ერთადერთი, რაშიც საქართველო დარჩა ერთიანი, ეს არის ერთი დიდი საეკლესიო სივრცე
ერთადერთი, რაშიც საქართველო დარჩა ერთიანი, ეს არის ერთი დიდი საეკლესიო სივრცე
ჩვენი სტუმარია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკა ჩიკვაიძე. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თავის უპირველეს მოვალეობას - დედობას - ქალბატონი ეკა ასე უთავსებს: - სალომეს, ანას, საბას, ბარბარესა და დავითს რომ დავაძინებ, მერეღა ვიცლი საკუთარ თავზე სამუშაოდ. ჩემი ყველა სტატია და გამოკვლევა ღამის 11 საათიდან 4 საათამდე იწერება (სტატიებს აქვეყნებს სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში: "სჯანი", "ჩვენი მწერლობა" და ა. შ.).

ქალბატონი ეკა დეკანოზ ბასილ ჟორჟიკაშვილის მეუღლე გახლავთ. სიდინჯით, კეთილგონიერებით, გულისხმიერებით მოძღვრის თანამეცხედრემ მრევლის გამორჩეული სიყვარული და ნდობა დაიმსახურა. ქალბატონი ეკა გვესაუბრება თანამედროვე განათლების სისტემის პრობლემებზე და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

- უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ საუნივერსიტეტო განათლება არ იყო საკმარისი ძველი ქართული ლიტერატურის სფეროში სამუშაოდ. ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში ბიზანტინისტიკის განყოფილებაზე. ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი დამანა მელიქიშვილი. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგანაც ძველი ქართული ტექსტების ცოდნა და სიღრმისეული გააზრება მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით, იმ ტექსტოლოგიური კვლევის გარეშე, რომელიც ამ ფაკულტეტმა შემძინა, ვფიქრობ, ზედაპირული იქნებოდა. პარალელურად ვსწავლობდი სასულიერო აკადემიასა და ასპირანტურაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი რაიმეს წარმოვადგენ დღეს, როგორც ფილოლოგი, ეს, უპირველესად, ჩემი პედაგოგების დამსახურებაა. მქონდა ბედნიერება მესმინა ქ-ნი ლაურა გრიგოლაშვილის, ქ-ნი დამანა მელიქიშვილის, ქ-ნი ნინო დობორჯგინიძის, ქ-ნი ქეთინო ბეზარაშვილის, ქ-ნი გულნაზ კიკნაძის, ქ-ნი ციალა ქურციკიძის და კიდევ არაერთი შესანიშნავი პედაგოგისა და მეცნიერის ლექციებისთვის. ასე რომ, სასულიერო აკადემიისა და საუნივერსიტეტო განათლების სინთეზი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

- თქვენი საკანდიდატო დისერტაციის თემა რას ეძღვნებოდა?

- სასულიერო აკადემიაში პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ შემომთავაზა "წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს წამების" რედაქციებზე მუშაობა. ეს იქნებოდა ჩემი სადიპლომო თემა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თვითონ ტექსტოლოგიური და ფილოლოგიური თვალსაზრისით. წმინდა ბარბარეს წამების ერთ რედაქციას აკუთვნებდნენ იოანე პეტრიწს, მეორეს - არსენ იყალთოელს. ამ ჰიპოთეზებზე, თვითონ პეტრიწის ენასა და სტილზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. შემდეგ დისერტაცია დავიცავი წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს წამების მეტაფრასულ რედაქციებზე.

- რამდენადაც ვიცი, მასწავლებლობთ.

- ბავშვებთან მუშაობას განსხვავებული სპეციფიკა და ხიბლი აქვს. აკვირდები იმ პროცესს, თუ როგორ იზრდებიან შენს თვალწინ ბავშვები, თანდათანობით როგორ ადებ აგურს აგურზე, უხელ თვალებს, ასწავლი ლიტერატურის აღქმას, პერსონაჟის ამოცნობას...

- თქვენი აზრით, რამდენად არის აუცილებელი და სავალდებულო სკოლებში მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლება?

