"როცა ვენახს დაკრეფ, მომტვრევას ნუღარ დაუწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს"
"როცა ვენახს დაკრეფ, მომტვრევას ნუღარ დაუწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს"
ბერძნული ტერმინის, "ეკონომიკის" ("ოიკონომია") შინაარსი საოჯახო მეურნეობის წარმართვის ხელოვნებას აღნიშნავს. თანამედროვე პირობებში ამ ტერმინმა განსხვავებული დატვირთვა შეიძინა და საზოგადოების მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად რესურსების ეფექტიან, რაციონალურ და მისაღებ გამოყენებას დაუკავშირდა. რას გულისხმობს ეკონომიკის ძირითადი პრინციპების მართლმადიდებლური გააზრება და რამდენად იკვეთება დღეს, ჩვენს რეალობაში თეოლოგიური ეკონომიკის საჭიროება, რას უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიკო ჩიხლაძე. ბატონი ნიკოს ინტერესების სფეროს წარმოადგენს მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა, ქრისტიანობა და ეკონომიკა.

- ცოტა ხნის წინ გამოეცით წიგნი "ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება", რომელშიც შესანიშნავად გაქვთ წარმოდგენილი და დასურათხატებული, თუ რა კავშირი არსებობს (ან შეიძლება არსებობდეს) ამ ორ სფეროს შორის. ეს წიგნი, ალბათ, პირველი მცდელობაა საქართველოში ეკონომიკის ძირითადი პრინციპების მართლმადიდებლური გააზრებისა. ამავე წიგნის შესავალ ნაწილში წერთ: "ეკონომიკურ კანონთა და კანონზომიერებათა დიდი ნაწილი ხომ "კარგად დავიწყებული" ბიბლიური მცნებებია..." გთხოვთ განგვიმარტოთ, რა მიმართება არსებობს თეოლოგიასა და ეკონომიკას შორის და რას უნდა დაეფუძნოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია.

- საქართველოში სამეურნეო საქმიანობის წარმართვის მსოფლმხედველობრივი და თეორიული საფუძველი ფაქტობრივად ყოველთვის იყო წმინდა წერილი და მასზე დაფუძნებული "სახლმშენებლობა", "სამეურნეო საქმიანობის გაძღოლა" ანუ "ოიკონომია" (ბერძნ.). ეს უკანასკნელი მოიაზრებოდა როგორც მეცნიერება პატიოსანი შრომის, შინამეურნეობებისა და, საერთოდ, ეროვნული მეურნეობის საკუთარი ძალებით წარმართვის, სიყვარულით შექმნისა და უპოვართა მხარდაჭერის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე. სამწუხაროდ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის ზეობის პერიოდში ეკონომიკურ და, საერთოდ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში ათწლეულების მანძილზე მიიჩქმალა ქრისტიანულ დოგმატზე დაფუძნებული ქცევის მოდელი. თავის მხრივ, ეს იყო შედეგი მეცნიერების სახელით რელიგიის უარყოფისა, მეცნიერებასა და რელიგიას შორის ღრმა უფსკრულის გაჩენისა, რაც მათი ჰარმონიის რღვევის პროპაგანდით "დაგვირგვინდა" დროებით ბოროტის სასიკეთოდ.

მონოგრაფიაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წმინდა წერილში ან დასახელებულ სხვა წყაროებში ეკონომიკურ პარალელებს "ვპოულობდით". სამწუხაროდ, უღვთოდ ცხოვრებამ დაგვაკარგვინა განუზომელი სიბრძნე, უფლის უსაზღვრო მადლი. თუმცა თავდაჯერებას არ მივცემივართ და ამ რთული თემების სარეცენზიოდ არაერთხელ მიგვიმართავს ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის, რისთვისაც მღვდელმსახურებს, განსაკუთრებით დეკანოზ ექვთიმეს (წულუკიძე) დიდ მადლობას ვწირავთ.

