ღმერთი ყველაფრის წინასწარმცოდნეა, მაგრამ ყველაფრის წინაგანმსაზღვრელი არ არის
ღმერთი ყველაფრის წინასწარმცოდნეა, მაგრამ ყველაფრის წინაგანმსაზღვრელი არ არის
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია. ორივე საგანი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ის მოვლენები, რომლებიც ხდება ქვეყანაზე ან ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრებაში, სულიერი და საღვთისმეტყველო კუთხით გაიაზროს. აი, ეს ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება" (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე).

ისტორიული საწყისისა და დასასრულის პრობლემა ქრისტიანულმა ისტორიოგრაფიამ და ისტორიულ-ფილოსოფიურმა აზროვნებამ ასე გადაჭრა: ისტორიის საწყისი ადამამდე და ნოემდე მიდის, ხოლო დასასრული მეორედ მოსვლამდე. რა საზრისი აქვს ისტორიას? რა ძალები წარმართავენ ისტორიის კლაკნილ, მაგრამ მაინც წინმავალ მოძრაობას? როგორ ვლინდება ისტორიაში ღვთის განგება? როგორ მოქმედებენ და რა როლს ასრულებენ ადამიანები ისტორიული მოვლენების განვითარებაში? რას ნიშნავს პროვიდენციალიზმი? - ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ისტორიის ღრმა გააზრებას, რაც მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას ეკუთვნის. ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი. ბატონ ფარნაოზს გამოქვეყნებული აქვს 250 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის გახლავთ სამტომიანი სახელმძღვანელო "ისტორიის ფილოსოფიის ისტორია".

- ბატონო ფარნაოზ, ისტორიის ფილოსოფიის დარგში, რამდენადაც ვიცი, ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონდა არავითარი სახელმძღვანელო. ამას, ალბათ, მიზეზები ჰქონდა.

- ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორეა ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. მხოლოდ ფაქტების აღწერამ არ უნდა დაიკავოს მთავარი ადგილი ისტორიაში. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ როგორ ესადაგება ესა თუ ის მოვლენა ამ ქვეყნის ისტორიას, ასევე, სხვა, მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მთლიანად მსოფლიო ისტორიას... ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც. ეს წიგნი დაიწერა ისტორიისა და ფილოსოფიის მიჯნაზე. თანამედროვე პირობებში, სამწუხაროდ, ისტორიაში ემპირიზმი მძლავრობს, ხოლო ფილოსოფოსები ისტორიის თეორიულ გააზრებას ნაკლებად ცდილობენ. თეორიულ-ფილოსოფიური საფუძვლების სისუსტე და ემპირიზმის მოძალება, ზოგადად, ქართული საისტორიო მწერლობის ნაკლია. ეს განსაკუთრებით ნათლად გამომჟღავნდა XX საუკუნის დასაწყისში, როცა სამეცნიერო მოღვაწეობის ასპარეზზე ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა. მან იმთავითვე დაიწყო საქართველოს ისტორიის შერწყმა ,,ფილოსოფიურად გამართულ" მსოფლიო ისტორიასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვით საქართველოს ისტორიაც "გაუმართავი" იყო. ამიტომ ის იძულებული გახდა, მთელი თავისი ტიტანური ენერგია და ნიჭი ქართველოლოგიის ახალ-ახალი დარგების (წყაროთმცოდნეობა, სამართალმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მეტროლოგია, პალეოგრაფია და სხვა) შექმნისათვის შეეწირა. ბატონ ივანეს სურდა დაეწერა "ისტორიის ფილოსოფიაც". სამწუხაროდ, არ დასცალდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ფაქტოლოგიურმა საისტორიო კვლევამ საქართველოში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ იგი ძირითადად მაინც ემპირიზმის გზით ვითარდებოდა. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს უამრავი საინტერესო გამოკვლევა ეროვნული თუ მსოფლიო ისტორიის თითქმის ყველა ძირითად საკითხზე, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ქართული ისტორიოგრაფიის თეორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე. დღემდე ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში ,,ისტორიის ფილოსოფიის" ზოგადი კურსიც იშვიათი ხილია, და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თითქმის ყველა დამხმარე ისტორიული დისციპლინის (არქეოლოგიის ფილოსოფია, ეთნოლოგიის თეორია და სხვ.) სპეცკურსები ისწავლება. თანაც, ჩვენი ისტორიული ლიტერატურის ნახევარზე მეტი გამოცემულია სწორედ ბოლშევიკური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში და, ცხადია, ცალმხრივობისა და დოგმატიზმის დაღს ატარებს. ასეთ ვითარებაში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გამოდიოდეს ისეთი ახალი ლიტერატურა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს.

