სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო
სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო
"ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა
ქართული სუფრა უღვინოდ წარმოუდგენელია. ქრისტიანებისათვის, მით უფრო ქართველი მართლმადიდებლებისათვის, ღვინო მხოლოდ სასმელი როდია...

ქართულ ღვინოზე გვესაუბრება საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "ვაზი და ღვინოს" რედაქტორი თეიმურაზ ღლონტი.

- ბატონო თეიმურაზ, რამდენი ვაზის ჯიშია საქართველოში და შემოგვრჩა თუ არა ეს ჯიშები დღემდე?

- ქართული ვაზის ჯიშები უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ადგილობრივი წარმოშობისაა და გამოყვანილია ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის გზით.

ქართული ვაზის ამპელოგრაფიაში აღწერილია 525 ვაზის ჯიში. სამწუხაროდ, ყველა ჯიში კოლექციებში დღემდე არ გაგვაჩნია, ზოგიერთი მათგანი დღესაც მოსაძიებელია. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიადაგურ-კლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ვაზის ჯიშთა გამორჩეულმა ასორტიმენტმა ქართველ მევენახესა და მეღვინეს მისცა ორიგინალური, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული უნიკალური ღვინოების დაყენების საშუალება. ასე შეიქმნა სახელგანთქმული ღვინოები: წინანდლური, კარდანახული, ენისლური, ანაგური, ახმეტური, მანაური, წარაფებისა, გუმბათებისა, მუხრანული, ატენური, მეჯვრისხეული, ხიდისთაური, სვირული, ბაღდადური, დიმური, ალადასტური, ხვანჭკარა, თეთრა, უსახელოური, ჩხავერი, ოჯალეში და მრავალი სხვა.

საუკუნე-ნახევრის წინ კახეთში უპირატესად ხუთი საუკეთესო საღვინე ვაზის ჯიში იყო გავრცელებული: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, კახური მცვივანი, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იძლეოდა. სამწუხაროდ, ამჟამად ხიხვის ჯიშის ვაზი თითქმის გამქრალია, ერთეულ ძირებსღა ითვლის კარდენახისა და რუისპირის მიკროზონებში, კახური მცვივანის ნარგაობა კი არ გაგვაჩნია. იგი კარდაკარ არის საძებარი. შემცირებულია ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშთა ფართობები, როგორიცაა კრახუნა, ჩხავერი, ოჯალეში, გორული მწვანე.

ვარაუდობენ, რომ უნიკალური ვაზის ჯიში საფერავი ტაო-კლარჯეთში წარმოიშვა, თუმცა დღეს მის სამშობლოდ კახეთი მიიჩნევა. სწორედ აქ წარმოაჩინა ვაზის ამ ჯიშმა თავისი განუმეორებელი თვისებები. იგი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის, რომლის მარცვლის რბილობიც წითლად არის შეფერილი.

- რა ასაკისაა ქართული ვაზი და ქართული ღვინო?

- არქეოლოგიური გათხრების შედეგად შულავერში (ძვ. წ-ის VII-V ათასწლეულები) აღმოჩნდა ყველა შინაური ცხოველის ნეშტი, ხორბლის ცხრა და ქერის ხუთი სახეობა, შვრიის, ბარდის, ოსპის, ჭვავის ნაშთები, სამიწათმოქმედო იარაღები, თიხის დერგი ვაზის მტევნების ფერადი სტილიზებული გამოსახულებით. თიხის ჭურჭლის ნამტვრევზე პენსილვანიის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში დადასტურდა ღვინის მჟავას ნაშთის არსებობა.Aიქვე აღმოჩენილია კულტურული ნიშნების მქონე ყურძნის წიპწები, რომლებიც ძვ. წ-ის V-IV ათასწლეულებით თარიღდება. შულავერის კულტურის არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელობა სცილდება არქეოლოგიური განძის ფარგლებს, მას ზოგადსაკაცობრიო და ზოგადისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამ მდიდარმა და უძვირფასესმა არქეოლოგიურმა მონაპოვარმა ამხილა მითი სამყაროს ევოლუციური განვითარების შესახებ. როცა ხელთ გვაქვს უტყუარი, თვალხილული დასტური VII-V ათასწლეულებში ყველა შინაური ცხოველის, მრავალფეროვანი მარცვლეული კულტურისა და ვაზის არსებობისა, მითს კაცობრიობის ევოლუციური განვითარების შესახებ ყოველგვარი საფუძველი ეცლება. შულავერის კულტურის არქეოლოგიურმა მასალებმა პირდაპირი მტკიცებულებით დაადასტურა ბიბლიური ჭეშმარიტება სამყაროს ღვთიური წარმოშობის შესახებ.