- მაინც როგორ ხედავთ და აფასებთ მართლმადიდებლურ ფასეულობათა როლს ეკონომიკური ურთიერთობების საკითხში, როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა ბიზნესი ღვთისა და მოყვასის სასიკეთოდ?

- თანამედროვე პირობებში, როცა ასე მრავალმხრივი, მრავალფეროვანი და რიტმული გახდა ეკონომიკური ურთიერთობები, შეიძლება უჩვეულოდაც გვეჩვენოს ეკონომიკის ძირითადი პრინციპებისა და მართლმადიდებლური მორალის შეთანაწყობა - უფალი, როგორც მოძღვარი სიყვარულისა, სიკეთისა, სათნოებისა და მიტევებისა, და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, გაძღოლა, დღემუდამ ფიქრი, ზრუნვა კონკურენტების დამარცხებასა და ბაზარზე უპირატესი პირობების მოსაპოვებლად, პირადი ინტერესის როლის პრიორიტეტულობა, ერთი სიტყვით, ზრუნვა მხოლოდ მიწიერი ღირებულებებისათვის.

რწმენისა და ბიზნესის სინთეზი აუცილებელი პირობაა მეწარმე-მართლმადიდებლისათვის. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური პროცესების მონაწილეთა არარელიგიურობა ან ნაკლები ღვთისმოშიშება შესაძლოა ბაზრის ეფექტიანობის რღვევის ძირითად მიზეზად იქცეს. აღნიშნულს შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური დაცემა და კრიზისული სიტუაციები. ამიტომ ბევრს გვავალებს ქართული ეროვნული ვალუტის ბანკნოტებზე ქართველთა მეფეების, წმინდანთა, ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ასევე წმინდა ილია მართლის გამოსახვა.

ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი მომავალი ცხოვრებისთვის მზადებას ამ ცხოვრებაში იწყებს. მას უხდება არჩევანის გაკეთება - ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრების სიამეებსა და სულის საუკუნო ცხონებას შორის. შესაბამისად, მამონას თუ ღმერთის სამსახური. ქრისტეს მოწაფე (ქრისტეს მეგობარი) სწორედ მეორე გზას ირჩევს. ცათა სასუფევლის მოპოვება განუზომელი სწრაფვა და სიხარულია ნებისმიერი მოკვდავისათვის: ,,ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს; როდესაც იპოვის ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და იყიდის მას" (მათ. 13:45-46). ფაქტობრივად ანალოგიური პრინციპები (გაიღოს ნაკლები ახლა, მომავალში მეტი სარგებლის (ფასეულობის) მიღების მოლოდინში) უდევს საფუძვლად გაცვლის პროცესს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც (თუკი ეს მოსაზრება მკრეხელობაში არ ჩაგვეთვლება). მართლმორწმუნე მზადაა მსხვერპლად გაიღოს ხანმოკლე მიწიერი სიამენი და სანაცვლოდ მიიღოს ცხონება იმ ქვეყნად. მეორე მხრივ, მიწიერ ურთიერთობებში (ეკონომიკურ ურთიერთობებში), რომელშიც მას უხდება ყოფა, ქრისტიანი ცდილობს მეტი გასცეს, ვიდრე მიიღოს, რაც ქრისტიანული ეკონომიის ძირითადი პრინციპია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში აუცილებელია ბიზნესსა და საზოგადოებას შორის, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენა და სოციალურად პასუხისმგებელი მეწარმეობის ტრადიციების აღორძინება. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო წლებში საკუთრების უხეში ხელყოფის ფაქტები საქართველოში, უხეში ჩარევა სამეწარმეო საქმიანობაში, თვითნებური აკორდული გადასახადების დაწესება (ე.წ. მოჭრით გადახდა), წინასწარ გადასახადის გადახდა და სხვა, რაც ბუნებრივია დასახელებული პროცესის დროში წანაცვლებას ემსახურება.

