იონა ბერსა, მონაზონთა გვირგვინსა
იონა ბერსა, მონაზონთა გვირგვინსა
მე-19 საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, იონა ხელაშვილის მრავალმხრივ საინტერესო ბიოგრაფიის მრავალი საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

ცნობილია, რომ იგი დაიბადა 1772 წელს, კახეთის (ქიზიყი) სოფელ ვაქირში. იონას მშობლები იყვნენ "გლახაკ ამაო სიმდიდრეთაგან, გარნა მდიდარ სარწმუნოებითა ქრისტეს მიერ". ეს სიტყვები ზოგიერთმა მკვლევარმა და მეცნიერმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და იონა ხელაშვილი "ღარიბი გლეხის", "დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლად" გამოაცხადა.Mმწერლის უახლოესი წინაპრები კახეთის აზნაური მიქელაშვილები ყოფილან - თელავის სამეფო კარის ეკლესიის "პროტოიერეიად" ("რომელ არს ჩვენებრ მღვდელთ დეკანოზობაი") განწესებულნი, და ამდენად, სამეფო ოჯახთანაც ძლიერ დაახლოებულნი. ეს თანამდებობა ამ ოჯახში შვილიდან შვილზე გადადიოდა. განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ერეკლე მეფეს ხელაშვილებისთვის აზნაურობა უბოძებია.

თავის დროზე ცნობილნი ყოფილან დეკანოზები: იოსები, გიორგი და დავითი - იონას პაპა, რომელიც თეიმურაზსა და ერეკლეს ხლებია სპარსეთში ნადირ-შაჰის კარზე და დიდი სამსახური გაუწევია მათთვის. მეფეთათვის ერთგულად უმსახურია იონას მამასაც, გიორგის, ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ (იგი ლეკებთან ომში დაიღუპა თითქოს, შედარებით ახალგაზრდა) მისი ობლები - იონა, სოლომონი და გიორგი ერეკლეს აღსაზრდელად თავისთან გადაუყვანია. იონა ხელაშვილის ნიჭმა და სწავლისადმი მისწრაფებამ ერეკლე მეორისა და გიორგი XII-ის ყურადღება მიიპყრო, რომელთა დახმარებით იგი სხვადასხვა დროს სწავლობდა ვაქირში, თბილისში, თელავში, გრემში, შიომღვიმეში, ქვათახევის მონასტერში.

თავდაპირველად იონა ხელაშვილი სწავლისთვის ბოდბეს, წმინდა ნინოს სასწავლებელში მიუბარებიათ. მისი ავტობიოგრაფიული თხზულება "რონინიდან" ირკვევა, რომ უკვე სასკოლო ასაკგადასული (10-15 წლის) - "კაცი ულვაშთა აღმოჩენილი" - მეტეხის დეკანოზ იესესთვის და მისი შვილის, კარის ხუცესის, მწიგნობრისა და მგალობლის, ზაქარიასთვის მიუბარებიათ სასწავლებლად. ეს მომხდარა აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის წარტყვევნამდე (1795 წ. სექტემბერი) ექვსი თვით ადრე, ე.ი. 1795 წლის აპრილში. თბილისის უკანასკნელად აოხრების შემდეგ ერეკლეს იონა თელავს წაუყვანია და მიუბარებია იქაური კარის მღვდლის, მწიგნობრის - იოანე კალატოზიშვილისთვის. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იონას პატრონობა გაუწია გიორგი მეფემ, რომელმაც იგი მიაბარა "თელავისა თავადთა და აზნაურთა სასწავლებელსა შინა," რომლის რექტორიც იმხანად დავით ალექსიშვილი გახლდათ.

იონა ხელაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის გარდამავალ ხანას დაემთხვა.