- ჩვენი მწერლობა იმდენად არის გადაჯაჭვული მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან, რომ უამისოდ წარმოუდგენელია ქართული ლიტერატურის სწავლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რელიგიის, როგორც საგნის, თავსმოხვევა ბავშვისთვის რაღაცნაირ უკურეაქციას იწვევს. თანაც რელიგია აუცილებლად უნდა ასწავლოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც ძალიან კარგად იქნება გარკვეული ამ საკითხებში და, რაც მთავარია, იქნება გულწრფელი. ამავე დროს ექნება თანამედროვე ხედვა, ეცოდინება ბავშვის ფსიქოლოგია, ის პრობლემები, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ, სირთულეები, რომლებიც ასაკთანაა დაკავშირებული. ამგვარი სპეციალისტის საგანგებოდ მომზადებაა საჭირო, რისი ნაკლებობაც დღეს ნამდვილად არსებობს. არის ერთი პრობლემაც: როდესაც რელიგია საგნად შემოდის სკოლაში და მისი სწავლა იძულებას უკავშირდება, შესაძლოა ბავშვი მას ისევე მოეპყროს, როგორც დანარჩენ საგნებს ეპყრობა. ასე რომ, საჭიროა მეთოდურად გაცნობიერდეს ეს პრობლემა, მომზადდნენ ისეთი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებს მიაწოდებენ ამ საგანს ისე, რომ ეს იქნება არა თავსმოხვეული იძულება, არამედ ცოცხალი შემოქმედების, ჭეშმარიტების დაუშრეტელი წყარო.

- თქვენი აზრით, თანამედროვე განათლების სისტემას რა ნაკლი და ღირსება აქვს?

- ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მომწონს გამოცდების ის სისტემა, რომელიც შემოვიდა, იმიტომ რომ ახლებურია. ახალი მეთოდი ბავშვებს აძლევს აზროვნების, ლიტერატურის სწორად აღქმის საშუალებას. მაგრამ არ მომწონს ის, რომ ეს რეფორმა არ ხდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად. პირველად, 2005 წელს ბავშვები მოუმზადებელნი შეეჩეხნენ გამოცდებს. დღეს სკოლამ დაკარგა თავისი ფუნქცია, რადგანაც ბავშვები რეპეტიტორებთან ემზადებიან, რათა გამოცდები ჩააბარონ. სიჭრელეა სახელმძღვანელოებშიც. ყველა სახელმძღვანელო სხვადასხვა უნარს უვითარებს ბავშვს. მაგალითად, ერთგან ძალიან კარგად არის წარმოდგენილი სააზროვნო სისტემა ანუ კითხვარები კარგად არის შერჩეული, რაც, თავის მხრივ, ავითარებს აზროვნებას; მეორეგან მასალაა კარგად შერჩეული, სხვაგან მეთოდიკაა კარგად შემოთავაზებული და სხვა. მაგალითად, ძველი ქართული ტექსტები შემოთავაზებულია პარალელურად ახალ ქართულ ტექსტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ვერ წაიკითხავს ძველი ქართულით, სამაგიეროდ, ახალ ქართულ ადაპტირებულ ტექსტებს წაიკითხავს და ამით ამოიწურება მისი შეხება ძველ ქართულთან. ეს სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ, ამგვარი მეთოდი ეკლესიის ენას დაავიწყებს. ჩვენ ხომ ძველი ქართული ტექსტების აღქმას ვახერხებთ, პირველ რიგში, სწორედ აგიოგრაფიული ტექსტებიდან. როდესაც ბავშვი ამ აგიოგრაფიულ ტექსტებს ჩამოშორდება, ეკლესიაში იმ ძველ ქართულ ენასაც ვეღარ გაიგებს. ამიტომ ძველ ქართულთან კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება.

- თქვენ ხუთი შვილის დედა ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია, და ამავე დროს რთულიც, დღევანდელ გარემოში ბავშვების ჭეშმარიტი ფასეულობებით აღზრდა?

