მონასტრები იქცა მძლავრ სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრებად
მონასტრები იქცა მძლავრ სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრებად
მონასტრებთან არსებული სასწავლებლები
ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ (IV ს-ის I ნახევარი) საქართველოში სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრები ეკლესია-მონასტრების ბაზაზე ჩამოყალიბდა. მართალია, თავდაპირველად IVს-დან VI ს-ის 20-30-იან წლებამდე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებად ანტიოქიიდან მოვლინებული არაქართველი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ, მაგრამ მღვდელმსახურთა მომზადება ადგილობრივად ხდებოდა. ქართულ ენაზე ითარგმნებოდა აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა, საღმრთო წერილი და სხვა. წერილობითმა წყაროებმა თითქმის არავითარი ცნობები არ შემოგვინახა პირველი სასულიერო სასწავლო-საგანმანათლებლო სკოლების შესახებ. საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრების შემდეგ (VI-IX სს.) მონასტრები იქცა მძლავრ სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრებად. მართალია, იმ პერიოდში მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილები სამეფო კარზე ან საკუთარ ოჯახში იღებდნენ განათლებას, მაგრამ მომავალ სასულიერო პირთა აღზრდა ეკლესია-მონასტრებში ხდებოდა. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" მწირი, მაგრამ საინტერესო ცნობებია დაცული სამონასტრო სასწავლებლების შესახებ. მის მიერ IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთში დაარსებულ ეკლესია-მონასტრებში ფუნქციონირებდა სასულიერო სასწავლებლები, სადაც მცირე ასაკიდან ყმაწვილები სასულიერო განათლებას ეუფლებოდნენ. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებიდან გამოსულ სასულიერო პირთა ძალისხმევით X-XI სს-ში საზღვარგარეთ (ათონის მთა, სინას მთა...) შეიქმნა მძლავრი სამონასტრო-სამეცნიერო ცენტრები.

როგორც წყაროებიდან ჩანს, ეკლესია-მონასტრებთან არსებული სასწავლებლები ძირითადად სასულიერო კადრებს ამზადებდა, მათგან ზოგიერთი, სასულიერო საქმიანობასთან ერთად, შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროს დაარსებული გელათის აკადემია სამეცნიერო-სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც სასულიერო ლიტერატურასთან ერთად საერო საგნებსაც ასწავლიდნენ. აკადემიაში მოღვაწე არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი და სხვები მთარგმნელობით მოღვაწეობასთან ერთად ორიგინალური ხასიათის ნაწარმოებებსაც ქმნიდნენ. საქართველოს ეკლესიაში ძველი დროიდანვე დამკვიდრდა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვა წირვა-ლოცვის წესი, რითაც მნიშვნელოვნად გამდიდრდა საქართველოს ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკა. ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობდა სასულიერო კადრების მომზადებას. საღვთისმსახურო პრაქტიკასთან ერთად, მათ შესაბამისი განათლებაც უნდა ჰქონოდათ. მომავალ სასულიერო პირთა სწავლება ქართველ მოღვაწეთა ორიგინალურ სასულიერო მწერლობასა და ამავე ხასიათის ნათარგმნ ლიტურგიკულ ძეგლებს ეყრდნობოდა.

წყაროებმა მცირე ცნობები შემოგვინახა, თუ როგორ ხდებოდა მომავალ სასულიერო პირთა აღზრდა. ამ მხრივ აღსანიშნავია 1083 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ პეტრიწონში (დღევანდელი ბულგარეთი) დაარსებულ მონასტერთან არსებული სემინარია, სადაც ადგილობრივი მონასტრისათვის ამზადებდნენ სასულიერო კადრებს. სემინარიაში იღებდნენ უწვერულვაშო მოზარდებს, რომელთაც მონასტერი პატრონობდა. მოძღვარი მათ ასწავლიდა საღვთო წერილს, გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, გალობას. ტიპიკონის მიხედვით, როდესაც ისინი წამოიზრდებოდნენ და "წუერთა განასრულენ", ვინც მღვდლობის ხარისხს შეეფერებოდა, სასულიერო პირად აკურთხებდნენ, დანარჩენი კი სემინარიას ტოვებდა.

XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ვითარებისა და გარეშე მტერთა შემოსევების შედეგად მრავალი ეკლესია-მონასტერი განადგურდა, საზღვარგარეთ არსებული ქართული ქრისტიანული ცენტრების უმრავლესობამ არსებობა შეწყვიტა. მართალია, სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა, მაგრამ გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა სასულიერო კადრების მომზადებაში.

XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის (1744-1788) ხელმძღვანელობით თბილისსა და თელავში დაარსებულმა სასულიერო სასწავლებლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სასულიერო კადრების მომზადებაში, მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მათ ფუნქციონირება შეწყვიტეს. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1817 წელს, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, თბილისში დაარსდა რუსული სასულიერო სემინარია. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სასწავლებლები: სამრევლო სკოლები და სამაზრო სასულიერო სასწავლებლები. ეგზარქოსობის პერიოდში სასულიერო სასწავლებლები ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წლის 12 მარტი) შემდეგ სასულიერო სასწავლებლები, მართალია, რუსეთის სინოდის მმართველობას გამოეყო, მაგრამ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ათეისტური სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილებით, 1918-1919 წლებში სასულიერო სასწავლებლების ნაციონალიზაცია მოხდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: კირიონ II-მ (1917-1918) და ლეონიდემ (1919-1921) სასულიერო კადრების მოსამზადებლად არაერთხელ მოითხოვეს სასულიერო სასწავლებლის გახსნის ნებართვა, მაგრამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას უარით პასუხობდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე ეკლესია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სარწმუნოების მიმართ აგრესიულად განწყობილმა ათეისტურმა საბჭოთა მთავრობამ ეკლესია კანონგარეშედ გამოაცხადა. გართულებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, 1921 წელს ახალარჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ (1921-1927) აქტიური მოქმედება დაიწყო სასულიერო სასწავლებლის დაარსებისათვის. მან 1922 წელს საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე დააყენა საკითხი სამოძღვრო სასწავლებლის დაარსების შესახებ. სასულიერო სასწავლებელი ეკლესიას თავისი შემოსავლებით უნდა დაეფინანსებინა.

ეკლესიას უნდა ეზრუნა სასწავლებლის მოსწავლეთა ჩაცმა-დახურვაზე, დაბინავებასა და კვებაზე. პატრიარქის წინადადებით სამოძღვრო სასწავლებელი წინამორბედი პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის სახელობისა უნდა ყოფილიყო. საკათალიკოსო საბჭომ მოიწონა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წინადადება და მისივე დადგენილებით ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასულიერო სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დაევალა იმხანად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს. იგი გულისხმიერად მოეკიდა გადაწყვეტილების შესრულებას, უმოკლეს დროში შეადგინა სასწავლო გეგმა და პედაგოგებად შესაბამისი დარგის სპეციალისტებიც მოიწვია.

1922 წლის 27 აპრილს საკათალიკოსო საბჭოს დარბაზში სასულიერო პირთა თანდასწრებით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გარდა ესწრებოდნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები, საზეიმოდ გაიხსნა ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასწავლებელი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სასწავლებლის გახსნის ორგანიზატორმა დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ: "დღეს იხსნება კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასწავლებელი, ეს ჩვენი ერის ცხოვრებაში უბადლო სწავლა-აღზრდის ტაძარი"...

სიტყვის დასასრულს დეკანოზი კალისტრატე მიმართავს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის: "ამ იმედებით შევცქერით ჩვენ, მეუფეო წმინდაო, მომავალს და ვსასოებთ, თქვენი უწმინდესობა დაუთმობთ ეკლესიის სიყვარულით აღსავსე გულში შესაფერ ადგილს საქართველოს ეკლესიის მომავალ დედაბოძს"...

ახალდაარსებულ სასულიერო სასწავლებელში ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, საეკლესიო ისტორია, გალობა, ღვთისმსახურება, ქართული ენა, მქადაგებლობა, კანონიკა და საღვთო წერილი.

საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით სამოძღვრო სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. მანვე სასწავლებლის პედაგოგებად მოიწვია ცნობილი სასულიერო პირები. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა დეკანოზი ილია შუბლაძე, საეკლესიო ისტორიას - დეკანოზი გიორგი გამრეკელი, ქართულ გალობას - დეკანოზი სოლომონ უსტიაშვილი, ღვთისმსახურებას - დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, ქართულ ენას - ეპისკოპოსი ქრისტეფორე ციცქიშვილი, ქადაგებას - დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, კანონიკას - დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, საღმრთო წერილს - დეკანოზი მიხეილ ფხალაძე.

