ეკლესიაში სიარული და სიტყვით ღვთის აღიარება, ალბათ, საკმარისი არ არის
ეკლესიაში სიარული და სიტყვით ღვთის აღიარება, ალბათ, საკმარისი არ არის
"რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, - ამბობს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - ყური მიუგდე ღვთის ხმას და შენი ცხოვრების თითოეული ნაყში ზეციური ძაფებით მოქსოვე". სწორედ ამგვარი "ზეციური ძაფებით" არის ნაქსოვი წმინდა ილია მართლის ცხოვრება და შემოქმედება. წლების მანძილზე ილიას შემოქმედებას მხოლოდ ვიწრო, სოციალური პრობლემების განასერში განიხილავდნენ, მას შემდეგ კი, რაც სტერეოტიპული აზროვნება დაიმსხვრა, დაიწყო წმინდა ილია მართლის ნაწარმოებების განხილვა ქრისტიანული მსოფლმხედველობის კუთხით და ეს სავსებით კანონზომიერი გახლდათ, რადგან მისი თხზულებების საჭვრეტი წერტილი სწორედ მართლმადიდებლური რელიგიური მრწამსია.

ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს მარიამ ნინიძეს. ამ საოცრად სათნო ქალბატონმა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების კვლევას მიუძღვნა მრავალი წერილი და წიგნი: "მადლის წყარო", "დაცარიელებული ბეთლემი", "მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი "ოთარაანთ ქვრივში", - რომლებსაც ქართველი მკითხველი ინტერესით გაეცნო.

- ქალბატონო მარიამ, როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1986 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. იმხანად მზადდებოდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემა (ოცტომეული). მე ილიას თარგმანებზე უნდა მემუშავა. ამავე პერიოდში მივედით მე და ჩემი მეუღლე ეკლესიაში.

მე გვიან მოვინათლე - მეხუთე კურსზე ვიყავი - და ქრისტიანობის შესახებ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. მოხდა ისე, რომ ჩვენს მეზობლად ბინა იქირავა მორწმუნე ქალმა, რომელიც დიდუბის ეკლესიაში მსახურობდა. ჩვენ იმ დროს რაღაცის ძიებაში ვიყავით და ალბათ, ერთგვარი მზაობა გვქონდა, ამიტომ მასთან რამდენიმე საუბარი საკმარისი გახდა, რომ დიდუბის ეკლესიაში მივსულიყავით. იმჟამად იქ მსახურობდა მამა არჩილი (მინდიაშვილი) და შუა კვირაში რეგულარულად ქადაგებდა ხოლმე. თავდაპირველად ამ ქადაგებებს ვესწრებოდით, შემდეგ გავიგეთ, რომ ეკლესიური ცხოვრებისთვის ეს საკმარისი არ იყო, მივედით მამა არჩილთან აღსარებისთვის და რამდენიმე ხნის შემდეგ ვეზიარეთ.

- როგორ დაინტერესდით წმინდა ილია მართლის შემოქმედების კვლევით?

- 1987 წელს წმინდა სინოდმა ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა. იმავე პერიოდში მეცნიერთა ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ილია ჭავჭავაძე ათეისტი იყო. ასეთი ორმხრივი მოვლენებით აღინიშნა მწერლის დაბადების 150-ე წელი. არ ვიცი, ამის გამო მოხდა, მეცნიერული აზრი მომწიფდა თუ წმინდანად შერაცხული ჩვენი დიდი წინაპრის ლოცვა შეგვეწია - მეცნიერებაში შესამჩნევი ძვრები დაიწყო. ამას ხელი შეუწყო საბჭოთა რეჟიმის დასუსტებამაც. გახშირდა ქართველ მწერალთა შემოქმედების მსოფლმხედველობრივი ასპექტების კვლევა.

