დადგა დრო, რომ სოფლის მეურნეობაში ლოცვამ ადგილი დაიბრუნოს
დადგა დრო, რომ სოფლის მეურნეობაში ლოცვამ ადგილი დაიბრუნოს
წმინდა მოწამე ტრიფონმა მიმიყვანა ეკლესიაში და მამა ალექსანდრემ მაზიარა ეკლესიურ ცხოვრებას
ბუნება ღვთის შემოქმედებაა. მცენარეული და ცხოველური სამყაროს მრავალფეროვნება და სილამაზე ადამიანს მუდამ აოცებდა და აოცებს. გაოცებას იწვევს არა მარტო მათი მრავალფეროვნება და სილამაზე, არამედ გამოყენების ფართო სპექტრი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებს: "განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკოლოგიის საკითხს, კერძოდ, გამწვანების პრობლემებს. ჩვენი ხეტყე - ეს არის საქართველოს ფილტვები და საქართველოში მცხოვრებთა ჯანმრთელობა. ბუნება, ღვთის მიერ შექმნილი მშვენიერი სამყარო, მცენარეები და ცხოველები... არა მარტო მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ სულის სამკურნალოდ შეიქმნა. მიწა და, საერთოდ, ბუნება, გარდა იმისა, რომ ასაზრდოებს ადამიანს, კურნავს კიდევაც მას. სიახლოვე მცენარეებთან, მიწასთან, ყვავილებთან გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე და სტრესიდან გამოჰყავს იგი. ბუნებაში მას უჩნდება სიცოცხლის წყურვილი. მოდის ახალი იდეები".

მცენარეთა დაცვა მეცნიერებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაეყარა საფუძველი. ამ მეცნიერებას ღრმა კავშირი აქვს სარწმუნოებასთან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ არაერთ წმინდანს საგანგებოდ ევედრებოდნენ მავნებლებისგან მცენარეთა დაცვას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის პირობების გაუმჯობესებასა და მოსავლიანობის გაზრდას. "ადრე გლეხი თუ მიწათმოქმედი ხვნის, თესვის თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას პირჯვარს გადაიწერდა და შესაბამის ლოცვას, ღმერთისადმი ვედრებას წარმოთქვამდა, რაც ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებითა თუ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებით დასტურდება. თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოსთვის დამახასიათებელი ლოცვაა გამოყენებული. მაგალითად, არსებობს ლოცვა მიწის (ნიადაგის) ნაყოფიერების, თესვის წინ და მკის, ყანის - ჯეჯილის, თიბვის დროს, კალოზე, ბოსტნეულის დარგვის, კიტრის მოსავლის, ვაზის, ხეხილის, სელის მფარველობის და სხვა. ამ ლოცვანში, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ღმერთს შესთხოვენ, რათა ყანა-ჯეჯილი დაიცვას მავნებლებისგან, ბუზებისგან, ჟანგასაგან, ვენახი კი "ხილული და უხილავი მტრებისგან". ცალკეა ლოცვები, რომლებიც მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვისთვის აღევლინება".

ამ ლოცვების მოძიებასა და გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ღვაწლმოსილ მეცნიერს, უაღრესად მორწმუნე პიროვნებას, ბატონ კარლო (ტრიფონ) ბუაჩიძეს, რომელიც გახლავთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. ბატონი კარლო 1959 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. არაერთი სტატია და სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 2001 წელს გამოიცა მისი წიგნი "მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები", რომელშიც განხილულია ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშებში, ქართულ იკონოგრაფიაში ამა თუ იმ ფორმით ნახმარი მცენარეთა ორგანიზმები, დაცვის ხალხური საშუალებები. ბატონი კარლოს თაოსნობით და საპატრიარქოს გამომცემლობის ხელშეწყობით გამოვიდა შესანიშნავი ბროშურები: "წმინდა მოწამე ტრიფონის დაუჯდომელი ლოცვა", "დაუჯდომელი ლოცვა ღვთისმშობლის ხატისადმი "პურეულთა უხვად მომნიჭებელი" და "წმინდა ილია მართალი მცენარეთა დაცვის შესახებ".

- ბატონო კარლო, თქვენ მოიძიეთ საგულისხმო ცნობები წმინდა მოწამე ტრიფონის შესახებ და ასევე მის მიერ აღვლენილი ლოცვა. რატომ დაინტერესდით ამ წმინდანით?

