემთხვევაში ლოცვა ქრისტიანულად ამზადებს სიკვდილისა და მარადიული ცხოვრებისათვის. ლოცვის თანაგრძნობისა და ნუგეშის სიტყვები აუცილებელი სამკურნალო ფაქტორია. მით უმეტეს, რომ თვით განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე ზიარების საიდუმლოს საშუალებით განკურნების პროცესში მონაწილეობს. ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იესო ქრისტე "სულისა და ხორცის მკურნალად" იწოდება, ხოლო თვით მკურნალობა - კურთხეულ ნიჭად.

- რა როლი ენიჭება რწმენის ფაქტორს ავადმყოფებისა და მედიკოსებისათვის?

- მორწმუნე ავადმყოფებისა და მედიკოსებისათვის ღმერთი ხსნის, სულიერი საზრდოობის, ზნეობრივი მხარდაჭერის, ემოციური ნუგეშის, გონების მოკრებისა და ხორციელი გაძლიერების დაულევნელი წყაროა. მისდამი რწმენა ექიმებს ეხმარება იყვნენ გულმოწყალენი, ავადმყოფის მდგომარეობასა და საჭიროებას თანაუგრძნონ, შეძლონ მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა, არა იმდენად იმისთვის, რომ მასთან ერთად სტკიოდეთ და კვდებოდნენ, არამედ რათა მასთან ერთად გამოჯანმრთელდნენ ან მარადიულ ცხოვრებაში გააცილონ იგი. სულიერად ძლიერი ექიმი ავადმყოფს ამხნევებს და რწმენას უნერგავს, მისი სიტყვები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სულიერად სუსტი ექიმისა.

ქრისტიანული თანაგრძნობის სულს ბევრი წმინდა მამა გვინერგავს, ისინი გვასწავლიან, რომ, თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, როგორც ბრძოლაში მოწყლულ მეომარს, ისე ვუმკურნალოთ.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც თავის ნახევარ საუკუნეზე უფრო გრძელ საექიმო გამოცდილებასაც ეყრდნობა, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია. მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როდესაც ადამიანის თითი მიეკარება, მღერის ან ტირის: "ეს ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა ამაზეა დამყარებული. თუკი ექიმს ამგვარი დამოკიდებულება აქვს ავადმყოფთან, თუკი მოძღვარი თავისთავად ამგვარად ექცევა ჯანმრთელსა თუ სნეულს - მაშინ იქმნება სრულიად ახალი ურთიერთობები".

- ალბათ, მეორე მხრივ, ავადმყოფის ტანჯვის გარდამეტებული განცდა სახიფათოა ექიმისათვის...

- დიახ. ყოველ პაციენტთან ერთად "სიკვდილი" და სანტიმენტალობა თვით ექიმის სიცოცხლეს ამოკლებს. ქრისტიანული მედიცინა ოქროს შუალედს ეყრდნობა: ერთი მხრივ, დისტანცია და განრიდება ავადმყოფისაგან, რადგან შეუძლებელია სიცოცხლე აჩუქო მას, ვისი სიცოცხლეც ღვთის ხელშია, ხოლო მეორე მხრივ - გვერდში დგომა, რათა ავადმყოფობისა და სიკვდილის ტრაგიკული გარდაუვალობის მიღებაში დაეხმარო.

მკურნალობა მარტო საბოლოო მიზნად კი არ უნდა დავისახოთ, რადგან ის, როგორც ექიმისა და ტანჯული მოყვასის სულის ხსნის საშუალება, მათ შესაძლებლობას აძლევს, არასასურველ გამოსავალს შეეგუონ და შინაგანი სიმშვიდით და მომავალი ცხოვრების იმედით მიიღონ სიკვდილი. რა თქმა უნდა, ამავე დროს ყველაფერი კეთდება ავადმყოფის გადასარჩენად. მკურნალობისადმი, როგორც "იარაღის" და არა როგორც მიზნისადმი, დამოკიდებულება უკუაგდებს წარმართულ მკურნალობასა და მისნობას, რომელიც თანამედროვე ოკულტიზმის, აღმოსავლურ-მისტიკური და აშკარად სატანისტური მკურნალობის მეთოდების წინასახეა.

