გაზიარებული პურის სიტკბოს ქვეყნად არაფერი შეედრება...
გაზიარებული პურის სიტკბოს ქვეყნად არაფერი შეედრება...
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მაია სულაბერიძე. ქალბატონი მაია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას ასწავლის. არის თბილისის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელიც. ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. ცდილობს, ყველას მიმართ იყოს გულისხმიერი. ჰყავს ორი მშვენიერი ქალიშვილი და ერთგული მეუღლე. ეკლესიაში ღვთისმსახურებას მუდმივად ესწრება და მიიჩნევს, რომ ღვთისმოსაობა ყველაზე მეტად მოყვასთან ურთიერთობით ვლინდება.

- მაია, ალბათ ხშირად წაგიკითხავს, რომ ტაძარში ადამიანი ზოგჯერ გაჭირვებას ან რაიმე განსაცდელს მიჰყავს. შენ როგორ მოხვედი ეკლესიაში?

- ჩემი მეგობრის მაგალითი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება ეკლესიისთვის დამეკავშირებინა. თავიდან ეს უფრო სპონტანური, გაუაზრებელი კავშირი იყო. ვფიქრობდი, წირვა-ლოცვას მხოლოდ მარხვის დროს უნდა დავსწრებოდი და მისი დამთავრებისთანავე გამეწყვიტა კავშირი როგორც მოძღვართან, ასევე ეკლესიასთან.

იმხანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მსახურობდა დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი, რომელიც დღეს უკვე აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. უზომოდ მადლიერი ვარ უფლისა, რომ სწორედ მამა ბასილის მრევლის წევრი გავხდი. იგი უაღრესად ღვთისმოსავი, განათლებული, მშვიდი, ღრმად კეთილშობილური თვისებებით შემკული პიროვნებაა. ამიტომაც უდიდესი სიყვარული მოიპოვა მრევლში და თითოეული წევრი, მიუხედავად მანძილის სიშორისა, უკლებლივ გაჰყვა წმინდა ილია მართლის ტაძარში.

გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი აღსარება, რომლის დროსაც მამა ბასილს უცნაურად განვუცხადე, რომ ზოგიერთ ცოდვასთან განშორებას არ ვაპირებდი. ვერც ვაცნობიერებდი, რას ვამბობდი. თანაც ვფიქრობდი, რომ მონანიების შემდეგ ცოდვას აღარ უნდა მივბრუნებოდი, თუ არადა, სხვანაირად ტაძარში სიარულის აზრს ვერ ვხედავდი. ვერც იმას ვხვდებოდი, რომ შეუძლებელია მარტომ, მოძღვრის დაუხმარებლად შეძლო ცოდვებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლა.

ჩემთვის პირველი მარხვის შენახვა ეკლესიასთან ორი წლის "დამშვიდობებით" დამთავრდა, თუმცა ტაძარში ისევ დავბრუნდი და მას შემდეგ ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. ცხოვრება ბევრად იოლი და საინტერესო გახდა. მჯერა, რომ უფალი ყოველწუთს ჩემთან არის და არასდროს მიმატოვებს.

ერთხელ ჩემს მეგობარს "შევწუწუნე" - ღმერთის გარდა პატრონი არავინ მყავს-მეთქი. გაეცინა: - მეტი რაღა პატრონი გინდაო.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის 16 წელია მუშაობ და გაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან. ჩვენს ბავშვობაში ქართულ ლიტერატურას სხვაგვარი (არამართლმადიდებლური) მსოფლმხედველობრივი პოზიციებიდან გვასწავლიდნენ. დღეს ვითარება არსებითად შეიცვალა...

- დღევანდელი სტუდენტობა უფრო ეკლესიურად ცხოვრობს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რელიგიაზე, ამა თუ იმ ნაწარმოებში დასმულ სხვადასხვა პრობლემას მართლმადიდებლურად ვხსნით. ლიტერატურაში არის არაერთი მაგალითი თვითმკვლელობისა, რომელსაც არსებული უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ფორმად განიხილავდნენ. დღეს კი ასეთ საქციელს სტუდენტები რელიგიური თვალით უყურებენ.

- რა თემაზე დაიცავი დისერტაცია?

- დისერტაცია 1995 წელს დავიცავი თემაზე: "ლია სტურუას პოეზია". ლია სტურუას შემოქმედების მხატვრულ თავისებურებაზე მუშაობისას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეკლესიასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, დავინტერესდი სახე-სიმბოლოებით. მის პოეზიაში ძალიან ხშირია სიტყვები: რძე, ხორბალი, წყალი, ღვინო, რომლებიც ადამიანური არსებობის საწყისს წარმოადგენენ. მის პოეტურ სამყაროში პური მხოლოდ სხეულის საზრდო არ არის. პოეტს ის ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად აქვს მიჩნეული.

ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი წერდა, რომ "ადამიანთა შორის ურთიერთობები ღრმავდება იმ პურის წყალობით, რომელიც საერთო სუფრაზე ტყდება. ჩვენ პურში შრომის სიდიადის სიმბოლოს ვხედავთ, იმიტომ, რომ იგი ოფლითაა მოპოვებული. ჩვენ პურს თანაგრძნობის წინამძღვრად ვთვლით იმ პურის წყალობით, რომელსაც გაჭირვების დროს გვაწვდიან. გაზიარებული პურის სიტკბოს ქვეყნად არაფერი შეედრება... და ახლა საფრთხეშია ამ სულიერი პურის ძალა... პური ხომ იგივეა, რაც ზეთი კანდელში. იგი სინათლედ უნდა იქცეს".

საინტერესოა, რომ ლია სტურუასთან პურის სიმბოლური მნიშვნელობა, ისევე როგორც ღვინო, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას უკავშირდება. პური სიმბოლოა ქრისტეს მიწიერი არსებობისა. აქედან გამომდინარე, ღვინო და პური სიმბოლურად უმაღლეს უნივერსალურ სუბსტანციასთან მიახლოების მანიშნებელია. ამიტომაც წერს პოეტი: "იქნება პური და ღვინო ბევრი" და განაგრძობს: "და მერე სულში ბზის ტყეებივით ჩადგება რწმენა". რწმენის დაბადება კი თავისთავად ღმერთან მიახლოების, სულიერი ჰარმონიის იდეას ემსახურება.

ლია სტურუასთან ღვთისმშობელიც ხორბლისფერია - "ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო".

ალბათ საინტერესო იქნება თუნდაც ისევ ლია სტურუას ან სხვათა შემოქმედების ქრისტიანული რაკურსით შესწავლა.

- რამდენად გეხმარება სარწმუნოება ადამიანებთან ურთიერთობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ძალიან ვცდილობ, ადამიანები მივიღო ისეთები, როგორებიც არიან, დავინახო მათში კარგი, არ განვიკითხო, თუმცა ეს უკანასკნელი ზოგჯერ მაინც არ გამომდის. იმედი მაქვს და მჯერა, რომ, ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ამასაც დავძლევ. მთელი ცხოვრება საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი თითოეულ ჩვენგანს ხედავს და აკვირდება. როგორც მამა ბასილი ამბობს ხოლმე, უფალს ჩვენ იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი. წირვაზე გვესმის: "იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ".

განა ძნელია, ერთმანეთი გვიყვარდეს და სიყვარულით ვიცხოვროთ? უფალს ხომ მხოლოდ ეს უნდა ჩვენგან. სიყვარულით სავსე გულში კი ბოროტება ვერასოდეს დაივანებს.
ბეჭდვა
1კ1