- ამ წიგნში გადასახადების საკითხსაც ეხებით და წერთ: "რამდენადაც სახელმწიფოს მიერ საკუთარ ფუნქციათა შესრულების ეფექტიანობა მის ფინანსურ ძლიერებას, მის შემოსავლებს უკავშირდება, გადასახადები, როგორც შემოსავლების ძირითადი წყარო, უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარებაში". როგორ გესახებათ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში გადასახადებისა და დაბეგვრის მართლმადიდებლურ საწყისებზე დაფუძნების საკითხი?

- ზოგადად, ძველი აღქმის კანონის მიხედვით, ნებისმიერმა ადამიანმა ყოველწლიურად თავისი წლიური შემოსავლის მეათედი ღმერთს უნდა შესწიროს. ამის მოქმედნი კურთხეულ არიან ღვთისაგან და უფალი ყველაფერში უმართავს ხელს. პირველად მეათედი დაბადებაში მოიხსენიება: "კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაი და ქუეყანაი, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ხელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან" (დაბ. 14:20).

წმინდა მოციქული პავლე არ განსაზღვრავს კონკრეტულ თანხას ან შემოსავლის ნაწილს, რომელიც ქრისტიანებს ეკლესიის საჭიროებებისათვის უნდა გადაეხადათ, მაგრამ შემდეგ დებულებას გვთავაზობს: "ყოველ ორშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან ან გადაინახოს წარმატებისამებრ, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება" (I კორ. 16:2). სასურველი იყო, კორინთელებს წინასწარ განესაზღვრათ, თუ რამდენის შეწირვა შეეძლოთ და რეგულარულად დაეზოგათ გარკვეული თანხა. ყურადსაღებია მოციქულის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძუნწად მთესავი ძუნწად მოიმკის, ხოლო კურთხევით მთესველი კურთხევით მოიმკის (შეად. რუსთაველის "რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია").

საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და კანონმორჩილებისაკენ მოწოდება მოციქულთა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში აღნიშნავს: "მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი" (რომ. 13:7). მოციქულებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ამგვარი ელემენტარული წესრიგის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებდა.

საგულისხმოა ერთი საკითხიც: ახალი აღთქმისეული მიდგომა უფლისათვის, ეკლესიისათვის განკუთვნილი მსხვერპლისადმი, მისი ოდენობისადმი არის მკაცრად ნებაყოფლობითი! ნებისმიერმა ქრისტიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რამდენი გადაიხადოს: რწმენის, სიმდიდრის, სინდისისა და შემოსავლების მიხედვით: "თითოეულმა, როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით, არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს" (II კორ. 9:7). ჩვენს რეალობაშიც გადასახადების დაწესების მართლმადიდებლური პრინციპები უნდა ითვალისწინებდეს დაბალ და გამარტივებულ გადასახადებს, რომელიც ასტიმულირებს სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო მაღალი შემოსავლები - მეტ "გაცემებს მოყვასისათვის".

- წერთ, რომ "ნებისმიერი საზოგადოება მოძრაობის, მატერიალური წარმოების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ წარმოების პროცესში იქმნება მატერიალური დოვლათი ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც საზოგადოების არსებობის საფუძველია". რას გულისხმობთ შრომისა და სამეწარმეო უნარის მართლმადიდებლურ გააზრებაში?

- საზოგადოების არსებობა და კვლავწარმოების პროცესი ფაქტობრივად "სხეულებრივი მოთხოვნილებების" დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული. ფასდაუდებელია წმინდა წერილში არსებული ცნობები საზოგადოების შრომითი საქმიანობის, ცალკეული პროფესიების, შრომის ანაზღაურების, შრომის სტიმულირებისა და სოციალური სისტემების შესახებ. კაცობრიობის დასაბამიდან ადგილი აქვს შრომის დანაწილებას. ასეთი საქმიანობის (პროფესიების) გამოჩენა განპირობებული იყო ახალი მკაცრი პირობებით და ახალ სირთულეთა დაძლევის აუცილებლობით. ბიბლიაში მოხსენიებული მოკლე ფრაზები ან სიტყვები ღრმა შინაარსის, მათ შორის ეკონომიკური შინაარსის შემცველია და მომავალში ამ კუთხით კვლევის გაფართოება, ვფიქრობთ, აუცილებლობას წარმოადგენს.