- ეკლესიაში მიმიყვანა ჩემმა პროფესიამ. როდესაც დავიწყე მუშაობა წიგნზე - "მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები", სხვა მასალებთან ერთად წავაწყდი ლოცვას, რომელიც ასეა დასათაურებული: "ლოცვა წმიდისა და დიდებულისა, მოწამისა ტრიფონისი მისი ყოველსავე თვის ყანისა, ვენახისა, ბოსტნის თუ ჭია ვნებდეს". ეს გახლავთ ლოცვა, მიძღვნილი მცენარეთა დაცვისთვის მავნებლებისგან. ამ ლოცვის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერს, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის, გავეცანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს ხელნაწერი დავითგარეჯიდან ჩამოიტანა აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა. ასევე საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ქ-ნი თამარ გერმანიშვილის ხელშეწყობით გავეცანი წმინდა მოწამე ტრიფონის მიერ აღვლენილ ლოცვას, რომელიც "დიდ კურთხევანშია" დაბეჭდილი. ტექსტების შედარებისას აღმოჩნდა, რომ სხვაობა მეტად მცირეა.

ლოცვაში წმინდა ტრიფონი აღწერს ღმრთისგან სასჯელად მოვლენილი მავნებლების მიერ ვენახის, ყანის, ბოსტნისადმი და საერთოდ ნაყოფიერი და უნაყოფო მცენარეებისადმი მიყენებულ ზიანს და ასახელებს იმ მავნებლებს, რომლებმაც მოსპეს მცენარეულობა.

რაც შეეხება წმინდა მოწამე ტრიფონის მოღვაწეობის შესახებ ცნობებს, ისინი ქართულ ენაზე ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში მწირადაა წარმოდგენილი. "თვენში" წერია, რომ წმინდა მოწამე ტრიფონი (250წ.) დაიბადა მცირე აზიის ერთ-ერთ ოლქში, ფრიგიაში, ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამფსადოში. სიღარიბის გამო განათლება არ მიუღია, პატარაობიდანვე მშობლებს ეხმარებოდა, საქონელს მწყემსავდა.

სიჭაბუკის წლებშივე უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულების კურნების მადლი უბოძა. ერთხელ მან მძვინვარე შიმშილისგან იხსნა თანასოფლელები; წმინდა ტრიფონმა თავისი ლოცვით განდევნა მავნე მწერები და დაღუპვისაგან გადაარჩინა პურის ყანები. განსაკუთრებით კი იგი იმით განიდიდა, რომ ეშმაკი თვით რომის იმპერატორ გორდიანეს (238-244) ასულისგან განდევნა. იგი ყველა შეჭირვებულს შეეწეოდა და გასამრჯელოდ მხოლოდ ერთს ითხოვდა - რწმენას იესო ქრისტეს მიმართ, ვისი მადლითა და წყალობითაც კურნავდა მათ.

როცა საიმპერატორო ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დეკიუსი ავიდა (249-251), წმინდა ტრიფონი ფრიგიის ეპისკოპოსთან, აკვილინესთან დაასმინეს - ბრალად სდებდნენ ქრისტეს რწმენის უშიშრად ქადაგებას და მრავალთა მოქცევას. შეიპყრეს და მიჰგვარეს აკვილინეს. მის წინაშე მან მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისათვის წმინდანი სასტიკად ტანჯეს: ჯოხებითაც გვემდნენ, სხეულს რკინის კავებით უგლეჯდნენ, წყლულებსაც უწვავდნენ და ქალაქშიც დაატარებდნენ ძირზე ლურსმნებამოჩრილი ჩექმებით. წმინდა ტრიფონი მხნედ იტანდა ყველა სატანჯველს. ბოლოს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯის წინ ილოცა და მადლობა შესწირა ღმერთს იმისათვის, რომ სულის სიმტკიცე მიანიჭა ტანჯვა-წამების დროს; წმინდანმა განსაკუთრებული მადლი გამოითხოვა უფლისგან იმათთვის, ვინც მომავალში მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ვიდრე მტარვალი მახვილს აღმართავდა, წმინდა მოწამე ტრიფონმა თავისი სული ღმერთს მიაბარა. ეს მოხდა ქალაქ ნიკეაში 250 წელს. წმინდანის სხეული ქრისტიანებმა სუდარაში გაახვიეს და უნდოდათ, ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ წმინდა ტრიფონი ჩვენებით გამოეცხადათ და უბრძანა, რომ სამშობლოში, სოფელ კამფსადოში მიებარებინათ მიწისათვის, რაც მორწმუნეებმა აღასრულეს კიდეც.