- ეს რთული საკითხია. ერთია, რას ასწავლი შენს ბავშვს ოჯახში და მეორეა, რა მაგალითს აძლევ. ღრმად მწამს, რასაც ასწავლი და რა მაგალითსაც აძლევ, არასოდეს დაიკარგება და, უძღები შვილის იგავისა არ იყოს, ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს. გარემომცველი სინამდვილე მეტისმეტად მძიმეა. ერთხელ ჩემმა მოძღვარმა (დეკანოზი რევაზ სიხარულიძე) მითხრა: არ შეიძლება ბავშვს თავიდანვე ხორცით დაუწყო კვება, ჯერ რძე უნდა მისცე, რათა არ დაიხრჩოსო, ანუ ისეთი ტვირთი არ უნდა აჰკიდო, რომელიც მას წელში მოდრეკსო. თან ასეთი მაგალითიც მომიყვანა: ვთქვათ, შენ ასწავლი ბავშვს დათმობას, ვიღაცამ კი, შესაძლოა, ეს ცუდად გამოიყენოს და უცებ მჩაგვრელად მოევლინოს შენსავ შვილსო. მართლაც, ძალიან მძიმეა გარემოსთან ბავშვის ადაპტირება, როდესაც ის სულ სხვა ფასეულობებითაა გაზრდილი. მე სულ ვცდილობ, მჩაგვრელი და აგრესორი არ გავზარდო, მაგრამ მშობელმა შვილს ჩვილობიდან უნდა ჩაუნერგოს თავდაცვის, ჯანსაღი აღქმისა და ანალიზის უნარი; ასწავლოს ავ-კარგის გარჩევა. მე სწორედ ამას ვცდილობ, თუმცა როგორ გამომდის, არ ვიცი. ყველაფერი ღვთის ნებაა. ამ გარემოში ბავშვმა უნდა იცოდეს, სად ცხოვრობს, რა ღირებულებებისა და ფასეულობების მქონეა თვითონ, რომ შეძლოს შემდეგ სხვასაც მიუჩინოს სათანადო ადგილი. მგონია, რომ გაუცნობიერებლობა არის ჩვენი ერის ზოგადი თვისება. თითოეული ერი ან ინდივიდი თუ ცნობიერად არ მიუდგება საკუთარ ფასეულობებსა და ღირებულებებს, ყოველთვის აღმოჩნდება მსხვერპლის მდგომარეობაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა კარგი გაგებით, ანუ ნებაყოფლობით კი არ გაიღებს მსხვერპლს, არამედ იძულებით.

- მინახავს, მოძღვრის შვილებს სკოლაში, ქუჩაში თუ სხვაგან ხშირად შეახსენებენ, რომ ისინი სასულიერო პირის შვილები არიან და ზნეობრივი თვალსაზრისით სხვა ბავშვებზე მეტი მოეთხოვებათ. ხომ არ იწვევს ამგვარი დამოკიდებულება ბავშვებში რაიმე პროტესტის გრძნობას, ხომ არ თრგუნავთ ეს?

- ასეთი შემთხვევა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ერთხელ ერთ-ერთმა ბავშვმა რაღაც დააშავა და მასწავლებლებმა შემომჩივლეს, რომ არ გვცოდნოდა, რა გარემოში იზრდება თქვენი ბავშვი, არ გვექნებოდა პრეტენზიაო. ჯერჯერობით, ამას ჩემს შვილებში პროტესტის გრძნობა არ გამოუწვევია, მაგრამ თუკი გამოიწვევს, თავადვე უნდა დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა უპირატესობა აქვთ, რომ ეს არის "პატივთან" ერთად "პატიჟიც". ეს მე ჩემი ოჯახის მაგალითზე ვიწვნიე. რთულია სასულიერო პირის ცოლობაც და შვილობაც, იმიტომ, რომ ამ ტვირთის ზიდვა მასთან ერთად შენც გიწევს. გარდა ამისა, თუ შენვე არ გაქვს მღვიძარე სინდისი, ვერც სასულიერო პირის ცოლობა გიშველის და ვერც ვერანაირი სტატუსი. ანუ ზნეობრივი საზომი გადის მაინც შენს პიროვნულ სინდისზე, მის მღვიძარებაზე.

- მამა ბასილი რამდენად მონაწილეობს ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებაში, ის ხომ ასე დაკავებულია?