- როგორ იყო გაცნობიერებული ვაზის კულტურა ძველად საქართველოში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ერის ცხოვრებისათვის?

- "და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქუეყანისა, და დაასხა ვენახი და ღვინო მისგან და დაითრო" (დაბადება 8,20-21), - მოგვითხრობს ბიბლია და ამით გვამცნობს, რომ სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო და ეს მოხდა ღვთის ნებით. უზენაესის მიერ ნოესთვის ნაბოძები ვაზი სიცოცხლის აღორძინებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ იქცა.

"მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი..." - გვმოძღვრავს უფალი და ეს შეგონება მარადიულ მცნებად ყალიბდება მიწათმოქმედის ცნობიერებაში.

წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმიანობისათვის. ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი).

ვენახის დამუშავება წმინდა წერილის ანუ ღვთის წერილის შესწავლა და წმინდა მცნებათა აღსრულებაა.

ამგვარი გააზრება ვენახისა, როგორც უზენაესი კატეგორიის ცნებისა, ადამის მოდგმას დასაბამიდან მოსდგამს. ამ გარემოებამ განაპირობა ვენახისადმი ადამიანის უფაქიზესი მიმართება. ვენახის მიმართ ამგვარი ზნეობრივ-ფსიქიკური განწყობა კარგად გამოხატა ქართველმა მევენახემ: "ვენახის სათოხნელადა გული დამიწყებს ღიღინსა". როცა მევენახის მძიმე ფიზიკური შრომა ამგვარ ზეამაღლებულ ნეტარებად მოიაზრება, ვენახი ჭეშმარიტად იქცევა წმინდა წიაღად, სადაც მევენახე ღვთის სადიდებლად მუშაობს.

ვენახის ცნებაში უნდა მოვიაზროთ ორი საწყისი: სულიერ-ზნეობრივი და ყოფითი, მატერიალური. "ხე სიცოცხლისა" - ვაზი თავის თავში იმთავითვე მოიცავს ერთსახედ განსრულებულ ამ ორ საწყისს.

ქრისტიანობის შემოსვლამ და დამკვიდრებამ საქართველოში კეთილი გავლენა მოახდინა ქართველი კაცის ყოფიერება-ცნობიერებაზე. თუკი ქრისტიანობის წინა სამყარო ითავსებდა თრობის როგორც რეალური ყოფიერების ელემენტს ("ამით მიერ აკურთხე ღმერთი, რომელმან დაგათრო შენ კეთილთაგან მისთა", - ამბობს სიბრძნე ისო ზირაქისა), ქრისტიანობამ თრობა სიბილწის წყაროდ გამოაცხადა: "და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისგან არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფეს. 5,8). თუმცა ისო ზირაქისეული სიბრძნის მთელი არსი შეუძლებლად მიიჩნევს მენადიმეთა, ისევე როგორც სუფრის წინამძღვრის თრობას, უღირსად მოქცევას და ფსიქიკური წონასწორობის დაკარგვას.

- ბატონო თეიმურაზ, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ღრმად ტრადიციული ფესვები აქვს. ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში XIX საუკუნეში დამკვიდრდა. რა განსაკუთრებული ღირსება აქვს ქართულ ღვინოს და ევროპულმა ტექნოლოგიებმა რა გავლენა მოახდინა ტრადიციულ მეღვინეობაზე - დადებითი თუ უარყოფითი?

- ცნობილი რუსი მეცნიერ-ეთნოლოგი პროფესორი მ. გერასიმოვი მაღალ შეფასებას აძლევდა კახური ტიპის ღვინოს და მისი წარმოების გაფართოებას მოითხოვდა: "არ არის მართებული ყოფილ საუფლისწულო მამულში გავრცელებული ტენდენცია ღვინის ადგილობრივი წესით დაყენების გაუქმებისა და სანაცვლოდ ევროპული ტიპის ღვინოების დანერგვისა".

სტივენ სპურიერმა, მეღვინეთა ჟურნალ "დეკანტერის" კონსულტანტ-გამომცემელმა, თქვა: "ქართული ღვინოები არა მარტო სასიამოვნო და გემრიელია, არამედ მდიდარი შემადგენლობის წყალობით დიეტური და კვებითი თვისებებით გამოირჩევა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ქართული ღვინის ადგილობრივ საკვებთან შეთანაწყობის ფაქტორს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი ღვინოები ისე არ ეთანაწყობა ადგილობრივ საკვებს, როგორც საქართველოში".

