გადარჩენის გზა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ პატარა ერის ყველაზე მძლავრი იარაღი მაინც რწმენა და ცოდნაა
გადარჩენის გზა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ პატარა ერის ყველაზე მძლავრი იარაღი მაინც რწმენა და ცოდნაა
ღვაწლმოსილი მეცნიერი, ბატონი იური სიხარულიძე 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია. ეს ნაშრომები ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ეთნოგრაფიულ ყოფასა და ცხოვრების მრავალ სხვა სფეროზე. მან გამოაქვეყნა ნაშრომი მე-13 საუკუნის ქართველ სასულიერო მწერალზე - ტბელ აბუსერიძეზე. მისი "მუსიკით დაწერილი "ქართლის ცხოვრება", დიდი მოწონებით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. თვალსაჩინოა ბატონი იურის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლაშიც. მას მეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან: კალისტრატე ცინცაძესთან, ეფრემ სიდამონიძესთან. ბატონი იური იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ემიგრაციიდან დაბრუნებულ ექვთიმე თაყაიშვილს დახვდა აეროპორტში და გარდაცვალებამდე არ მოშორებია მას. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი გახლდათ მისი საკანდიდატო დისერტაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ექვთიმე ღვისკაცის ცხედარს იმ 41 კაცთან ერთად ბატონი იურიც მიაცილებდა განსასვენებელში. ბატონი იურის მასწავლებლები იყვნენ ქართული მეცნიერების კორიფეები: ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, სარგის კაკაბაძე, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, აკაკი შანიძე...

ბატონი იურის წარმატებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის მის მეუღლეს - ქალბატონ ლაურა გიორგაძეს, რომელიც მეუღლის მხარში დგომით ქართველი მანდილოსნის ეტალონი გახლავთ. მათი უფროსი ვაჟი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი სიხარულიძე შარშან გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი - ზაზა მეცნიერი (სემიტოლოგი), პოეტი და ცნობილი პუბლიცისტია. მრავალი წელია, თავკაცობს საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს. ბატონი იური საოცარი თავმდაბლობით, სიყვარულითა და კეთილგანწყობით გამორჩეული ადამიანია, მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩევა - უბადლოდ ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მათ შორის კრიმანჭულს.

ბატონი იური დღესაც მხნედაა. დღეს იგი ჩვენი სტუმარია.

- ბატონო იური, რას ნიშნავს თქვენთვის ისტორია და რატომ აირჩიეთ ისტორიკოსობა?

- ისტორია ყოვლისმომცველი დარგია. მთელი ჩვენი მათემატიკური თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ქართველი ხალხის შემოქმედება ისტორიაში იყრის თავს და ამის მიხედვით წარმოჩნდება მთელი ერის ისტორია. ისტორია მარტო ომებს კი არ აღწერს ანდა ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას, არამედ ის არის ერის ცხოვრების სრულიად მომცველი. სიტყვა "ისტორია" ბერძნული წარმოშობისაა და ის სრულად ვერ გადმოგვცემს იმ შინაარსს, რასაც ასახავდა მანამდელი ტერმინი "ცხოვრება". მოგეხსენებათ, სიტყვა "ისტორია" XII საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ჩვენში საისტორიო დარგს "ქართლის ცხოვრება" ერქვა. აი, როგორი სიბრძნე და შინაარსი ჩადო ჩვენმა წინაპარმა ამ ტერმინში.

ისტორია ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. ამ სიყვარულის გაღვივებაში გარემომაც დიდაც შემიწყო ხელი. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახურ გარემოზე, რადგან ბავშვის პირველი მასწავლებლები მშობლები არიან. მრავალშვილიან ოჯახში (5 ძმა და ერთი და) დავიბადე. მე უფროსი შვილი გახლდით. ჩემი მშობლები შრომისმოყვარე ადამიანები იყვნენ. დედაჩემს პროგიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ეს იმ დროისთვის საკმარისი იყო საიმისოდ მაინც, რომ ბავშვები სულიერად გამოეკვება. მამაჩემს დამთავრებული ჰქონდა ჩოხატაურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი და ცოდნას დიდ პატივს მიაგებდა. შვილებს სულ განათლების მიღებისკენ მოგვიწოდებდა. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო მამა მოსკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ჩამოართვეს უმაღლეს სასწავლებელში შესვლის უფლება. მამაჩემს იმ დროს ოჯახი არ ჰყავდა. ორი წლის შემდეგ დავიბადე მე. მამამ შესანიშნავი განათლება შეიძინა ჩოხატაურის გიმნაზიაში, რომელიც 1919 წელს გაიხსნა. ამ გიმნაზიაში მოღვაწეობდა ქართული კულტურის არაერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. გიმნაზიის დირექტორი თავდაპირველად მწერალი ია ეკალაძე (იაკობ ცინცაძე) გახლდათ. იგი იყო არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, არამედ მთელი გიმნაზიის სული და გული. ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა აკადემიკოს ნიკო მარის ვაჟი იური მარი, ისტორიას - ბატონი ნიკო ბერძენიშვილი. მამაჩემი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი და დამკვალიანებელი მეცნიერებისკენ სავალ გზაზე.

ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის საშუალო სკოლაში სწავლის დროს თეატრმა გამიტაცა. ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ მსახიობობის სურვილი დიდხანს არ გამყვა, ამიტომ სწავლა განვაგრძე ბათუმის იურიდიულ ინსტიტუტში.

I კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ დიდი ქართველი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი მოემგზავრებოდა პარიზიდან თბილისში. ექვთიმე ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, როგორც ეროვნულ-დემოკრატი. მამაჩემიც ამ პარტიის წევრი გახლდათ და შვილებს ამ პარტიის იდეალებსა და სიყვარულს გვინერგავდა. და აი, უცებ გადავწყვიტე, რომ დაუყოვნებლივ შევხვედროდი ექვთიმეს. აეროპორტში გავემგზავრე, რათა იქ დავხვედროდი. სასტუმროში დაბინავდა. დიდხანს ვუტრიალე, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე მასთან მიახლოება, რადგან უშიშროება არავის აკარებდა. ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდი. მკითხა, სად ვსწავლობდი, რა პროფესიას ვეუფლებოდი. ვუპასუხე: იურიდიულზე ვსწავლობ-მეთქი. დაფიქრდა და მითხრა: იურიდიული ვიწრო დარგია. იქნებ ისტორიულზე გადახვიდე. ვინ იცის, იქნებ შენში არის რაღაც ისეთი, უფრო ფართოდ გაშალო ხელი და შენს სამშობლოს შემოავლო. ახლა აპრილია და არ გაგიჭირდება, სექტემბერში ისტორიულზე გააგრძელო სწავლაო. ეს სიტყვები ღრმად დავიმარხე გულში. ჩემთვის ეს უდიდესი საჩუქარი იყო. ისტორიის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა ისე, რომ არც იურიდიულისთვის დამინებებია თავი. შემდეგ ჩავაბარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, სადაც ჩემი ხელმძღვანელი იყო აკად. ნიკო ბერძენიშვილი. ჩემი საკანდიდატო დისერტაციის არჩევაში ("გურიის 1841 წლის აჯანყება") ექვთიმე თაყაიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. დისერტაცია 1953 წელს დავიცავი, ამ დროს უკვე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი გარდაცვლილი გახლდათ.

- ბატონო იური, ბოლშევიკებმა გურიაში ბევრი ეკლესია დაანგრიეს. თქვენ თუ გახსოვთ ეს დრო?

- ჩემს სოფელში - გოგოლესუბანში იყო დიდი, მშვენიერი ეკლესია, რომელიც 1933 წელს დაანგრიეს. მე მაშინ 7 წლის ვიყავი. ბავშვები ვთამაშობდით. მზე დასამხრისად იყო, უცებ იგრიალა და უზარმაზარი ტაძარი ცაში ავიდა. ეს შიში და ელდა ახლაც მაწევს გულზე. მთელი სოფელი შეიკრიბა, რაიაღმასკომის თავმჯდომარეც იქ იდგა. სხვათა შორის, ცოტა ხნის შემდეგ იგი ტრაგიკულად დაიღუპა. გზის პირას ცხოვრობდა. საკუთარ ეზოში გზიდან მოულოდნელად შევარდნილმა ავტომანქანამ იმსხვერპლა.

