გონიერია ის ახალი, რომელიც ძველის ელემენტებს ითვისებს და მის ნიადაგზე ვითარდება
გონიერია ის ახალი, რომელიც ძველის ელემენტებს ითვისებს და მის ნიადაგზე ვითარდება
"ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამც თუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. ამ უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი, შეიკედლა, თავისის ღვთაებრივი ძალ-ღონითა გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და აი, ათას ხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება".
წმინდა ილია მართალი

ქართველი ერის აზროვნება, გონიერება და სიბრძნე ოდითგანვე ნასაზრდოები იყო ღვთისმოსაობით. ამ საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი. ქალბატონი ქეთავანისთვის ღვთის სიყვარულისკენ მიმავალი ძნელად სავალი ბილიკი ბავშვობის დროინდელი გაუცნობიერებელი შიშით დაიწყო. შემდეგ ჭეშმარიტი სარწმუნოების არსს ჩასწვდა. საბოლოოდ კი: "როგორც კი გავიაზრე, რა სიდიადე, სიბრძნე და სათნოებაა ჩემს მართლმადიდებლობაში, მან მაშინვე მოიცვა ჩემი გული".

- როგორ დაიწყო თქვენთვის ჭეშმარიტების ძიებისკენ მიმავალი გზა?

- მიუხედავად მძიმე რეჟიმისა (ეს გახლდათ 50-იანი წლების მიწურული), ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო. სხვანაირად ალბათ უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან დედის მხრიდან ნაცვლიშვილთა იმ შტოს ვეკუთვნით, რომლის წარმომადგენელი იყო დიდი სასულიერო პირი გაიოზ არქიმანდრიტი. მაშინ ამის ხმამაღლა თქმა საშიში იყო. ამის გამო დედაჩემის პაპას რეპრესიებიც არ ასცდა. დედაჩემი, შიშის მიუხედავად, ჩუმად მაინც დადიოდა ეკლესიაში. აი, ასეთმა ადამიანმა გამზარდა. მახსოვს, ტყუილი რომ არ მეთქვა ან რამე დანაშაული არ ჩამედინა, დედა მაფრთხილებდა - ასე არ გააკეთო, თორემ ღმერთი დაგსჯის და დედა მოგიკვდებაო. ამ შიშით დაიწყო ჩემი უფლისადმი კრძალვა. დედაჩემი მთელი ცხოვრება მარხულობდა, მე კი მარხვის დაცვა დავიწყე სკოლის დამთავრებისას და ვერ გეტყვით, რომ სრული წესრიგით. ტაძარშიც დავდიოდი. მომწონდა ულამაზესი რიტუალი და ვცდილობდი, ათი მცნება დამეცვა მხოლოდ შიშის გამო. არ ვიცი, რამდენად საჭიროა ასეთი გულწრფელობა, მაგრამ მე კარგად ვიცი არსი გამონათქვამისა - "შიში შეიქმს სიყვარულსაო". ღვთის შიში კი ნელ-ნელა სიყვარულში გადადიოდა, ჩემს შემთხვევაში სიყვარული მოვიდა გონებით, გააზრებით. შეიძლება ეს ინდივიდუალურია. როგორც კი გავიაზრე, რა არის ჩემი მართლმადიდებლობა, როგორც კი დავინახე, თუ რა სიდიადე, სიბრძნე, სათნოება და სიყვარულია მასში, რომ ქართული კულტურა და ისტორია ტრადიციულად ქართულ მართლმადიდებლობაზე დგას, მან სამუდამოდ მოიცვა ჩემი გული.

პირველი ჩემი შეხება კათოლიკურ ეკლესიასთან მოხდა. ვთარგმნე ერთ-ერთი ორდენის (ფეხშიშველი კარმელიტების) ბერების ჩანაწერები (XVII ს.) და მასზე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ მაშინ ვკითხე თავს - რატომ ვმუშაობ სხვის ეკლესიაზე, როდესაც მაქვს ჩემი-მეთქი. ყველაფერი გადავდე და თავიდან დავიწყე. რაღაც ძალამ მაფიქრებინა ეს, რასაც მე ღვთის ნებას ვეძახი. ასე დაიწყო, თუ შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტებისკენ ჩემი საცოდავი ფართხალი, მცდელობა, რომ რაღაც გამეგო. მაგრამ კატეგორიულად არ ვეხები ღვთისმეტყველებას (ვფიქრობ, ეს საერო პირის საქმე არ არის, მით უფრო - დედაკაცის), თუმცა სასულიერო კრებულის ლოცვა-კურთხევით ვასწავლი სტუდენტებს საეკლესიო განხეთქილებებისა და ერესების ისტორიას. ეს აუცილებელია.

- რას გვეტყვით რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებაზე?

