ზნეობრიობის კატეგორია მხოლოდ ადამიანს აქვს
ზნეობრიობის კატეგორია მხოლოდ ადამიანს აქვს
უკვე ორი თვე შესრულდა შესანიშნავი ქართველი მეცნიერისა და პიროვნების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ელისო კალანდარიშვილის გარდაცვალებიდან. მიუხედავად მძიმე დაავადებისა, ქალბატონი ელისო სიცოცხლის ბოლო დღეებშიც თავდაუზოგავად შრომობდა. ტესტებს ადგენდა ქართულ ლიტერატურაში საატესტატო გამოცდებისათვის. მის მიერ შექმნილი წიგნი, "ქრისტიანული მქადაგებლობა და სულხან-საბა ორბელიანის ჰომილიები", სახელმძღვანელოდ გამოიყენება სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ქალბატონმა ელისომ აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა არაერთი თაობა. ახალგაზრდებს იგი უნერგავდა ქართული მწერლობის სიყვარულს; რომ სწორედ ძველ ქართულ მწერლობაზე აღმოცენდა მთელი შემდეგდროინდელი ქართული ლიტერატურა. მასში ჩამოყალიბდა ქრისტიანული ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალები და პრინციპები. ამ სულიერ სიმდიდრეს "სენაკებში სანთლის შუქზე გონდაუნჯებული" შემოქმედნი ქმნიდნენ. ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მამულიშვილებს შეგნებული ჰქონდათ, რომ ამ სიმდიდრეს დაფასება, მოვლა-პატრონობა და შთამომავალთათვის გადაცემა სჭირდებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ელისოსთან, რომელიც ჩვენს ჟურნალში წლების წინ დაიბეჭდა.

- ქალბატონო ელისო, რამდენად დაგეხმარათ აგიოგრაფიულ მწერლობასთან ზიარება მართლმადიდებლური წიაღის შეცნობაში?

- ათეისტურ პერიოდში გავიზარდე. მაშინდელი ახალგაზრდების არჩევანი უფრო შეზღუდული გახლდათ, ვიდრე დღევანდელი თაობისა. დღეს ეკლესია აყვავებული და პატივდებულია. ჩვენს დროს კი ლიტანიობაზე მისვლასაც გვიშლიდნენ. რამდენჯერ ჩაგვსაფრებიან სიონთან, წირვას რომ არ დავსწრებოდით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, ძალზე გამიმართლა. აქ ლექციებს გვიკითხავდნენ ისეთი დიდი მეცნიერ-პედაგოგები, როგორებიც იყვნენ ლევან მენაბდე, რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა, ელგუჯა ხინთიბიძე, უშუალოდ ჩვენს ჯგუფს კი ორი წლის განმავლობაში ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებდა ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილი. მან იმ დროისთვის სრულიად მოულოდნელი და თამამი ნაბიჯი გადადგა - ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება დაგვაწყებინა არა "შუშანიკის წამებით", როგორც იმდროინდელი პროგრამით იყო გათვალისწინებული, არამედ "მათეს სახარების" ტექსტის შესწავლით. მაშინ ახალი გამოცემული გახლდათ გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი ოთხთავის ორი ძველი რედაქცია. ქალბატონმა ლაურამ ეს ტექსტი ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე სიტყვასიტყვით გადმოგვაღებინა, თან გვითხრა, რომ სახარება ძალზე ფრთხილად მოსაპყრობი საკრალური ტექსტია. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: "ბიბლიის ტექსტი ჯერ უნდა შევიმეცნოთ და შემდეგ სანთლის შუქზე ვიკითხოთ". ქალბატონმა ლაურამ მოახერხა, ჩვენში სარწმუნოებრივი და მეცნიერული იდეალები ერთმანეთთან შეერწყა. ეს არ იყო ძალდატანება, - მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანს რაიმეს ძალით უნერგავენ, ის მისთვის, შესაძლოა, საძულველიც კი გახდეს; ეს იყო მეცნიერის მიერ ძალზე ტაქტიანად მოწოდებული სარწმუნოებრივი იდეალები. მეცნიერულ კომენტარებს თან ერთვოდა ქრისტიანობის მუდმივად თანმხლები ზნეობრივი სწავლებაც. ქალბატონმა ლაურამ გააღვივა, გააღვიძა ჩვენში ის შინაგანი მუხტი, რომელიც ყველა მონათლულ ადამიანში არსებობს. როდესაც აგიოგრაფიის შესწავლაზე გადავედით, მივხვდით, სასულიერო ლიტერატურასთან ჩვენი მიახლება სრულიად უნიადაგო იქნებოდა ბიბლიის ცოდნის გარეშე. ასე რომ, ეს იყო საოცარი პროცესი, რომელსაც თან ახლდა შემეცნებაც და რწმენაში გამყარებაც.