შემდგომში მოწამე ტრიფონის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, მოგვიანებით კი რომში. წმინდა ტრიფონის ხსოვნას მთელი მართლმადიდებელი ეკლესია ძველთაგანვე სცემს პატივს, განსაკუთრებით კი მას რუსეთში ეთაყვანებიან.

არსებობს გადმოცემა, რომ ივანე მრისხანეს ერთ-ერთი ნადირობისას გაუფრინდა საყვარელი სონღული. განრისხებულმა მეფემ ბაზიერ ტრიფონ პატრიკეევს უბრძანა მისი მოძებნა. არადა - სიკვდილით დაგსჯიო. ბაზიერმა ტრიფონმა მოიარა შემოგარენი, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს სონღულის ძებნით დაღლილი ტრიფონი შეჩერდა მოსკოვის მახლობლად, დაწვა დასაძინებლად და თან თავის მფარველს, წმინდა მოწამე ტრიფონს შემწეობა სთხოვა. ძილში მან ნახა თეთრ ცხენზე მჯდომი ახალგაზრდა, რომელსაც მკლავზე მეფის სონღული ეჯდა. ახალგაზრდამ უთხრა: "წაუყვანე დაკარგული ფრინველი მეფეს და ნუღარაფერზე დაღონდები". გამოღვიძებულმა ბაზიერმა მართლაც დაინახა სონღული. მაშინვე მიუყვანა მეფეს და წმინდა მოწამე ტრიფონის სასწაულებრივ დახმარებაზეც მოუთხრო. რამდენიმე ხნის შემდეგ ბაზიერმა იმ ადგილზე სამლოცველო ააშენა. მოგვიანებით კი წმინდა მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესია ააგო.

ვიცოდი, რომ მოწამე ტრიფონის წმინდა ნაწილები დავანებული იყო სწორედ ამ ტაძარში. რამდენიმე ხნის წინ კი ჩემმა ვაჟმა სამთავროს დედათა მონასტერში შეიტყო უაღრესად მნიშვნელოვანი რამ. 1870 წელს გიორგი XII-ის შვილიშვილს, იოანეს მონასტრისთვის შეუწირავს წმინდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი ოცდაერთი წმინდანის წმინდა ნაწილებით, რომელთა შორის (ფილიპე, სტეფანე, გიორგი, სვიმეონი, შუშანიკი, კოზმა, დამიანე, ხარიტონი, ბარბარე, ესტატე, ნიკოლოზი, გრიგოლი, ქეთევანი, ანასტასია, დიმიტრი, ეკატერინე, ანტონი, ხარლამპი, თეოდორე, ფოკა) წმინდა მოწამე ტრიფონის წმინდა ნაწილებიც ყოფილა. იმ ფაქტმა, რომ საქართველოშიც არის ამ მოწამის წმინდა ნაწილები, რა თქმა უნდა, ძლიერ გამახარა. მაშინვე წავედი სამთავროს დედათა მონასტერში. დედებმა მომაწოდეს ცნობები ამ წმინდა ნაწილების შესახებ. უზომოდ მადლიერი ვარ მათი.

მინდა, მოსკოვის წმინდა მოწამე ტრიფონის სახელობის ტაძარს ვაცნობოთ, რომ საქართველოშიც არის ამ წმინდანის წმინდა ნაწილები. სხვათა შორის, ბულგარეთში წმინდა მოწამე ტრიფონი დიდ წმინდანად არის აღიარებული. დღეობაც იმართება - ტრიფონობა. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია 10-11 ხელნაწერი მოწამე ტრიფონის ლოცვისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას ჩვენშიც ხშირად ევედრებოდნენ.

- როგორც ვიცი, წმინდა მოწამე ტრიფონის ხატიც მოიძიეთ. დღეს ეს ხატი უკვე რამდენიმე ეკლესიაშია დაბრძანებული...

- დიდი სურვილი მქონდა, ეს ხატი მეპოვნა. როგორც იქნა, ვიშოვე და მამა ალექსანდრეს ვაკურთხებინე ჩემს სახელზე.