მართლმადიდებელი მედიცინა ქრისტეს სიყვარულზე, კაცთმოყვარეობასა და გულმოწყალებაზეა დაფუძნებული, ის შეკავშირებულია სამედიცინო და ფსიქოლოგიური ცოდნის წიგნიერად გამოყენების უნართან და ასევე ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე საღვთო განგებულების მოქმედებას ითვალისწინებს.

- როგორ უნდა აღვიქვათ ავადმყოფობა, საბედისწერო სიტუაცია?

- უფალი ავადმყოფობას ყოველთვის თავისი განგებულების აღსრულების იარაღად იყენებს: დასასჯელად (1 კორ. 1,1; 27-30), გამოსასწორებლად (1 კორ. 5; 1-5); ცოდვის "პროფილაქტიკისთვის" (2 კორ. 12; 7-16), გამოსაცდელად (იობი. 2) და ა.შ. ზოგიერთი ავადმყოფობა, თუმცა ცოდვას პირდაპირ არ უკავშირდება, იმისთვის გვევლინება, რომ "გაცხადნეს საქმენი ღვთისა" (იოან. 1; 1-3), ან მაშინ, როცა "ესე სნეულებაი არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან" (იოან. 11; 4). დაბოლოს, ბიბლია ლაპარაკობს ქრისტეს გამომსყიდველი ვნების განსაკუთრებულობაზე: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი... მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნენით" (ეს. 53; 4-5). ღმერთი უგზავნის ადამიანს სნეულებას, რადგან თუკი ის არ დრტვინავს და მადლობს უფალს, უმაღლესი დიდების ღირსი ხდება. ის ასკეტ-მეუდაბნოეს ემსგავსება.Mმაგრამ თუკი ავადმყოფობა ფრიად გავრცელებული რამ არის, სამაგიეროდ, მეუდაბნოეობის ასკეტური ღვაწლი მრავალთა ხვედრი როდია.

- როგორც ცნობილია, ავადმყოფობის საშუალებით გადარჩენა და სულიერი სრულყოფილების მოხვეჭა მხოლოდ ავადმყოფს კი არა, მის მომვლელსაც შეუძლია...

- ორივე ქრისტიანი - ავადმყოფი და მისი მომვლელი - ერთ ჯილდოს მიიღებს. სნეულთა გონიერი მსახურება თანაგრძნობის გაღვივებასა და ცოდვილ ვნებებზე გამარჯვებას უწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით ამბა დოროთე ამბობდა, რომ ავადმყოფი უფრო არგებს ექიმს, ვიდრე ექიმი - ავადმყოფს.

"თუ რანაირად გვეხმარება ხსნის საქმეში ის, რასაც ღმერთი მოგვივლენს, არც კი უნდა ვეძიოთ, რადგან შეიძლება მაინც ვერ მივხვდეთ, - გვასწავლის თეოფანე დაყუდებული, - ავადმყოფობას ღმერთი ზოგს სასჯელად უვლენს, ზოგს - ეპიტიმიის სახით, ზოგს - განსასწავლად, იმისთვის, რომ გონს მოვიდეს, ზოგს - რათა იხსნას უბედურებისაგან, რომელშიც ჯანმრთელი აუცილებლად ჩავარდებოდა. ზოგს - იმისთვის, რომ ღვთის წინაშე მოთმინება აჩვენოს და ამით უმეტესი ჯილდო დაიმსახუროს, ზოგს - ყოველგვარ ვნებათაგან განსაწმენდელად და სხვა მიზეზთა გამო".

