კაცობრიობის კულტურის შენარჩუნება და განვითარება ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს
კაცობრიობის კულტურის შენარჩუნება და განვითარება ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს
ასე მგონია, უზარმაზარი სულის ხმაურით დაყრუვდა ბეთჰოვენი
ზურაბ კაკაბაძეს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იცნობდნენ ღრმად მოაზროვნე, გამორჩეული ერუდიციისა და ფართო თვალსაწიერის მქონე ფილოსოფოსად, ლიტერატურისმცოდნედ, ესთეტიკოსად. იგი გახლდათ თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის გამოჩენილი სპეციალისტი, "ქართველი ექსისტენციალისტი" - "ადამიანი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ფილოსოფოსსა და პოეტს, ლიტერატორსა და მთარგმნელს, უცხო ენების და მშობლიური ენის ბრწყინვალე მცოდნეს, ინტელექტუალს და უშუალო-ბუნებრიობით აღბეჭდილ, ცხოვრების სიღრმეებში ჩახედულ კაცს... ვინც ფილოსოფიურ სიტყვას აწვდენდა პოეზიის, მწერლობის, მხატვრობის, კინოხელოვნების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მეცნიერება-ტექნიკის მონაპოვართ" (ნ. გელაშვილი). ზურაბ კაკაბაძის კვლევის უმთავრესი საგანი იყო ადამიანის არსება. "იგი ღრმად მჭვრეტელი და დამკვირვებელი გახლდათ, რომლის პოეტურ სულს და სათუთ გუმანს არ ეპარებოდა "ადამიანური მეტისმეტად ადამიანური" საუფლოს პრობლემები". მის სწრაფვას გვამცნობენ მისი წიგნებისა თუ წერილების სათაურები: "ფილოსოფიური საუბრები", "ხელოვნება. ფილოსოფია. ცხოვრება", "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა", "ადამიანის გასხვისების პრობლემა", "სახვითი ხელოვნების სწორი შეფასებისათვის", "მანქანა და პოეზია", "ეგზისტენციალიზმი", "არის მკითხველი" და სხვ.

ბატონი ზურაბი დაიბადა 1926 წლის 13 მარტს, ცნობილი ქართველი პედაგოგის, მეთოდე კაკაბაძის ოჯახში. სხვათა შორის, ამ ოჯახში მეორე დიდი მეცნიერიც აღიზარდა, ბატონი ზურაბის უფროსი ძმა ნოდარ კაკაბაძე - დასავლეთ ევროპის ლიტერატურის, განსაკუთრებით გერმანული ლიტერატურისა და კულტურის უნიკალური მკვლევარი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების აღმავლობაში. ბატონი ზურაბი 1982 წლის 15 თებერვალს გარდაიცვალა. ზურაბ კაკაბაძის მეცნიერული და ლიტერატურული ღვაწლის უკეთ წარმოსაჩენად ინტერვიუ ვთხოვეთ მის კოლეგასა და მეგობარს, ღვაწლმოსილ მეცნიერს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ მერი ჭელიძეს.

- ბატონი ზურაბი მართლაც მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. იგი ურთულესი პრობლემების გადაჭრას ცდილობდა. ძირითადად უტრიალებდა მეოცე საუკუნის ადამიანის ბედის, განსაცდელის საკითხს დასავლური კულტურის კრიზისის ეპოქაში. გვიამბეთ მისი მეცნიერული ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. რა იყო მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა?

- ზურაბი კოტე ბაქრაძის სკოლაგამოვლილი ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი იყო. საკანდიდატო სამეცნიერო ხარისხი ლოგიკის მეცნიერებაში შესრულებული ნაშრომით ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ შემდეგ ფართო შემოქმედებითი მუშაობა გაშალა თანამედროვე ფილოსოფიის უძირითადესი პრობლემების კვლევის მიმართულებით. იყო ესთეტიკის დარგის მკვლევარიც, მაგრამ მისი ძირითადი კვლევის სფერო მაინც ჰუსერლის ფენომენოლოგია და ექსისტენციალიზმის "კრიზისის" საკითხები იყო, რაც იმხანად ჩვენში, და არა მხოლოდ ჩვენში, დიდ სიახლეს წარმოადგენდა.

