გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა
გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა
საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. აღარავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფთაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის მიღებული.

2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებასა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს დიდი ადგილი დაეთმო:

"საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.

ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იმავე საქმიანობას ეწევიან, რასაც, მაგალითად, სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოჰყავთ.

მართალია, გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა, მაგალითად, ვაშლთან.

გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია: გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან, ცხოველიდან ან ბაქტერიიდან ადამიანში და ა.შ.

ამ დამახინჯებულ გენებს აქვთ გამრავლების უნარი, რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს, ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს.

გამოსავალი ერთია - მიუხედავად ასეთი პროდუქტების სიიაფისა და ჩვენი გაჭირვებისა, უარი უნდა ვთქვათ მათ გამოყენებაზე. ამასთან, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება".

გენურ ინჟინერიასთან დაკავშირებით ჩვენი ეკლესიის პოზიცია მკაფიოა და ამბობს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როდესაც მორწმუნე მართლმადიდებელი მარხვის პერიოდში იღებს მხოლოდ სამარხვო საკვებს, იგი ამ გენმოდიფიცირებულ საკვებთან ერთად, ნებით თუ უნებლიეთ, იღებს არასამარხვო ცხოველურ ცილებსაც. ეს მას მარხვის დარღვევად არ ეთვლება, თუმცა მაინც არ არის სასურველი.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცნება უშუალოდ არის დაკავშირებული თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის განვითარებასთან. ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია მცენარის ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისთვის სასურველი თვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება კონკრეტული თვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარის ან ცხოველის გენომში (გენომი - გენების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული სახეობის ორგანიზმისთვის). სწორედ ამ გზით წარმოიქმნებიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, გენმოდიფიცირებული პროდუქტი, როგორც ტერმინი, გამოიყენება იმ ცხოველებისა და მცენარეების დასახასიათებლად, რომელთა გენური თვისებებიც შეცვალეს ლაბორატორიული მეთოდებით. ჩვეულებრივ, მსგავსი პროცედურა კეთდება კონკრეტული მიზნების მისაღწევად. დღემდე ცნობილი ძირითადი მიზეზებია: ყინვაგამძლეობის გაზრდა და საკვები ღირებულების გაუმჯობესება. ასეთივე ეფექტს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მთელი ისტორიის განმავლობაში აღწევდნენ სელექციის გზით, ანუ შემდგომი გამრავლებისთვის იტოვებდნენ მხოლოდ საუკეთესო იდივიდებს. ეს მეთოდი მოითხოვდა მეტ დროს და ნაკლებეფექტური იყო, რადგან გენეტიკური ინფორმაციის მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული ნიშან-თვისების მკაცრად შენარჩუნებას. ამ სირთულეების საპირისპიროდ, გენური ინჟინერიის საშუალებით გენი შესაძლოა გადაანაცვლონ არა მხოლოდ ერთი მცენარიდან მეორეში, არამედ არამცენარეული ორგანიზმიდან მცენარეულში.

გენური ინჟინერია "სინჯარის" მეცნიერებაა. სინჯარაში შესწავლილი გენის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, თუ როგორია და როგორ იქცევა ის ამ სინჯარაში. მაგრამ თითქმის ვერაფერს ვიტყვით მის როლსა და ქცევაზე თავად მშობლიურ ორგანიზმში და მით უფრო - სრულიად უცხო ორგანიზმში მისი გადატანის შემთხვევაში. ამიტომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის უსაფრთხოების შეფასებისას გამოსაკვლევია ჩანერგილი გენის მდგრადობა.

გენმოდიფიცირებულმა საკვებმა პროდუქტმა შესაძლოა უშუალო გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე - გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში წინასწარგანუჭვრეტლად შესაძლებელია მოხდეს ადამიანისთვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინები, ალერგენები) სინთეზირება.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს დაისმის, არის ის, თუ რამდენად ასეთი საკვების მიღება უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.