ღვთის მიერ დაშვებული სნეულებანი ან ბუნებრივ მიზეზთა სახით წარმოიშობიან (ტობ. 2; 9-10), ან წმინდა ანგელოზების მოქმედების შედეგად (საქმე 12; 21-23). სხვადასხვა მოტივისა და მიზეზის დამთხვევით ყველაფერი ისეა გადახლართული ერთმანეთში, რომ ძნელია მათგან მთავარი და მეორეხარისხოვანი გამოარჩიო. მაგალითად, მართალი იობის ავადმყოფობა განპირობებული იყო სატანის ხრიკებით, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უფალმა სიკეთედ გარდაქმნა. ყოვლადძლიერმა ამით შეარცხვინა სატანა, ხოლო წმინდანს მოწამის გვირგვინი უბოძა.

სიძაბუნე, უძლურება და ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება უნდა გავიგოთ ან როგორც ღვთის მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული, ან მოთმინება იმ ცოდვათაგან გასაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებდით, ან როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის "გვირგვინს მოიხვეჭს". სწორედ ამაში მდგომარეობს არსი ქრისტიანული შეხედულებისა ავადმყოფობაზე როგორც "ღვთის მოწოდებაზე".

- რამდენად შეეწევა ავადმყოფობის გადატანას სულიერი ღვაწლი (ლოცვა, მარხვა, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა)?

- სულიერი ღვაწლი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მოითხოვს ტანჯვის შეძლებისდაგვარ დათმენას, რომელიც არ გამორიცხავს საექიმო დახმარებას. მეორე მხრივ, კურნებას ექიმისაგან კი არა, მისგან - ქრისტესგან - "სულისა და სხეულის მკურნალისგან უნდა ველოდეთ.

ავადმყოფის მრავლისდამტევი სულიერი აზრი ბრწყინვალედ გამოხატა მღვდელმთავარმა ტიხონ ზადონელმა (XVIII ს.): "ავადმყოფობის დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ადამიანური ცხოვრება ჰგავს ყვავილს, რომელიც გაფურჩქვნისთანავე ჭკნება და ღრუბლებს, რომლებიც იფანტებიან და კვალს არ ტოვებენ; რომ ჩვენი დღეები ჩრდილივით ქრებიან, რომ ჩვენი სხეული მინდვრის ბალახივით ხმება, რომ ყველაზე ჯანსაღი ადამიანის ცხოვრებაც კი ერთი ამოსუნთქვაა, რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად ის მოკლდება და რომ პულსის ცემა, ისევე როგორც საათის წიკწიკი, ადამიანის უკანასკნელ წუთებს აახლოებს მაშინ, როცა ის ფიქრობს, რომ ამ ამ წუთებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავადმყოფობა (განსაკუთრებით - მძიმე) გვეხმარება შევასრულოთ რჩევა ყოვლადბრძენისა: "ყოველ საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და აღარასოდეს ჩაიდენ ცოდვას" (ზირ. 7; 36).

- რამდენად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ავადმყოფობა არის ფასეულობათა გადაფასების იმპულსი?

- საინტერესოა, ავადმყოფობის სულიერ მნიშვნელობაზე მართლმადიდებლური შეხედულება გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსისა და ექიმის, კარლ იასპერსის პოზიციასთან შევადაროთ. მძიმე სნეულებას, სიკვდილს, საბედისწერო შემთხვევითობას ადამიანის არსებობაში ის ზღვრულ, ანუ ძირითად სიტუაციას უწოდებდა. ჩვენ უძლურნი ვართ მათ წინაშე, უკეთეს შემთხვევაში კი მათში, ისიც - რაღაც მოცემულ მომენტში, მხოლოდ კორექტივების შეტანა შეგვიძლია, ის, რაც ღვთის მიერ დაიშვა, ადრე თუ გვიან, მაინც თავისას იზამს. ისღა დაგვრჩენია, რომ ყოველგვარი სამწუხარო მოულოდნელობისათვის შინაგანად მოვემზადოთ. "ზღვრული სიტუაციები" ჩვენი ცხოვრების სისუსტესა და ზოგჯერ წარმავლობასაც თვალნათლივ ააშკარავებენ. მათთან შეჯახება აფხიზლებს, სულიერი ძილისაგან აღვიძებს, საშუალებას აძლევს ადამიანს, თუნდაც მცირე ხნით გათავისუფლდეს ხმაურიანი და თავბრუდამხვევი ყოველდღიური ქაოსისაგან, რომელიც მას საკუთარ თავთან აშორებს.