ბაბუაჩემის დედა (კესარია დოლიძე) 100 წელს იყო მიღწეული, მე რომ დავიბადე. იგი ძველი ყაიდის ქალი გახლდათ და ათეისტურ რეჟიმს ვერაფრით შეეგუა. მისი ქრისტიანული ცხოვრების წესი ვერაფერმა დაარღვია. ბაბუაჩემი გამრჯე კაცი იყო, "ნაბდიანებს" რომ ეძახდნენ, ერთ-ერთი იმათგანი. შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. ბოლშევიკები ემტერებოდნენ ასეთ ხალხს. უკვე XIX საუკუნიდანვე ოდა გვედგა (ეს ოდა ახლაც არის ჩემს სოფელში). ბევრი ხატი გვქონდა ოჯახში. დედაჩემი, ოლღა, ყაჭეიშვილის ქალი გახლდათ. ყაჭეიშვილები თურმე თავაღებული ბოლშევიკები იყვნენ. ახალმოყვანილ პატარძალს მაყრიონი მოჰყვა. დედაჩემის ერთ-ერთ ნათესავს მამაჩემის ოჯახში ხატი რომ უნახავს, რევოლვერი ამოუღია თურმე და ტყვიით ჩამოუღია ხატი. აყვედრიდნენ დედაჩემს: "ეს რა ჩამორჩენილ ოჯახში გაგვითხოვებიხარო".

მე კარგად ვიცნობდი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. ასპირანტურაში სწავლის დროს ხშირად დავდიოდი მასთან. ვახლობლობდი ასევე პატრიარქ ეფრემთან. იგი 1954 წელს გავიცანი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი იყო. უწმინდეს ეფრემს ხშირად დაჰყვებოდა ჩვენი ახლანდელი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მაშინ შემოქმედელი ეპისკოპოსი. მის ნაჩუქარ წიგნებს რელიკვიად ვინახავ.

- ბატონო იური, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსი იყოს მორწმუნე?

- რწმენა ისტორიკოსს ეხმარება ისტორიული პროცესების სულიერი თვალით დანახვასა და მოვლენების ქაოსურ მდინარებაში ღვთაებრივი წესრიგის განჭვრეტაში. თუ ჭეშმარიტი ისტორიკოსი ხარ, უთუოდ უნდა იცოდე, თუ რა დიდი როლი აქვს ერის ცხოვრებაში სარწმუნოებას. არ მეგულება დიდი და ნამდვილი მეცნიერი, მორწმუნე რომ არ იყოს. სარწმუნოება არის ღვთის მადლი და ნიჭი, ძალა, სიცოცხლე. მორწმუნე კაცს ნებისმიერი ტვირთი უმსუბუქდება ამ ქვეყანაზე, რადგანაც იცის, რისთვის უნდა ზიდოს იგი. მით უმეტეს, როგორი ღრმაა ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამაზე დახვეწილი, ამაღლებული და მართალი სარწმუნოება კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. ამ სარწმუნოების გასათავისებლად მხოლოდ ტრადიცია და გენეტიკა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის. საჭიროა ასევე კარგად შეისწავლო მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები. საქართველოს ისტორია, არსებითად, ეკლესიის ისტორიაა. ქართველი ხალხი და მისი კულტურა ამ სარწმუნოებამ შექმნა. გნებავთ, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ავიღოთ. დედამიწის ზურგზე ვის აქვს ასეთი მრავალფეროვანი საგალობლები და სიმღერები? მე ძველი ქართული საგალობლების აღდგენაზეც ვმუშაობ ანჩისხატის მგალობელთა გუნდის რეგენტთან, მალხაზ ერქვანიძესთან ერთად. ამ საგალობლების აღდგენით ქართული ეკლესია გაცოცხლდა. ისტორიკოსი თუ ხარ, ყველგან დიდი თვალი გინდა. უნდა დაინახო, სად უჭირს შენს ქვეყანას და იქ უნდა შეუხვიო ჭრილობა, მალამო დაადო...

- დღეს ჩვენი ერი უამრავი პრობლემის წინაშე დგას. სად ხედავთ გამოსავალს და რას უსურვებთ მომავალ თაობას?

- ჩემი აზრით, გადარჩენის გზა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ პატარა ერის ყველაზე მძლავრი იარაღი მაინც რწმენა და ცოდნაა, მისი გონებრივი ამაღლება.

ამიტომ ახალგაზრდებს ისევ და ისევ ვუსურვებ სულიერ განათლებას, გონების ამაღლებას, "გამეცნიერებულ სარწმუნოებას" და "გასარწმუნოებულ მეცნიერებას", რადგან მხოლოდ ასეთი ცოდნით აღჭურვილ ადამიანს შეუძლია თავისი ერისა და ქვეყნის ღირსეული მსახურება.
ბეჭდვა
1კ1