ტაძარი არის სიმბოლო ხილულისა და უხილავის ერთიანობისა
ტაძარი არის სიმბოლო ხილულისა და უხილავის ერთიანობისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს , რომ მხატვრული სახეები, ფორმები, რითაც ტაძარი მეტყველებს, არის სწორედ ის სიმბოლური ნიშნები, რომლებშიც "ჩაწერილია" ღვთისმეტყველება.

რაზე მეტყველებს და რა ღვთისმეტყველურ არსს განგვიცხადებს ტაძარი, რას წარმოადგენს კანკელი, რა ფუნქცია აქვს მას და რატომ შეიქმნა იგი საერთოდ, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი ქეთევან აბაშიძე.

- ტაძარი, როგორც ხუროთმოძღვრული ნაგებობა, არის ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ხილული ხატი დედამიწაზე. ღმერთმა სამყარო (ხილული და უხილავი) მყისიერად შექმნა. სამყაროს დაბადება ერთობლივად მოხდა. სწორედ აქედან გამომდინარე, უფლის მიერ დაფუძნებული ტაძარი არის ერთიანი, დაუნაწევრებელი სიმრთელის მატარებელი, თავად არის სიმბოლო ხილულისა და უხილავის ერთიანობისა და განუყოფლობისა. თუ დაკვირვებიხართ, როცა ინგრევა ძველი ტაძარი, აღდგენა ხდება არა ხელაღებით ძველის უარყოფითა და ახლის აშენებით, არამედ ისე, რომ ახალი შეერწყას ძველს და ღვთივქმნილ სიმრთელეს არაფერი მოაკლდეს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, სვეტიცხოველი, რომლის კედლების საამშენებლო ფენებში ასახულია თითქმის ყველა დროის ქართული ხუროთმოძღვრული "ნააზრევი" ან, ვუწოდოთ ასე, სტილი. ის დღესაც კომპოზიციურად "მრთელ" ხატს წარმოადგენს. მკაფიოდ ჩანს, როგორია ქრისტიან ხუროთმოძღვართა დამოკიდებულება, მათ უნდა შექმნან სატაძრო ნაგებობა, როგორც მხატვრულ-კომპოზიციური მთელი, სხვადასხვა დროის არქიტექტურული ნაწილები ჰარმონიულად შეასისხლხორცონ ერთმანეთთან.

- რატომ წარმოიშვა კანკელი, ერთგვარი ზღუდე ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის?

- ვიცით, რომ სამოთხე აღმოსავლეთით იყო, საიდანაც შეცოდების შემდეგ ადამი და ევა გამოიდევნნენ. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ რადგან სამოთხე იყო აღმოსავლეთით, ისინი იყვნენ დევნილნი საპირისპირო მხარეს, ანუ დასავლეთით. მათი შეცოდებაც ხომ უფლის მიერ მათთვის მიცემული აღთქმის საპირისპირო იყო... მთავარანგელოზი და ანგელოსთა გარკვეული ნაწილი "განუდგა" უფალს, რის გამოც ისინი განიდევნნენ "ზეციდან"... ასე გაჩნდა პირველი "ზღვარი" სამოთხეში; უფრო სწორედ, სამოთხე გახდა საზღვარდებული. როგორც ლოცვებში ვკითხულობთ: "აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი" (იერუსალიმი გახლავთ ზოგადი სიმბოლო უფლის ზეციური ქალაქისაც). ზღუდე ერთ-ერთი აუცილებელი რამაა. ადამიანმა თავი უნდა შემოიზღუდო ბოროტისაგან. ასევე საჭიროა სივრცის შემოზღუდვაც. "თავადი ამა ქვეყნისა" და ბოროტი ანგელოზები - დემონური ძალები, რომლებიც უფალს განეშორნენ, ავსებდნენ ხილულ სივრცეს და ბატონობდნენ, ვიდრე უფალი გაიმარჯვებდა მათზე ჯვარცმით. სწორედ ამიტომ იყო სამოთხე საზღვარდებული და არის დღესაც, ვიდრე საყოველთაო განკითხვამდე... ამის გამოხატულებაა გალავანი, რომელსაც დღეს ჩვენში ტაძრების მშენებლობისას ხშირად უარყოფენ, არადა იგი საკრალური - წმინდა სივრცის შემოსაზღვრაა, არა მხოლოდ ხილული მტრისგან დასაცავად, არამედ თანაბრადვე ჩვენი თვალისთვის უხილავი ბოროტისაგან. ძველი წესების მიხედვით, დასჯილ ადამიანს ზოგჯერ არათუ ტაძარში შესვლა, ეკრძალებოდა გალავნის გადალახვაც კი. ცოდვილ ადამიანს უნდა ეგრძნო, რომ არსებობს საზღვარი, რომლის გადალახვაშიც მას მისსივე ცოდვა უშლიდა ხელს... და იგი, "შევრდომილი", გალავნის წინ ყველა შემსვლელს ევედრებოდა, მოეხსენებინათ ღვთის წინაშე საღვთო ლიტურგიაზე...