წერილობით წყაროებში აღნიშნული სასწავლებელი ზოგჯერ სამოძღვრო კურსების სახელითაა ცნობილი.

სამოძღვრო სასწავლებელში ირიცხებოდა 12 მოსწავლე. სამწუხაროდ, წყაროებში არავითარი ცნობა არ გვაქვს მოსწავლეთა ვინაობის შესახებ. რაიონიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობდნენ კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციის (ყოფილი ეგზარქოსის შენობა) ქვედა სართულზე. მათზე ეკლესია ზრუნავდა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. წირვა-ლოცვის დროს მოსწავლეები სასულიერო პირებს ეხმარებოდნენ ღვთისმსახურების ჩატარებაში. დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს არდადეგები ცხადდებოდა. სასწავლო პროცესი ტარდებოდა კათოლიკოსის კარის ეკლესიაში.

სამოძღვრო სასწავლებელმა რამდენიმე თვე იარსება. კათოლიკოს ამბროსი ხელაიას მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე მიმართვის გაგზავნის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიაზე ზეწოლა გააძლიერა. აღნიშნული მიზეზით 1923 წლის 12 იანვარს სამოძღვრო სასწავლებელმა ფუნქციონირება შეწყვიტა. იმავე წლის 13 იანვარს დააპატიმრეს სასწავლებლის დირექტორი დეკანოზი კალისტრატე და პედაგოგი ილია შუბლაძე. შემდგომ დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს წევრები და კათოლიკოსი ამბროსი. საბჭოთა მთავრობის განკარგულებით ეკლესიას ჩამოართვეს საკათალიკოსო რეზიდენციაც. რაიონიდან ჩამოსული მოსწავლეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ იყო სასულიერო სასწავლებლის გახსნის მცდელობა, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ კათოლიკოს ამბროსის თხოვნა არ დააკმაყოფილი. არადა, აშკარა იყო, რომ ეკლესია სასულიერო პირთა და მგალობელთა გუნდის ნაკლებობას განიცდიდა. XX ს-ის II ნახევრიდან გაძლიერებული ათეიზმის პირობებში ეკლესიებში წირვა-ლოცვა უსახსრობის გამო მგალობელთა გუნდის გარეშე ტარდებოდა. ახალნაკურთხმა ეპისკოპოსმა კალისტრატე ცინცაძემ მორწმუნე მრევლის მხარდაჭერით, იმდროინდელი საბჭოთა კანონების შესატყვისად, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მგალობელთა გუნდის მატერიალურად უზრუნველსაყოფად 1925 წლის 10 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის კურთხევით, დააარსა "ქალთა წრე", შეიმუშავა მისი წესდება, რომელსაც ამშვენებდა კათოლიკოს ამბროსის შემდეგი რეზოლუცია: "ვამტკიცებ სიამოვნებით, საქართველო ქალის (ღვთისმშობლის) წილხვდომილია, ქალისა მიერ (ნინოს) განათლებულია, ქალისა მიერ (თამარი) აყვავებულია და ქალისავე მიერ (შუშანიკი და ქეთევანი) გაბრწყინებულია. ვამტკიცებ, რომ ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის "ქალთა წრე" დააყენებს გალობის საქმეს ისე, რომ შეიქმნება სამაგალითოდ სხვებისათვის. მოვიწვევ უფლის კურთხევას ახლად დაყენებულ საქმეზე".

"ქალთა წრის" წევრები ძირითადად იყვნენ მორწმუნე მანდილოსნები. წესდების მიხედვით საზოგადოების წევრად გახდომა შეეძლოთ აგრეთვე მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც. "ქალთა წრის" წევრებს ყოველთვიურად საწევროს სახით ფულადი თანხები შეჰქონდათ საზოგადოების ფონდში.

"ქალთა წრის" მიზანი არა მარტო ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მგალობელთ გუნდის მატერიალური უზრუნველყოფა იყო, არამედ ძველი საეკლესიო საგალობლების შესწავლა და პოპულარიზება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ "ქალთა წრეს" საგანმანათლებლო დანიშნულებაც ჰქონდა.

"ქალთა წრემ" 1929 წლის 31 დეკემბრამდე იარსება. თავისი არსებობის მანძილზე დიდი როლი შეასრულა საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციაში და, რაც მთავარია, მისი დაფინანსებით 4 წლის მანძილზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას წირვა-ლოცვის დროს ემსახურებოდა პროფესიონალ მგალობელთა გუნდი.

ბეჭდვა
1კ1