"ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან"
"ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილობაშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან, ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს. იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცემებით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა.

ჭეშმარტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას, ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოებს. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: "ის, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, მისი სამსჯავრო უკვე შემდგარია". არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება. ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებდნენ მას, ანდა არ ეძებდნენ იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლებოდა".

* "ადამიანისთვის აუცილებელია იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისაგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, - ვკითხულობთ წმინდა წერილში, - დაე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას და მიეცემა. მაგრამ დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს" (იაკობი 1,5-6).

სიბრძნე თავისით არ მოდის, იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.

მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება, მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე; თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტის გზიდან" (იგავნი 2,6,9-12).

როგორ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ცოდნა და გონიერება, ჩვენ კი თითქმის არ ვზრუნავთ მისი შეძენისთვის, ნამდვილი ცოდნისა და სიბრძნის მოსაპოვებლად".

* "განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს? ისინი ხომ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავენ: ერთი - ფიზიკურს, მეორე - სულიერს. მაშასადამე, ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს".

* "გავიხსენოთ დიდი მეცნიერი პანტენი, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა ფილოსოფია ღვთისმეტყველებაში, რომელიც ამბობდა, რომ "არა წინააღმდეგობა, არამედ ურთიერთკავშირია ცოდნასა და რწმენას შორის". ეს თვალსაზრისი განსაკუთრებით განაძლიერა მისმა მოწაფემ კლიმენტი ალექსანდრიელმა".

* "ფსალმუნი გვასწავლის: აქებდით ღმერთსა მეცნიერებით. ეს მეტად საყურადღებო სიტყვები ეხება საკითხს, რომელიც უძველესი დროიდანვე წამოიჭრა კაცობრიობის წინაშე, კერძოდ, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ცოდნასა და რწმენას. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე კამათობდნენ. ზოგის შეხედულებით, საჭირო იყო მხოლოდ სარწმუნოება, ხოლო ზოგის თქმით - ცოდნა, რადგან სწორედ ცოდნას მიჰყავს ადამიანი ჭეშმარიტებასთან. ამ საკითხს განსაკუთრებით ვრცლად შეეხო კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი აზრით, საჭიროა ორივე - რწმენაცა და ცოდნაც, მაგრამ პირველადი რწმენაა, რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული ცოდნა და მეცნიერება. თავისი შეხედულების ჩამოყალიბებისას კლიმენტი ალექსანდრიელი საღვთო წერილს ეყრდნობა და გვასწავლის, რომ ის, ვინც მხოლოდ მორწმუნეა - მონაა ღვთისა, ხოლო ვინც მორწმუნეცაა და მცოდნელიც - ღვთის მეგობარია".

* "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთ ადგილას მოციქულებს მეგობრებს უწოდებს, რადგან მათ უკვე ყველაფერი იციან. მონამ არ იცის, რას ფიქრობს, ან რისი გაკეთება სურს ბატონს, მაშინ როცა მეგობრისათვის ეს ცნობილია. აქედან გამომდინარე, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, მონამ ყოველივე უნდა იღონოს, რათა მეგობრის სიმაღლეზე დადგეს. ეს საკითხი - ურთიერთმიმართება რწმენისა და ცოდნისა, აქტუალურია დღესაც".

* "მართალია, ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ მის გამოკვლევას საფუძვლად სარწმუნოება დაედო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ის ტექნიკური მეცნიერება, რომლითაც დღეს კაცობრიობა ამაყობს, რწმენისაგან დამოუკიდებლად განვითარდა და ძალიან საშიშიც აღმოჩნდა სამყაროსათვის. მან შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულოს და საერთოდ მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე. შექმნილმა ვითარებამ უკვე თვითონ მეცნიერებიც დააფიქრა. გავიხსენოთ თუნდაც ეკოლოგიური საკითხები... თუ კაცობრიობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება, ომი აღარ იქნება საჭირო, დედამიწაზე სიცოცხლე ისედაც განადგურდება. აი, სადამდე მიგვიყვანა ჩვენ ურწმუნო მეცნიერებამ მაშინ, როცა იგი რწმენით მადლმოსილი, ხოლო თავად მეცნიერი ყველაზე დიდი მორწმუნე უნდა იყოს. რწმენა მეცნიერებას განსაკუთრებით XX საუკუნეში დაუპირისპირეს, მაშინ, როცა მათ ერთმანეთი უნდა შეევსოთ, რათა ადამიანი ჰარმონიულად განვითარებულიყო სულიერად და გონებრივადაც".

* "როგორც პატრიარქმა, პირველ რიგში ჩემს უმთავრეს მოვალეობად მე ერისა და ეკლესიის გაერთიანება მივიჩნიე. ეკლესია თითქოს მოწყვეტილი იყო ერისგან, განსაკუთრებით კი მთავრობასა და ინტელიგენციას იყო დაშორებულიყო. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ყველა სფეროში, ჩვენდა სასიხარულოდ, მათაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ეკლესიის მიმართ. ურთიერთშეხვედრებმა საოცარი შედეგი გამოიღო, უფალი მივიდა ყველასთან, თვით ისინიც კი, რომელთაც თავიანთი თავი ათეისტებად მიაჩნდათ, აღიარებდნენ, რომ საპატრიარქოს რეზიდენციაში სტუმრობისას სულიერი სიმშვიდე ეუფლებოდათ. ამ დროს მათზე გადმოდიოდა მადლი, რომელიც მიზეზი ხდებოდა ჭეშმარიტი რწმენის დაბადებისა...

მეცნიერები სასწავლო პროცესთან არიან დაკავშირებულნი, ამიტომ ისინი პირველ რიგში ჭეშმარიტი რწმენისა და სიყვარულის მქადაგებლები უნდა იყვნენ, ხოლო მათი შრომები ღვთის სადიდებელს უნდა წარმოადგენდეს სწორედ ისევე, როგორც ამას ფსალმუნში ვკითხულობთ: აქებდით უფალსა მეცნიერებით.

ღმერთმა ინებოს ქართული მეცნიერების რწმენით მადლმოსილება!"
ბეჭდვა
1კ1