- ოდითგანვე საზოგადოებაში მეცნიერებისა და, ზოგადად, რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხი ძალიან ჭრელი იყო. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მეცნიერება არის ჭეშმარიტება, რელიგია კი, როგორც ადამიანის გონების ფანტაზია და სულიერი მდგომარეობა, მათთვის აბსოლუტურად ცალკე სფეროს წარმოადგენდა. ამიტომაც, მათი აზრით, მეცნიერება, როგორც ცოდნის სიზუსტისკენ სწრაფვა, უცხოა რელიგიისთვის. საზოგადოების მეორე ნაწილი მეცნიერებას აცნობიერებს როგორც რელიგიის მტერს. მაგრამ ოდითგანვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მოენახათ რაღაც შუალედი, დამაკავშირებელი რგოლი მეცნიერებასა და რელიგიას შორის. საქართველოში დიდი წმინდა მამები, თითქმის ყველა სასულიერო პირი ემსახურებოდნენ მეცნიერებას ანუ რელიგიის მეცნიერებას, ქრისტიანული სარწმუნოების მეცნიერულ გააზრებას. ნებისმიერი ეპისტოლე, ნებისმიერი მიმართვა მრევლისადმი ან ცალკეულ ეკლესიათა ხელმძღვანელებს შორის გაჟღენთილი იყო მეცნიერული ცოდნით. საქართველოში ნებისმიერი მეცნიერება გადაჯაჭვულია სარწმუნოებასთან. იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მთელი მოღვაწეობა და ქადაგებანი განა მეცნიერება არ არის? შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება და მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელნი არიან. მხოლოდ ათეიზმის ეპოქაში დაიწყო მეცნიერებისა და ეკლესიის, ისევე როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიის, ურთიერთგამიჯვნა.

- სამწუხაროდ, დღეს ზნეობა საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. თქვენი, როგორც ისტორიკოსის, აზრით, რა მდგომარეობა იყო ზნეობრიობის მხრივ საქართველოში ისტორიულად, რა იყო ადრე და რა არის დღეს მორალური დეგრადაციის მიზეზი და სად არის გამოსავალი?

- საქართველო ყოველთვის განიცდიდა უცხო ცივილიზაციის გამოწვევას და ისიც მუდამდღე მზად იყო პასუხისთვის. ბუნებრივია, პატარა, თანაც ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილზე მდებარე ქვეყანაში ყოველთვის ხდება ორი დაპირისპირებული ცივილიზაციის სინთეზი. ჩვენთანაც ასე მოხდა, მაგრამ საგულისხმოა, რომ თვითმყოფადობა არ დაგვიკარგავს. ქართველს ჰქონდა გარემოების მართვის ტრადიციულად გამომუშავებული მექანიზმი. ეკლესიურად თუ ვიტყვით, ეს იყო ღვთის უდიდესი მფარველობა. არ მეეჭვება, რომ ჩვენ დღევანდელ გამოწვევასაც აუცილებლად გავუძლებთ, ვუპასუხებთ.

ეს გამოწვევები ქვეყანას ყოველთვის დაღს ასვამს, რადგან ჩვენ, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, ცოდვის შვილები ვართ და რაღაცას ვუძლებთ, რაღაცას ვერ ვუძლებთ, ივსება მოთმინების ფიალა... ბოროტი სახლდება იქ, სადაც შესუსტებულია განათლება, სადაც სარწმუნოება მეცნიერულ დონეს და სისავსეს კარგავს.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ჩვენს თავს. მოდის ტექნიკური ცივილიზაციის დიდი ტალღა. შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოიდგინეთ, რომ ვართ გაშლილ ოკეანეში, მოდის ვეებერთელა ტალღა, რომელსაც ვერსად გაექცევი, მან უნდა გადაგიაროს. ადამიანი წინასწარ, ინსტინქტურად ემზადება თავდაცვისთვის. ვინც კარგი მოცურავეა, ვინც იმედს არ კარგავს და გადარჩენისთვის იბრძვის, ღმერთი შველის კიდეც. ეს ტალღა რომ გადაივლის, თავი უნდა ამოყო. ეს ნიშნავს, რომ გადარჩი. ამ "გადავლილ" ცივილიზაციას ჩვენ უნდა გადავურჩეთ გონივრულად, ჭკვიანურად. გადარჩენის გზა მხოლოდ ეროვნული განათლებაა. ეს კი ჩვენში ეკლესიისა და სასულიერო განათლების გარეშე არ ყოფილა. სანამ განათლების სისტემაში არ იქნება რელიგიათმცოდნეობა, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში სავალდებულო საგნად - ეკლესიის ისტორია, სასურველ შედეგებს ვერ მივიღებთ. ნურავინ იტყვის, ვიღაცას ლუკმაპური უჭირდა და რადგან იეღოველი აფინანსებდა, სხვა გზა არ ჰქონდა, სექტანტი გახდაო. ცოდნასა და მეცნიერებას ნაზიარები ადამიანი არავითარ შემთხვევაში ამ გზას არ დაადგება. შვილიც რომ უკვდებოდეს, წავა, ყველანაირ სამუშაოს იკადრებს, სექტანტი კი არ გახდება. ამას აკეთებს ის, ვისაც ცოდნა არა აქვს.