მე მიზნად არ დამისახავს არც ისტორიის ფილოსოფიის ახალი სისტემის შექმნა, არც რომელიმე სისტემის მიხედვით მსოფლიო ისტორიის გამართვა. ჩემი პრეტენზია მხოლოდ ისაა, რომ შევეცადე მეჩვენებინა, თუ რა კონკრეტულ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ-ფილოსოფიური აზროვნების პროგრესი ისტორიოგრაფიაზე. ჩემი სამეცნიერო მუშაობის საფუძველზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველ ისტორიულ-ფილოსოფიურ კონცეფციაში შეიძლება ვიპოვოთ ის მეტ-ნაკლებად რაციონალური მარცვალი, რომელიც შორეული თუ ახლო წარსულის ისტორიულ მოვლენათა გაგებაში, წლების განმავლობაში თავსმოხვეული იდეოლოგიის დაძლევასა და შემოქმედებითი აზროვნების შემდგომ განვითარებაში დაგვეხმარება.

ამ წიგნზე მუშაობას ბოლო წლები შევალიე. 1976 წლიდან შევქმენი სპეციალური კურსი და სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მივიტანე, სადაც იმხანად პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი. რექტორმა შეშფოთებით მითხრა: მაშ, ისტმატს ("ისტორიის მატერიალისტური გაგება") რაღა ვუყოთ, საციხედ გაგვიხდება საქმეო. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ ჩავიდინე შეგნებულად თაღლითობა. ჩემს ნაშრომს სახელი გადავარქვი და ამგვარად "ისტორიოგრაფიის" სახელით "ისტორიის ფილოსოფიას" ვუკითხავდი სტუდენტებს.

- როგორ დაფუძნდა ისტორიის ფილოსოფიის საგანი და რა ამოცანები აქვს მას?

- ჩემი აზრით, ფილოსოფია გარედან არ შესულა ისტორიაში. დასაბამიდანვე პირველივე ისტორიკოსები ამჟღავნებდნენ ფილოსოფიის გარკვეულ ელემენტებს. მაგალითად, ჰეროდოტე ცდილობდა, რაც შეიძლებოდა ზედმიწევნით აღეწერა ბერძენ-სპარსელთა ომი, მაგრამ ჰეროდოტე ვერ იქნებოდა ჰეროდოტე, რომ არ შეემჩნია ერთი რამ. იგი ამბობდა, მე მინახავს ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც მტრის შემოსევების შემდეგ გავერანებულა, აღგვილა პირისაგან მიწისა და პირიქით, ტრიალი მინდვრები, სადაც მშვენიერი ქალაქები აღმოცენებულაო. მაშ, ისტორიაში, საზოგადოებაში ადგილი ჰქონია რაღაც მოძრაობას, აღმავლობა-დაღმავლობას, გარკვეულ წრებრუნვას და ისტორიკოსის მოვალეობაც სწორედ ეს გახლავთ: მოიხელთოს, აჩვენოს, ახსნას ეს წრებრუნვა და კანონზომიერება. სამი ძირითადი კითხვის წინაშე დგას ისტორიკოსი: სად, როდის, რა მოხდა? ჰეროდოტეს მოსდევს თუკიდიდე, რომელმაც პელოპონესის ომები აღწერა. სწორედ მან წამოსწია წინა პლანზე კითხვა: რატომ მოხდა? ისტორიკოსი მოვალეა გვითხრას: სად, როდის, რა და რატომ მოხდა. ისტორიის კვლევას თავისი მეთოდები სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი - კრიტიკული მეთოდი გახლავთ. ისტორიას წარსულის არც მთლიანად აღდგენა და არც განმეორება შეუძლია. მისი პრეტენზია წარსულის მხოლოდ ძირითადი ფაქტებისა და მოვლენების მიახლოებით რეკონსტრუქციის ფარგლებს არ სცილდება. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას ის ქმნის, რომ თვით ყველაზე სანდო და კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული წყაროც კი არ არის აბსოლუტურად დაზღვეული გარკვეული ტენდენციურობისაგან. ეს თვით მემატიანეთა და ჟამთააღმწერელთა მიერ ჩაწერილ ქრონოლოგიურ ნუსხებზეც კი ითქმის, რადგან ისინი წერენ არა ყველაფერს და არა ყველაფერზე, არამედ ერთსაც და მეორესაც აკეთებენ შერჩევით და გარკვეული მიზნით, ე. ი. ტენდენციურად.