ტექნოლოგიური სამუშაო ძალიან მომწონდა, მაგრამ როდესაც ჩემი მოძღვრის ქადაგებებისა და წმინდა წერილის მეშვეობით ნელ-ნელა მეც ვეზიარე იმ მსოფლმხედველობას, რომელიც ჩვენს დიდ წინაპრებს ასაზრდოებდა, წმინდა ილია მართლის შემოქმედება სულ სხვა კუთხით წავიკითხე, ამიტომ თარგმანები გვერდზე გადავდე და დავიწყე მუშაობა მისი ორიგინალური თხზულებების შემოქმედებით ისტორიაზე. ჩემი საკანდიდატო დისერტაცია ორი მოთხრობის: "სარჩობელაზედ" და "ოთარაანთ ქვრივის" - ასპექტებს ეხებოდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიას ბატონი მიხეილ კვესელავა მიკითხავდა. მისი ლექციები პირველკურსელისთვის მეტისმეტად რთული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა საუბრებმა სახისმეტყველებასა და ალუზიაზე მაინც გამოიღო ნაყოფი. პირველი ღრმა სიმბოლური სახე, რომელმაც წმინდა ილია მართლის შემოქმედებაში მიიქცია ჩემი ყურადღება, იყო რუსის ფარაჯა. ამის თაობაზე ჩემი პატარა წერილი ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა. წმინდა ილია მართალი არაერთგან ამბობს: მთავარია, პაჭიჭის წვერს ჩავავლოთ ხელი, მერე თავი უცებ შემოირღვევაო. რაღაც ამდაგვარი მოხდა - მსოფლმხედველობრივი კუთხით მისი შემოქმედების კვლევამ ის გასაღები მოგვცა ხელთ, რომელმაც შეგვიღო კარი თხზულებათა ქვეტექსტებში და უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა თითოეული ნაწარმოების დედააზრი.

- თქვენ იყავით პირველი, ვინც ამ კუთხით დაიწყო წმინდა ილია მართლის თხზულებათა კვლევა?

- არა, ჩემამდეც იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ცალკეულ ნაწარმოებებს ამ კუთხით აანალიზებდნენ ან მათ დედააზრს სწორად ხედავდნენ. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია და ჩემთვისაც უცნობი გახლდათ გიორგი ზაუტაშვილის წიგნი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ და მარინა თაბუკაშვილის წერილი, რომელშიც ბევრი საინტერესო მხატვრული სახის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. არ შემიძლია, საგანგებოდ არ გამოვყო ბატონი აკაკი ბაქრაძის ღვაწლი ჩვენი თაობის თავისუფალი აზროვნების განვითარებაში. ის, ალბათ, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სტერეოტიპული აზროვნების მსხვრევა დაიწყო. მართალია, ზოგიერთი საკითხის თაობაზე მე განსხვავებული შეხედულებები მაქვს და ჩვენი კვლევის ასპექტებიც ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მან უდავოდ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურული კრიტიკის განვითარებაში.

- რა სურათია დღესდღეობით მეცნიერებაში წმინდა ილია მართლის შემოქმედებასთან მიმართებით, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა?

- სამწუხაროდ, არის. ვიდრე წმინდა ილია მართლის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი კუთხით განხილვას დავიწყებდი, შევეცადე დამესაბუთებინა, რომ მისი თხზულებების საჭვრეტი წერტილი სწორედ მართლმადიდებლური რელიგიური მრწამსია. ამისთვის განვიხილე მწერლის ლირიკა და პუბლიცისტური წერილები, სადაც შემოქმედის სულიერი სამყარო პირდაპირ აირეკლება, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიჩნიე მართებულად ამავე მიმართულებით ეპიკური ნაწარმოებების კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლენილი მხატვრული სახეებიდან შესაძლოა რომელიმე არ იყოს ზუსტი ან შეიცვალოს სხვა უფრო არგუმენტირებული სახით, მაგრამ საჭვრეტი წერტილი არავითარ შემთხვევაში აღარ შეიცვლება.

- რა იყო თქვენი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი?

- ეს გახლდათ თხზულებათა დედააზრის შესაბამისობა ავტორის მსოფლმხედველობასთან. სამწუხაროდ, წლების მანძილზე გაბატონებული იყო და დღესაც გვხვდება აზრი, თითქოს წმინდა ილია მართალი სოციალურ პრობლემებს წამოსწევდა წინა პლანზე, გმობდა განდეგილობას. კვლევა სრულიად საწინააღმდეგოს ადასტურებს: ილია უაღრესად დიდ პატივს სცემდა ბერმონაზვნობასა და სულიერ ღვაწლს, სასტიკი წინააღმდეგი იყო შურისძიების და საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გულგრილობა მიაჩნდა. თვით ხიდჩატეხილობაც მის შემოქმედებაში არ არის ოდენ სოციალური პრობლემა; ხშირად ხიდი ჩატეხილია ერთი და იმავე სოციალური ფენის წევრებს შორის, ზოგჯერ კი პირიქით - სოციალური ზღვარი ვერ აბრკოლებს ადამიანთა ნორმალურ ურთიერთობას. მწერლისთვის პრობლემაა ზოგადად ადამიანთა ურთიერთგაუცხოება.

მეორე, რაც ამ კვლევამ მოიტანა, იყო მხატვრულ სახეთა სისტემის წარმოჩენა. სიმბოლო-ალეგორიათა უმრავლესობა ქრისტიანული ლიტერატურიდან იღებს სათავეს.