- საქართველო ნაყოფიერი ადგილი აღმოჩნდა ქრისტიანობის გასავრცელებლად და სწორედ ქრისტიანობამ იხსნა იგი სულიერად და ფიზიკურად. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას მეცნიერულად და რელიგიურად?

- წმინდა მამები გვეუბნებოდნენ და დღევანდელი სასულიერო კრებულიც გვეუბნება, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოში არის უფლის კვართი, რომელიც დაუნაწევრებელია. თქმულების მიხედვით კი ის ქვეყანა, სადაც არის უფლის კვართი, ვერასოდეს დანაწევრდება და ვერ გადაგვარდება. ჩვენთან ანდრია პირველწოდებულის შემოსვლამდე იცოდნენ მესიანიზმის შესახებ. ახლა შევხედოთ მეცნიერულად. პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ქრისტიანობა ყველაზე ძლიერად ჩვენში დამკვიდრებულიყო და საქართველო ყველაზე ნაყოფიერი ადგილი ყოფილიყო ქრისტიანობის გავრცელებისთვის. ეს საამაყოა ქართველებისთვის და მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რადგან მოდის ახალი ცივილიზაცია და მსოფლმხედველობა, რომელსაც ღრუბელივით იწოვს ქართველი კაცი... მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის გავრცელება არსად ისეთი უმტკივნეულო არ ყოფილა, როგორც საქართველოში. თუმცა, რასაკვირველია, აქაც იყო წინააღმდეგობები. როდესაც მოდის რაღაც ახალი, ძველი მას ყველაფერში ეწინააღმდეგება. მოგეხსენებათ, არ არის ადვილი, ძველი გადააგდო და ახალი მიიღო. გონიერია ის ახალი, რომელიც ძველის ელემენტებს ითვისებს და მის ნიადაგზე ვითარდება. ეს გააკეთა ქართველმა კაცმა. მას ჰქონდა ძლიერი პანთეონი, უკვე მიახლოებული მონოთეიზმთან, ამიტომ ისე არ გაუჭირდა ერთი ღმერთის მიღება.

ქართველ კაცს რომ კარგად ჰქონდა თავისი სარწმუნოება მეცნიერულად გააზრებული, იქიდანაც ჩანს, რომ მან ეროვნულობას მიუმატა მართლმადიდებლობა. მართლმადიდებელი ხარ - ე.ი. ქართველი ხარ და პირიქით. წმინდა ევსტათი მცხეთელი ირანელი იყო და ქართველი გახდა იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა მიიღო. მან იცოდა, ქართველი არ იქნებოდა, თუ მართლმადიდებლობას დაკარგავდა ან პირიქით. ამაზეა "წმინდა გრიგოლ ხაძნთელის ცხოვრება", "წმინდა აბო თბილელის წამება" და ა.შ. არც ისაა შემთხვევითი, როდესაც ისტორიულად გარე ძალის მიერ იძულებით თავსმოხვეული საგანმანათლებლო სისტემა მკაცრად დევნიდა ეროვნულ კულტურას, ლიტერატურას, ისტორიას, აზროვნებას. ქართველი კაცისთვის მეცნიერება და რელიგია ისტორიულად ისე იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ მათი გამიჯვნა თვით კომუნისტურმა იდეოლოგიამაც კი ვერ შეძლო. ვფიქრობ, ასე იქნება ყოველთვის.

- ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჩვენი ჟურნალის სტუმარი ბრძანდებით. რას ეტყოდით "კარიბჭის" მკითხველსა და თანამშრომლებს?

- ჟურნალის მკითხველსა და რედაქციას გადავუხდი უღრმეს მადლობას. დარწმუნებული ვარ, რომ მათ კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა დატვირთვა აქვს ასეთი ხასიათის ჟურნალებს. ამ ჟურნალს ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალი კარგია. მადლობა ღმერთს, დღეს ტაძარში ბევრი დადის, ავედრებს ღმერთს ოჯახს, შვილებს. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ როდესაც ერის ინტელექტი იმ დონეზე ავა, რომ უფალს შეევედრება ქვეყნის ხსნას და მფარველობას, მის წინსვლა-განვითარებას, მოთმინებასა და შეწყალებას, მხოლოდ მაშინ ავმაღლდებით და გავიმარჯვებთ. საქართველოში მძიმე პერიოდში, XIX-XX საუკუნეებში, არსებობდა კერძო სტამბები და რედაქციები, სადაც გამოსცემდნენ სხვადასხვა ხასიათის ჟურნალებს: "მწყემსს", "შინაურ საქმეებს" და ა.შ. ასეთმა ჟურნალებმა მოამწიფეს საზოგადოებრივი აზრი საუკუნეების მანძილზე. სწორედ საზოგადოებრივი აზრი აძლიერებს ეროვნულ თვითმყოფადობას. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ყველაფერში მოგეხმარებათ. ღვთის მადლით, საქართველოში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თავიანთი ინტელექტით გაგიმაგრონ ზურგი. ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი ჟურნალის სტუმრობა და ყოველთვის მზად ვარ თქვენთან სათანამშრომლოდ. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს.

- დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთევან, საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვა
1კ1