- წარმართულ სამყაროში ისტორიის გაგებაში ბატონობდა აბსოლუტური პროვიდენციალიზმი, რომლის მიხედვითაც ადამიანი იძულებულია ისტორიულ პროცესებს განიცდიდეს როგორც საბედისწერო, ულმობელ ძალას, რომელიც მისი ბედისადმი ინდიფერენტულია. ადამიანი ვერ აღწევს თავს ისტორიულ მოვლენებს, ისტორიის ე.წ. "ფატუმის" წინაშე იგი უღონოა. რა აზრი და მიზანი შეიძინა ისტორიის იდეამ ქრისტიანული აზროვნების ზეგავლენით და რა მიმართება აქვთ სულიწმინდით განბრძნობილ ეკლესიის მამებს ამ საკითხთან?

- თვითონ პროვიდენციალიზმი ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი, რაც ისტორიაში ხდება, წინასწარგანსაზღვრულია გარკვეული ძალების მიერ. მას ფატალისტური და საკმაოდ კატეგორიული ხასიათი აქვს. იგი ადამიანის ნებას აბსოლუტურად უგულებელყოფს. ქრისტიანობა უაღრესად პროგესული რელიგიაა. მან, უპირველესად, უზრუნველყო წარმართული აბსოლუტურ-ფატალისტური პროვიდენციალიზმის შერბილება. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, სამოთხისა და უკვდავების დაკარგვის შემდეგ ადამიანი მაინც თავისუფალია. მან საკუთარი ნებით უნდა აირჩიოს თავისი ცხოვრების გზა და მოქმედების პრინციპები, გააკეთოს არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის. თვით ადამიანის მიერ ჩადენილი პირველცოდვაც მისი საკუთარი არჩევანის შედეგია. ქრისტიანული პროვიდენციალიზმი მეოთხე საუკუნეში ჩაისახა. იგი ისტორიას ღვთის ნების, ადამიანის ხსნის ღვთაებრივი გეგმის განხორციელებად მიიჩნევს; იგი ცდილობს, ბიბლიური სქემით ააგოს მსოფლიო ისტორია და ისწრაფვის, ისტორიული მოვლენები მათში უშუალოდ გამოვლენილი განგების თვალსაზრისით ახსნას. ქრისტიანული აზროვნება ისტორიაში ღვთიური ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხედავს. იგი ცდილობს სამყაროში არსებული ბოროტება კეთილი და გონიერი განმგებლის არსებობას შეუთავსოს და ბოროტება ადამიანის დასახსნელად ღვთის მიერ დაშვებულ გამოცდად გამოაცხადოს. ამრიგად, ქრისტიანული ისტორიოგრაფია აღიარებს ადამიანის ნების თავისუფლებას და ამავდროულად, კაცობრიობის მთელ ისტორიას ღმერთის წინასწარდასახულების განხორციელებად მიიჩნევს.

