ღმერთი ბუნებაში
წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწას ცის კამარაზე მოციმციმე რომელიმე ვარსკვლავიდან, ხელოვნური თანამგზავრიდან ან კოსმოსური ხომალდიდან დავყურებთ.
ამ უკიდეგანო სივრცეში, უზარმაზარი, კაშკაშა ციური სხეულების ფონზე იგი პაწაწინა, უფერულ, თითქმის შეუმჩნეველ სფეროდ წარმოგვიდგება. მაგრამ ყოვლისშემძლე შემოქმედმა როდი დაივიწყა სამყაროში ქვიშის მარცვალივით ჩაკარგული ჩვენი პლანეტა - სიბრძნითა და მამობრივი მზრუნველობით სწორედ აქ შექმნა სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო, ადამიანის მოთხოვნილებებს მიუსადაგა და მის სამსახურში ჩააყენა მცენარეები, ცხოველები და ფრინველები.მანძილი, რომელიც მზისგან გვაშორებს, ისეა განსაზღვრული, რომ დედამიწამ სწორედ იმდენი სითბო და სინათლე მიიღოს, რამდენიც სჭირდება. დღე-ღამისა და წელიწადის დროთა მონაცვლეობაც ისეთია, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ცოცხალ არსებას ზრდა-განვითარების ოპტიმალური პირობები ჰქონდეს. ეს ბუნებრივი ციკლი ასეთი სიზუსტით რომ არ ყოფილიყო დადგენილი, სიცივის ან სიცხის სიჭარბე სიცოცხლეს მოსპობდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა დიდი სიჩქარით მოძრაობს მზის ირგვლივ და იმავდროულად საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, ჩვენ ვერაფერს ვგრძნობთ. მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა საოცარი სისწრაფით მიჰქრის კოსმოსურ სივრცეში, ზოგი მშვიდად მისცემია ძილს, ზოგი კი ისე უშფოთველად საქმიანობს, თითქოს უძრავ სიბრტყეზე ცხოვრობდეს.
დედამიწა სფეროსებრი რომ არ ყოფილიყო, მისი უდიდესი ნაწილი უკაცრიელი დარჩებოდა. სინათლე, სითბო და სიცივე პლანეტის ზედაპირზე არათანაბრად განაწილდებოდა, მდინარეები და ზღვები ნაპირებიდან გადმოვიდოდა და ხმელეთს გააპარტახებდა, ჰაერი დუნედ იმოძრავებდა და მომაკვდინებელი შხამით გაიჟღინთებოდა, ძლიერი ქარები კი ველ-მინდვრებს ააოხრებდა.
დედამიწის ზედაპირი კონტინენტებით, კუნძულებითა და ზღვებითაა დაფარული, ზღვებით, რომელთაც, საერთო ჯამში, ხმელეთზე გაცილებით მეტი ფართობი უკავია. მსოფლიო წყლის მასა გიგანტურ ღრუბლებშია თავმოყრილი, საიდანაც ხმელეთის მწვანე საფარს ყოველდღიურად მიეწოდება მაცოცხლებელი სითხე. შემოქმედის მზრუნველი ხელი წვიმას რომ არ გვიგზავნიდეს და არ იცავდეს მდინარეთა სათავეებს, ველ-მინდვრები, ტყეები და ნათესები ერთიანად გადახმებოდა. მისივე განჩინებითაა, ზღვები და ოკეანეები დაბლობებზე რომ მდებარეობს, რათა მთებიდან ჩამონადენმა წყლებმა ყოველდღიური აორთქლების შედეგად წარმოქმნილი დანაკლისი შეუვსოს. დედამიწაზე არსებული წყალი მუდმივად რომ არ ცირკულირებდეს და უმოძრაოდ იდგეს, დამყაყდებოდა და ეპიდემიებისა და სიკვდილიანობის მიზეზად იქცეოდა.