"ზღვრული სიტუაციების" შუქზე ადამიანის ნამდვილი რაობა ვლინდება, ჩვენი ცხოვრება მთლიანობაში და კონკრეტული სახეები, სიტყვა, აზრები თავიანთი ჭეშმარიტი სახით წარმოგვიდგებიან. მაშინ ჩვენთვის ადვილი ხდება საკუთარი თავი შევადაროთ იდეალს, იმას, როგორც აქამდე უნდა გვეცხოვრა, რათა გავიაზროთ საკუთარი გამოუყენებელი ანდა მცდარად რეალიზებული შესაძლებლობები. "ზღვრული სიტუაციები" გვაიძულებენ საკუთარი თავი თვალხილულად წარმოვიდგინოთ, გვაძლევენ თვითშეცნობის საფუძველს. ერთი მხრივ, ისინი ღრმად განგვაცდევინებენ საკუთარ "არაფრისშემძლეობას" (კარლ იასპერსი), არარაობას, ცოდვილობას, სისუსტეს; მეორე მხრივ, გვიბიძგებენ, ხსნა რწმენასა და ღმერთში ვეძებოთ.

კ. იასპერსი თვლის, რომ სიკვდილი, რომლისკენაც ავადმყოფობას მივყავართ, საჯილდაო ქვაა. მისი საშუალებით მთავარი მეორეხარისხოვანს გამოეყოფა: "ის", რაც სიკვდილის წინ არსებითობას ინარჩუნებს, ეგზისტენციალურია, ის კი, რაც ღირებულებას კარგავს და მითი აღმოჩნდება, არის შიშველი არსებობა".

წმინდა მამები არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ სიკვდილის წინაშე უფასურდება, ქრება მატერიალური ღირებულებანი და სულიერ ღირებულებათა მნიშვნელობა იმდენად იზრდება, როგორც ხალხური სიბრძნე მეტყველებს ამაზე: "სამარის კართან სიმდიდრე აღარ არსებობს". სწორედ ამ დროს ჩვენ მარტო გონებით კი არა, გულითაც გვესმის, რომ ქვეყნად ადამიანის უკანასკნელი თავშესაფარი კუბოა და უკანასკნელი ჭერი - თავს ზემოთ - კუბოს სახურავი.

განა ამიტომ არ იყო, რომ ათეისტური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელმა, გერმანელმა ფილოსოფოსმა მარტინ ჰაიდეგერმა ცხოვრების მიწურულს პატიოსნად აღიარა: "ჩვენი ხსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია". ვიქტორ ფრანკლინი, საქვეყნოდ ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგი, რამდენიმე წელი ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ჯდომის შემდეგ ამბობდა, რომ ტანჯვა, თავის მხრივ, აზრს მოკლებული არ არის, ის ნაყოფიერ, უფრო მეტიც, კარდინალურად გარდამქმნელ სულიერ დაძაბულობას იწვევს.

- ანუ ავადმყოფობა ზნეობრივი გამოცდაა?..

- ხორციელი ტანჯვა (უპირველეს ყოვლისა - ძლიერი) ცხოვრებასა და სიკვდილზე, ახლობლებსა და შორეულებზე დამახინჯებულ წარმოდგენებს ნაწილ-ნაწილ ანგრევს. საშიში სნეულება, სიკვდილის სიახლოვე - ის გამოცდაა, რომელიც შესაძლებელია ზნეობრივი ფერისცვალებით დაგვირგვინდეს, გვაიძულოს, ხელახლა გავიზიაროთ ცხოვრება, საკუთარი არსებობის შეზღუდულობა და ტრაგიზმი შევიცნოთ. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ავადმყოფობა თვითშემოწმების, ინტენსიური ლოცვის, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებაა, როცა სული ხარისხობრივად ახალ მდგომარეობაში გადადის. ეს მორჩილების სკოლაა, რომლის გავლის შემდეგაც თვალხილულად ამჩნევ, რომ "შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ" (გამოცხ. 3; 17). ის ჩვენ სულიერი საცთურისაგან და თვითკმაყოფილებისაგან გვათავისუფლებს, გვასწავლის ცნობას ღვთიური ძალისას, რომელიც ადამიანურ უძლურებაში სრულ-იქმნება (2 კორ. 12; 9).