ქრისტიანული პროვიდენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნეტარი ავგუსტინეს ისტორიულ-ფილოსოფიური მოძღვრება განსაკუთრებით მკვეთრად არის გაცხადებული მის ნაშრომში "ღვთის ქალაქი". აქ არის დაპირისპირებული ორი სამყარო - სიკეთისა და ბოროტების სამყარო. პირველში არიან ანგელოზები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ყველა კეთილი ადამიანი, მეორეში კი - ეშმაკები, ცოდვილები და სხვა. ეს არის "მიწიერი ქალაქი". "ცოდვილთა და მართალთა ორი ქალაქი, - წერს ავგუსტინე, - ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან არსებობს და კაცობრიობის ბოლომდე იარსებებს. ახლა ეს მოქალაქენი ერთად მიცურავენ, მაგრამ მათ სხვადასხვა რამ სურთ, განკითხვის დღეს კი ისინი ცალ-ცალკე იდგებიან". მაშასადამე, კაცობრიობის მთელი ისტორია ამ "ორი ქალაქის", ანუ მორწმუნეთა და ურწმუნოთა ბრძოლის პროცესია. განკითხვის შემდეგ ურწმუნონი "მარადიული ტანჯვით" დაისჯებიან, მორწმუნენი კი "გამოუთქმელ ნეტარებას" სამარადისოდ მიიღებენ. მანამდე კი ამ "მიწიერ ქალაქში" მიმდინარეობს ადამიანთა სრულყოფის პროცესი, რომელიც "ხორციელიდან" "სულიერი" ცხოვრებისაკენ" ვითარდება. "მიწიერი ქალაქის" ეს მოძრაობა "ღვთიური ქალაქისაკენ" გარანტირებულია ღვთიური წინასწარდასახულობით. ისტორიის მოძრაობა აღმავალია, რადგან, ავგუსტინეს აზრით, ღმერთს უკვე განსაზღვრული აქვს ის მიზანი, რომელთანაც კაცობრიობა მივა თავისი ისტორიის დასასრულს. ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული მხოლოდ იმ ზიგზაგების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც კაცობრიობამ უნდა გაიაროს იმ წინასწარ დასახულ მიზნამდე - "ღვთის სამეფომდე", ისინი კი ღვთიური წინასწარხედვისთვის უკვე ცნობილია. ავგუსტინეს აზრით, ისტორიას აქვს ღვთიური წინასწარხედვით დასახული მიზანი, რომელიც მხოლოდ მომავალშია და ამ მიზნამდე მისვლა გულისხმობს გარკვეულ განვითარებას, განწმენდას. კაცობრიობის მთელი ისტორია კათარზისია, ცოდვათაგან მისი გაწმენდა-განთავისუფლებისა და თავის შემქმნელ ღმერთთან დაბრუნების პროცესია.

ადამიანის როლი ისტორიაში
- და მაინც, რა პასუხისმგებლობა ენიჭება ადამიანს ისტორიის წინაშე, როგორ უთავსდება ღვთის განგება ადამიანის თავისუფალ ნებას, რაში ვლინდება პიროვნების თავისუფლება?

- საზოგადოებრივი ცხოვრების გარემოებები ხშირად ჩვენი ნებელობის მიღმა იქმნებიან, მაგრამ როგორ უპასუხოს პიროვნებამ ამ გარემოებათა ზემოქმედებაზე, ეს მისი საქმეა. აი, აქედან იწყება ჩვენი ნებელობის სფერო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ღვთისგან არც ერთი გონიერი ქმნილება არ ხდება იძულებული იმოქმედოს საკუთარი მრწამსის, შეხედულების წინააღმდეგ". ადამიანის ნების თავისუფლების პრობლემას წმინდა იოანე დამასკელი ასე განიხილავს: არა მარტო ეშმაკს, ე. ი. "დაცემულ ანგელოზს", არამედ თვით ჭეშმარიტ ანგელოზებსაც "განგებულების", ე.ი. წინასწარგანსაზღვრულობის არავითარი ძალა და უფლება არ აქვთ. ისინი მხოლოდ ამ უფლების მქონე ღმერთის "ბრძანებით" მოქმედებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ აიძულონ ადამიანი, რადგან ამ უკანასკნელს სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის ხელშეუხებელი უფლება აქვს. იოანე დამასკელი სწორად შენიშნავს, რომ აუცილებლობის აბსოლუტიზაცია ისტორიაში არა მარტო ადამიანის, არამედ თვით ღმერთის ყოველგვარ გავლენას უარყოფს. "ამრიგად, - დაასკვნის ის, - თუ აუცილებლობის მიხედვით წარემართება და მდინარებს ყოველივე, მაშინ ვეღარც ღმერთი ვერ აღასრულებს წარმმართველობასა და თავისი ქმნილებების წინაგანმგებლობას. მაშინ მოაზროვნეობაც ზედმეტი იქნება ჩვენთვის, რადგან თუ არანაირი საქმის უფროსები აღარ ვიქნებით, ზედმეტადღა განვიზრახავთ რასმე. მაგრამ მოაზროვნეობა უთუოდ იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ განვიზრახავდეთ კიდეც. აქედან, ყოველი მოაზროვნე თავისუფლებრივიცაა".