კანკელიც ერთგვარ გალავანს, ზღუდეს წარმოადგენს, რომელშიც არის კარი სამეუფო, აღსავლის კარი მიმყვანებელი უფალთან, გზა მომავალ სამოთხეში - სამშობლოში "ვიწროა" და რთული. სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ადამი და ევა მის კართან დასახლდნენ. როდესაც უფალმა "კარნი სამოთხისანი" დახშა, მის მცველად ქერუბინი დააყენა, მოტყინარე (ცეცხლოვანი) ხმლით ხელში. ადამიანმა ცოდვა განამრავლა: ძმამ ძმა მოკლა და ა.შ. ცოდვათა განმრავლების შედეგად კაცობრიობა იმ კარს თანდათანობით შორდებოდა. ამ განშორებას ტაძრის სივრცეში დასავლეთის კარი და კანკელის სამეუფო კარი ასახავს, რომლებიც ერთმანეთს მიემართებიან. ამიტომ, ტაძარში დასავლეთის კედელზე უმეტესად განკითხვის დღე გამოისახება. თუმცა ჩვენ რა ზღვარზე ვიმყოფებით, არ ვიცით, რადგან უფალმა ბრძანა, რომ არავინ უწყის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. როდესაც ტაძარში შევდივართ, სიმბოლურად იგულისხმება, რომ შევდივართ ზეციურ იერუსალიმში, მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ზეცაში ვიმყოფებით, ტაძარი არის "კიბე იაკობისა". ზეცაში მდგომთ ჩვენ მხოლოდ ვემსგავსებით, ანუ ჩვენი ლოცვითი ურთიერთობებით საეკლესიო-ტაძრულ სიწმინდეებთან ვმაღლდებით ზეცად. ეს არის მხოლოდ სიმბოლური ხატი ამისა. ანუ დასავლეთის კარს როცა გადავლახავთ და ტაძარში შევალთ, ჩვენს წინ აღმოსავლეთისაკენ მთელი შრეებით იხსნება ტაძარი ვიდრე კანკელამდე. კანკელი არის ერთგვარი მკაფიო გამყოფი უხილავსა და ხილულს შორის. ის არის ზღვარი, რომელიც ცოდვამ გააჩინა. ერთადერთი, რამაც ჩვენ სამოთხის კარი გაგვიხსნა, ეს იყო უფლის ჯვარცმა, ჯვარს წმინდა მამები სამოთხის გასაღებს უწოდებენ...…საწყისი ყოველივე ამისა დედამიწაზე კი უფლის განკაცება იყო... სწორედ ამიტომაც, აღსავლის კარზე ხარება გამოისახება - პირველი უწყება განკაცებისა, ე.ი. ჩვენი ხსნისა. გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ უკვე დაწყებულია კაცობრიობის ხსნის საქმე, ანუ სამოთხის დახშული კარი გაიხსნება. და ეს არის უდიდესი სასოება ადამიანთათვის. ჯვარი არის იარაღი, გასაღები, რომლითაც გაიხსნა სამოთხის კარი. სხვათა შორის, უწინ საქართველოში ტრადიცია არსებობდა ტაძრში, საკურთხევლის წინ დიდი ჯვრების აღმართვისა... ახლა ჩვენ ყველა ტაძარში ვხედავთ აღსავლის კარზე აღმართულ ჯვარს.