ზურაბ კაკაბაძის ნაშრომები უცხოეთში დიდ ინტერესს იწვევდა და ამიტომაც ითარგმნა და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ, რუსულ ენებზე. როგორც ცნობილი ფილოსოფოსი, იგი ჰუსერლის საერთაშორისო საზოგადოების კომიტეტის წევრად იყო არჩეული.

ზურაბი სიცოცხლის ბოლო წლებში ადამიანის ფილოსოფიურ პრობლემებზე მუშაობდა, იკვლევდა ადამიანის ბუნებისადმი, კულტურისა და ეროვნული თავისებურებებისადმი მიმართების რთულ პრობლემებს. მან აქაც წარმოაჩინა სრულიად ახალი ასპექტები და უცხოეთში შეფასდა როგორც "ფილოსოფიური მარგალიტი კავკასიიდან". გაკვირვებული ფილოსოფოსები დასავლეთიდან კითხულობდნენ - "ფილოსოფიური რენესანსია საბჭოეთშიო"? ნიკო ჭავჭავაძემ ზურაბის საფლავზე წარმოთქმულ სიტყვაში ჩვენი პირველი დიდი თაობის ფილოსოფოსები ჩამოთვალა - შალვა ნუცუბიძე, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, სერგი დანელია და დასძინა: მათი საუკეთესო თვისებები ზურაბმა შეითვისა, შეისისხლხორცა და თავის პიროვნებაში ჰარმონიულად გააერთიანაო.

- როგორც ცნობილია, 19 წლიდან ზურაბ კაკაბაძე პოეზიას ეზიარა, თარგმნა და გამოაქვეყნა რაინერ მარია რილკეს ლექსები. იგი თავადაც წერდა ლექსებს. ეს ლექსები გულისა და გონების საოცარ სინთეზზე მიუთითებენ. როგორი იყო ბატონი ზურაბი, როგორც პოეტი და მთარგმნელი?

- ზურაბ კაკაბაძის პიროვნებაში მაღალი ფილოსოფიური კულტურა საოცარი ძალით შეწონასწორებული იყო მეტად მგრძნობიარე პოეტურ ნიჭთან. ქართველი მკითხველისათვის გვიან გახდა ხელმისაწვდომი მისი პოეზიის ნიმუშები. მის წერილებში ესთეტიკაზე, ესეებში, ლექსებში მომხიბვლელად ჩანს მწერლის პოეტური სული, მხატვრული აზროვნების სიწრფელე და სილამაზე, რაც მჭიდროდაა შერწყმული მისსავე არაორდინალურ ფილოსოფიურ აზროვნებასთან.

ზურაბის ლექსების კრებულის გამოცემა თამაზ ჩხენკელმა ითავა; წინასიტყვაობაში იგი აღნიშნავს: ამ მეტად ახალგაზრდა კაცის ლექსებში უჩვეულო იყო "ინტელექტუალურად ადრე მომწიფებული კაცის დასრულებული მსოფლხედვა", "ფილოსოფიური ხედვით" აღბეჭდილ ლექსებში განწყობილებათა "ნერვიული ვიბრაცია" და აზრის ნატიფი "ობერტონები" ხმიანებს. ამ ლექსებში მინიმუმამდეა დაყვანილი ემპირიული ქვეყნის ფერადოვნება, სამაგიეროდ ფიქრისმიერი ქვეყანა უჩვეულო და ძლიერი ხილვებით არის გამოსახული". "მათშია პოეტური შთაგონების დახვეწილი სურათები და რბილი ნახევარტონებით შეფერილი განცდები". თვითონ ზურაბს პოეზიის შესახებ უთქვამს: "პოეტური ნიჭი შეუძლებელია აზროვნებისაგან განსხვავებულად წარმოვიდგინოთ. ყოველი დიდი პოეტი თავისებურად, მაგრამ მაინც ღრმად მოაზროვნე ინტელექტის პატრონი იყო".