განმანათლებელ თეოფანეს მოხდენილი გამონათქვამით, "ავადმყოფის სარეცელი კალოა. რაც მეტია დარტყმები, მით მეტი მარცვალი გადმოიბნევა და ხვავიც მით უფრო დიდია, ამის შემდეგ ხორბალი დოლაბის ქვეშ უნდა გატარდეს, შემდეგ ფქვილისაგან ცომი მოიზილება, შემდეგ, როგორც პური - ღუმელში შეიდება და ბოლოს ღვთის ტრაპეზზე დაიდება".

ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მამა, იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) ამტკიცებს, რომ "სასიკვდილოდ დასნეულებელი ქრისტიანი ღვთის წყალობას მოკლებული არ არის. და თუკი ადრე ამაო და ცოდვილი სიამოვნებებით ერთობოდა, სასიკვდილოდ განწირული უარს ამბობს მათზე, მისი გონება შეიცნობს, რომ სიკვდილი უკვე ზღურბლზეა, გარდაუვალია და მხოლოდ იმაზე იწყებს ზრუნვას, მასთან შესახვედრად როგორ მოემზადოს, შეურიგდეს ყველას და ღვთის წინაშე გულწრფელად მოინანიოს".

მოსკოვის პირველ საქალაქო საავადმყოფოსთან არსებობს წმინდა დიმიტრის მართლმადიდებლური სამედიცინო სასწავლებელი, რომლის მოწაფე მოწყალების დებმა ერთი შემთხვევა გაიხსენეს. ისინი ტრავმატოლოგიის განყოფილებაში პრაქტიკას გადიოდნენ. ზამთარში მათთან მოხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილიყო. საოცარია, რომ ერთი მოტეხილობაც კი არ აღმოაჩნდა, სამაგიეროდ, წარმოიშვა ძლიერი შინაგანი სისხლდენა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, დროზე ვერ ამოიცნეს. ნარკოტიკებით ინექციის მიუხედავად, ტრავმას საშინელი ტკივილები ახლდა, როცა არტერიული წნევა კიდევ უფრო დავარდა, ავადმყოფი სასწრაფოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს. აქაც მოწყალების დები მორიგეობდნენ. ის ყოველ მათგანს ეკითხებოდა: "რისთვის? რისთვის?" ეს კითხვა ძლივს გასაგონად ისმოდა. ერთმა დამ უპასუხა: "შენ ალბათ უკეთ იცი, რისთვისაც". ზუსტად ერთი წუთის შემდეგ გაისმა ყვირილი - "უფალო, მაპატიე!" ხუთ წუთში ავადმყოფი გარდაიცვალა.

- ანუ ავადმყოფობა სინანულის და კათარზისის ნიადაგიც არის...

- "რომელმან იგი ავნო ხორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, - ეუბნება მოციქული პეტრე ქრისტიანებს, - რაითა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაითა ნეშტნი იგი ჟამნი ხორცითა ცხოვრებად" (1 პეტრ. 4; 1-2). განმანათლებელი ტიხონ ზადონელი ავადმყოფობას "მწარე, მაგრამ ჯანსაღ წამალს" უწოდებს. "როგორც მარილი ხორცსა და თევზს სიდამპლეს ააცილებს და მათში მატლის გაჩენას უშლის ხელს, ასევე ყოველგვარი ავადმყოფობა ჩვენს სულებს სიდამპლისა და სულიერი გახრწნილებისაგან იცავს და ნებას არ აძლევს ვნებებს სულიერი მატლის სახით ჩვენში აღმოცენდნენ".