პრაქტიკულად ძველ და ახალ აღთქმაში მსგავსი პროფესიები და საქმიანობის სახეები ფიქსირდება. თითქმის ყველა მოციქული საერო ცხოვრებაში რაღაც პროფესიით არის დაკავებული. სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია ,,ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ" (მათ. 4:18), ასევე ,,იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად, ნავში ბადეებს აკერებდნენ" (მათ. 4:21). მებაჟე იყო ლევი ალფესი (მათე მახარებელი), რომელიც უფლის მოწოდებაზე არც დაფიქრებულა, ისე გაჰყვა მოძღვარს (მარ. 2:14).

ძველაღთქმისეულ პერიოდში ვხვდებით ექვსსაათიან, სადღეღამისო, საკვირაო, წლიურ, შვიდწლიან და ორმოცდაათწლიან წმინდა ციკლებს. მათთვის დამახასიათებელი იყო განმეორებადობა, რომელსაც გარკვეული წესრიგი შეჰქონდა მუდმივად ცვალებად გარემოში. ზემოთ დასახელებული პერიოდები განსაზღვრავდნენ ამა თუ იმ დასახლების ან ქალაქის სივრცობრივ განფენილობას, ინფრასტრუქტურას და ეკონომიკურ აქტივობას, რასაც, ბუნებრივია, შრომის რიტმი განაპირობებდა. დასახელებული ანალოგია ფიქსირდება თანამედროვე გაგებით ეკონომიკურ ციკლებთან მიმართებითაც: განმეორებადი მდგომარეობა, დიდი (ორმოცდაათწლიანი) და მცირე პერიოდებისათვის სწორედ ეკონომიკურ ციკლებზე გვაფიქრებინებს (გავიხსენოთ, რომ იოსებმა იხსნა ეგვიპტე შვიდი შიმშილიანი და მოუსავლიანი წლისაგან, როდესაც მან განსაკუთრებული სასურსათო მარაგი შექმნა წინასწარ მეხუთედის გადახდის დაწესებით. სწორედ ასე გახდა შესაძლებელი მომავალი წლებისათვის საზრდოს დახვავება და ეგვიპტის ერის ხსნა შიმშილისაგან).

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოსვლამ დასაბამი დაუდო ახალაღთქმისეულ ისტორიას. ახალაღთქმისეულმა ეკლესიამ შეინარჩუნა ღვთისმსახურების, მარხვისა და შრომის დროითი პერიოდები და ახალი დატვირთვა მიანიჭა მათ. ყველაზე ძველ ქრისტიანულ ტრადიციად იქცა კვირა დღის (ანუ კვირის პირველი დღის) აღნიშვნა, რითაც იწყებოდა შვიდდღიანი ციკლი. ამით კვირა ჩაენაცვლა შაბათს და ეს არის შრომისაგან თავისუფალი დღე, როცა ტარდება სადღესასწაულო ლიტურგიები და ღვთისმსახურება.

ქრისტიანული საზოგადოება, რომლისთვისაც სამართლიანი გადანაწილება უმთავრესია, მათ ზურგს ვერ აქცევს. ასეთი შრომა აწრთობს სულს და ამაგრებს ადამიანის ორგანიზმს. აძლევს საშუალებას ქრისტიანს, ღვთივსათნო საქმეები აკეთოს: ,,რწმენაც საქმის გარეშე მკვდარია თავისთავად" (დაბ. 2:17). მშრომელმა ქრისტიანმა არ უნდა დაივიწყოს ნაკლებშემოსავლიანი და სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი მოყვასი: ,,როცა ვენახს დაკრეფ, მომტვრევას ნუღარ დაუწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს" (II რჯ. 24:20).