პოეზიის ასეთი შეფასების ილუსტრაციაა თავად მისი ლექსები, განსაკუთრებით: "ფერადებად დამსხვრეული მზე გაჩვენონ", "ბეთჰოვენი", ("რაფაელის მადონასთან"), "გათანაბრების სული" და მრავალი სხვა.

"თვალებიც ყრუ ჰქონდა და უცნაურად
დაყრუებული ნაკვთი ყოველი;
ასე მგონია, უზარმაზარი სულის ხმაურით
დაყრუვდა ბეთჰოვენი.
ასე მგონია, მოვწყდები და მიწას ვეთხოვები,
მივდივარ მზისკენ და ღრუბლები გადავიარე...
და ერთადერთი მაშინ მჯერა ადამიანის,
როცა მესმის ბეთჰოვენი,
მაღალი ბეთჰოვენი".

("ბეთჰოვენი")

ზურაბ კაკაბაძის პოეზიაში იგრძნობა სევდიანი განწყობის ნოტები, ზოგიერთს სათაურადაც კი აქვს "მინორი" და ხშირ შემთხვევაში ეს სიტყვა ქვესათაურადაა ფრჩხილებში ჩასმული. მაგრამ მთელი მისი პოეზია სრულიადაც არ არის მინორულ ტონში დაწერილი, მასში საკმაოდ მრავლადაა ოპტიმისტური, სიყვარულის გრძნობით აღტაცების, დიდი სიხარულის, სოფლის სილამაზისა და უშუალობის განცდის სტრიქონები. აღსანიშნავია, რომ მას სოფელში არ უცხოვრია, მაგრამ საოცარი მონატრება და ლტოლვა ჰქონია სოფლისადმი.

- როგორი იყო ზურაბ კაკაბაძე როგორც პიროვნება, კოლეგა, მეგობარი?

- ერთი შეხედვით, ზურაბი სევდიანი კაცის, მელანქოლიკის შთაბეჭდილებას ტოვებდა და თითქოს კომიკურ სიტუაციებშიც ზომაზე მეტად თავშეკავებული იყო, მაგრამ მასში ფილოსოფოსობის დიდ ნიჭთან შესაბამის მომენტებში მისი პოეტური ბუნებაც ვლინდებოდა და მახვილი იუმორის უნარიც. მას შეეძლო მოსწრებული, კვიმატი სიტყვაც ეთქვა საზრიანად, ლაზათიანად და ამიტომ სიტუაციისათვის ასე ადეკვატური გამოთქმები მოწონებასა და სიმპათიას იმსახურებდა. მისი ბუნებისათვის სრულიად მიუღებელი იყო მეშჩანობა, ყალბი არისტოკრატიზმი, მოჩვენებითი ინტელიგენტობა, ამიტომაც ასეთ შემთხვევებში იგი არ იშურებდა სუსხიან და გამკილავ გამოთქმებს.

ზურაბ კაკაბაძე არ იყო არც მელანქოლიკი და არც სკეპტიკოსი, პირიქით, იგი ღრმად ჩაფიქრებული ახლის მაძიებელი ფილოსოფოსი-მოაზროვნე იყო. მის მასწავლებელს პროფ. კოტე ბაქრაძეს თავის მრავალრიცხოვან მოწაფეებს შორის განსაკუთრებულად უყვარდა. მეცნიერ-ხელმძღვანელი და მისი იდეების ერთგული მოწაფე, ზურაბ კაკაბაძე, თითქმის ერთად შეუდგნენ ევროპაში უკვე ფართოდ გავრცელებული ექსისტენციალიზმის ურთულეს კატეგორიებსა და ახალ ტერმინოლოგიურ ნიუანსებში დაფარული, მეტად თავისებური საიდუმლოებების ახსნას და ნათელ არეალზე გამოტანას, სხვებისთვისაც მისაწვდომ ფორმებში წარმოჩენას. და ეს იმხანად არ იყო ადვილი, ერთი მხრივ, იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში, მეორე მხრივ, პირველწყაროების, აუცილებელი ლიტერატურის მოპოვების თვალსაზრისით, და მაინც, ყველა სიძნელე გადაილახა.

