"მეჩვენება, რომ ღვთის ნაკვალევს მივყვები"
"მეჩვენება, რომ ღვთის ნაკვალევს მივყვები"
ათეისტური პროპაგანდა ათწლეულების მანძილზე გვიმტკიცებდა, რომ მეცნიერებასა და რელიგიას ერთმანეთისგან გადაულახავი უფსკრული ყოფდა. ვნახოთ, რას ფიქრობდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ღვთის რწმენაზე.

* ლუი პასტერი (1822-1895), ქიმიკოსი, ბიოლოგი, თანამედროვე ბიოლოგიისა და იმუნოლოგიის მამა: "დადგება დღე, როცა იცინებენ ჩვენი თანამედროვე მატერიალისტური ფილოსოფიის სისულელეებზე. რაც უფრო უკეთ ვსწავლობ ბუნებას, მით მეტად მაოცებს ღვთის საქმენი. ლაბორატორიაში მუშაობისას ვლოცულობ ხოლმე". "მე ბევრი რამ ვისწავლე და ამიტომაც მწამს, როგორც უბრალო გლეხკაცს. თუ უფრო განსწავლული გავხდებოდი, ჩემი რწმენაც უფრო ღრმა და მხურვალე შეიქნებოდა, ისეთი, როგორიც უბრალო გლეხის ქალს აქვს".

* სახელგანთქმულმა ბუნებისმეტყველმა და ბიოლოგმა, მცენარეული და ცხოველთა სამყაროს სისტემატიზაციის ფუძემდებელმა კარლ ლინეამ თქვა: "საუკუნომ, დიდებულმა, ყოვლისმხედველმა და ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა! მე მისი სახე არ მინახავს, მაგრამ მისმა ანარეკლმა ერთიანად დაიპყრო სული ჩემი და კეთილმოკრძალებით აავსო! მე აქა-იქ შევამჩნიე მისი ნაკვალევი მისსავე ქმნილებებში. მის ყველა საქმეში, თუნდაც ყველაზე მცირესა და უმნიშვნელოში - რამხელა ძალაა, რამხელა სიბრძნე, ენით უთქმელი სრულყოფილებაა! დავაკვირდი, თუ როგორ მიყვებიან ერთმანეთს მცენარეთა სამყაროსთან შეერთებული უწყვეტი ჯაჭვით განსულიერებული არსებები. მცენარეები კი მინერალურ სამყაროს ეკვრიან, რომლებიც დედამიწის შიგნით ჩადიან, დედამიწა კი უცვლელი წესით მზის გარშემო ბრუნავს, რომელიც მას სიცოცხლეს აძლევს და მე ვიხილე მზე და ყველა სხვა მნათობი, მთელი ვარსკვლავთა სამყარო, რომლებიც უთვალავი, უსაზღვრო, საუკუნო სიცარიელეებს შორის გაკიდულ სივრცეში მოძრაობენ. ამგვარად, სამართლიანი იქნება, გწამდეს, რომ არსებობს ღმერთი დიდებული და საუკუნო, რომელმაც ეს სამყარო შექმნა და მასში წესრიგი დაამყარა".

* მიხეილ ლომონოსოვმა თქვა: "შემოქმედმა კაცობრიობას ორი წიგნი მისცა. ერთში მან თავისი დიდებულება აჩვენა, მეორეში კი თავისი ნება. პირველი მის მიერვე შექმნილი ეს ხილული სამყაროა, რამეთუ ადამიანმა, უცქერდა რა ამ დიდებულად და მშვენივრად აგებულ შენობას, აღიარა ღმრთაებრივი ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი კი წმინდა წერილია. მასში ნაჩვენებია შემოქმედისეული კურთხევა ჩვენი ცხოვნებისთვის".