საფრანგეთის "პერნო-რიკარის" ჯგუფის მეღვინეობის საერთაშორისო განყოფილების დირექტორმა რობინ დეიმ 1993 წელს ამგვარად შეაფასა საქართველოს მეღვინეობა და ტრადიციები: "ჩვენი აზრით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ადვილი იქნება მუშაობა მეღვინეობის დარგში, რადგან აქ ღვინის დამზადების და სტუმარმასპინძლობის კულტურა საუცხოოა, ქართველი ხალხი აჩვენებს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, რაც დაფუძნებულია ძლიერი ქრისტიანული ოჯახის გავლენაზე".

ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოკრძალებით განმსჭვალულმა ქართველმა მევენახემ ღვთის ნებით შეძლო ამოეცნო დიდი საიდუმლო - ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია მოექცია მიწის გულში ღრმად ჩაფლულ თიხის ქვევრში და სასწაულთმოქმედი ხელებით ვაზის პოტენცია მაკურნებელ ღვინოდ გარდაექმნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ღვინო ცისა და მიწის ორგანული კავშირის ნაყოფია. რაც შეეხება ევროპულ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ სიახლეებს, საქართველოში მათ შემოტანასა და დანერგვას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს სიახლეები არ არის მორგებული და გათვალისწინებული ქართული ღვინოების ტექნოლოგიებისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

- რას იტყოდით ტრადიციულ ქართულ სუფრაზე?

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრის განრიგება ფორმითაც და შინაარსითაც ბიბლიური პრინციპების განახლებაა ყოფით სფეროში.

ტრადიციული ქართული სუფრა ოთხგვარია: ყოველდღიური, საქორწინო, კალენდარული და რელიგიური დღეობებისა, თალხი ანუ ჭირისა (სამგლოვიარო). ტრადიციული ქართული სუფრის ეს ოთხი სახე შეიძლება პირობითად ორგვარად: ლხინისა და ჭირის სუფრად დავახასიათოთ.

თალხი ანუ ჭირის სუფრა გარეგნული ფორმით სადა, მკაცრი, ერთგვარად დაუნჯებული და მოთოკილია, შინაგანი არსით კი მეტად დაყურსული. თალხი სუფრა მადლია ფერისცვალებისა, ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასული კაცისადმი გაცემული, ღვინით დამბალი პური კი მისი სულისა და ხორცის გარდასული ერთიანობის გასიმბოლოებული შეგრძნებაა.

ბუნებრივია, თალხი სუფრა ითხოვს სადღეგრძელოთა შემჭიდროებულ რიგს, ლაკონიურობასა და სიბრძნეს, ეს კი როგორც თამადის, ისე სუფრის თითოეული წევრისგან ემოციურ-ფსიქოლოგიურსა და ზნეობრივ სიმდიდრეს მოითხოვს.

რელიგიური რწმენის შებღალვამ და დაკნინებამ ადამიანის ზნეობრივ სამყაროს საფუძვლები შეურყია. თანდათანობით დაიკარგა გაცნობიერება თალხი სუფრის დანიშნულებისა, აირია ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის სუფრების თადარიგი, დაკნინდა მათი არსი. ჭირისუფალთა მანუგეშებელი და გამამხნევებელი რიტუალი მათ შემაწუხებელ და შეურაცხმყოფელ მოვლენად იქცა. ჭირის სუფრაზე შვიდი, იშვიათად ცხრა სადღეგრძელო ისმებოდა, დროცა და სასმელიც ზომიერად იხარჯებოდა. ასევე შეზღუდული იყო წრე იმ ადამიანებისა, ვინც ჭირის სუფრაზე იკრიბებოდა - ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, ახლო ნათესაობა, ოჯახთან დაახლოებული ხალხი.

ქართული სუფრა ტრადიციულად ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი იწყება. მას მოსდევს მშვიდობის სადღეგრძელო (განსაკუთრებით - გურიასა და ბასკეთში), საზოგადოდ, ქართული სუფრა გაჟღენთილია "კაცთა შორის სათნოებით", ყოველი სადღეგრძელო სუფრის თანამეინახეთა ურთიერთმიმართებას ამჟღავნებს და სათნოებით არის აღბეჭდილი. ის, ფაქტობრივად, საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობას ემთხვევა: უფლის დიდება, ცოცხლების დღეგრძელობა, გარდაცვლილთა გახსენება, ურთიერთის მოსიყვარულება, გურიაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი სადღეგრძელო ხელისუფლებისა (ძველ დროში უფლისა და საქართველოს შემდეგ ადღეგრძელებდნენ მეფე-დედოფალს), დაბოლოს, სუფრის დამაგვირგვინებელი სადღეგრძელო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სხვაგვარად - საყოვლადწმინდო. ასე მთავრდება ძილისა და ძილად მისვლის ლოცვები: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმინდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ". ცხადზე ცხადია, ეკლესიური ცხოვრების წესმა, ქრისტიანულმა ცნობიერებამ ქართული სუფრაც ამაღლებულ სულიერ-ზნეობრივ ყალიბში მოაქცია. სუფრის დაწყება ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი და სუფრის დამთავრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა სადღეგრძელოთი ამის უტყუარი დასტურია.

