კონსტანტინე კაპანელის არქივის გადარჩენა ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ღირსების საქმეა!
კონსტანტინე კაპანელის არქივის გადარჩენა ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ღირსების საქმეა!
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურაია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია. შალვა ნუცუბიძის, მოსე გოგიბერიძის, სერგი დანელიას, კოტე ბაქრაძისა და სავლე წერეთლის დარად, კაპანელის სახელიც ყოველი წიგნიერი ქართველის მეხსიერებაში უკავშირდება ევროპულ ფილოსოფიურ იდეებთან ზიარების გზით ქართული ფილოსოფიური სკოლის შექმნის ღირსეულ საქმეს. კ. კაპანელმა ქართული ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნება გაამდიდრა ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციით ("ორგანოტროპიზმით"), თავისი ლიტერატურულ-კრიტიკული ნააზრევით კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.

კონსტანტინე კაპანელს ფილოსოფიური განათლება ნანსის, სორბონისა და გრენობლის საუნივერსიტეტო ცენტრებში ჰქონდა მიღებული. ფართო იყო მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები: ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა, ევროპული და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია.

კაპანელის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ნიცშეს, ბერგსონის, ბერდიაევის ცალკეულმა იდეებმა. ეს განსაკუთრებით ითქმის მისი ფილოსოფიური შემოქმედების ადრეულ პერიოდზე, როდესაც იწერება ნაშრომები: "ნიცშეანელობის ლაიტმოტივი", "შემოქმედება და ტანჯვა", "სული და იდეა". უნდა ითქვას, რომ კაპანელი საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. ქართულ კულტურულ ტრადიციასთან სიცოცხლის ფილოსოფიის იდეების მორგებით მან საკუთარი ფილოსოფიური თეორიის შექმნა სცადა. გასაბჭოების შემდეგ ჩვენს სამშობლოში გამეფებული რეპრესიული რეჟიმის პირობებში კაპანელს, სამწუხაროდ, საშუალება არ მიეცა, უფრო გაეღრმავებინა და განევითარებინა საკუთარი ორიგინალური ფილოსოფიური თეორია. ამ დროიდან მოყოლებული, კაპანელი იძულებული გახდა საკუთარი კონცეფცია მარქსისტული სოციოლოგიის ზოგიერთი იდეით შეევსო. იგი ცდილობდა, რამდენადაც ეს მაშინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, მარქსისტული ფილოსოფიის იდეები საკუთარ ნაშრომებში შემოქმედებითად აეთვისებინა და გამოეყენებინა. ამის დასტურია 1925-31 წლებში გამოქვეყნებული შრომები: "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები, ორგანოტროპიზმი", "ქართული სული ესთეტიკურ სახეებში", "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი". კაპანელის მიერ ამ ნაშრომებში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს - ქართული ხასიათის, ქართველი ქალის ისტორიული ბედისა და ქართული ინტელიგენციის ნაკლოვანებების შესახებ - დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

სიცოცხლის ბოლო წლებში კაპანელი კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ დაწყებული საბჭოური კამპანიის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. ამის დასტურია მის არქივში შემონახული წერილები საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის კანდიდ ჩარკვიანისადმი. ეს წერილები 40-იანი წლების ბოლოსაა დაწერილი. მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ უმუშევრად დარჩენილი ფილოსოფოსი, რომელსაც გამომცემლობები აღარაფერს უბეჭდავდნენ, იძულებული იყო, 1924 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო, 20 წლის შემდეგაც კი ემართლებინა თავი. ეს წერილები იმ ტრაგიკული ეპოქის საშინელი დოკუმენტებია, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ რის ფასად უჯდებოდათ ქართველ ინტელექტუალებს საკუთარი სიცოცხლისა და ნააზრევის გადარჩენა.