საზოგადოდ, სიმბოლო-ალეგორიებზე საუბარი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. ძალიან იოლია შეცდომაში შესვლა და საკუთარი ფანტაზიის მწერლისთვის მიწერა, მაგრამ მეცნიერებას აქვს ამის შესამოწმებელი კრიტერიუმებიც. ილიას შემოქმედებაში სიმბოლო-ალეგორიათა სისტემა ისე მწყობრად ლაგდება, ისეთ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ზუსტად შეესატყვისება მათ ქრისტიანულ შინაარსს, რომ ერთგვარ სარწმუნოებას ანიჭებს ამ ფარულ ქვეტექსტებს. ზედაპირულ პლანზე რჩება მოთხრობის სიუჟეტი, ქვედა პლასტებში კი ჩატანილია მთავარი ნააზრევი. ალბათ, ამას გულისხმობდა მწერალი, როდესაც გვაფრთხილებდა: მხატვრული ნაწარმოების კითხვისას სულს ადევნე გულისყური და არა ხორცს, აზრს და არა ამბავსო. სული და აზრი კი სწორედ იმ ქვეტექსტებშია და მათი გაუხსნელობით თხზულების მხატვრულ ღირებულებასა და მნიშვნელობას ბევრი რამ აკლდება. მაგალითად, ფრთაშეკრული, თვალახვეული, ფეხზე თოკ- და ეჟვანგამობმული მიმინო, რომელსაც თავი თავისუფალი ჰგონია, მაგრამ მოსწევს თუ არა მონადირე თოკს, ისევ ტყვეობაში აღმოჩნდება, სახეა გაბრიელისა ("გლახის ნაამბობი"), რომელმაც ფეხზე მობმული ტუსაღის ჯაჭვი რომ გადაიქლიბა, თავი თავისუფლად მიიჩნია, მაგრამ ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა. მის სახეს არაჩვეულებრივად განასახიერებს ფარშევანგიც, რომელიც, თავისი მშვენიერი ფრთების შემხედვარე, მზად არის გასაფრენად, მაგრამ შავი ფეხების დანახვა ამ ფრთებს ჩამოაყრევინებს. არის მოსაზრება, თითქოს ოთარაანთ გიორგის სახე ამირანის მითიდან იღებს სათავეს. ჩემი დაკვირვებით, მათ შორის მსგავსება სულ რაღაც ორი-სამი ელემენტით შემოიფარგლება. მეორე მხრივ კი, ოთარაანთ გიორგის ბევრი რამ აკავშირებს წმინდა გიორგის სახესთან. ეს არის უზარმაზარი ლოდის გულზე დადება, ურმის თვალი და სხვა.

წმინდა ილია მართლის მაღალი მხატვრული ოსტატობა იმით გამოიხატება, რომ მისი სიმბოლოები ერთმნიშვნელოვანი არ არის, მათ მიგნებას ძიება სჭირდება და სწორედ ამ ძიების პროცესში აღიქმება ავტორის მთავარი სათქმელი. მწერალს არ უყვარს ისეთი ალეგორიები, სადაც მხატვრულ სახეთა შინაარსი ცალსახაა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება გათვალისწინებული ამგვარი მიგნებები და სიახლეები განათლების რეფორმის შემდეგ, მომავალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?

- მე მიმაჩნია, რომ მეცნიერების მიღწევებს ნამდვილი ფასი სწორედ მაშინ დაედება, როდესაც მათი ნააზრევი სკოლამდე მიაღწევს. ეს მით უფრო აუცილებელია, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა უმრავლესობა ისწავლება და პედაგოგები უმეტესად ძველი სტერეოტიპული სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. მე მაქვს ყოველწლიური შეხვედრები პედაგოგებთან, ვკითხულობ მათთვის ლექციებს დახელოვნების ინსტიტუტში და ისინი ძალიან კარგად იღებენ ამ სიახლეებს. მინდა, ვიმუშაო სახელმძღვანელოზეც, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე გამოხმაურება და მხარდაჭერა განათლების სამინისტროდან არ მიმიღია.

- ცოტა ხნის წინ თქვენ შენიშვნა გამოთქვით სასკოლო სახელმძღვანელოში გაპარული უზუსტობის შესახებ. გასწორდა თუ არა ეს შეცდომა?