- ვფიქრობ, არა მარტო აგიოგრაფია, საზოგადოდ, ლიტერატურა იქნებოდა უნიადაგო ბიბლიის გარეშე, რადგანაც ჭეშმარიტი მწერლობის ამოსავალი ბიბლიური სიბრძნეა. როგორც გურამ დოჩანაშვილი ბრძანებს: "ვერასოდეს მიაგნებს და შექმნის ადამიანი იმას, რაც ბიბლიაში არაა..."

- არა მარტო ძველი, თანამედროვე ქართული ლიტერატურაც, პოეზია თუ პროზა, ქრისტიანული მოტივების გარეშე თითქმის გაუგებარია. გალაკტიონის პოეზიაში უამრავი სხვადასხვა სახის ცოდნა დევს, მაგრამ არსებითი და უმთავრესი მის გასაგებად ქრისტიანული სიმბოლიკაა. თუ ლიტერატურა ჭეშმარიტი და ღირებულია, მასში აუცილებლად სულიერი ძიების პროცესია ასახული. სხვაგვარად მას ფასი ეკარგება. კოლმეურნეობებისა და კოლექტივების ცხოვრების ამსახველი ე.წ. სოციალისტური რეალიზმიც იმიტომ იყო ღარიბი და უსახური და სწორედ იმიტომ ჩაბარდა ასე მალე ისტორიას, რომ ადამიანის სულიერი სწრაფვა კი არა, ხელოვნურად შეკოწიწებული იდეალები ედო საფუძვლად. მისი "გმირი" გახლდათ ოდენ მიწიერი ინტერესებით მცხოვრები ადამიანი, რომელსაც მიაჩნდა, რომ თვითონ იყო სამყაროს განმგებელი და გარდამქნელი, რომ გარდა მისი "საგანმგებლო" მიწისა, არ არსებობდა არავითარი ზებუნებრივი სამყარო. მას ჰქონდა ხორცი სულის გარეშე.

- მაშ, რას უნდა ასახავდეს, რა იდეალებს უნდა ამკვიდრებდეს ლიტერატურა? საით უნდა მიჰყავდეს მკითხველი?

- ადამიანი კულტურას იმისთვის ქმნის, რომ უფრო კეთილშობილი, ზნეობრივი გახდეს. ზნეობრიობის კატეგორია მხოლოდ ადამიანს აქვს, ამიტომ მას გაცილებით მეტი მოეთხოვება, რადგან იგი ღვთის ხატად არის შექმნილი, ყველაზე ახლოს დგას ღმერთთან, ყველაზე მეტად აქვს ღმერთთან მიახლების პერსპექტივა.

ლიტერატურა და ხელოვნება თავისებურად ემსახურება ადამიანის ამაღლებას, განწმენდას, გაკეთილშობილებას, ღმერთთან მიახლების საოცარ პროცესს.

- თქვენი აზრით, რამდენად უქმნის საფრთხეს გლობალიზაციის, კულტურათა ასიმილაციის პროცესი ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას?