არის თუ არა ადამიანთა ისტორიაში ისეთი რამ, რაც მხოლოდ თვით ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული? ამ კითხვაზე იოანე დამასკელი დადებით პასუხს იძლევა და განმარტავს, რომ უამისოდ ისტორიას აზრი არ ექნებოდა. "თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი". "ვცხოვრობდეთ კეთილსასურველი წესით, ჩვენი საქმეა, და ამას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან არა ისე, თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული, ან სხვა ვინმესგან წარმოდგება, ან, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, ბედისაგან მოდის, არამედ რაცხს სწორედ ჩვენს საქმედ". მაგრამ რა არის ღვთიური "წინაგანგება"? "წინაგანგება, - წერს ის, - არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა". იოანე დამასკელი განასხვავებს ღვთიურ "წინასწარმცოდნეობასა" და "წინაგანმსაზღვრელობას". ღმერთი ყველაფრის წინასწარმცოდნეა, მაგრამ ყველაფრის წინაგანმსაზღვრელი არ არის. მან იცის, რომ შესაძლებელია, ადამიანმა ვერ გაუძლოს ეშმაკის ცდუნებას და ხეცნობადის ნაყოფი იგემოს, მაგრამ ის ადამიანს წინასწარ არ უსაზღვრავს ქცევას. იოანე დამასკელის მოძღვრება განმსჭვალულია შეუვალი ოპტიმიზმით. მას სწამს, რომ თვით ღმერთის მიერ ადამიანის სამოთხიდან გაძევება, საყოველთაო წარღვნა, ომები, ავადმყოფობანი და სხვა უბედურებები ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა მხოლოდ ცოდვებისაგან გამოსახსნელად, გასაბედნიერებლად და კვლავ გასაუკვდავებლად; "ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები ხრწნილებისაგან განძარცვულ სხეულებს, და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს, სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან, როგორც მზე ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი".

ქართული ისტორიოგრაფია
- ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებში რამდენად გამოვლინდა ისტორიის ამგვარი გაგება, ანუ ქრისტიანულ-პროვიდენციალისტური მრწამსი?

- ჩვენს ისტორიოგრაფიაში, "ქართლის ცხოვრება" იქნება ეს თუ "ასწლოვანი მატიანე" და ა. შ., რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით იმ ღვთისგან განდგომილ სამოცდაათწლიან პერიოდს, ყოველთვის ბატონობდა ქრისტიანული პროვიდენციალიზმი. ამ გაგების თანახმად, ისტორიის მოძრაობას წარმართავენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები. უკანასკნელნი ეფუძნებიან ცოდვილი კაცობრიობის დაცემულ ნებას. ეს ძალები ამოძრავებენ ცალკეულ ადამიანებსაც და ერსაც. ამ ძალების მიერ წარმართულ ქმედებებს ჟამთააღმწერელი ერთი ფრაზით გამოხატავს: "უწესოდ ნებისა მიდევნებანი". ქართველი ისტორიკოსების პროვიდენციალისტური მრწამსი გამოიხატება ფრაზებით: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყნა", "დავივიწყეთ მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი" (იოანე საბანისძე), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისუფლება დაინახა არა ჭეშმარიტების არჩევანში, არამედ იმაში, რომ საბოლოოდ დამორჩილებოდა დემონურ ძალებს და შერწყმოდა მათ.