ზურაბს უყვარდა უნივერსიტეტიდან თავის სახლამდე, სოლოლაკამდე საკმაოდ დიდი გზის ფეხით გავლა და ეს ხდებოდა ღრმა ფილოსოფიურ განაზრებებში, ფიქრში ადამიანის თავისუფლების პრობლემაზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ რა პასუხს იძლეოდა თანამედროვე ფილოსოფია, როგორ წყდებოდა ეს პრობლემა ტრადიციულ ექსისტენციალისტურ მოძღვრებებში და საერთოდ იყო კი პასუხი მათში ამ რთულ საკითხზე. ფიქრობდა იმაზეც, თუ როგორ იყო წარმოჩენილი ადამიანისა და ყოფიერების დამოკიდებულების საკითხი იტალიურ ნეორეალიზმში. ასე ფიქრსა და თავდადებულ მეცნიერულ შრომაში ამოიხსნებოდა ექსისტენციალური კრიზისის სიძნელეები, პარადოქსები თუ საიდუმლოებანი. ასევე ფილოსოფიური მეცნიერების მაღალ დონეზე ყალიბდებოდა გადაწყვეტა პრობლემისა - "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა". ერთხელ უნივერსიტეტიდან სოლოლაკისკენ მიმავალს დავემგზავრეთ და მორიდებულად ვკითხეთ: ამდენი მშვენიერი გოგონადან რატომ არ აირჩევ საცოლეს? - პასუხი: "მომიძებნეთ ის, ვინც კარგად იცის იტალიური ნეორეალიზმი, ერკვევა და იცის იმპრესიონიზმი და მხოლოდ მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებასო". ეს გადაწყვეტილება კი მას უკვე მიღებული ჰქონდა. თავის მომავალ მეუღლედ მხოლოდ და მხოლოდ ნათია ამირეჯიბი ჰყავდა ამორჩეული, მისი გემოვნებისათვის სრულიად სადარი და ესთეტიკურად შესაფერისი ქალბატონი.

- ზურაბ კაკაბაძე თავისი სამშობლოს სიყვარულს მთელი კეთილშობილებით ავლენდა და ამ მხრივ მეტად ნიშნეულია ჭეშმარიტი პატრიოტიზმისა და ინტელიგენტობის შესახებ მისი მსჯელობანი გერონტი ქიქოძეზე დაწერილ წერილში: "ნამდვილი ინტელიგენტობა ის კი არ არის, დიდი სამშობლო გქონდეს და გიყვარდეს, ჭეშმარიტი ინტელიგენტობა პატარა ერის შვილის წმინდა პატრიოტული გრძნობაა, სიყვარულია საკუთარი ხალხის კულტურისა, თავისი ერის ჭირ-ვარამის განცდაა, ზრუნვაა მისი კეთილდღეობისათვის". მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ შევეხებით ბატონი ზურაბის დამოკიდებულებას ქართული ბუნების, ტრადიციების, ცეკვა-სიმღერების, კერძების და საერთოდ, ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და თვითმყოფადობის მიმართ...

- ზურაბი უდიდესი პათოსით წერდა მშობლიური ბუნებისა და ეროვნული კულტურის დაცვის აუცილებლობაზე, ტექნიკისა და ინდუსტრიული პროცესების მხრიდან ხიფათზე, მათი არაგონივრული გამოყენების შემთხვევაში ბუნებისა და ერის გადაგვარების საფრთხეზე.

...კაცობრიობა მხოლოდ მაშინ შეძლებს ინდუსტრიული პროცესების გონივრულად წარმართვას და, ამგვარად, ბუნების დაცვას, თუკი თავდაპირველად მთელი თავისი სიგრძე-სიგანით გაითვალისწინებს ბუნების გარდაქმნებისა და გადაგვარებისაგან წარმოქმნილ ხიფათს და ამ ხიფათის დაძლევისათვის ბრძოლის საკმარისი პათოსით განიმსჭვალება.

