"მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან"
"მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან"
ზნეობრივი, შეუბღალავი სიყვარულის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ქართული მწერლობისათვის. ყველა ეპოქას, ყველა მწერალს თავისი შეხედულება აქვს მიჯნურობაზე, რაც განსაზღვრავს კიდეც ამა თუ იმ ეპოქისა და მწერლის ესთეტიკას. "მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი", - ამბობს რუსთაველი. მაინც რატომაა სიყვარული რთული გრძნობა? თავად ადამიანია რთული არსება. მასში ორი ბუნება, ორი საწყისია - ღვთაებრივი და მიწიერი, რომელთა შორის მუდმივი ბრძოლაა. ღვთაებრივი საწყისი სიკეთისა და მშვენიერებისაკენ იზიდავს, მიწიერი კი - ქვეეზიდება მას. თიხასა და მიწას შეაზავა უფალმა "ხატი ღმრთისა". ქალ-ვაჟის მიჯნურობაც ორი დაპირისპირებული ლტოლვის ნაზავია - ზეციურისა (ღვთაებრივის) და მიწიერისა (ადამიანურის). ადამიანის დანიშნულებაა ხორციელება მიუახლოვოს სულიერებას, მიწა გარდაქმნას ზეცის მსგავსად. რადგან სულის მშვენიერება უფრო ძლევამოსილია, ამიტომ მიწიერებამ (ხორციელებამ) არ უნდა მოიცვას, არ უნდა დათრგუნოს სულიერება. ამგვარი მსოფლმხედველობა და იდეოლოგია ასაზრდოებდა ქართულ მწერლობას საუკუნეების მანძილზე. სამყარო იერარქიულად არის აგებული. არსებობს ღირებულებათა იერარქია. ჭეშმარიტება, ღვთის მცნებები ყველაფერზე მაღლა დგას. გრძნობა, რომელიც არ არის წილნაყარი ჭეშმარიტებასთან, სიკეთესთან, მარადიულობასთან და რომლის გამოც ხდება ღალატი, უკეთურება, ქრისტიანული მრწამსის მიხედვით "მიჯნურობის" სახელს არ იმსახურებს. ის სიძვაა. მიჯნურობის სახეობებზე საუბრობს შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსნის" შესავალშივე. როგორ იყო ასახული მიჯნურობა ძველ ქართულ მწერლობაში? ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან სულავა:

- "ვეფხისტყაოსანში" ასახულია ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ამ პოემაში შეიძლება დავინახოთ ყველა კულტურული ფენის ანარეკლი, ოღონდ ქრისტიანულ პრიზმაში გარდატეხილი. "ვეფხისტყაოსანი" მარადიულ იდეალებზე ორიენტირებული პოემაა. იგი ქართული სულიერების, ინტელექტუალიზმის, ძალმოსილების ყველაზე მეტყველი და ღრმა გამოვლინებაა.

პოემაში გადმოცემულია მოძღვრება მიჯნურობის შესახებ. სიყვარულის მრავალგვარ სახეობას შორის უმაღლესია საღმრთო სიყვარული, საზეო მიჯნურობა. "ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა"... ეს არის სიყვარული ღვთისადმი, ტრფობა უხილავისადმი. იგი აღზევებულია ხორციელ გრძნობებზე. საღვთო მიჯნურობა ენით გამოუთქმელია. იგი სიტყვით ვერ გამოიხატება, ცნებებში ვერ თავსდება. ვინც ეცდება ამგვარი სიყვარულით უყვარდეს, მან უნდა დათმოს ყველა მიწიერი კმაყოფილება, რაც ტკივილის მომტანია - "ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა".

მხოლოდ ჭკუით, რაციონალური ლოგიკით შეიარაღებული კაცი ცხოვრების ასეთ გზას არ აირჩევს. ასეთ მიჯნურობას გულისმიერი ნიჭი სჭირდება და არა ტვინისმიერი ძალისხმევა: "მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან".