ვიცით, რომ ძველი აღთქმის ტაძარში "წმიდაი წმიდათაი" გამიჯნული იყო "წმიდასგან" კრეტსაბმელით. წესისამებრ, წელიწადში ერთხელ იქ მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება შესვლისა. სხვათა შორის, ეკლესიის გარდმოცემით, ამ კრეტსაბმელს ქსოვდა ღვთისმშობელი მაშინ, როდესაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და მის წიაღში უფლის განხორციელება აუწყა. ჯვარცმისას სწორედ ეს კრეტსაბმელი "განიპო შუაზე ზევიდან ვიდრე ქვეითამდე". ეს იყო ერთ-ერთი დიდი სასწაული ჯვარცმისა. ამ დღიდან, კანკელი უკვე აღარ ფარავს საკურთხეველს და ტაძარში, როგორც "ღვთის სახლში", შესული ადამიანი ზემოთ რომ აიხედავს, ერთიანად ხედავს ყველაფერს - ხილულსაც და უხილავსაც, ანუ უფლის მიერ მყისიერად დაბადებულ სამყაროს სახეს ხუროთმოძღვრულ ფორმებში აღბეჭდილს... მაგრამ მიწაზე, ჟამში ჩვენ განყოფილნი ვართ ზღუდით -კანკელით, რადგან ეს ცოდვა დღესაც მოქმედებს. და კანკელი არის სწორედ მინიშნება ამ ცოდვისა, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში არსებობს და ეს ზღვარი იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე. უფლის მეორედ მოსვლისას კი "ცანი წარიგრაგნებიან", განიკითხება ყველა და აღარ იქნება კანკელის საჭიროებაც.

- რაზე მეტყველებს ის, რომ კანკელზე გამოსახულებები გვხვდება მხოლოდ წინა და არა უკანა მხრიდან?

- ჩვენ ვდგავართ დასავლეთით და მივემართებით აღმოსავლეთით, იმიტომ რომ იქედან მოველით მომავალს. ჩვენი მომავალი სამშობლო, სამოთხე, რომელიც ცოდვით დავკარგეთ, სწორედ აღმოსავლეთით არის. ჩვენ აღმოსავლეთისკენ მივემართებით და სწორედ ამ მხრიდან არის კანკელზე გამოსახულებები. უკანა მხრიდან კანკელზე გამოსახულებები არასოდეს ყოფილა. აქ იგულისხმება ის, რომ მარადიულობაში სხვა ხატი და სხვა სახეებია. ხატობრივი გამოსახულებები გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს. ამ გამოსახულებებმა ჩვენში უნდა გააღვიძონ ზეციური სამოთხის სახე. ძველად მხოლოდ აღმოსავლეთით იყო ხატები დაბრძანებული (წმინდა იოანე დამასკელი). მოგვიანებით შემოვიდა ჩვენთან ტაძრის ყველა კედელზე ხატების განფენის ტრადიცია. შეიცვალა კანკელის გამოსახულებებიც. ადრე არსებობდა თაღებიანი კანკელები, რომლებშიც რელიეფურგამოსახულებიანი ფილები იყო ჩასმული ქვაში კვეთილი ხატებით. კანკელზე უმეტესად მცენარეულ ორნამენტს ვხვდებით, რომელიც სამოთხის სახეს წარმოადგენს. კანკელს განასრულებს თავხე, რომელზეც ადრე გამოისახებოდა ან დაბრძანებული იყო ხატები - ცენტრში მაცხოვარი, აქეთ-იქეთ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი; შემდეგ ანგელოზები, მოციქულები, საუფლო დღესასწაულები (ხარება, შობა, მირქმა და სხვა).