ხსენებული ხიფათი, სხვათა შორის, ერთ შედარებით უცნობსა და ფარულ ასპექტს შეიცავს, რისი გამომჟღავნება და გაცნობიერება, საფიქრებელია, საგრძნობლად გააძლიერებს ბუნების დასაცავად აღძრულ მოძრაობას...

კაცობრიობისათვის სრულიად არ კმარა ელემენტარულ დონეზე სიცოცხლე და, მაშასადამე, სიცოცხლის ელემენტარული პირობების შენარჩუნება; მას აგრეთვე კულტურის შენარჩუნება და განვითარება სჭირდება.

ხოლო კაცობრიობის კულტურის შენარჩუნება და განვითარება ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს.

კაცობრიობისათვის, რა თქმა უნდა, აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება, ვთქვათ, ქართული, რუსული და ნეაპოლიტანური ხალხური სიმღერების განუმეორებელი თავისებურებანი რომ დაიკარგოს და მხოლოდღა ის შემოგვრჩეს, რაც მათ შორის საერთო და "საშუალოა"...

სავსებით აშკარაა, რომ ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის წაშლა და დაკარგვა, მათი ნიველირება, ანუ ერთ საერთო "საშუალო" კულტურად შერწყმა კაცობრიობის კულტურის უკიდურეს გაღარიბებასა და, მაშასადამე, აუნაზღაურებელ ზარალსა და დანაკლისს მოასწავებს; ხოლო ამ თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობასა და ფაქტორს ბუნებრივ გარემოთა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის დაცვა შეადგენს.

საქმე ისაა, რომ ბუნება, ბუნებრივი გარემო, თუ გნებავთ, უბრალოდ ლანდშაფტის დონეზე, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასში საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ხალხის ხასიათისა და კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ეს რომ ასეა, ამაში იოლად დავრწმუნდებით, როცა ბუნებრივი გარემოსა და მასში მობინადრე ხალხის კულტურის თავისებურებათა შედარებით განხილვას მოვახდენთ.

ბუნება რამდენადმე სხვადასხვაგვარია საქართველოს ფარგლებს შიგნით და, ამის შესაბამისად, რამდენადმე სხვადასხვაგვარია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. როცა კახეთში ჩახჩახა მზით განათებულსა და მკვეთრად გამოკვეთილს, ცისკენ ამაყად მზირალს, მხრებმაღალსა და ძვალმაგარ კავკასიონის მთებს შევყურებ, ასე მგონია, კახურ "მრავალჟამიერს" ვისმენ. ხოლო იმერეთში "დაბინდულ ქლიავის ფერი" მთების ხილვისას რამდენადმე სხვაგვარი მელოდია მომესმის - ნაკლებად მკვეთრი და "ჩახჩახა", ნაკლებ შემართული, რიხიანი და ომახიანი, უფრო რბილი, ნიუანსობრივი, ნახევარ ტონებში ნათქვამი, ლირიკული...

ერთობ საგრძნობი და ხელშესახებია გურული ლანდშაფტისა და სიმღერების ურთიერთშესაბამისობა: მწვანედ აქოჩრილ, ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე მკვირცხლად "მორბენალი", მიხვეულ-მოხვეული ბილიკები და ნაკადულები შესანიშნავ ვიზუალურ ფონს ქმნიან კრიმანჭულიანი სიმღერებისათვის...

ზურაბ კაკაბაძე თავდავიწყებით ეტრფოდა თავისი ქვეყნის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მის ლანდშაფტს, მშვენიერ ბუნებას, ამწვანებულ მინდვრებსა და მთებს. მას უსაზღვროდ იტაცებდა იმერეთის მომხიბლავი პეიზაჟის დავით კაკაბაძისეული ფერწერული პეიზაჟები, თავდავიწყებით უყვარდა თავისი "პატარა ერის" უძველესი კულტურა და მთელი თავისი მოღვაწეობით, რთული ფილოსოფიური პრობლემების გადაწყვეტის დროსაც ამით ხელმძღვანელობდა.
ბეჭდვა
1კ1