- გლობალიზაცია ძალზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩემი აზრით, ის სიკეთეს მოუტანს იმ ერებს, რომელთაც დამკვიდრებული აქვთ თავიანთი სახელმწიფოებრიობა, დადგენილი აქვთ თავიანთი ქვეყნების საზღვრები და არ ემუქრებათ სხვა ერებში გათქვების საფრთხე. ევროპის ქვეყნებიც კი, რომელნიც ეკონომიკურად და სოციალურად თვითმყოფადნი არიან, მაინც უფრთხიან ამერიკანიზაციის პროცესს. ჩვენი ქვეყანა კი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილ-დადგენილი, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მწვავე დემოგრაფიული პრობლემები... ჩვენ განმტკიცება გვჭირდება არა მარტო სახელმწიფოებრივად, არამედ იდეოლოგიურადაც. ამიტომ, ვგონებ, გლობალიზაციაზე ლაპარაკი ჩვენთვის ნაადრევია.

- გვიამბეთ თქვენი სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

- ვისურვებდი, ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულებას არ დაეკარგოს ტრადიციული სახე, რადგანაც ჩვენ სხვა ქვეყნებს მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით ვერ გავეჯიბრებით; ჩვენი ღირსება სწორედ ის გახლავთ, რომ გვაქვს V საუკუნის მწერლობა, რომლის პატრონობაც, პირველ რიგში, უნივერსიტეტს ევალება. ჩვენი მიმართულება სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს საფუძველი მოუმზადოს ახალი და უახლესი ლიტერატურის უკეთ შესამეცნებლად. როგორც სახლი არ აშენდება უსაძირკვლოდ, ასევე ძველი ქართული ლიტერატურის გარეშე შემდგომი პერიოდის ქართული მწერლობის შესწავლა საყრდენგამოცლილი და უნიადაგო იქნება.

ჩემი სადისერტაციო თემა სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებები გახლდათ. სულხან-საბას ჩვენი საზოგადოება ძირითადად იცნობს როგორც "სიბრძნე სიცრუისას" ავტორს. ბევრმა არც კი იცის, რომ იგი გახლავთ ავტორი არაჩვეულებრივი საეკლესიო ქადაგებებისა. ეს არის გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოში მართლმადიდებელი მოძღვრის მიერ წარმოთქმული 46 ქადაგება, რომლებიც წლების მანძილზე იქმნებოდა იქაური ბერებისთვის. ეს ქადაგებები აქამდე შეუსწავლელი გახლდათ. ჩემ მიერ გამოცემულ წიგნს წინ უძღვის პირველი თავი, რომელიც ზოგადად საეკლესიო ქადაგებების, ჰომილეტიკური მწერლობის არსს განმარტავს, მას მოჰყვება უშუალოდ საბას ჰომილიათა განხილვა.

- როდესაც წმინდანების ცხოვრებას ვეცნობით, ხშირად მხოლოდ პასიურ ტკბობა-აღტაცებას განვიცდით მათი პიროვნული ძლიერებისა და სულის მშვენიერების ზეგავლენით. თანამედროვე ადამიანებს გვიჭირს ამ იდეალების შესაბამისად ცხოვრება. ვთვლით, რომ მათი განხორციელება დღევანდელ ყოფაში თითქმის შეუძლებელია...