მხოლოდ პატიოსანი, ღვთივსათნო საქმიანობის (შრომის) შედეგად საზრდოს მოპოვება არის ქრისტიანული შრომითი მორალის ქვაკუთხედი: "ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!" (ფსალმ. 127). შეურიგებლობა სიზარმაცისა და სარჩოს დაუმსახურებლად მოპოვებისადმი ამავდროულად ერთგვარი გამოწვევაცაა კორუფციისა და უშრომელი შემოსავლისადმი, ათასგვარი მაქინაციით, მოტყუებით, ქრთამის აღებ-მიცემობით საქმის კეთებისადმი. წმინდა პავლე მოციქული გამოხატავს სიმკაცრეს და შეუვალობას ამ საკითხისადმი: "უკეთუ ვისიმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ" (2 თეს. 3,10), ანუ ვისაც შრომა არ სურს, მან არც უნდა ჭამოს! (მარქსიზმ-ლენინიზმის აპოლოგეტებმაც იგივე "დაასკვნეს" და სოციალისტური სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად იდეოლოგიურ რეფრენად აქციეს - "ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს", ოღონდ მნიშვნელოვანი დაგვიანებით).

შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლური შრომის სოციალური კონცეფციის ძირითადი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: იშრომო, რათა საკუთარი ოფლით მოიპოვო სარჩო-საბადებელი, არავინ დაამძიმო შენი ყოფით და იშრომო, რათა შეეწიო გაჭირვებულებს, რამდენადაც ნებისმიერ საზოგადოებაში ყოველთვის არიან ინვალიდები, შრომისუუნარონი, ქვრივ-ობოლნი, ლტოლვილნი, ნაკლებშემოსავლიანი ფენები და ა.შ.

- რამდენად უკავშირდება ერთმანეთს ქრისტიანული და ეკონომიკური სწავლებები მოხმარების შესახებ და როგორ უნდა დაიძლიოს მათ შორის წინააღმდეგობა?

- საკითხი მოხმარებისა და ერთობლივი მოთხოვნის ფორმირების შესახებ ქრისტიანულ სწავლებასა და ეკონომიკურ მეცნიერებაში მეტად რთული და წინააღმდეგობრივია. თვით ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, შესწავლის საგანი, ერთ-ერთი თანამედროვე განმარტებით, საზოგადოების მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზების ძიებას წარმოადგენს. პავლე მოციქულის მიხედვით: ,,თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი; მაგრამ ხორციელი განცხრომისათვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთურთს". ქრისტიანული სწავლების ძირითადი იდეა მდგომარეობს მატერიალური მოთხოვნილებების შეზღუდვაში, რამდენადაც ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითია და მზადებაა იმქვეყნიური ყოფისათვის. ამდენად, მოხმარების ქრისტიანული ეთიკის დედაარსი მდგომარეობს მოხმარების თვითშეზღუდვაში, ჭარბი მოხმარებისაგან თავშეკავებაში, გამოუყენებელი რესურსების (ფული, ძვირფასეულობა, სხვადასხვა სახის საქონელი, ნივთები) ღვთისა და ახლობლების (უპოვრების) სასიკეთოდ მიძღვნაში და ა.შ. ქრისტიანისათვის, რომელიც სრულყოფილებას ესწრაფვის, მთავარია ელემენტარული, მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ყველაზე აუცილებელი სამომხმარებლო ხარჯების გაწევა, რამდენადაც ჭარბი მოხმარება მიწიერ სამყაროს აახლოებს და უფალს აშორებს მას. საუფლო ლოცვაში მოხსენიებულ ,,პური ჩვენი არსობისას" წმინდა მამები განმარტავენ როგორც მინიმალურ შესათხოვარს უფლისადმი. ეს არ არის შეთხოვნა იმისა, რომ უფალმა გაგვამდიდროს, სტომაქი გაგვისქელოს და განცხრომაში გვამყოფოს. ,,დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ", - გვმოძღვრავს იოანე კიბისაღმწერელი.