საქართველოში წმინდა მოწამე ტრიფონის ხატი მანამდე არსად იყო. პირველი ხატი მოქარგა ჩვენმა თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაირა ტყებუჩავამ. მისი რეპროდუქცია დღეს წმინდა სამების ტაძრშია დაბრძანებული (საჯარო ბიბლიოთეკის უკან). ამის შემდეგ ბატონი ლერი ჯალაბაძის სახსრებით ხატმწერმა მერაბ ყორანაშვილმა დაწერა კიდევ ერთი ხატი, რომელიც დაბრძანებულია ახალგორის წმინდა თეოდორეს სახელობის ტაძარში. ერთ-ერთი ხატი ხატმწერმა ვაჟა გოგინაშვილმა შეასრულა. წმინდა მოწამე ტრფონის ხატები დღეს დაბრძანებულია აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე წმინდა ილია მართლის სახელობისა და ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის ტაძრებში.

- კიდევ რომელ წმინდანებს ევედრებიან მცენარეთა დაცვისთვის?

- ლოცვანში მოხსენიებულნი არიან წმინდა ევსტათი და ივლიანე ხუცესი. ივლიანე ხუცესის ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ წამებისას უთხოვია ჯალათებისთვის, - რამდენიმე წუთი მომეცით ლოცვისთვისო. ჯალათებს ეგონათ, უფალს გადარჩენას და ხსნას შეევედრებოდა, მაგრამ ივლიანემ ღმერთს სთხოვა: ღმერთო, ვინც ჩემი საფლავიდან მიწას აიღებს და შემევედრება, მისი ნაკვეთები დაცული იქნეს მავნე მწერებისა და ფრინველებისგანო.

ადამიანები სასოფლო-სამეურნეო სამუშაობის შესრულების დროს ევედრებიან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს - "პურეულთა უხვად მომნიჭებელს" - პურეულთა სიუხვისთვის, "ტოლგისას" - წვიმის მოყვანისთვის და სხვა. ღვთისმშობლის ხატს "გამომხსნელი" - მავნე მწერებისგან მცენარეთა დაცვისთვის ევედრებიან.

- საქართველოში იყო გვალვებიც, მოუსავლიანობაც, კალიების შემოსევაც, მღრღნელებისა და მავნე მწერების მომრავლებაც. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის ღვთის რისხვად და სასჯელად აღიქმებოდა. ჩვენს წინაპრებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მოსავალი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმატება მხოლოდ ადამიანის შრომასა და ძალისხმევაზე არ იყო დამოკიდებული. რამდენად საჭიროა დღესაც ამის გათვალისწინება?

- ძველადაც იყო და ახლაც, სასურველია, შემოვიდეს პრაქტიკაში: არ ითესებოდა და არ იხვნებოდა ნაკვეთი კურთხევის გარეშე. მოძღვარი აკურთხებდა თესლს. მახსოვს, ბავშვობაში უკურთხებელ ყურძენს არავინ შეჭამდა. ცნობილი და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნაკურთხი თესლი (ნაკურთხი წყლით დამუშავებული) გაცილებით უკეთესი აღმოცენებით ხასიათდება, ვიდრე სხვა რომელიმე. უფალი განაგებს ყოველივეს. ადრე ხშირად მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა საერთო-სახალხო მნიშნელობას იძენდა, მოსახლეობა მსხვერპლად სწირავდა შესაწირს და ამით ცდილობდა გამოესყიდა ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები და თავიდან აეცილებინა მავნებლების შემოსევის საშიშროება. საერო საზოგადოებასთან ერთად ეკლესიის მსახურნი თავიანთი ლოცვებით მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, იხდიდნენ პარაკლისებს და სხვა. კალიების შემოსევის თავიდან ასაცილებლად 1847 წელს თბილისში, სიონის ტაძარში, საქართველოს ეგზარქოსმა ლოცვა აღავლინა. ლოცვა თითქმის ყველა ეკლესიაში აღევლინა (ადვილი შესაძლებელია, ამ დროს გამოიყენეს წმინდა მოწამე ტრიფონის ლოცვები).

ჩემი აზრით, დადგა დრო, რომ სოფლის მეურნეობაში ლოცვამ ადგილი დაიბრუნოს. ალბათ ამ წესის უგულებელყოფა არის მიზეზი თავსდატეხილი სტიქიური უბედურებებისა.

ჩემი თაობის ადამიანები სულ სხვა ეპოქაში გავიზარდეთ. დღეს კი, საბედნიეროდ, ვითარება არსებითად შეიცვალა. მახარებს, რომ ეკლესიაში ამდენი ახალგაზრდა დადის, რამდენიმე ვართ ასაკოვანი. წმინდა მოწამე ტრიფონმა მიმიყვანა ეკლესიაში და მამა ალექსანდრემ მაზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. ბედნიერი ვარ, რომ ის გავიცანი. მან მომცა გზა და მინიშნება, რომ მეტი რამ მომეძიებინა წმინდა მოწამე ტრიფონის შესახებ. რადგან ჩემი მოსახელე წმინდანი არ იყო, მამა ალექსანდრემ ტრიფონი დამარქვა.