ამიტომაც არის, რომ ღვინოს, ამ ღვთიურ სითხეს, რომელიც "ახარებს გულსა კაცისასა" და "აღავსებს სულითა", განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანთა ურთიერთობაში. ნადიმის სუფრაც ხომ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროა, მხოლოდ არა ჩვეულებრივი, ყოფითი, არამედ ამაღლებული, სულიერ-ზნეობრივი მუხტით აღბეჭდილი, რომელიც ადამიანში აღვიძებს და აძლიერებს ღვთისთვის სათნო აზრებსა და გრძნობებს. ღვინოს ადამიანის სულში შეაქვს დიდი ღვთიური მადლი, მასთან მიახლოება და ხმევა დიდი კდემით და თავმდაბლობით უნდა ხდებოდეს; ამიტომაც გვმოძღვრავს წმინდა პავლე მოციქული: "და ნუ დაითვრებით ღვინითა", სვით, იხმიეთ ზომიერად, რათა "აივსოთ სულითაო". მარად გვახსოვდეს ბრძენი სულხან-საბას შეგონებაც: "განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა. სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად. მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ნუ ბოროტსა".

- როგორი იყო ღვინის მოხმარების კულტურა ძველად და როგორია ის დღეს?

- ღვინის ზომიერი სმა უმთავრესი ნიშანი იყო ქართული სუფრისა. თრობა და "ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა. იგი თავისი არსით არ ესადაგება ტრადიციული ქართული ლხინის რიტუალს.

აკაკი წერეთელი ასე გადმოგვცემს ძველი ქართული ლხინის, ნადიმის მახასიათებელ თვისებებს: თურმე ძველმა ქართველებმა "მთვრალობა და სადღეგრძელო სათვითოო არ იცოდენ". ეს ორი ნიშანი ქართული ლხინისა უპირველეს ყოვლისა ქართველი კაცის ცნობიერი, სულიერ-ზნეობრივი იერსახის გამოხატულებაა.

- რას უნდა ნიშნავდეს "სადღეგრძელო სათვითოო"? ეს არის ის, რასაც დღეს პირად სადღეგრძელოს ვუწოდებთ. რატომ არ იყო მიღებული ძველად ქართულ ყოფაში "სათვითოო სადღეგრძელოების" თქმა და საიდან დამკვიდრდა ეს ჩვეულება ჩვენს ყოფაში?

- კარგად თუ ჩავუკვირდებით "სათვითოო სადღეგრძელოების" მიუღებლობა ერთ-ერთი ძირითადი ქრისტიანული თვისების - თავმდაბლობის გამოხატულება უნდა იყოს. "ნუ მაღლოინ, კაცო!" - დავით წინასწარმეტყველის ეს მცნება იყო ამოსავალი ყოველი ქრისტიანისთვის და ქართველი კაცი, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, მას ზედმიწევნით იცავდა.

XIX საუკუნეში სურათი უკვე მკვეთრად შეცვლილია. იმდენად, რომ აკაკი გულისტკივილით წარმოთქვამს: ძველ ქართველებს "ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდენო".

როცა დიდი აკაკი გულისტკივილით ჩივის XIX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შესამჩნევ ზნეობრივ გადახრაზე, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, დღევანდელ ე.წ. "ლხინის სუფრების" შემყურეთ?

ქართული სუფრის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სადღეგრძელო გახლავთ. ის არის თამადისა და თანამეინახეთა შორის ურთიერთობის წარმმართველი, ლხინისთვის შინაარსისა და მიმართულების მიმცემი.

სადღეგრძელო თავისი არსით რთული ფენომენია. შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ის ღვინით შევსებული სასმისის გარეშე არ წარმოითქმება. სადღეგრძელო და ღვინო ერთი მთლიანობაა, რამეთუ უღვინოდ სადღეგრძელო არ ითქმის. ღვინო ანიჭებს სადღეგრძელოს ღვთიურ ძალას, სადღეგრძელოს წარმომთქმელს - დალოცვის უნარს. სადღეგრძელო ხომ ღვთისადმი მიმართული ლოცვაა სიკეთის, სიუხვის, მშვიდობის, გამრავლების, სიყვარულის დასამკვიდრებლად და გასამრავლებლად ადამიანთა შორის.
ბეჭდვა
1კ1