მოხმარების ქრისტიანული მორალის დამკვიდრება დიამეტრალურად შეცვლის მოთხოვნის სტრუქტურას. მაგალითად, შემცირდება მოთხოვნა კაზინოებისა და სამორინეების მომსახურებაზე, ზოგიერთი სახის ვიდეოპროდუქციაზე, ცხოველურ ნაწარმზე (ხორცი, ყველი, კარაქი, კვერცხი), ალკოჰოლურ და სპირტიან სასმელებზე და ა.შ.

- ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი წინაპირობაა - ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა და მის ქრისტიანულ მორალზე დაფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და მწვავედ იდგა ჩვენს ქვეყანაში. ამ საკითხს, რაღა თქმა უნდა, გვერდს ვერც ქართველი საეკლესიო მოღვაწეები აუვლიდნენ. საინტერესოა, როგორ მოიაზრებენ ისინი ეკონომიკურ პრობლემატიკას?

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქადაგებებსა და ეპისტოლეებში გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ჩვენ "რთულ დროში გვიხდება ცხოვრება - მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის პირობებში". უწმინდესის გულისტკივილი ამის შესახებ მეტად დამაფიქრებელია, რადგან თითქმის ყველა ჩვენგანი ამა თუ იმ დოზითა და ხარისხით ვართ ჩაბმული ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერის სულიერი მესაჭე ეკონომიკური საკითხების, ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი მიმართულებების ფორმულირებას გვაძლევს, რომელიც უთუოდ გასათვალისწინებელი იქნება სწავლული ეკონომისტებისათვის, სახელისუფლებო რგოლებისათვის, უბრალოდ, პრაქტიკოსებისათვის.

პატრიარქი მიესალმება გადასახადების კლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც საგადასახადო განაკვეთების და გადასახადთა რიცხოვნობის შემცირებით გამოიხატა. ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში პატრიარქის შეგონებებს ხშირად არ ექცევა ყურადღება, მაგრამ ხელისუფალთ მოგვიანებით მაინც უხდებათ მათი აღსრულება. მეტად საგულისხმოა პატრიარქის მოსაზრებები შრომისა და სამეწარმეო უნარის მნიშვნელობის, შრომის დანაწილების, პრიორიტეტულ დარგთა სტიმულირების, საგადასახადო განაკვეთების შემცირების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გარდაუვალობის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა ნააზრევი მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების ინდივიდუალური გააზრების კუთხითაც. ამ მხრივ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). წმინდანი გამორჩეული ეკონომიკური აზროვნების მატარებელია. განსაკუთრებულია მისი დამოკიდებულება შრომისადმი, შრომით სარჩოს მოპოვებისადმი. ზომიერება და ყაირათიანობა წმინდა გაბრიელის განუყრელი თვისება იყო. მღვდელმთავრის ,,ეკონომიკური მოგების" ხარჯვის მთავარი მიმართულებები იყო ქველმოქმედების, აღმშენებლობისა და უპოვართა თანადგომის მაქსიმიზაცია: ,,ეკლესიის საჭიროებები, უმთვრესად კი საბრძოლველად უვიცობასთან, სიღარიბესთან და მცხოვრებთ უზნეობასთან".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა ეკონომიკური შეხედულებები ჯეროვან ყურადღებას იმსახურებს და სასურველი იქნება, თუკი მეცნიერ-ეკონომისტები ამ მიმართულებით წარმართავენ კვლევის ვექტორს.
ბეჭდვა
1კ1