ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად
ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად
მუცლადმყოფი ბავშვი დედის წიაღში თავს თბილად, მშვიდად და დაცულად გრძნობს, იბადება და მისთვის სრულიად ახალ გარემოსთან უწევს შეგუება.

რით სჯობს ფიზიოლოგიური მშობიარობა საკეისრო კვეთას, რა დანიშნულება აქვს დედის რძით კვებას, რა ლოცვები ტარდება ჩვილის ამქვეყნად მოვლინების შემდეგ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე განგვიმარტავს:

- დედის წიაღიდან გამოსვლისას ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელთან შეგუებაშიც მას მშობიარობის პროცესი ეხმარება - სამშობიარო გზების გავლისას ის რამდენჯერმე იღებს სხვადახვა პოზიციას, ამ გზების გავლა მისთვის პირველი სტრესია, რაც გარკვეულწილად აძლიერებს და უცხო გარემოს შედარებით ადაპტირებული ხვდება. ადამიანში ღვთის განგებით ჩადებული ეს ბიომექანიზმი წუთისოფელთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე არ შეიძლება საკეისრო კვეთის "შეკვეთა", რასაც ხშირად მიმართავენ მტკივნეული მშობიარობის თავიდან აცილების მიზნით ან სხვა ვნებიანი მიზეზების გამო.

მშობიარობის ბიომექანიზმის გავლა აუცილებელია ბავშვისთვის, ხოლო ტკივილი, რომელსაც დედა განიცდის, ფიზიოლოგიურია და დედის ორგანიზმს აჯანსაღებს კიდეც. თვით უფალმა აკურთხა დედაკაცი ტკივილიან მშობიარობაზე: "მწუხარებით ჰშვნე შვილნი" (შეს. II). ხშირია შემთხვევა, როცა რაიმე სნეულებით დაავადებულ ქალს მშობიარობის შემდეგ სნეულება ტოვებს. ასე ხდება, მაგალითად, სხვადასხვა ჰორმონული დარღვევის, სარძევე ჯირკვლების ზოგიერთი პათოლოგიის დროს.

დედას რომ ახსოვდეს მშობიარობის ტკივილები, მეორე შვილს აღარც გააჩენდა, მაგრამ ქალს მშობიარობის დასრულებისთანავე ავიწყდება ყველაფერი, ტკივილი სიხარულით ეცვლება - ქვეყნიერებას ხომ პატარა ანგელოზი ევლინება უფლის სადიდებლად და ოჯახის გასახარად.

- ახალშობილს მაშინვე მიუსვამენ ხოლმე მკერდთან დედას...

- საშვილოსნოში ბავშვი ჭიპლარის მეშვეობით უკავშირდება დედის სხეულს და მას ყველაფერი მზამზარეულად მიეწოდება, დედის წიაღში თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ როდესაც ჭიპლარი იჭრება, დედა-შვილის ურთიერთობა დროებით წყდება, დედის მკერდზე მისმისთანავე კი ეს კონტაქტი, საოცარი დედაშვილური კავშირი მაშინვე აღდგება. ბავშვი დაბადებისას განცდილი სტრესის შემდეგ დედის მკერდთან ისევ უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

- ზოგიერთ ქალს ჯერ კიდევ სამშობიაროშივე ურძეობის პრობლემა ექმნება. რაიმე სულიერი მიზეზებით ხომ არ არის ეს გამოწვეული?

- როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია, სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა... ეს ზემოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც.

ძუძუთი კვება არ არის დედა-შვილის მხოლოდ ფიზიოლოგიური კავშირი, ბავშვის მარტო ხორციელი დანაყრება; ეს უფრო მეტად მათი საკრალური, ყველაზე საოცარი კავშირია. როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს, სასურველია, ხატების წინ იჯდეს და თან ლოცულობდეს. თუ ამას ვერ ახერხებს, გულში მაინც უნდა ილოცოს.

- სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა მოსაზრების გამო წყვეტენ ძუძუთი კვებას, ზოგჯერ კი ჩვილს თავიდანვე ხელოვნურად კვებავენ.

- ეს ძალზე ცუდია. ზოგი ამას კოსმეტიკური თვალსაზრისით სჩადის, ზოგსაც ღვაწლი არ სურს, ეზარება. მეცნიერება მხოლოდ ხორციელ მხარეებს აღწერს და აღნიშნავს, ვინც დედის რძე ვერ მიიღო, შედარებით უარესი იმუნიტეტი აქვს და ზრდა-განვითარებაშიც ჩამორჩებაო. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები თითქოსდა უფრო მსუქნები და დიდები არიან, მაგრამ ეს ჯანმრთელობის მაჩვენებელი არ არის. როგორც არ უნდა მიუახლოვდეს შემადგენლობით ხელოვნური საკვები დედის რძეს, მასთან შედარებით მაინც მკვდარი იქნება. კიდევ ერთს დავძენ: საკმარისი არ არის მხოლოდ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება, ხოლო თუ დედა-შვილის სულიერ კავშირს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად.

- როდემდეა რეკომენდებული ძუძუთი კვება?

- ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ძუძუთი კვების მისაღებ ვადად ზოგი ერთ წელს ასახელებს, ზოგი - ორს, ზოგიც - რძის გაშრობამდე. ყველაზე ოპტიმალური ხანგრძლივობა მაინც ერთი წელია. აუცილებელიც კია, ჩვილმა წლამდე წოვოს ძუძუ.

- რა ლოცვები ტარდება ბავშვის ამქვეყნად მოვლინებისას?