მატერიკები, რომლებიც სხვადასხვა შრისგან შედგება, ისე ბრძნულად არის განაწილებული დედამიწის ზედაპირზე, რომ მრავალფეროვან პეიზაჟებს ქმნის: ზოგან ვრცელი დაბლობია გაშლილი, ზოგან ზეგანია ამოზიდული, ზოგან ფრიალო კლდეები და ცადაზიდული მთებია აღმართული. მათ წიაღში იღებენ სათავეს ნაკადულები და ღელეები, რომლებიც ბარისკენ ეშვებიან, გზადაგზა მიდამოს არწყულებენ, იზრდებიან, მდინარეებად იქცევიან და ბოლოს ზღვებსა და ტბებს უერთდებიან. მთები უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, ნიადაგს გამანადგურებელი ნიაღვრები წალეკავდა, დაბალი გორაკებიდან ჩამომდინარე მდორე მდინარეები კი, პირიქით, შორს ვერ წავიდოდა, ახლომახლო დაგუბდებოდა და დაჭაობდებოდა. ზოგიერთი მთა ისეა მოწყობილი, რომ საქშენი მილის დანიშნულებას ასრულებს და დედამიწის წიაღში არსებულ მაგმას დროდადრო ამოფრქვევის საშუალებას აძლევს, რითაც დამანგრეველი მიწისძვრებისგან გვიხსნის.
დედამიწის ქერქის ზოგიერთ შრეში, შედარებით მცირე სიღრმეზე, ადამიანი ქვებს, მარმარილოს, სხვადასხვა სახეობის ლითონს მოიპოვებს. მაგრამ ყველაზე სასარგებლო, ყველაზე მდიდარი და ფასეული ის შრეა, რომელზეც დავაბიჯებთ. იგი წყლის შლამისგან, ქვიშისგან, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვდომის პროდუქტებისგან შედგება. იგია ყოველი მცენარის აკვანიცა და საფლავიც. მისგან იღებს საზრდოს დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ცოცხალი ორგანიზმი.
ნიადაგის აგებულება შემოქმედის სიბრძნის კიდევ ერთი დასტურია - უფალს იგი უფრო მკვრივი რომ შეექმნა, სუსტი მცენარეები ფესვს ვერ გაიდგამდნენ, ხოლო უფრო რბილი რომ ყოფილიყო, მასში ისე ჩავეფლობოდით, როგორც ტალახში.
შეხეთ, რა უშურველად აკურთხა მიწა ღვთის გულუხვმა მარჯვენამ: იგი გვაძლევს ყველაფერს, რაც არსებობისთვის გვჭირდება, ყოველ გაზაფხულს ბალახითა და ყვავილებით იმოსება, ისხამს ნაყოფს და, რაც ყველაზე საოცარია, მრავალი ათასწლეულის შემდეგაც არ დაძაბუნებულა; ისეთივე ნორჩია, შესაქმის ჟამს რომ იყო და მზადაა, გულუხვად გაიღოს ჩვენთვის თავისი ულევი განძი.
მიწის მთელი ზედაპირი - მთის მწვერვალებიდან ზღვების სიღრმეებამდე - მცენარეულობითაა დაფარული და არნახული სილამაზის ხალიჩას მოგვაგონებს. ისინი ისეთ ადგილებშიც კი ხარობს, სადაც მათი არსებობა ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. მცენარეთა სამყარო 500 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მაგრამ მეცნიერნი დროდადრო ახლაც კი აღმოაჩენენ მათ ახალ-ახალ, დღემდე უცნობ ჯიშებს. განგება ზრუნავს მათ გადარჩენაზე - ყოველი მცენარე, სანამ მოკვდება, მიწაში ასობით, ათასობით თესლს ტოვებს. სწორედ მცენარეულობაა ცხოველთა და ფრინველთათვის საზრდოს ულევი წყარო, ადამიანი კი ზოგიერთისგან საკვებს, წამლებს, ქსოვილებს ამზადებს, ზოგიერთს კი ჭრის და საშენ მასალად, შრომისა თუ სხვა დანიშნულების იარაღებისთვის იყენებს. ამგვარად, თითქმის არც ერთი მცენარე არ რჩება გამოუსადეგარი.