- მამა ბასილი აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში, დღიდან თითოეული მათგანის დაბადებისა. უფროსი ქალიშვილი სალომე საკმაოდ ჭირვეული ბავშვი იყო ჯანმრთელობის გამო. ხუთ თვემდე მამა ბასილთან ეძინა. მასავით ვერავინ უვლიდა. ყველაფერში მეხმარებოდა. დღემდე ასეა. როცა რაიმე პრობლემა მაქვს, ცალმხრივად არასოდეს არაფერს ვწყვეტ, აუცილებლად ჩემს მეუღლეს ვეთათბირები და ვითვალისწინებ მის რჩევას.

- რამდენად საჭიროა სიმკაცრის გამოჩენა ბავშვებთან. დასჯის როგორ მეთოდებს მიმართავთ პირადად თქვენ?

- მამა ბასილი ზომიერ სიმკაცრეს იჩენს. მაგალითად, ბავშვი დაგვისჯია იმ ფორმით, რომ არ გაგვიშვია ეზოში, სკოლაში, აგვიკრძალავს კომპიუტერის ჩართვა...

- ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უწმინდესმა მრავალშვილიანი ოჯახების გამრავლება დასახა. იგი ბრძანდება თითოეულ ქართულ ოჯახში მოვლენილი ბავშვის ნათლია. რას იტყვით ამის თაობაზე?

- თითოეული ბავშვის მოვლინება მართლაც დიდი სიხარულია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სოციალური ფონია მძიმე და ჩვენი სახელმწიფო არანაირ შეღავათს არ უწევს მრავალშვილიან ოჯახებს. რომ მიენდო ღმერთს და იცხოვრო პრინციპით "ხვალემ იზრუნოს ხვალისა", რა თქმა უნდა, ყველაფერი უკეთ იქნება და უკეთაც წარგემართება ცხოვრება. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება რომ გამოგიმუშავდეს, რწმენაში უნდა იყო ძლიერი. ჩვენმა პატრიარქმა ამ პრობლემის მოგვარება ყოველი მესამე ბავშვის ნათლობის გზით გადაწყვიტა. ესეც მისი უდიდესი ზრუნვის გამოხატულებაა ერის მიმართ. ერთადერთი, რაშიც საქართველო დარჩა ერთიანი, ეს არის ერთი დიდი საეკლესიო სივრცე. ეს არის ჩვენი ხელმოსაჭიდი და დიდი იმედი იმისა, რომ ოდესმე ისევ გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა. თუნდაც "წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გავიხსენოთ. საქართველოს გაერთიანება მე-9 საუკუნეში დაიწყო სწორედ ერთიანი ქრისტიანული სივრცის შექმნით და ცენტრალიზაციისკენ სწრაფვით. ჩვენმა უწმინდესმაც ეს გააკეთა. მისი წყალობით დღეს საქართველოში არსებობს ერთი დიდი საეკლესიო სივრცე, რომელიც მოიცავს ასევე დაკარგულ ტერიტორიებს. ამიტომაც განუზომლად დიდია ეკლესიისა და უწმინდესის როლი ჩვენს ცხოვრებაში. პატრიარქმა იტვირთა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს მისი ასაკის ადამიანს შეეძლო ეტვირთა. არ ამომდის თვალებიდან იმ ავბედითი მოვლენების დროს გორში ჩასული პატრიარქის სახე. ამან ყველა ადამიანზე საოცრად იმოქმედა. ბევრი ურწმუნო მეუბნებოდა მაშინ, სასულიერო პირებზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა მქონდა, ახლა კი მივხვდი, რომ ესენი მართლა მებრძოლები ყოფილანო. სასულიერო პირობა მართლაც ბრძოლაა ღვთის წინაშე. მოძღვარი იბრძვის არა მარტო პირადი, არამედ მრევლის ცხონებისთვისაც. რა ღვაწლიც ჩვენმა პატრიარქმა გასწია, ეს იყო ნამდვილი ბრძოლა და არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური თვალსაზრისითაც. მე ახალი ამპლუითაც აღვიქვი იგი. აი, თურმე როგორ შეიძლება სასულიერო პირმა თავისი გმირობით ერს აჩვენოს მაგალითი გაუტეხლობისა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი ერის იმედად და სანუგეშოდ!
ბეჭდვა
1კ1