- აგრარული უნივერსიტეტის შენობასთან უკვე რამდენიმე წელია გაიხსნა და მოქმედებს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარი. რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებებთან ტაძრის არსებობა?

- ეს მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია. ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მეცნიერებისა და სარწმუნოების ერთმანეთისგან გახლეჩა შეუძლებელია. უწმინდესის კეთილი ნებაა, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებასთან მოქმედებდეს ეკლესია. ტაძრის გვერდით ჩავლილ სტუდენტს ძალაუნებურად რაღაც ძალა შეაჩერებს, პირჯვარს გადააწერინებს და შეიყვანს ეკლესიაში. ეს კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს მასზე და ხელს შეუწყობს მისი პიროვნების სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. ეს ჩვენთვის მონაპოვარი და შენაძენია. ღმერთმა ადღეგრძელოს ის პიროვნება, რომელმაც ამ ტაძარს ჩაუყარა საფუძველი. ძალიან მინდა, საქართველოში აიგოს წმინდა მოწამე ტრიფონის სახელობის ტაძარი. ღვთის ნებით, ალბათ ესეც მოხდება.

უწმინდესი უდიდეს ყურადღებას აქცევს მცენარეთა დაცვას. მას აქვს შესანიშნავი ბაღი, რომელშიც უნიკალური მცენარეულობა ხარობს და თავად უვლის. უწმინდესი ბევრს საუბრობს სასოფლო-სამეურნეო განათლებაზეც. მცენარეთა დაცვაზე ზრუნვა ყოველი ადამიანის მოვალეობაა. ჯანმრთელი მცენარე და ჯანმრთელი გარემო - ეს არის ჯანმრთელი ადამიანი. ამიტომ, ასევე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ლოცვებს მცენარეთა დაცვისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ტაძრების ფრესკებზე დიდი ადგილი ეთმობა მცენარეულ ორნამენტს. თვითონ ტაძრებიც აგებულია ისეთ ადგილებში, სადაც მდიდარია მცენარეული საფარი.

ჩემს ნაშრომში, "მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები", შევეცადე, შესაძლებლობის ფარგლებში გამომევლინა ჯერ კიდევ შემორჩენილი ხალხური საშუალებები. ყურადღება მივაქციე ფოლკლორულ მასალას, რომელშიც ამა თუ იმ ფორმითაა ასახული მცენარეთა მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები. მე რაც შევძელი, დავაფიქსირე. ხვალ თუ კიდევ ვინმე რამეს იპოვის, დააფიქსირებს და არ დაეკარგება შთამომავლობას. ეს საშური საქმეა, რადგან დღეს ჯერ კიდევ არის მთქმელი, ხვალ კი შეიძლება აღარ იყოს. ვნანობ, რომ ჩემს ბებიას, დედას ბევრი რამ არ ვკითხე.

- ბატონო კარლო, უკვე 50 წელია, რაც აგრარულ უნივერსიტეტში მოღვაწეობთ. არაერთმა თაობამ გაიარა თქვენს ხელში. თქვენს კაბინეტში მუდამ სტუდენტთა სიმრავლეა. რამდენად არის სტიმულის მომცემი თქვენთვის სტუდენტ ახალგაზრდობასთან ურთიერთობა?

- ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჯერჯერობით კიდევ მაქვს საშუალება სტუდენტ ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა. ლექციებს აღარ ვკითხულობ, მაგრამ უფლის წყალობითა და ჩვენი რექტორის ნებით, კონსულტანტად ვმუშაობ. ყოველდღე სიარულს არავინ მთხოვს. მაინც დავდივარ. ცოტა ხნის წინ ჩატარდა სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ერთ-ერთ სტუდენტს გავატანინე მოხსენება წმინდა მოწამე ტრიფონის შესახებ. ახალგაზრდები საკმაოდ დაინტერესებულნი არიან სარწმუნოების და მეცნიერების ურთიერთობის საკითხით. ერთი სტუდენტიც რომ აიყოლიო და დააინტერესო - ესეც დიდი შენაძენია. სწორედ ეს არის ჩვენი, პედაგოგების, ვალი და ამავე დროს - უდიდესი ბედნიერება.
ბეჭდვა
1კ1