* ცნობილია, რომ უდიდესი რუსი მეცნიერი, ფიზიოლოგი, აკადემიკოსი პავლოვი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდათ. იგი ასე ხსნის სულის უკვდავებას: "მე ვსწავლობ უმაღლეს ნერვულ ქმედებას და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა: სიხარული, მწუხარება, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის ფიქრები, თვითონ უნარი ფიქრისა და განსჯისა - ყოველივე დაკავშირებულია ადამიანის ტვინის განსაკუთრებულ უჯრედთან და ნერვებთან. ხოლო როცა სხეული შეწყვეტს სიცოცხლეს, მაშინ ადამიანის ყველა გრძნობა და ფიქრი, თითქოსდა ტვინის უკვე მკვდარ უჯრედებს მოწყვეტილი, საერთო კანონის ძალით - რომ არც ენერგია და არც მატერია უკვალოდ არ იკარგება, შეადგენენ უკვდავ სულს, რომელსაც აღიარებს ქრისტიანული რწმენა".

* ერთხელ ცნობილ ქირურგს, პროფესორს, სტალინის პრემიის ლაურეატს, წმინდა მთავარეპისკოპოს ლუკას (ვოინო-იასენეცკი) პოლიტბიუროს წევრმა დაცინვით ჰკითხა: "საბჭოთა თანამგზავრებმა კოსმოსში ღმერთი ვერ ნახეს, ამას როგორ ახსნით?" - "როცა ქირურგი ვიყავი, - უპასუხა მღვდელმთავარმა, - ბევრ თავის ქალას ჩავუტარე ტრეპანაცია, მაგრამ ჭკუა არსად მინახავს".

* ცნობილი ფილოსოფოსი ბეკონი წერდა: "მცირე ცოდნა აშორებს ღმერთს, ბევრი კი მიაახლოებს მას".

* კარლ ჰაუსი (1777-1855), გერმანელი მათემატიკოსი წერდა: "როცა დადგება ჩვენი უკანასკნელი ჟამი, როგორი აუხსნელი სიხარულით მივაპყრობთ მზერას მისკენ, რომლის არსებობასაც მხოლოდ ვხვდებოდით ამ სამყაროში".

* თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი კოში წერდა: "მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს იესო ქრისტეს ღმრთაებისა, ისევე როგორც დე ბრაგეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმს, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, აილერს და სხვებს, როგორც ყველა დიდებულ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს ძველი დროისა".

* რიჩარდ დეჰანი წერდა: "მრავალი წლის წინ ცხოვრობდა ბატონი ისააკ ნიუტონი. შინ მას ჰქონდა ზუსტი მინიატურული მოდელი ჩვენი მზის სისტემისა. მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი და სხვა პლანეტები ერთმანეთთან ისე იყო დამაგრებული და მავთულებით შეერთებული, რომ შეეძლოთ სინქრონულად ემოძრავათ "მზის" გარშემო. ერთხელ, როცა ნიუტონი თავის მოდელს სწავლობდა, მასთან შეიარა მეგობარმა, რომელსაც ქვეყნის შესაქმის ბიბლიური კონცეფციისა არ სჯეროდა. აღტაცებული უცქერდა მექანიზმსა და მეცნიერს, რომელიც აიძულებდა ზეციურ სხეულს, თავისი ორბიტის გარშემო ემოძრავა. ამ კაცმა წამოიძახა: "ღმერთო ჩემო, ნიუტონ, ეს რა გასაოცარი ნივთია! ვინ გაგიკეთა?" ნიუტონმა მიუგო: "არავინ". "არავინ?" - პასუხი კითხვად შეუბრუნა მეგობარმა. "სწორედაც რომ არავინ! ყველა ეს სამაგრი, მავთული და დეტალები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდა სასწაული, ყველამ სინქრონულად იწყო მოძრაობა და თავის ორბიტაზე დადგა". ათეისტი მაშინვე ყველაფერს მიხვდა! სისულელე იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ეს მოდელი თავისით წარმოიშვა, მით უმეტეს, შესაქმეზე ფიქრისას, რომ თითქოს დედამიწა და მთელი სამყარო შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა.

* იოჰან მედლერი (1794-1874) გერმანელი ასტრონომი, მთვარის პირველი ატლასის შემქმნელი, ამბობდა: "ვინც შემთხვევითობის გარდა ვერაფერს ხედავს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ჰარმონიაში, ეს შემთხვევითობა მან ღვთის სიბრძნეს უნდა მიაწეროს. ჭეშმარიტი მეცნიერი არ შეიძლება ურწმუნო იყოს, ისევე როგორც ბუნების კანონები და ღვთის კანონები - ერთი და იგივეა".