1803 წელს, როდესაც უკანასკნელი ქართველი მეფის მემკვიდრეები პეტერბურგში გადაასახლეს, იონა ხელაშვილიც ნებაყოფლობით გაჰყვა მათ და სამეფო ოჯახის წევრთა ერთ-ერთ ნუგეშს იგი წარმოადგენდა სწორედ. იონა ცხოვრობდა ვორონეჟში, მოსკოვში. ბატონიშვილებმა მოსკოვიდან "საჭიროებისათვის სწავლისა" პეტერბურგს წარგზავნეს, სადაც იგი (1806 წლიდან მოყოლებული) სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იონა ხელაშვილი 3 წლის განმავლობაში ბატონიშვილების - დავითის, მიხეილისა და იოანეს ხელმძღვანელობით სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, ლოგიკასა და მეტაფიზიკას. მას შეუსწავლია "ფილოსოფია ძუელი ათინელთა და ახალი გერმანიისაი", "იოანე დამასკელისა წიგნი ოთხნი". იონა სპეციალურად მუშაობდა იოანე დამასკელის ფილოსოფიაზე. დავით ბატონიშვილის რეკომენდაციით, "ხუაიშნობით" და რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრეს მეოხებით პეტერბურგის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ამბროსი პოდობედოვმა იგი მიიღო პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სასულიერო აკადემიის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების კლასში. 1812 წელს მან დაამთავრა აკადემია. მოწმობაში, რომელიც იონას მისცეს, ეწერა: "საქართველოს იპოდიაკონმან იონა ხელაშვილმან ისწავლა სანქტ-პეტერბურღის სემინარიასა შინა კითხვა რუსული და სლავენური, და წერა, და ღვთისმეტყველება, და დოღმატიკა, და მორალი, და საღმრთო ისტორია, ღრამატიკა, რუსული, ფილოსოფია და არითმეტიკა დია მოსწრაფებითა, არს კეთილ ყოფაქცევისა და იყო ყოველთა დღეთა პატიოსანი". კურსის დამთავრების შემდეგ აღკვეცეს ბერმონაზვნად, აკურთხეს იეროდიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. ამაზე ზევით ის იერარქიის კიბეზე არ ასულა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში პეტერბურგში გადასახლებულ საქართველოს სამეფო სახლის წევრთა წინაშე იმთავითვე დადგა მათ ახალ ადგილსამყოფელში ქართული ეკლესიის გამართვისა და საეკლესიო ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შესრულების აუცილებლობა. ამ მიზნით 1812 წელს დავით ბატონიშვილს განუზრახავს "თვისსა აგარაკსა შინა" გაემართა კარის ეკლესია.Dდავით ბატონიშვილმა თავის მოძღვრად გამოითხოვა იონა ხელაშვილი, რომელიც მას ემსახურებოდა როგორც მოძღვარი "მრავალ ჟამ".

შემდეგ უკვე პეტერბურგში გადმოასახლეს იმერეთის სამეფო სახლის წევრებიც და ღირსი მამა, მღვდელმონაზონი იონა, სხვადახვა დროს იყო თეიმურაზ ბატონიშვილის, დედოფალ ანას (ორბელიანის ასული) და დედოფალ მარიამის (იმერეთის უკანასკნელი მეფის - სოლომონ II-ის მეუღლე, სამეგრელოს მთავრის, კაცია დადიანის ასული) სულიერი მოძღვარი. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე წერს: "იონა იყო სული და გული პეტერბურგის ქართული კოლონიისა. ყოფილი სამეფო ოჯახის წევრებს იგი დიდ და დაუფასებელ სამსახურს უწევდა ცხოვრების ყველა დარგში. ასე მაგალითად, 1831 წელს პეტერბურგში იფეთქა ქოლერამ, რომელმაც იმსხვერპლა ბატონიშვილის, ბაგრატის მეუღლე ეკატერინე. იონა არ ერიდებოდა მას, თავგამოდებით უვლიდა, სიკვდილის წინ აზიარა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მიწას მიაბარა. ეს მაშინ, როდესაც უფრო ახლობელი პირები, სენისგან ძალზე შეწუხებულნი, მიმოიბნენ და საერთოდ ქალაქს თავს არიდებდნენ. ყველაფერი ამის გამო ბატონიშვილები დიდად აფასებდნენ მას". მის ცოდნას, ჭკუასა და გამოცდილებას დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ეს ნათლად ჩანს თუნდაც იმ იამბიკოდან, რომელიც მას იოანე ბატონიშვილმა მიუძღვნა:

"დღეს აღმოცენდა ძირთაგან ხელაანთა
მთიები დიდი, ბერი მამა იონა;
გვიხმს ჩვენ ვიშვებდეთ შობის მაგის დღისათვის,
ვინაიდან გვიძებს ტაბლასა სულიერსა.
მის გამო ჩვენც შევსვამთ სადღეგრძელოსა.
იონა ბერსა, მონაზონთა გვირგვინსა,
ახალ რიტორსა, ღვთისმეტყველების ჭურსა,
წიგნთა ხელმხებსა, ქადაგების ავქსონსა
და ყოფაქცევით ძველ მამათშენადარსა,
მონაზონების კანონთა სრულ დამცველსა".