სპეციალისტების პასუხი მარტივია. მათი თქმით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლულნი იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ. ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს უკავშირდება, ალერგიაა. მაგალითად, ამერიკაში ბევრ ბავშვს აქვს ალერგიული რეაქციები გენმოდიფიცირებულ მიწისთხილზე. ამასთან, ალერგია იმდენად მწვავეა, რომ უკვე აღწერილია სიკვდილის შემთხვევებიც. მეორე მაგალითია გენმოდიფიცირებული პომიდორი. არქტიკული თევზის გენები მეცნიერებმა გამოიყენეს პომიდვრის ყინვაგამძლეობისთვის. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა რელიგიურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ, ვისაც თევზზე ალერგია აქვს, ახლა პომიდორთანაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი, ახალი გენმოდიფიცირებული პროდუქტები როგორ იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გენმოდიფიცირებული მცენარე წარმოადგენს ახალ ორგანიზმს ახალი თვისებებით, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც ადამიანისთვის, ისე ეკოსისტემისთვის. ჯერ არავინ იცის, როგორ აისახება ასეთი მცენარეების წარმოება გარემოზე - ფლორასა და ფაუნაზე. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ გენმოდიფიცირებული სიმინდი ანადგურებს ყველა მწერს, მიუხედავად იმისა, მავნეა ის მოსავლისთვის თუ არა. არღვევს ეკოლოგიურ ბალანსს. გენმოდიფიცირებული მცენარეები შესაძლოა შეჯვარდეს ჩვეულებრივ მცენარეებთან და ასეთ შემთხვევაში სარეველა უკვე აღარ რეაგირებს მის საწინააღმდეგო ჰერბიციდებზე.

ჩვენს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. ხორბალი, მზესუმზირა, სიმინდი, პომიდორი, ბრინჯი, კარტოფილი, სოია, მაიონეზი... - მათი ნაწილი საქართველოში გენმოდიფიცირებულია და თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად საკვებად იყენებს. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები, ქვეყანაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სულ მალე გენმოდიფიცირებული პროდუქტის გასაკონტროლებლად სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში მისი მარკირება მოხდება. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმებული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე - საქართველო გამოცხადდება ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხება.

გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების მიზანია, არ მოხდეს საქართველოს უნიკალური აგრარული ჯიშების გადაგვარება. როგორც ცნობილია, ამ სფეროს გაუკონტროლებლობის გამო საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე.

მზა პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება, რათა მომხმარებელმა იცოდეს, რა სახის პროდუქციას ყიდულობს. თანაც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირება გამოიწვევს მასზე ფასის დაწევას. საგულისხმოა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს.

გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან საქართველოს მთლიანად თავისუფალ ზონად გამოცხადებას მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა ეტიკეტირების მომხრეა. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის იზოლირება მაინც შეუძლებელია სისტემური კონტროლის სირთულეების გამო და თანაც ასეთ პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.

საერთაშორისო რეგულირება ბიოუსაფრთხოების სფეროში ემყარება ბიოუსაფრთხოების ოქმს (კარტახანის ოქმი), რომელიც თავის მხრივ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას (ე. წ. რიოს დეკლარაციას) ეყრდნობა. საქართველო რიოს კონვენციის მხარეა 1997 წლიდან, ხოლო კარტახანის ოქმის რატიფიცირება პარლამენტის მიერ 2008 წლის შემოდგომაზე მოხდა.

სხვათა შორის, მსოფლიოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. მეცნიერთა ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები გვაძლევს შანსს, მსოფლიო ვიხსნათ შიმშილისგან. მისი საშუალებით პლანეტა თავს დააღწევს ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კატასტროფებს. თუმცა ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია. მათი თქმით, 15-20 წელია, რაც გენმოდიფიცირებული კულტურები გამოჩნდა, მაგრამ არც ერთ ამ კულტურას თავისი მოსავლით ინდუსტრიული ჯიშებისთვის არ გადაუჭარბებია. ისინი მაღალმოსავლიანობით ნაკლებად გამოირჩევიან. ასე რომ, შეხედულება, თითქოს მსოფლიოს შიმშილისაგან იხსნის, არ დასტურდება. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს არც უკეთესი კვებითი ღირებულება აქვთ და არც მოსავლიანობა. ამასთან ამ ტექნოლოგიების გამოყენება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული - გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა საკმაოდ ძვირია და გათვლილია ინდუსტრიული წარმოების და არა მცირე და ღარიბი ფერმერების მოთხოვნილებებზე.

გენური ინჟინერიის განვითარებამ და ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოჩენამ სერიოზული ბიძგი მისცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ამ მხრივ სერიოზული პოტენციალი აქვს, მთავარია, სწორი პოლიტიკის წარმოება.

კამათი იმის შესახებ, საჭიროა თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტები, შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, ასეთი პროდუქტის წარმოება კი უწყვეტად და შეუზღუდავად მიმდინარეობს. თუმცა ისიც ცხადია, როგორი რეგულირებაც არ უნდა იქნეს შემოღებული, გენმოდიფიცირებული პროდუქტები მაინც აღმოჩნდება ბაზარზე. მთავარია, მათ შესაბამისი ნიშანი ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. ამ მხრივ საიმედოდ გვაქვს საქმე, რადგან წლევანდელი წლიდან საქართველოში ამოქმედდება შესაბამისი ლაბორატორიები და მოსახლეობას ეცოდინება, როდის ყიდულობს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს.
ბეჭდვა
1კ1