* იტალიელი ასტრონომის ანჯელო სეკის საფლავის ქვაზე წერია: "ზეცის ცქერიდან უმოკლესი გზა ღმერთამდე".

* დიდ პოლონელ ასტრონომს, კოპერნიკს ჰკითხა ერთხელ გავლენიანმა თავადმა: "მითხარით, დიდო დოქტორო, სიმართლისთვის ბრძოლაში ბედნიერი თუ იყავით?" კოპერნიკმა უპასუხა: "გარწმუნებთ, თავადო, რომ მოთმინებასთან გადაწნული ჩემი ცხოვრება მხოლოდ სიხარული იყო. თუმცა ღვთის დიდებულების წინაშე უნდა ვაღიაროთ: ყოვლისპყრობელი! ჩვენ ვერ ვწვდებოდით მას. იგი დიდებულია ძალით, მსჯავრით და მართლმსაჯულების სისავსით, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ღვთის ნაკვალევს მივყვები. ვგრძნობ, რომ ახლოსაა ჩემი სიკვდილი, მაგრამ ეს არ მაშინებს. ყოვლისშემძლე ღმერთი ჩემი სულის არსებობისთვის სხვა ფორმას გამოძებნის, მარადისობის გზით წამიყვანს, ისევე როგორც მიჰყავს ცთომილი ვარსკვლავი სიბნელის გავლით, უსასრულობისკენ. მე ვეკამათებოდი სიმართლისთვის ადამიანებს, მაგრამ ღმერთს არასოდეს შევკამათებივარ. მშვიდად ველოდები ჩემთვის განაზღვრული დროის გასვლას".

ამ ღვთის მდაბალი მონისა და სახელგანთქმული მეცნიერის საფლავის ქვაზე წერია: "არც იმ მადლს გთხოვ, რომელიც პავლემ მიიღო, არც წყალობას, რომლითაც პეტრეს შეუნდე, არამედ იმ მადლისა და წყალობის ბოძებას გევედრები, რომელიც ჯვაცმული ავაზაკის მიმართ გამოიჩინე".

* დიდებული მეცნიერი, ფიზიკოსი, ასტრონომი და მექანიკოსი გალილეო გალილეი, ინერციისა და სხეულთა თავისუფალი ვარდნის კანონთა აღმომჩენი, ტელესკოპის გამომგონებელი, იუპიტერის ოთხი თანამგზავრისა და ვენერას ფაზების აღმომჩენი, ამბობდა: "ბუნების მოქმედებებში ღმერთი არანაკლები გასაოცარი დიდებულებით გვეცხადება, როგორც წმინდა წერილის ღვთაებრივ სტრიქონებში". "წმინდა წერილი არ შეიძლება ცდებოდეს ან სცოდავდეს. ვინაიდან ის მრავალ ადგილას არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს განმარტებას და უკუაგდებს აზრის პირდაპირ, სიტყვასიტყვით გაგებას".

* იოჰან კეპლერმა, უდიდესმა ასტრონომმა, ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა, რომელმაც მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობის კანონი აღმოაჩინა, ბრძანა: "ვიდრე ავდგები მაგიდიდან, სადაც ყველა ჩემი გამოკვლევა დავასრულე, მე მხოლოდ ის დამრჩენია, მადლობა გადავუხადო სამყაროს შემოქმედს ჩემდამი გამოჩენილი გულმოწყალების გამო! გმადლობ შენ, უფალო, იმ ყველა სიხარულისთვის, რომელთაც განვიცდიდი შენთა საქმეთა ხილვისას".

* დიდებული ისააკ ნიუტონი საკუთარ თავზე ამბობდა: "არ ვიცი, რით მაღიარებენ შთამომავლები, მაგრამ მე თავი იმ პატარა ბიჭად წარმომიდგენია, რომელიც უსასრულო ოკეანის ნაპირას ტალღების გამორიყულ ნიჟარებს აგროვებს, მაშინ როცა ოკეანე და მისი სიღრმეები ჩემთვის ძველებურად მიუწვდომელია".