1832 წლის 17 მარტს იონასთვის მოცემულ "მოწმობის წერილში" ნათქვამია: "დღე და ღამე არ დასცხრები შენ შრომისათვის და შესთხზე შენ წიგნნი საღვთისმეტყველონი, საღმრთოთა წერილთა რომელთამე განმარტებანი, ქადაგებანი სადღესასწაულონი წელიწადისა და კვირიაკეთა დღეთანი, ლექსიკონი ვრცელი ქართულისა ენისა, შესხმანი და სხვადასხვანი სასარგებლონი წიგნნი და ეპისტოლენი სასულიეროთა მიმართ და სიბრძნისმოყუარეთა კაცთადმი და კუალადცა არა ატარებ დღეთა შენთა უქმად და მარადჟამ შრომობ".

იონა ხელაშვილის თხოვნით, დავალებითა და ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიწერა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება; იოანე ბაგრატიონის "გრამატიკა", თეიმურაზ ბაგრატიონს უთარგმნია "ჰსჯანი არისტოტელისანი სათნოებათა და ბიწთათვის", სიმონ ვაჩნაძეს - "სწავლა ზნეობითი და კანონი პატიოსანი კაცისა", რუსულიდან თარგმნიდა თვითონაც. მის სამწერლო მოღვაწეობის ნაყოფიერებას ადასტურებს 43 სქელტანიანი თხზულება, რომლებიც მისი ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო, ლექსიკოგრაფიული თუ ისტორიული აზროვნების დამადასტურებელია.

იონა ხელაშვილი იმ პერიოდის საქართველოს დიდი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის მასწავლებელი-აღმზრდელი და გზის გამკაფავი იყო.

იონა ხელაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველო და ამიერკავკასია რუსეთს შეუერთდა. რუსეთის თვითმპყრობელობის მხრივ ეროვნულ-კოლონიურ ჩაგვრასთან ერთად საქართველო რუსი ხალხის კულტურულ-ეკონომიკური ცხოვრების გავლენასაც განიცდიდა. რუსეთის მსგავსად, ამ პერიოდის ქართველ მოაზროვნეთა ერთი ნაწილი მატერიალისტური ფილოსოფიის შეთვისებისაკენ მიისწრაფოდა (დ. ბაგრატიონი, თ. ბაგრატიონი), ხოლო მეორე ნაწილი კვლავ რჩებოდა ფილოსოფიის თეორიული გააზრების პოზიციებზე. ამ ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო იონა ხელაშვილი, რომელიც გააფთრებით იბრძოდა მატერიალისტური ფილოსოფიისა და მის მიღწევათა შედეგების წინააღმდეგ. იგი სწორედ ამ ხაზის მთავარი წარმომადგენელი იყო X1X საუკუნის I ნახევრის ქართულ აზროვნებაში.

იონა ხელაშვილი ცნობილი "კალმასობის" ერთ-ერთი მოქმედი პირია.

მისი ცხოვრებიდან აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი: იგი 1820 წელს პეტერბურგში თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა რუსეთში გასახლებულ 1819-1820 წლების "იმერეთის აჯანყების" ერთ-ერთი ხელმძღვანელის ექვთიმე გაენათელისა და რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის შეხვედრის დროს. შეხვედრის ძალზე საინტერესო დეტალები ხელაშვილის მეოხებით იქნა ცნობილი ქართველი საზოგადოებისათვის.

1837 წლის 4 დეკემბერს, როდესაც 67 წლის ღირსი მამა, მღვდელმონაზონი იონა თავის სამწერლო მაგიდაზე უკანასკნელად ფურცლავდა ახალდამთავრებულ ლექსიკონს და შიგადაშიგ სიტყვებს ასწორებდა, ცხვირიდან სისხლი წასკდა და იქვე განუტევა სული.

იგი დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის მონასტრის საძვალეში.
ბეჭდვა
1კ1