ჩვენი ისტორიკოსები კარგად იცნობდნენ საეკლესიო მწერლობას, ღრმად განსწავლულნი იყვნენ საღმრთო წერილში, ამიტომაც ხშირად იშველიებდნენ ბიბლიურ პარალელებს. ბევრი მათგანი სასულიერო პირი გახლდათ. ისტორიულ ხდომილებათა მათეულ შეფასებებში ძლიერი იყო ქადაგების, დიდაქტიკის მომენტი. ისინი პირუთვნელად ესწრაფოდნენ წარსულის ფაქტების არა მხოლოდ მეცნიერულ და ზუსტ გამოკვლევებს, არამედ თეოლოგიის ღრმა ცოდნის საფუძველზე ამ ფაქტების საღვთისმეტყველო შეფასებას ახდენდნენ. მაგალითად, როგორ ახსნა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ჩვენი მარცხი მონღოლთა წინაშე? შევცოდეთ ღვთის წინაშე და სასჯელმაც არ დააყოვნა. ისტორიკოსი დაუფარავად აღწერს მოვლენებს და არც მეფის - ლაშა-გიორგის მხილებას ერიდება, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ის არის ცოდვილი. მისი შვილის - დავით-ულუს გამეფებამ - ორმეფობა, საბოლოოდ კი საქართველოს დაშლა გამოიწვია, რადგან, მოგეხსენებათ, მეფობის პრინციპი ერთპიროვნულობაა. მთელ ამ შეფასებებში ჟამთააღმწერელი ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ ღმერთია ერთადერთი "თვალუხვავი მსაჯული". ამგვარად, საქართველოს ისტორიაში მტრის შემოსევები ზნეობრივი სარგებლიანობის მიზნით ღვთისგან დაშვებულ სამართლიან სასჯელად აღიქმება, რომელიც ისევ და ისევ ღვთის მზრუნველობის გამოხატულებაა. მისი მიზანია ჩვენი მოქცევა და სწორ გზაზე დაყენება, "სიცოცხლის ვიწრო გზისკენ მობრუნება".

- დღეს საქართველოს მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას. ასეთი ავბედითი ჟამი არაერთხელ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. ქრისტიანული შეგნება შორსაა სასოწარკვეთილებისაგან, მასში მრავლად მოიპოვება ოპტიმიზმის მიზეზები. პირადად თქვენ რა გაძლევთ მომავლის იმედს?

- ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. უკვე ოცი საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ეკლესია გვამხნევებს და გვეუბნება: ნუ გეშინიათ, ჩვენ არ დავიღუპებით. რამდენი ქვეყანა ყოფილა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, მაგრამ ფეხზე წამომართულა და როგორც ფენიქსი, ისე აღმდგარა ფერფლისაგან. ვერავინ ეღირსება იმას, რომ ჩვენგან წაიღოს აფხაზეთი ან სამაჩაბლო. ჩვენი პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არამც და არამც ისინი ჩვენ არ დაგვიკარგავს, არამედ მხოლოდ დროებით ვერ ვაკონტროლებთ. უწმინდესს არავითარი სხვა იარაღი არ აქვს, გარდა სულიერებისა. სწორედ ესაა გადამწყვეტი. ჩვენ არ უნდა გავტყდეთ. კი ბატონო, ამ ეტაპზე უნდა ვაღიაროთ, რომ დაგვამარცხა დიდმა ძალამ. მაგრამ ხვალ იქნება თუ ზეგ იგი აუცილებლად წავა. შესაძლოა, დღეს ეს უტოპიად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ თავის დროზე გერმანიის გაერთიანებაზე ფიქრიც ხომ უტოპია იყო?! მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მარცხიც დროებითია, რომელიც მოთმინებით უნდა ავიტანოთ. საჭიროა შევინარჩუნოთ მხნეობა და სულის სიმტკიცე. კითხვაზე, თუ რაშია ჩვენი ხსნა, ეკლესიას აქვს ცალსახა პასუხი - სულიერებაში. ყველა ქართველი პასუხისმგებელნი ვართ უფლისა და მთელი ერის წინაშე და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე უნდა დაიწყოს თავისი თავიდან. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი. უწმინდესი და უნეტარესი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "უფალი მეფობს, - ვკითხულობთ ბიბლიაში. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ზოგჯერ გვავიწყდება და ვფიქრობთ, რომEჩვენ ვმეფობთ და ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ; მაგრამ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთისა და ადამიანის ენერგიის გაერთიანება. უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას... განგება ღვთისა ხელმძღვანელობს ადამიანს, ერს, მაგრამ ადამიანსაც და ერსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ღვთის ნების ქვეშ!"
ბეჭდვა
1კ1