- ამის შესახებ წერილი შარშან, გაზეთ "სკოლაში" დაიბეჭდა. საქმე ეხებოდა VI კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეცდომით დაბეჭდილ "გლახის ნაამბობის" ნაწყვეტს. ტექსტი უნდა იკითხებოდეს ასე: "აი გზა ცხოვრებისა; აი ხიდი ცხონებისა; აი გასაღები სამოთხისა!.." სახელმძღვანელოში კი "ცხონებისა" და "სამოთხის" ნაცვლად "ცხოვრება" წერია. ეს შეცდომა ალბათ ძალზე ნიშნეულია, ვინაიდან სამოთხე და ცხონება მართლაც აღარ გვახსოვს და მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ვზრუნავთ. ვიფიქრე, გაზეთს განათლების სამინისტროს მესვეურებიც წაიკითხავდნენ და შეცდომას გაასწორებდნენ, მაგრამ წელს ეს ტექსტი იმავე შეცდომით დაიბეჭდა. ამჯერად უშუალოდ ავტორებს დავუკავშირდი და იმედი მაქვს, ტექსტი ახლა მაინც აღდგება.

- რამდენად კომპეტენტურად მიგაჩნიათ თავი რელიგიური საკითხების კვლევისას?

- ამ მხრივ სპეციალური განათლება არა მაქვს და არც საკუთარ თავს მივიჩნევ ამ მხრივ კომპეტენტურად, ამიტომ ვცდილობ, თითოეული ჩემი დასკვნა შევაჯერო წმინდა ილია მართლის შეხედულებებთან და კონსულტაციები მივიღო სასულიერო პირებისგან. მთავარი ამ შემთხვევაში სწორი ხედვის წერტილია, ხოლო იმას, რასაც უფრო ღრმა თეოლოგიური განათლება სჭირდება, სხვები დაასრულებენ.

- მაინც საიდან ჩნდება მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობა და ერთი და იმავე სახეების რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციები?

- ეპიკური ჟანრი ამ მხრივ ძალიან რთულია. მასში ავტორის ჩანაფიქრი, მსოფლმხედველობა, შეხედულებანი გამოგონილი სიუჟეტისა და გმირთა სახეების პრიზმაშია გარდატეხილი, ამიტომ თუ ავტორის საჭვრეტ წერტილს არ მივაგენით და იქიდან არ გავაანალიზეთ ყოველივე ეს, მის სათქმელს ვერ გავიგებთ. ერთი და იმავე თხზულების დანახვა და ინტერპრეტაცია ნებისმიერი სხვა წერტილიდანაც არის შესაძლებელი. აქედან ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა: თავისუფალი ინტერპრეტაციის უფლება ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ეს არ არის მეცნიერული აზრი და ამ გზით ვერ ჩავწვდებით ავტორის ჩანაფიქრს, ვერ შევაფასებთ მისი თხზულების ჭეშმარიტ ღირებულებას.

- პირადად თქვენს ცხოვრებაზე თუ მოახდინა რამე გავლენა წმინდა ილია მართლის შემოქმედებაზე მუშაობამ?

- ნამდვილად მოახდინა, დავიწყე საკუთარ თავში პეტრეს, გაბრიელის, ლუარსაბის თვისებების აღმოჩენა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩენა უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მათი აღმოფხვრა. იმედი მაქვს, წმინდა ილია მართალი ამაშიც შემეწევა.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.

- ჩემი მეუღლე, ვლადიმერ ნინიძე, ჩემსავით უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა ამჟამად ანჩისხატის ეკლესიაში მსახურობს, ყოველდღიური გუნდის რეგენტია. ეკლესიაში ერთად მივედით. მას ძალიან მორწმუნე ბებია ჰყავდა და დღემდე ახსოვს, რომ როცა ის მაცხოვრის ჯვარცმაზე ელაპარაკებოდა, ტიროდა ხოლმე. ქალიშვილი, ქეთევანი, ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, და წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

დედაჩემი, ეთერ ბასილაშვილი, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, მკვლევარი გახლდათ. მეცნიერული სითამამე და ახლის ძიების შემართება, ალბათ, მისგანაც გამომყვა.

- თუ არის ისეთი პრობლემა, რაზედაც ხშირად ფიქრობთ ხოლმე?

- ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორი ქრისტიანები ვართ. ეკლესიაში სიარული და სიტყვით ღვთის აღიარება, ალბათ, საკმარისი არ არის. ჩვენი მრწამსი და ჩვენი ცხოვრება ცალ-ცალკე არ უნდა იყოს. ურთიერთგაუცხოება და გულგრილობა, - სწორედ ის, რაზეც წმინდა ილია მართალი წერდა, - დღესაც პრობლემურია. ამასთანავე, ძალიან ცუდ სამსახურს გვიწევს მაამებლობა. ერთმანეთის ქებით ჩვენ საშუალებას ვუკარგავთ ერთმანეთს, რეალურად დავინახოთ საკუთარი სულიერი მდგომარეობა და ვიფიქროთ მის გაუმჯობესებაზე.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.
ბეჭდვა
1კ1