ავადმყოფობის მეშვეობით საკუთარი ცოდვების დანახვა ადვილდება, მათ ვეღარ ვემიჯნებით და ვეღარც გავურბივართ, არამედ ღვთიური სიმართლის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ ნათელზე საკუთარი თავი ისეთი ვიხილოთ, როგორიც სინამდვილეში ვართ. განვიცადოთ, ვიგლოვოთ ჩვენი დაცემული მდგომარეობა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ. სინანულის საშუალებით ადამიანი მოიპოვებს მადლმოსილ შესაძლებლობას - იწამოს ღმერთი.

ვ. ფრანკლის თანახმად, ტანჯვის მიზანი აპათიისა და სულიერი სიკვდილისაგან დაცვაა. სინანულს საოცარი ძალა აქვს, ის ჩადენილს როგორღაც ხელახლა უკან აბრუნებს, როგორც იტყვიან, გარდაქმნის ყველა გარეგნულ მოვლენას, ოღონდ უკვე შინაგან ასპექტში. სინანული და მწუხარება წარსულის გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს და ამ სახით გადაიჭრას ცხოვრებისეული აზრის პრობლემა. მაშინ ადამიანები აღმოაჩენენ, რომ მათ ცნობიერებასა და ცხოვრებაში უხილავად არსებობს "ინტიმური თანამოსაუბრე - შენ. ბევრისთვის ეს იყო პირველი, უკანასკნელი და ერთადერთი თანამოსაუბრე - ღმერთი".

ცნობილია ასეთი შემთხვევა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოშურნე საბჭოთა ათეისტს, "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" ერთ-ერთ ლიდერს, რევოლუციამდელ რუსეთში - უბრალო გლეხს აღსასრულის დღე დაუდგა. თავისი მოღვაწეობის ხასიათის მიხედვით ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ღვთისმსახურთა ჟლეტაში, ეკლესიების დაწვასა და აფეთქებაში, სიწმინდეთა დამცირებაში, საეკლესიო ფასეულობათა ძარცვაში, ათეისტურ პროპაგანდაში და ა.შ. მოსკოვის საავადმყოფოში იგი საშინელ, დაუცხრომელ ტკივილს განიცდიდა, უცებ მან პალატაში მოუხმო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს ალექსი პირველს (სიმანსკის), რომელმაც, ბუნებრივია, იფიქრა, რომ ეს იყო მორიგი ვიზიტი ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელთან - რელიგიურ საკითხებზე. დიდი იყო პატრიარქის გაოცება, როდესაც იხილა, რომ ავადმყოფი უკვე აღარ იყო ათეისტი. ფიზიკურ ტკივილებს, სინდისის ქენჯნას, შინაგან ფორიაქს, სიკვდილის შიშს თავისი საქმე გაეკეთებინა და ყოფილმა უღმერთომ მოულოდნელად აღსარება ითხოვა. მთელი ორი საათის განმავლობაში ის ისეთ ამბებს ჰყვებოდა თავის ბოროტ საქმეებზე ეკლესიის მიმართ, რომ პატრიარქი შეძრწუნდა და შეყოყმანდა, მიეღო თუ არა აღსარება და წაეკითხა თუ არა შენდობის ლოცვა. ბოლოს, პატრიარქმა გადაწყვიტა, რადგან უფალმა სინანულად მოიყვანა თვით ასეთი ცოდვილი და ეს რეალურად ასეც იყო, მაშინ საიდუმლოს აღსრულებას ვერავინ დააბრკოლებდა.

ცოტა ხნის შემდეგ ავადმყოფი გარდაიცვალა. ცოდნა იმისა, თუ რატომ ადრე არ მოინანია, ან სად არის ამჟამად მისი სული, ჩვენთვის საჭირო არ არის. ცხადია, მან ღვთის განგებულებით მინიჭებული ერთადერთი შესაძლებლობა გამოიყენა.