ნიუტონს ჰკითხეს: "ვინ შეძლებს, მოაგროვოს გარდაცვლილის ძვლები და მისგან ახალი სხეული წარმოქმნას?" მეცნიერმა რკინის მტვერი მიწის მტვერს შეურია და ჰკითხა: "ამ ნარევიდან ვინ შეძლებს რკინის მტვრის გამოყოფას?" ყველას გასაოცრად მეცნიერმა აიღო დიდი მაგნიტი და ნარევს მოატარა. ნარევი ამოძრავდა, რკინის ნაწილაკები ხმაურით მიეკვრნენ მაგნიტს. ნიუტონმა სერიოზულად შეხედა იქ მყოფთ და უთხრა: "მას, ვინც ამგვარ ძალას ზიარყო უსულო ქვა, განა არ ძალუძს უფრო მეტი მოიმოქმედოს ჩვენი სულის მიერ, როცა საჭირო გახდება მისი შემოსვა ძველებური, ოღონდ განახლებული სხეულით?"

* ბერლინის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა, კვანტური თეორიის ფუძემდებელმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, სახელგანთქმულმა მაქს პლანკმა თქვა: "საითაც არ უნდა მივაპყროთ მზერა და რაც არ უნდა იყოს ჩვენი კვლევის საგანი, ვერსად ვპოულობთ წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის... როგორც რელიგია, ასევე მეცნიერება, ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტებას ეძებენ და ღვთის აღიარებამდე მიდიან. პირველს ის (ღმერთი) საფუძვლად წარმოუდგენია, მეორეს კი სამყაროზე ყოველივე ფენომენალური წარმოდგენების დასასრულად!"

* ელექტროდინამიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ფიზიკოსმა ამპერმა თქვა: "შეგვიძლია ბუნებაში შემოქმედის საქმეებს დავაკვირდეთ და ამათგან ავმაღლდეთ შემოქმედის შეცნობამდე".

* რადიაქტივობის პირველაღმომჩენმა ანრი ბერკლემ თქვა: "სწორედ ჩემმა ნაშრომებმა მიმიყვანა მე ღმერთამდე, რწმენამდე".

* ერთხელ გამოჩენილმა მეცნიერმა მაიკლ ფარადეიმ (მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონი) ბიბლიის კითხვისას თქვა: "მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები, იხეტიალონ მრავალი მნიშვნელოვანი შეკითხვით უცნობელობაში, მაშინ როცა ღმერთმა მათ გამოცხადების ასეთი საკვირველი წიგნი აჩუქა".

* მეცნიერმა, ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა, არგონის, კრიპტონის, ქსენონის, ნეონის აღმომჩენმა რამზაიმ თქვა: "ჩემი აზრით, არ არსებობს ნამდვილი წინააღმდეგობა მეცნიერებასა და ქრისტიანობის სწავლებათა შორის".

* გამოჩენილმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა ბლეზ პასკალმა თქვა: "სამი თანრიგის ადამიანები არსებობენ: პირველებმა იპოვეს ღმერთი და ემსახურებიან მას. ისინი ბედნიერნი და გონიერნი არიან. სხვებმა ვერ იპოვეს ღმერთი და არც ეძებენ მას, - ისინი უგუნურნი და უბედურნი არიან. მესამეთ კი არ მოუპოვებიათ იგი, მაგრამ ეძებენ მას, - ესენი გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან".

* ლორდმა კალვინმა, რომლის სახელიც დაერქვა ტემპერატურის აბსოლუტურ სკალას, თქვა: "დედამიწაზე ახალი სიცოცხლის წარმოშობა არ იყო დამოკიდებული რაიმე ქიმიურ ანდა ელექტრონულ პროცესზე და მოლეკულათა კრისტალურ დაჯგუფებაზე. ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვაღიაროთ ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობის საიდუმლო და სასწაული".
ბეჭდვა
1კ1