ამ უკიდეგანო და უხვ სუფრასთან სიყვარულით სავსე შემოქმედმა უთვალავი ცხოველი, თევზი და ფრინველი მიიწვია, რომლებიც მილიონობით მიმოფანტულან ხმელეთზე, წყლის სივრცეებსა თუ ჰაერში. ბუნების მკვლევარის შეიარაღებული თვალი მიწის ბელტში, მცენარის ღეროსა თუ წყლის წვეთში ცოცხალი ორგანიზმების მთელ სამყაროს აღმოაჩენს. ცხოველთა სიცოცხლის ფორმა, მათი ინსტინქტები და ჩვევები ყოვლისშემძლე შემოქმედის სიბრძნეს ადასტურებს. ის სულს შთაბერავს უტყვ ბუნებას და წონასწორობას ამყარებს მასში. ზოგი მათგანი საზრდოს აძლევს ადამიანს, ზოგი კი შრომას უმსუბუქებს. განგების ფხიზელი თვალი ყველას თანაბრად დაჰყურებს და იცავს, რათა რომელიმე სახეობა მეტისმეტად არ გამრავლდეს ან ძლიერებმა სუსტები არ გაანადგურონ, ყოველ მათგანს, უშველებელი მარტორქა იქნება თუ პაწაწინა ბეღურა, თავის საზღვრებს უწესებს და თითქოს აფრთხილებს: ”აქამდე მოსვლის ნება გაქვს, ამის იქით კი - აღარ”.
მაგრამ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენება და გვირგვინი მაინც ადამიანია. მისი გამართული სხეული, ზეაწეული თავი, მზერა, რომელიც ცისკიდურს სწვდება - ყველაფერი იმ უმაღლესი არსების ბეჭედს ატარებს, რომელსაც შემოქმედმა დედამიწაზე მეუფება უბოძა. მართალია, იგი შიშველი, სუსტი და დაუცველი იბადება, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე რომელიმე ცხოველი, მაგრამ აბრეშუმითა და ძვირფასეულობით იმოსება, მრისხანე იარაღს ფლობს და ხელიდან ელვის ტყორცნა შეუძლია. მძვინვარე მხეცები გაურბიან, ძლიერნი ემორჩილებიან, სასარგებლონი თვინიერად მსახურებენ. მას ყოველგვარ ბუნებრივ პირობებში ძალუძს ცხოვრება, პლანეტის ნებისმიერ წერტილამდე მიუწვდება ხელი; თუ მოისურვა, მიწის წიაღშიც ჩააღწევს, ოკეანეთა სიღრმეს დაიპყრობს და კოსმოსში გაინავარდებს. ძალ-ღონის ნაცვლად მოხერხება და ჭკუა აქვს, რომელთა მეოხებითაც ყოველივე მიწიერზე მეუფებს და ბუნებაც ხარკს უხდის თავის მბრძანებელს - ერთადერთს, ვისაც ძალუძს, ჩაწვდეს მის მშვენიერებასა და სრულქმნილებას. მაშინ, როცა ყველა სხვა არსება მხოლოდ ინსტინქტით ხელმძღვანელობს, ადამიანის სული შემოქმედის ყოვლისშემძლეობას, სიკეთესა და მარადიულობას სწვდება და შეიმეცნებს. მხოლოდ ის აცნობიერებს ღვთის ნებას, თაყვანს სცემს და მთელი არსებით ადიდებს მას. ერთსა და იმავე დროს იგი ამ ქვეყნის მბრძანებელიცაა და მღვდელმთავარიც.
ეს ვრცელი საცხოვრისი შემოქმედმა დიდი მზრუნველობით განუმზადა ადამიანს: თავს მას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებს, მის ფეხთა ქვეშ კი ყვავილთა ხელთუქმნელი ხალიჩა გადაშლილა; ვრცელ ველებზე პურის ყანები ბიბინებს, ხეები მისთვის სურნელოვან ნაყოფს ისხამენ, ურიცხვი ფრთოსანი საამო გალობით უტკბობს სმენას, ცხოველთაგან ზოგი ემსახურება, ზოგი ბეწვეულითა და ტყავით მოსავს, ზოგიც რძესა და ხორცს აძლევს; მზე სინათლესა და სითბოს ჰფენს მის კარ-მიდამოს, ჰავის ცვალებადობა წმენდს და განაახლებს ჰაერს, რომლითაც ის სუნთქავს... ენით აუწერელია ღვთის წყალობა ადამიანის მიმართ!
ასე რომ, დედამიწა ბრძნულად მოწყობილი სახლია, რომელიც კაცთმოყვარე უფალმა ჩვენთვის შექმნა. ვეცადოთ, ღირსნი ვიყოთ ამ სიყვარულისა, ასე უხვად რომ გვიძღვნის ღვთიურ ნობათს და ყოველთვის, როცა მას ვიგემებთ, მუხლი მოვიდრიკოთ შემოქმედის წყალობის წინაშე. ”გინათუ ჰსჭამდეთ, გინათუ სუმიდეთ, გინათუ რასაც იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ” (1 კორ. 10:31).
მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