- თანამედროვე ადამიანის პრობლემა ის არის, რომ მას არ სცალია სულისთვის. განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენს ყოფასა და ხორციელ მოთხოვნილებებზე. ვცდილობთ, შთამომავლობას მატერიალური სიმდიდრე დავუტოვოთ და ხშირად გვავიწყდება, რომ სულსაც ისეთივე წვრთნა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, როგორიც ხორცს. სწორედ სულის წრთობის ერთ-ერთი გზაა წმინდანთა ცხოვრებების, ღვთივსულიერი მამების ნაშრომების, ქადაგებების კითხვა, მით უფრო დღეს, როცა ასე მოგვეძალა უხამსი და უსახური პოპკულტურა. დახლებზე უხვად დაინახავთ მაკულატურას, რომელსაც უფრო დიდი ინტერესით იძენენ და კითხულობენ, ვიდრე ღირებულ ლიტერატურას. განსაკუთრებით პოპულარულია ყვითელი პრესა, რომელიც მხოლოდ "ცნობილი ადამიანების" პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების შეგროვებითაა დაკავებული, ის პიროვნებები კი, რომელნიც ნამდვილად გამოდგებოდნენ საზოგადოების ორიენტირებად, მიჩქმალულნი არიან. ამიტომაა აუცილებელი სულისთვის სასარგებლო ლიტერატურის კითხვა. სასურველი იქნება, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული ფორმით გამოიცეს წმინდანთა ცხოვრებები, მამათა სწავლებები, რათა პატარებისთვის ამ წიგნების კითხვა სახალისო, სიხარულის მიმნიჭებელი გახდეს. ჩვენმა შვილებმა ხშირად არც კი იციან, რომ მდარე, უსახური, ძალადობისა და აგრესიის შთამნერგავი სერიალების გარდა, სხვა სამყაროც არსებობს.

სამწუხაროდ, დღევანდელ ადამიანს კითხვისთვის აღარ სცალია. მოგეხსენებათ, ცხოვრების ტემპი შეიცვალა. სხვა პრობლემაც არის: როდესაც "პური არსობისა" გაქვს მოსაპოვებელი და თავი უნდა გადაირჩინო, ძალზე ძნელია სულიერ ღირებულებებზე ლაპარაკი. ამიტომაც, შეჭირვებულ ადამიანს საინფორმაციო საშუალებებით მაინც უნდა ესმოდეს მართალი, გამამხნევებელი სიტყვა, რომელიც სულის არსებობას შეახსენებს.

აბა, დაფიქრდით, რატომ ხდება ზოგიერთი ქართველი იეღოველთა სექტის წევრი. იმიტომ, რომ იეღოველები მათ ფეხდაფეხ დაჰყვებიან და თავიანთ მოძღვრებას განუმარტავენ. ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმის სახარება, წმინდა მამათა სწავლებები, მათში დაუნჯებული სიბრძნე, უნდა არსებობდეს რაიმე წყარო, რომლის მეშვეობითაც ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. მადლობა ღმერთს, უკვე არსებობს რელიგიური ჟურნალები, რომელთა მეშვეობითაც მკითხველი სარწმუნოების ანბანს ეცნობა.

- რამდენად აინტერესებთ თანამედროვე ახალგაზრდებს ძველი ქართული მწერლობა?

- ახალ თაობას ხშირად კრიტიკულად უყურებენ ხოლმე, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი თაობა ბევრად უკეთესი იყო. მე კი ვიტყვი, რომ ახალგაზრდების იმ ნაკადს, რომელსაც მე ვასწავლი, ისეთივე სურვილები და მისწრაფებები აქვს, როგორიც ჩვენ გვქონდა მათ ასაკში. მართალია, სკოლა ჩვენ უფრო მეტ ცოდნას გვაძლევდა, სამაგიეროდ, ახალ თაობას მეტი შესაძლებლობა აქვს ცოდნის გაღრმავებისა.

საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ზოგიერთი სახავს. როცა აუდიტორიაში შევდივარ, ვგრძნობ, როგორ ელოდება ჩემგან 120 სტუდენტი რაღაც ახალს, როგორი ანთებული თვალებით შემომცქერიან, როგორ სურთ, გაიგონ იმაზე მეტი, რაც იციან... ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ლექტორმა ყველა სტუდენტს უნდა მოუძებნოს თავისი გასაღები.

ჩვენს ახალგაზრდებს, თვით ყველაზე უწიგნურებსაც კი, გამძაფრებული აქვთ წყურვილი სარწმუნოების მიმართ. ამ სწრაფვას მოვლა-პატრონობა და სათანადო გეზის მიცემა სჭირდება.
ბეჭდვა
1კ1