გონიერმა შემოქმედმა შექმნა სამყარო და გონიერმა ადამიანმა დაკვირვების გზით შეიძლება ბევრი გაიგოს ამის შესახებ
გონიერმა შემოქმედმა შექმნა სამყარო და გონიერმა ადამიანმა დაკვირვების გზით შეიძლება ბევრი გაიგოს ამის შესახებ
ცნობილია, რომ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აქტიურად ისწავლება ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორია, რომელიც უარყოფს ღმერთის მიერ ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების შექმნას. ამ საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამირან ფირცხელანი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიურად ჩაება ეკლესიურ ცხოვრებაში.

- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან?

- ჩემი მშობლები, განსაკუთრებით მამაჩემი, გიორგი ფირცხელანი ძლიერ მორწმუნე იყო. ის მემკვიდრეობით მფარველობდა ჩვენი სოფლის, ლახუშდის ორ ეკლესიას: სოფლის ცენტრში მდებარე იესო ქრისტე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, სადაც ინახება უძველესი და უნიკალური ხატები და წმინდა თანღილის მთაზე მდებარე X-XII საუკუნეების მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. მშობლების გავლენით, შვილებმაც ვირწმუნეთ ღმერთი...

- თქვენ ბიოლოგი და გენეტიკოსი ბრძანდებით, რა აზრის ხართ დარვინის ევოლუციურ თეორიაზე, რომელიც უარყოფს ღმერთის მიერ ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების შექმნას?

- დარვინისეული თეორია მრავალჯერ გამოცხადდა უაზრობად დამამტკიცებელი მასალის არარსებობის გამო, თუმცა მაინც არის შეტანილი როგორც საშუალო სკოლის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში.

მეცნიერი-კრეაციონისტები დიდ წინააღმდეგობას უწევენ ევოლუციურ თეორიას. მათ იციან, რომ გონიერმა შემოქმედმა შექმნა სამყარო და გონიერმა ადამიანმა დაკვირვების, ექსპერიმენტისა და მეცნიერული აზროვნების გზით შეიძლება ბევრი გაიგოს ამის შესახებ.

- არსებობს თუ არა გენეტიკაში ექსპერიმენტულად დამამტკიცებელი ფაქტები, რომლებიც უარყოფენ დარვინის ევოლუციურ თეორიას?

- ჯერ კიდევ დარვინის თანამედროვე გენეტიკის ფუძემდებელმა გ. მენდელმა (1865) ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ინდივიდუალური თვისებები რჩება უცვლელი. მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტებმა დარვინიზმის წინააღმდეგ დამაჯერებელი ბრალდება წამოაყენეს ნაშრომში "ევოლუციური თეორიის კრიზისი", რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. უჯრედები, თავის მხრივ, შედგებიან ათასობით სხვადასხვა ბიომოლეკულისგან. არაცოცხალ სამყაროში არ არსებობს არაფერი, რომელიც სირთულით შეედრებოდეს ამ ბიომოლეკულების სტრუქტურას. არსებობს მრავალი სახის ცილა და ნუკლეინის მჟავა: დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და რნმ (რიბონუკლეინის მჟავა). ყველა ორგანიზმში ბაქტერიიდან ადამიანამდე ეს ცილები და ნუკლეინის მჟავები თამაშობენ ერთსა და იმავე როლს. ისინი იყენებენ ერთსა და იმავე გენეტიკურ კოდს და ახალი ცილოვანი მოლეკულების ასაშენებლად კოდის ტრანსლაციის ერთსა და იმავე მექანიზმს. ყველა ორგანიზმის უჯრედები შეიცავს ერთნაირი სახის ბიომოლეკულებს (ცილებსა და ნუკლეინის მჟავებს). აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ევოლუციური გაგებით, არ არსებობს ორგანიზმი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც პრომშობელი. თავისი შემადგენლობით ბაქტერიული უჯრედები ადამიანის უჯრედებთან შედარებით არ არის პრიმიტიული.

დნმ, კოდის სახით, ერთნაირად ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას ყველა ცოცხალ ორგანიზმში. ინფორმაცია არ შეიძლება აღმოცენდეს შემთხვევითი პროცესების შედეგად. ის გონივრულად არის ჩადებული. უჯრედმა რომ იცოცხლოს და თვითწარმოიქმნას, ამისთვის მასში არსებულმა უამრავმა მოლეკულამ შეთანხმებულად უნდა იურთიერთქმედოს ერთმანეთთან, უნდა მოხდეს ცილოვანი მოლეკულების სინთეზი. ძნელია, წარმოვიდგინოთ პროტოუჯრედი, რომელშიც ეს პროცესები არ უნდა ყოფილიყო სრულყოფილი. დარვინისეული ვარაუდი პირველადი ბულიონის შესახებ, სადაც უნდა წარმოქმნილიყო პირველადი უჯრედი, არადამაკმაყოფილებელია.

მოლეკულური ბიოლოგია ამტკიცებს, რომ ყველა ცოცხალი შექმნილია თავისი გვარის მიხედვით, მოლეკულურ დონეზე ყოველი კლასი უნიკალურია, სხვებისგან იზოლირებული და არ არის დაკავშირებული შუამავალი რგოლებით. ამგვარად, მოლეკულები მსგავსად გაქვავებული ნაშთებისა, არ ამტკიცებენ გარდამავალი ფორმების არსებობას, რომელთაც ეძებენ და ვერ იპოვეს ევოლუციონისტებმა.

- ფაქტია, რომ ცოცხალ ორგანიზმებში მიდიოდა და მიდის ცვლილებები. რა ფაქტორები შეიძლება იწვევდეს ამ ცვლილებებს?

- ბუნებაში მართლაც მიდის ცვლილებები, რომელსაც იწვევს გარემო არე, გენთა რეკომბინაცია, მუტაცია და ბუნებრივი გადარჩევა. ეს ფაქტორები იწვევენ განსაზღვრულ ცვლილებებს... ეს ცვლილებები არ სცილდება სახეობის ფარგლებს.

ბოლოს, ცვლილებების მეხუთე და მთავარი წყარო არის შექმნა. რატომ არის ეს სიცოცხლის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი? იმიტომ, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ოთხი წყაროდან შეუძლებელია ავხსნათ ყველა მრავალფეროვანი სიცოცხლე დედამიწაზე. კრეაციული მოდელის პრინციპული ნიშანია გენეტიკური მრავალფეროვნების არსებობა, რომელიც ერთი სახეობის ფარგლებშია შექმნილი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ავხსნათ ცხენების, სახედრების, ზებრების, ჯორების წარმოშობა ერთი და იმავე სახეობიდან, ასევე ძაღლებისა (118-მდე ჯიში). იმდენად, რომ ყველა სახეობა ექვემდებარება ღმერთის ბრძანებას - "განაყოფიერდით და გამრავლდით". რეკომბინაციის, მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის შემთხვევითი პროცესები დაეხმარა იმაში, რომ ყოველი სახეობა დაიყო და დანაწილდა მრავალფეროვნად, რასაც დღეს ვხედავთ.
ბეჭდვა
1კ1