მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება
მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება
ბევრს ჰგონია, რომ ცოდნა და განათლება ერთი და იგივეა. თანამედროვე ყოფაში ეს ორი ცნება ლამის სინონიმებადაც კი იქცა. ანუ ადამიანი თუ პროფესიონალია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის განათლებულია. შესაძლოა ადამიანს რომელიმე სფეროში გარკვეული ცოდნა ჰქონდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ ის განათლებულია. ჭეშმარიტად განათლებულ ადამიანს ქვს ცოდნა, რომელიც ღვთიურ ნათელთანაა ნაზიარები. ცოდნა სინათლეა, - გვასწავლის წმინდა ილია მართალი; ნათელი კი თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტეა: "მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი" (ინ.8.12). სწორედ ასეთი ცოდნაა განათლება. სიტყვა "განათლების" ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს. ეს არის ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ირგვლივ მყოფი სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი. მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. სიტყვა "განათლება" გულისხმობს ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას.

ზოგს ჰგონია, რომ რწმენა საღი აზროვნების უარყოფას ნიშნავს. ეკლესიური სწავლებით, ჭეშმარიტია რწმენა, რომელსაც ახასიათებს ზრდა და რომელიც ესწრაფვის ცოდნად ქცევას, ხოლო ჭეშმარიტია ცოდნა, რომელიც დაშენებულია ამგვარ რწმენაზე და სრულყოფს მას.

წმინდა დავით მეფსალმუნე წერს: "აქებდით ღმერთსა მეცნიერებით". ეს სიტყვები სწორედ ცოდნისა და რწმენის ურთიერთკავშირს ეხება. ამაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე კამათობდნენ. ზოგის შეხედულებით, საჭირო იყო მხოლოდ სარწმუნოება, ხოლო ზოგის თქმით - ცოდნა, რადგან სწორედ ცოდნას მიჰყავს ადამიანი ჭეშმარიტებასთან. ამ საკითხს განსაკუთრებით ვრცლად შეეხო კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი აზრით, საჭიროა ორივე - რწმენაც და ცოდნაც, მაგრამ პირველადი რწმენაა. რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული ცოდნა და მეცნიერება თავისი შეხედულების ჩამოყალიბებისას. კლიმენტი ალექსანდრიელი საღმრთო წერილს ეყრდნობა და გვასწავლის, რომ ის, ვინც მხოლოდ მორწმუნეა - მონაა ღვთისა, ხოლო ვინც მორწმუნეცაა და მცოდნეც - ღვთის მეგობარია. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთ ადგილას მოციქულებს მეგობრებს უწოდებს, რადგან მათ უკვე ყველაფერი იციან. მონამ არ იცის, რას ფიქრობს ან რისი გაკეთება სურს ბატონს, მაშინ როცა მეგობრისათვის ეს ცნობილია. აქედან გამომდინარე, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, მონამ ყოველივე უნდა იღონოს, რათა მეგობრის სიმაღლეზე დადგეს.

მხოლოდ ცოდნა, რწმენის გარეშე, ამპარტავნულია და უნაყოფო, ის არაა განათლება, რომელსაც ასე ვესწრაფვით თანამედროვეები. მეორე მხრივ, ცოდნისაგან დაცლილი რწმენით თვითმიზნური თავმოწონება ხშირად ქცეულა ფანატიკური სიბრმავის სათავედ. თვით წმინდა წერილიც კი, თუკი მას ცოდნისმიერად, "მეცნიერებით" არ ვჭვრეტთ და მხოლოდ მატერიალურ ნაწერს, სიტყვათა ნივთიერ მნიშვნელობას ანუ მხოლოდ მის ტექსტობრივ მხარეს ვაქცევთ რწმენის საგნად, ფანატიზმის წყაროდ იქცევა.

მზე ანათებს და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან განათება საკმარისი არ არის; საჭიროა სითბო, ე.ი. სარგებლობა - გონების განათებით გულის განათლება, სულის სიკეთე.

ბეჭდვა
1კ1