საზეო მიჯნურობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

"ვეფხისტყაოსანში" აღწერილია აგრეთვე ამქვეყნიური, ადამიანური სიყვარული, რომელშიც ხორციელი ლტოლვაც მონაწილეობს: "ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან". ასეთი სიყვარული ღვთაებრივ მიჯნურობას ბაძავს: "მართლ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან". ასეთ გრძნობაში ორი ურთიერთდაპირისპირებული საწყისი (ხორციელი და სულიერი) რიგდება, ერთდება. ეს გრძნობა ღვთაებრივთან წილნაყარია. "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა ურთიერთლტოლვაში ღვთაებრივი ნაპერწკალი მონაწილეობს. რუსთველური მიჯნურობის არსებითი ნიშანია სიცოცხლის მსხვერპლად მიტანა, თავდადება მიჯნურისათვის. პერსონაჟებს უხდებათ ბრძოლა, დაბრკოლებათა გადატანა. ჭირს ჭირი ერთვის, მაგრამ ძებნის ჟინი არ ცხრება, პირიქით, რაც მეტ განსაცდელს გადალახავს მიჯნური, ეს გრძნობა მით უფრო მძაფრდება. ტკივილი ჭედავს სიყვარულს. ბედნიერება ტანჯვის გზით მოიპოვება. ქრისტე ჯვარს ეცვა სიყვარულისთვის. ეს მომენტი პოემის პერსონაჟთა მიწიერ სიყვარულში გადმოიტანა რუსთაველმა.

არსებობს ქალ-ვაჟის ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელსაც ზოგჯერ "სიყვარულად" მოიხსენიებენ. შეიძლება ქალ-ვაჟს ერთმანეთთან აკავშირებდეს მხოლოდ ხორციელ-ბიოლოგიური სიამოვნებისკენ სწრაფვა, ლტოლვა, მაგრამ ეს არ არის სიყვარული: "ნუ ვინ გარევთ ერთმანეთსა", - შეგვაგონებს რუსთაველი. იგი, როგორც ქრისტიანი, ასეთ ლტოლვას მიჯნურობის სახეობად არ მიიჩნევს. "იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი". "ვეფხისტყაოსანი" არის სიყვარულის გამოცდა პერსონაჟებისთვის, როგორ შეძლებენ ისინი ამ გრძნობის შენარჩუნებას ბოლომდე. ნაწარმოების დასასრულს ჩანს, რომ საყოველთაო ჰარმონია მკვიდრდება. პოემა მთავრდება ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "შიგან მათდა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს". სადაც იმარჯვებს სიყვარული, სწორედ იქ მკვიდრდება ბედნიერება.

"ვეფხისტყაოსანი" ქართული ეროვნული კულტურის მწვერვალია. მის იდეალებზე ზრდიდნენ ქართველი დედები შვილებს. ამ იდეალებით საზრდოობს მთელი შემდეგდროინდელი ქართული ლიტერატურა. მიწიერი სიყვარულის საღვთო სიყვარულისადმი ბაძვის იდეა გამოთქმულია ბარათაშვილთან, აკაკისთან, ილიასთან, ვაჟასთან, გალაკტიონთან...

- ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ყველა ნიმუში დაწერილია ერთ თემაზე - საღვთო სიყვარულზე. თუმცა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" გვხვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ზოგიერთი პერსონაჟის სამიჯნურო თავგადასავალს, მიწიერ ლტოლვას უკავშირდება...