- კიდევ რა გამოისახება კანკელზე?

- კანკელზე გამოსახულნი არიან ეკლესიის მამები. მათგან უმეტესად მოციქულთა თავნი - პეტრე და პავლე და ასევე ოთხი მახარებელი, რაც მეტად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მე-18 საუკუნის მოღვაწე, წმინდა გრიგოლ მცირე ერთ თავის ნაშრომში წერს: "საკურთხევლიდან, როგორც სამოთხიდან, გამოედინება ოთხი მდინარე და ეს არის ოთხი სახარება". ამიტომაც ამ ოთხი სახარების ხატად არის ეს ოთხი მახარებელი გამოსახული.

- რას უკავშირდება მცენარეული ორნამენტის გამოსახვა კანკელზე?

- "წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში" (სალოსი - "უფლისთვის შეშლილი") აღწერილია, თუ როგორ იხილა მან სამოთხე. ერთხელ იგი, ტანსაცმელშემოძარცვული, ფეხშიშველი საშინელ ყინვაში კონსტანტინოპოლის ქუჩებში დადიოდა და თავშესაფარს ეძებდა. ხიდის ქვეშ მასავით უსახლკარო და გაღატაკებულ ხალხს მიაკითხა, მაგრამ მათ არ მიიღეს თავიანთ თავშესაფარში. ქუჩის კუთხეში მან ძაღლი შენიშნა და გადაწყვიტა, მას მისწოლოდა, რათა როგორმე გამთბარიყო. მაგრამ, როგორც კი ძაღლს მიუწვა, ძაღლი ადგა და წავიდა, განეშორა სალოსს. ასე ყველასგან მიტოვებულმა უცებ სხეულში რაღაც საოცარი სითბო იგრძნო. ამ დროს მოევლინა ნათლის ჭაბუკი, რომელმაც ზეცად აღიყვანა. პირველი, რაც წმინდა ანდრიას სამოთხის საზღვარზე შეხვდა, იყო ბაღი, მტილი, და ამ ულამაზეს ბაღში მან დაინახა ცისფერი ძაღლი... ხატებზე გამოსახულია სამოთხისეული მცენარეები, ხოლო ის, რაც დედამიწაზე მცენარეებია, ხეხილი თუ სხვა ხეები... მათი შესატყვისია, ზეციურის სახეა. ჩვენ, მიწაზე მყოფი ადამიანები, ამ ხილული ფორმებითა და სახეებით ვწვდებით იმ უხილავს, რომლის ხილვის ბედნიერება მხოლოდ სამოთხეში მყოფებს აქვთ. მცენარეული ორნამენტებით შემკული კანკელი წარმოადგენს სწორედ იმ პირველ მცენარეულ ზღუდეს, რომელიც წმინდა ანდრია სალოსმა იხილა სამოთხეში. ვხვდებით სვეტებს, რომლებიც ერთგვარად წმინდანთა ზეციურ დასს, ეკლესიის მამებს განასახიერებენ. ისინი "ეკლესიის შეურყეველ ბურჯებად" იწოდებიან. ჩვენს წინ ეს ხატებად აღმართული წმინდანთა მხედრიონი, ლაშქარი იცავს იმ ზღვარს, რომელიც ბოროტისგან გადაულახავია. სიმბოლურად სწორედ ამას წარმოგვიდგენს კანკელი.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს: ყოველივე ამქვეყნად შექმნილი საგანი არის ზეციურის ხატი, მისი შესატყვისობა დედამიწაზე, რომლითაც ჩვენ ვწვდებით სამოთხისეულს და ვუკავშირდებით სამყაროს შემოქმედს.
ბეჭდვა
1კ1