ჭეშმარიტად, მძიმე ავადმყოფობას აქვს ძალა, საკუთარი თავის და შეცდომების გამოსწორებისაკენ გვიბიძგოს, ნიადაგი შექმნას ღვთისკენ მისაქცევად, იმქვეყნიური ცხოვრების შესაძლებლობასა და ჩვენს სიკვდილის შემდგომ ხვედრზე დასაფიქრებლად. ღმერთთან კავშირის დამყარება უნიკალური შემოქმედებითი აქტია. მას მივყავართ კათარზისისკენ - მეტ-ნაკლებად სრულ, ღრმა, მადლმოსილ გამოფხიზლებამდე და ცნობიერების ფერისცვალებამდე. ეს მოწმობს მწვავე ცხოვრებისეული კრიზისის გადაჭრას, რითაც შეიძლება სათავე დაედოს პიროვნების გააზრებულ სულიერ აღდგენას.

- დაბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფობა იქცეს სულიერი ზრდის სტიმულად?

- მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა", ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5; 7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 4; 22).

ავადმყოფობა მორწმუნის სულს აწრთობს, განწმენდს მას - როგორც ცეცხლი ოქროს. მაგალითად, ღირს იობ მრავალვნებულს სწყუროდა სნეულების უდრტვინველად დათმენით და მათ გამო ღვთისადმი მადლიერებით ხსნა მოეპოვებინა. ის ქრისტეს სიტყვებით ხელმძღვანელობდა: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მთ. 24; 13). მძიმე ავადმყოფობათა მორჩილებით, მტკიცედ და გმირულად გადატანით ღვთისთვის სათნო ადამიანებმა სხვადასხვაგვარი მადლმოსილება მოიხვეჭეს. ეს იყო სასწაულთმოქმედების, კურნების, მომავლის განჭვრეტისა და სხვაგვარი ნიჭები. ამგვარად აღსრულდა მოციქულის წინასწარმეტყველება: "ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუსათვის, რაითა ცხოვრებაიცა იგი იესუსი მოკუდავთა ამათ შინა ხორცთა ჩუენთა გამოცხადნეს... რაითა დაიმკვიდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან. ამისთვის სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა... ქრისტესათვის, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები" (2 კორ. 4; 11 და 12; 9-10).

წმინდა მამათა მიხედვით, ვ. ფრანკლინი გვიჩვენებს, რომ სნეულება "ტანჯვის შესაძლებლობას" გვანიჭებს, სულიერად ვცოცხლობთ მანამ, სანამ ტანჯვა შეგვიძლია. ის გვაძლიერებს და გვამდიდრებს. ავადმყოფობასა და სიკვდილთან სიახლოვეს უამრავი ახალი შესაძლებლობის გამოვლენა ძალუძს ადამიანში, რომელმაც მანამდე მთელი ცხოვრება ფუქსავატობაში განვლო. შესაძლებელია, ტანჯვასა და სიკვდილს მოეპოვებოდეს სულიერი აზრი. მას ადამიანისა და ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულება ავლენს. ტანჯვის ვაჟკაცურად და ღირსეულად გადატანა სულს აწრთობს. ამიტომ ექიმი, რომელიც ფაქიზად გრძნობს სიტუაციის ძნელადმოსახელთებელ ნიუანსებს, მძიმედ ავადმყოფის ან მომაკვდავის სარეცელთან, შესაძლებელია, სირცხვილს განიცდიდეს იმის გამო, რომ იგი (მომაკვდავი) რაღაცით ექიმზე აღმატებულია. "თვით ექიმი უძლურია, მას არ ძალუძს მსხვერპლი ბრჭყალებიდან გამოგლიჯოს სიკვდილს, ავადმყოფი კი, რომელიც ბედს ვაჟკაცურად ემორჩილება, გმირად იქცევა, ის არ ნებდება, რადგან ამ ჩუმი წამების მიღება ისე შეუძლია - როგორც საკუთარი ხვედრისა".

ამგვარად, ჩვენ უნდა შევძლოთ სწორად ვუპასუხოთ მტანჯველ კითხვებს: რისთვის ვეწამები? რად არ განმკურნავს უფალი?.. ღვთის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კი ნიშნავს იმას, რომ მივხვდეთ, რა თანაფარდობაშია ადამიანი თავის ავადმყოფობასთან.
ბეჭდვა
1კ1