- ყველაზე გავრცელებულია აშოტ კურაპალატის მიჯნურობის ამბავი. აშოტ ბაგრატიონს კანონიერი მეუღლის გვერდით დაუსვამს სხვა ქალი, "დედაკაცი სიძვისაი". დაირღვა წმინდა ქორწინება. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ეს რომ გაიგო, უაღრესად შეშფოთდა და ამხილა მეფე ამ ცოდვიანი საქციელის გამო. აშოტი მას გულწრფელად შეჰპირდა, რომ მოიშორებდა სიძვის მიზეზს - ქალს. მაგრამ დაპირება ვერ აღასრულა, "რამეთუ არა ღონითა რაითმე კაცობრივითა მახეთაითა იყო ტრფიალ მისა მიმართ ხელმწიფე იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო". წმინდა გრიგოლმა თვითონ გადადგა ნაბიჯი - მან ახლოსაც არ გაიკარა ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად მისული ქალი და ასეთი სიტყვებით მიმართა: "რაისათვის შორის ცოლ-ქმარსა შთაჭრილ ხარ, წარსაწყმედელად სულისა?" ქალი შეძრა წმინდანის ამ სიტყვებმა, თავი მოიდრიკა და წარმოთქვა: "მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, რამეთუ გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდა მომართ კურაპალატსა". წმინდა გრიგოლმა უპასუხა, ექმენ მორჩილ ჩემს სიტყვას და მე გიშუამდგომლებ, რათა ცოდვები შეგინდოს ღმერთმაო. მაშინ ქალმა მიუგო, როგორც ჩემი სულისთვის იქნება უკეთესი, ისე განაგეო. წმინდა გრიგოლმა მონასტერში წაიყვანა, დედა ფებრონიას ჩააბარა: - იზრუნე სულისა მისთვის გულშემუსვრილისა ქალისაო. წმინდა გრიგოლ ხანძთელი ფიქრობს, რომ ამ ქალს მოძებნის კურაპალატი და აფრთხილებს, რომ ფებრონია შემზადებული შეხვდეს ამას. აშოტი დედათა მონასტერში მიდის. ილოცებს ეკლესიაში. არ იმჩნევს იქ მისვლის მიზეზს და დედა ფებრონიას ეუბნება: იცი, დედაო, რაისათვის მოვედი აქო? ფებრონია პასუხობს: უფალმა უწყის, რაისთვის ინებე აქ მოსვლაო. მეფე ეუბნება: ეს ქალი საგანძურის მცველი იყო, წამოვიდეს სასახლეში, მოგვითვალოს საჭურჭლე და მერე უკანვე დაბრუნდესო. ინტიმური გრძნობით აღძრული მეფე სიცრუის თქმასაც კადრულობს. ამაზე ფებრონია დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით პასუხობს: "მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა..." ფსალმუნის ენით, იგავურად, ქვეტექსტურად, საკმაოდ დაუნდობლად ამხელს ფებრონია მეფეს ცოდვის აღსრულების წადილში. მეფეს აღმოხდება: "ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არსო" და განშორდება მონასტერს. სასულიერო წოდების სიძლიერით, ზნეობის დაცვით გაამაყებული ჰაგიოგრაფი აცხადებს: "ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლესო". ხორცზე სულის გამარჯვებაა ნაუწყები. თხზულების ავტორი გიორგი მერჩულე თავადაც მონაზონია და ყველაფერ ამას მოგვითხრობს ასკეტისთვის ნიშნეული იდეოლოგიური პოზიციიდან. მისთვის ეს არის სიძვა. მეფის საყვარელი ქალი ტექსტში მოიხსენიება როგორც "სიძვის დიაცი". ასეთი მკაცრი კვალიფიკაცია ეძლევა ქალის საქციელს ქრისტიანული მორალის პოზიციებიდან. ათი მცნების დაცვა ყველა ადამიანს ევალება, მით უფრო მეფეს, რომლის საქციელი მისაბაძი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისათვის. წმინდა გრიგოლი დგას ოჯახური სიწმინდის სადარაჯოზე, თუმცა მან იცის, რამდენად რთული გადასალახია ეს გრძნობა. ჯვარცმული ღმერთი არის ქრისტიანის იდეალი, ამ გრძნობის დათმობაც ჯვარცმის, "სისხლის დათხევის" ტოლფასია. ეს ტკივილი შეიძლება ამქვეყნიური თვალსაზრისით დიდია, მაგრამ მარადისობასთან შედარებით არაფრად მოჩანს. წმინდა გრიგოლი, როგორც სულიერი მამა, ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანები სულიერი წარწყმედისაგან იხსნას, რაც არ უნდა დიდი ტანჯვის ფასად დაუჯდეთ ეს მათ.

- რისთვის იყო საჭირო, რას ემსახურებოდა ამგვარი სამიჯნურო (რომანული) ეპიზოდების შემოტანა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, რომლისთვისაც თითქოს უცხო უნდა იყოს ეს თემა?

- მე მიმაჩნია, რომ ამგვარი ეპიზოდების შემოტანა თვითმიზნური არ იყო. ეს ეპიზოდები, უპირველეს ყოვლისა, ზნეობის დაცვას ქადაგებს და, გარდა ამისა, წარმოაჩენს იმ ადამიანთა ავტორიტეტს, რომელთაც ხორციელება დაუჯაბნიათ საკუთარ არსებაში, "ხორცი სულისთვის უწამებიათ". სწორედ ასეთი ადამიანია წმინდა გრიგოლ ხანძთელი, რომელზეც ჰაგიოგრაფი ამბობს: "ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".

წმინდა ღვთისმსახურთა (გრიგოლ ხანძთელის, დედა ფებრონიას) მხილებამ მეფესა და მის მიჯნურს სინდისის ქენჯნა გაუძლიერა, რაც შემდგომში მათი სულის გადარჩენის საწინდარი გახდა. ცოდვის მიმზიდველობას გულწრფელმა სინანულმა სძლია. სულის სხეულზე გამარჯვება ჭეშმარიტი სიხარულის წყაროა. როდესაც მეფე გონს მოეგო: "სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაი წარიოტა სულმოკლებაი იგი მავნებელი და აქებდა წმინდათა მათ მძლავრებასა, უფროის ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა".

ასეთ ნაწარმოებებს უდიდესი როლი ენიჭებოდა თაობათა მართებული აღზრდის საქმეში. ასეთი ლიტერატურა იყო აგიტაციის საშუალება: "ყოვლადძლიერი ფარ-ხმალი, უანგარო მოსარჩლე და მფარველი ადამიანის ღირსებისა და მოვალეობისა" (წმინდა ილია მართალი).
ბეჭდვა
1კ1