დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი სიცოცხლე ამ სიბნელეს ებრძოდა
დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი სიცოცხლე ამ სიბნელეს ებრძოდა
მსოფლიო რანგის ქართველი მეცნიერი
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს , დიმიტრი უზნაძეს წელს 120 წელი შეუსრულდებოდა. ქართველ ფსიქოლოგებს არაერთხელ უთქვამთ: მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, დღითიდღე პროგრესს განიცდის, ზოგიერთი თეორია ძველდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლა, უბრალოდ, ინგრევა, დიმიტრი უზნაძის მოძღვრება და, განსაკუთრებით, დიდი მეცნიერის მიერ ექსპერიმენტულად დადგენილი ეგრეთ წოდებული "განწყობის თეორია" კი კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაში.

დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1909 წელს.

უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე ფიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.

1909 წელს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე "ვ. სოლოვიოვი - მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა". ნაშრომი ეძღვნებოდა ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.

1909 წელს დიმიტრი უზნაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1909-1918 წლებში უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი და მეცნიერული მოღვაწეობა გააჩაღა ქუთაისში. უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ხოლო ფსიქოლოგიასა და ლოგიკას ეპარქიულ სასწავლებელში. 1915 წელს პირველად საქართველოში მისი ინიციატივით დაარსდა ქალთა ქართული სკოლა "სინათლე", რომლის დირექტორადაც თვითონ დაინიშნა. ამ პერიოდში მრავალი წერილი გამოაქვეყნა ესთეტიკის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკითხებზე. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.

1917 წელს დიმიტრი უზნაძე თბილისში გადმოვიდა და მხარში ამოუდგა ივანე ჯავახიშვილს ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

1918 წელს მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმეტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის გამგე იყო გარდაცვალებამდე (1950 წ). 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, 1917-1919 წლებში კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს".

1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე.

დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. 1933-1942 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.

დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანი იყო.

იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემები. ასევე წარმატებით იკვლევდა ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს. უზნაძე იყო საქართველოში შრომის ფსიქოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიის და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.

უზნაძემ შეისწავლა ფენომენი (ე. წ. "უზნაძის ეფექტი"), რომელიც საფუძვლად უდევს განწყობის ექსპერიმენტულ მეთოდს. უზნაძისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფის გამოკვლევების შედეგად განწყობის "მცირე თეორია" (რომელშიც განწყობის, როგორც ფსიქიკური ფენომენის, თავისებურებებს შეისწავლიდნენ) გადაიქცა განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ "დიდ" თეორიად, რომელიც ადამიანის აქტივობის ძირითად ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს შეისწავლის.

დიმიტრი უზნაძემ შექმნა არაერთი სახელმძღვანელო: "ექსპერიმენტული საფუძვლები", "ზოგადი ფსიქოლოგია", "ბავშვის ფსიქოლოგია" და სხვ., რომლებზეც ქართველ ფსიქოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური აზრის გაღრმავება-განვითარებაში. მისი შრომები - "ვლ. სოლოვიოვი - მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა" (ჰალე, 1909 წ.), "რა არის შემეცნების თეორია?", "ომის ფილოსოფია" და განსაკუთრებით მონოგრაფიული გამოკვლევა - "ანრი ბერგსონი" (თბ. 1920 წ.), უახლესი დროის ქართული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

დ. უზნაძეს ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები: "ნ. ბარათაშვილის ლირიკის მოტივები", "ნ. ბარათაშვილის შემოქმედების განვითარება", "განდგომილობის პრობლემა ი. ჭავჭავაძის "განდეგილში" და სხვა. ეს ნაშრომები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ფილოსოფიური პოზიციიდან განხილვის ერთ-ერთ პირველ და წარმატებულ ცდას.

დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული მრავალი გამოკვლევა: "სახელდების ფსიქოლოგიური საკითხები", "მნიშვნელობის წვდომის პრობლემისათვის", "ცნების შემუშავება სკოლისწინარე ასაკში", "პროფესიების ფსიქოლოგიის აქტუალური ამოცანებისა და თეორიული საკითხების შესახებ", "მოძრაობის სისწრაფის ილუზია", "ადამიანის ქცევის ფორმები" და მრავალი სხვა.

უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.

დიმიტრი უზნაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა განწყობის ფსიქოლოგიის შექმნამ. ამ თეორიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი მეცნიერები. იმართება განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები და სიმპოზიუმები. 1966 წელს ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ჰ. ფრესმა განაცხადა, რომ განწყობის პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და აღნიშნა ის დიდი წვლილი, რომელიც ამ პრობლემის დამუშავებაში ქართველმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს.

დიმიტრი უზნაძის თეორიის მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე მეტყველებს 1979 წელს თბილისში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე "არაცნობიერი", რომელიც პროფესორ აპოლონ შეროზიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა. სიმპოზიუმზე ცენტრალური ადგილი დაეთმო დ. უზნაძის განწყობის თეორიას. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები.

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 9 ოქტომბერს. დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე. 1986 გადმოასვენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში.

1950 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს უზნაძის სახელი მიენიჭა. 1951-იდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია უზნაძის სახელობის სტიპენდია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა უზნაძის სახელობის პრემია ფსიქოლოგიის დარგში (1986). სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, გახსნილია უზნაძის სახლ-მუზეუმი. მასში დაცულია უზნაძის პირადი ნივთები, წიგნები, სამუშაო კაბინეტი.

მწერალ ოთარ ჩხეიძის რომანში "ბურუსი" აღწერილია, თუ როგორ ებრძოდნენ დიმიტრი უზნაძის თეორიას კომუნისტურ პერიოდში.

დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა თბილისის უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოსახა, როგორც რაინდი, გამოსახა აბჯარში... თანაც ეს ნახატი შეასრულა 1945 წელს... იმხანად უზნაძის მოღვაწეობა, მართლაც, რაინდობის ტოლფასი იყო... ამ პორტრეტში მთავარი ის არ არის, რომ უზნაძე მარცხენა ხელით წიგნს ეყრდნობა, არც შუასაუკუნეების რაინდის კოსტიუმია მთავარი... ყველაზე მნიშვნელოვანი ფონია - მუქი ფარდები, ჩაბნელებული და მოღუშული გარემო. დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი სიცოცხლე ამ სიბნელეს ებრძოდა (ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა).
ბეჭდვა
1კ1