მკაცრი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებშიც კი კაპანელი ცდილობდა შეენარჩუნებინა ინტელექტუალური პატიოსნება, შეძლებისდაგვარად სწორად შეეფასებინა ქართული კულტურის ღირებული მხარეები. სულ ახლახან გამოქვეყნდა პროფესორ გურამ თევზაძის საინტერესო ნარკვევი ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის შესახებ. ავტორი სამართლიანად შენიშნავს, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც მიზანმიმართულად ილახებოდა ილია ჭავჭავაძის დამსახურება ქართველი ერის წინაშე, კაპანელი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც, იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, ობიექტურად აფასებდა ილიას სოციალურ ნააზრევს. ასეთივე ობიექტურობით გამოირჩეოდა კაპანელის ნარკვევები მისი დროის ქართული ლიტერატურის, კერძოდ კი მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის შემოქმედების შესახებ.

აღსანიშნავია კაპანელის განსაკუთრებული მეცნიერული ინტერესი რუსთველის შემოქმედებისადმი. რუსთველის მსოფლმხედველობას იგი შუა საუკუნეების ქართული კულტურისა და რენესანსის ეპოქის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში იკვლევდა (ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კაპანელის არქივში დაცულ, ჯერაც გამოუქვეყნებელ ნაშრომში "რენესანსი ლიტერატურაში").

მრავალმხრივი სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, კაპანელი აქტიურ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა უმაღლეს სასწავლებლებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გორის, ბათუმისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მოსკოვის სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფოსებს დღემდე ახსოვთ კაპანელის მიერ მათ სასწავლებელში გაწეული ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა და მადლიერების ნიშნად აპირებენ, ერთ-ერთ აუდიტორიას მისი სახელი უწოდონ.

კაპანელის ფილოსოფიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ ედუარდ კოდუას, რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ფილოსოფოსის მიერ საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ნაშრომებს რედაქტირება გაუკეთა და ორ ტომად ხელახლა გამოსცა. სწორედ ამ გამოცემების წყალობით მოექცა კაპანელი ახალგაზრდა ქართველი ფილოსოფოსების ყურადღების ცენტრში. ბოლო წლების მანძილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დისერტაცია იქნა დაცული კაპანელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესახებ.

სულ ახლახან ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა ქალაქ თბილისის საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმართა თხოვნით, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს კონსტანტინე კაპანელის სახელი, ხოლო სახლზე, რომელშიც ის ცხოვრობდა, გაკეთდეს მემორიალური დაფა.

არსებობს ერთი უმთავრესი პრობლემა კაპანელის პირად არქივთან დაკავშირებით. ეს არქივი ამჟამად მისი შვილიშვილის, ქალბატონ რუსუდან კაპანელის პირად მფლობელობაშია. ხსენებული არქივი შედგება კაპანელის გამოუქვეყნებელი ნაშრომის ("რენესანსი ლიტერატურაში"), გამოქვეყნებული შრომების საავტორო ეგზემპლარების, ხელნაწერებისა და პირადი დოკუმენტებისგან. ცნობილია, რომ კაპანელს 20-იან წლებში დასაბეჭდად გამზადებული ჰქონდა ნაშრომები: ,,ქართული ლიტერატურის სოციოლოგია", "იდეათა გენეზისი ევროპულ ლიტერატურაში" და "ჭეშმარიტება და მშვენიერება". სამწუხაროდ, აღნიშნული ნაშრომები გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და მათი ბედი დღემდე უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე კაპანელის შესახებ მასალა არ ინახება საქართველოში არსებულ არც ერთ მუზეუმსა თუ არქივში. ამიტომ ქალბატონი რუსუდანის მფლობელობაში არსებული მასალები პირველწყაროა კაპანელის შემოქმედებით დაინტერესებული პირებისთვის. დღესდღეობით ეს საარქივო მასალა, შენახვისათვის საჭირო პირობების არარსებობის გამო, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია და საარქივო საქმის მცოდნეთა მხრიდან დახმარებასა და მეთვალყურეობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, გულდასაწყვეტია, რომ აღნიშნული არქივის შესაძენად საჭირო თანხა ვერ გამონახა საქართველოს სახელმწიფო არქივმა, ხოლო ლიტერატურის მუზეუმი (ასევე თანხის უქონლობის გამო) საარქივო მასალების გარკვეული ნაწილის ასლების გადაღებით შემოიფარგლა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით ხმას მივაწვდენთ მათ, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ხელეწიფება. კონსტანტინე კაპანელის არქივის გადარჩენა ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ღირსების საქმეა!
ბეჭდვა
1კ1