- არსებობს მღვდლის საკითხავი ლოცვა - "ლოცვა მშობიარისა", რომელსაც მშობიარე დედაკაცს უკითხავდნენ. ძველად დედა სულიერად უფრო მომზადებული ხვდებოდა მშობიარობას: მშობიარის ლოცვებით, აღსარებით, ზიარებით. მშობიარობის ადგილას კი ჭურჭლით ნაკურთხი წყალი მიჰქონდა. თუ ბავშვი სუსტი ან მომაკვდავი დაიბადებოდა, მღვდლის მოსვლამდე ბებიაქალი ან თვითონ დედა წყალს სამჯერ ასხამდა ჩვილს და ნათლობის ფორმულას ამბობდა: "ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ! (ასხამს წყალს) და ძისათა ამინ! (ასხამს წყალს) და სულისა წმიდისათა, ამინ! (ასხამს წყალს)". ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ბავშვი მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო. სასურველია, დღევანდელმა დედებმაც აღადგინონ ეს ტრადიცია. თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა მოინათლოს. დედას შეუძლია, პატარას ნათლობა ნებისმიერ მართლმადიდებელს სთხოვოს.

ბავშვის შობის დღეს, წესით, მღვდელი უნდა მივიდეს მშობიარესთან და პირველი დღის ლოცვა წაუკითხოს. ამ ლოცვით ღვთისმსახური მშობიარის განკურნებას, სარეცლისაგან მის აღდგინებას ითხოვს, ამავე დროს ღმერთს ახალშობილი ყრმის დაცვასაც ევედრება. გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს ლოცვა მღვდელმა დედის დაუსწრებლად, ეკლესიაში წაიკითხოს.

შემდეგი წესი - სახელის დარქმევის ლოცვა - მერვე დღეს სრულდება. ბავშვი მიჰყავთ ტაძარში და ლოცვით არქმევენ სახელს. შესაძლება ამავე დღეს მოინათლოს კიდეც. ძველად პატარებს რაც შეიძლებოდა ადრე ნათლავდნენ - გარკვეულად თავს იზღვევდნენ, ბავშვს მოულოდნელად რამე რომ დამართოდა, იმქვეყნად მოუნათლავი არ წასულიყო, რითაც მშობლები დიდ ცოდვაში ჩავარდებოდნენ.

- ნათლობის მეორმოცე დღეს აღსრულების ტრადიცია ძველი აღთქმიდან მომდინარეობს?

- რა თქმა უნდა. ვიცით, რომ ღვთისმშობელიც მივიდა მეორმეოცე დღეს ტაძარში. მას არ სჭირდებოდა განწმენდა და ლოცვების წაკითხვა, მაგრამ დადგენილი კანონი თავმდაბლად შეასრულა.

ნებისმიერი ქალი ვალდებულია, განწმენდის ლოცვები წააკითხოს მღვდელს - ამით ის ეკლესიაში დაბრუნების ნებართვას იღებს, რათა ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა კვლავ შეძლოს. ამ ლოცვისას დედას ხელში უჭირავს ჩვილი, როგორც ღვთისმშობელს ეპყრა ხელთ მაცხოვარი.

თუ დედას რაიმე სასიკვდილო სნეულება ემუქრება, განწმენდის ლოცვებამდეც შეიძლება მისი მონაწილეობა ისეთ დიდ საიდუმლოებებში, როგორიც არის აღსარება და ზიარება.

- ამბობენ: როცა ჩვილი იცინის, ანგელოზებს უცინისო. აქვთ თუ არა ბავშვებს სულიერი ხედვა?

- ნათლობის შემდეგ ჩვილები თვითონაც წმინდანები არიან. ადვილი შესაძლებელია, ხედავდნენ კიდეც ანგელოზებს და მათ უცინოდნენ.

- ჩვილობაში ბავშვები ზოგჯერ უმიზეზოდ ჭირვეულობენ. როგორ შეიძლება მათი დახმარება, თუ მონათლულები ჯერ არ არიან და ვერც ვაზიარებთ, ვერც ზეთს ვცხებთ?

- ყველაფერს თავისი საფუძველი და მიზეზი აქვს. თუ ჩავეძიებით, ისინიც გამოვლინდება. პატარების ასეთ "უმიზეზო" ჭირვეულობასაც თავისი სულიერი მიზეზები აქვს. როგორც წესი, ბავშვი უმიზეზოდ არ ტირის და არც ჭირვეულობს. მაგრამ მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ეს თავიანთი ცოდვების, დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგია.

ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ჩვილის მონათვლაა. ამით მას პირველქმნილ ცოდვასთან ერთად ეს ზეგავლენაც სცილდება. ამასთან, უკვე შესაძლებელი გახდება მისი ზიარებაც და ზეთისცხებაც.

- ასეთი ჭირვეულობისას ზოგიერთი ბებია შეულოცავს ხოლმე პატარას...

- ე.წ. ბებიების ან სხვა შემლოცველების შელოცვა ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება და ყოვლად დაუშვებელია. ამან შესაძლოა, პირიქით, დააზიანოს კიდეც ბავშვის სულიც და ხორციც. რა უნდა იყოს დედის ლოცვაზე უკეთესი?! ბავშვი თავიდანვე უნდა ჩაერთოს ეკლესიურ ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება.

- ერთხანს საკმაოდ პოპულარული იყო ჩვილის ტანსაცმელზე გიშრის ან ინგლისური ქინძისთავის შებმა - თვალი არ ეცემაო.

- კი მაგრამ, ჯვარზე ძლიერი რა უნდა იყოს?! ყველა ნაკურთხი ჯვარი ძალმოსილია ბოროტის წინააღმდეგ. სხვა ყველაფერი - თილისმა, კაჟის ქვა თუ გიშერი - არ შეიძლება იყოს ადამიანის დამცველი, მათი ტარების ჩვეულება კი ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვა
1კ1