ეს იყო პირველი ფაქტი, რომლითაც სარწმუნო გახდა ანდრია მოციქულის შესახებ თხრობის ჭეშმარიტება
ეს იყო პირველი ფაქტი, რომლითაც სარწმუნო გახდა ანდრია მოციქულის შესახებ თხრობის ჭეშმარიტება
ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ არქეოლოგიას აქვს მომავალი
"ქართლის ცხოვრება" წმინდა ანდრია მოციქულის საქართველოში მოსვლისა და მოღვაწეობის ამბავს მოგვითხრობს. ქრისტიანობის წარმოშობა და გავრცელება საქართველოში ყოველთვის იყო და არის ისტორიკოსთა აქტიური კვლევის საგანი. მაგრამ ამ საკითხის არქეოლოგიური თვალსაზრისით მიზანმიმართული კვლევა 20 წლის წინ დაიწყო. 1988 წელს შეიქმნა სამცხის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი - ვახტანგ ლიჩელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი. ბატონი ვახტანგის თაოსნობით აწყურში ჩატარდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც მთელი 20 წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა (მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში არსებული სირთულეებისა). არქეოლოგიური კვლევის შედეგად მეცნიერულად დადასტურდა წერილობით წყაროებში მოთხრობილი ფაქტები. აწყურში ჩატარებულმა გათხრებმა მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ აღმოჩენების შესახებ გამოქვეყნდა პუბლიკაციები ჰოლანდიის, თურქეთის, დანიის, ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთის, აშშ-ის უმნიშნელოვანეს საერთაშორისო ჟურნალებში. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ვახტანგ ლიჩელთან.

- ბატონო ვახტანგ, აწყურის ექსპედიციის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კლასიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლებით იყავით დაინტერესებული, კერძოდ, იკვლევდით ძველი ბერძნული და კოლხური ცივილიზაციების ურთიერთობას. შემდეგ რაღატომ აირჩიეთ კვლევის საგნად სწორედ აწყური? გვიამბეთ თქვენი ექსპედიციის შესახებ.

- "ქართლის ცხოვრების" ჩანართში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ შემოვიდა წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში - აწყურში. პირველად იგი მობრძანდა ტრაპიზონში - მეგრელთა სოფელში. აქედან გადავიდა კოლხეთში, დასავლეთ საქართველოში (აჭარის ტერიტორიაზე). შემდეგ რკინის ჯვრის გადმოსასვლელით გადმოვიდა სამცხეში. რამ განაპირობა ეს?

ვფიქრობ, აქ განსაკუთრებით აქცენტირებულია აწყურის, როგორც რელიგიური ცენტრის, მნიშვნელობა. თუმცა, ამავე თხრობის თანახმად, აწყურმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ წმინდა ანდრია მოციქულის ამ ქალაქში ჩამობრძანებით შეიძინა.

ზეკარის უღელტეხილზე ანუ რკინის ჯვარზე გადმოსვლის შემდეგ მოციქული სოფელ ზადენში მოვიდა. ადიგენის რაიონში, სოფელ ბენარაში, ზადენის გორაზე მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები ჩავატარე. ისტორიული წყაროების მიხედვით, როდესაც წმინდა ანადრია მოციქული ამ სოფელში მობრძანდა, იხილა ზადენის კერპი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ეთაყვანებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის შეწევნით (რომელიც წმინდა ანდრია მოციქულს თან ჰქონდა), მოციქულმა ლოცვით დაამხო კერპი. შემდეგ გზა განაგრძო აწყურისკენ, რომელიც იმ დროს სოსანგეთად იწოდებოდა და სამცხის დედაქალაქს ანუ მთავარ რელიგიურ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ზადენის გორაზე შემორჩენილია უაღრესად საინტერესო მეგალითური ნაგებობები. მე შევამჩნიე ბორცვის წვერი, რომელიც უზარმაზარი მეგალითებით იყო შემოსაზღვრული, თითქოს საგანგებოდ გამოუყვიათო. გათხრები რომ დავიწყე, სულ რაღაც ორიოდე დღეში აღმოჩნდა ბაზალტის ქვაში ამოკვეთილი პოსტამენტი, რომელსაც დასავლეთით საკურთხეველი ჰქონდა მიდგმული. სრულიად ლოგიკურად უნდა გვეფიქრა, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც წმინდა მოციქულის მიერ დამხობილი კერპი იდგა. ეს იყო პირველი ფაქტი, რომლითაც სარწმუნო გახდა ანდრია მოციქულის შესახებ თხრობის ჭეშმარიტება. ამ თხრობის მიხედვით, როდესაც ანდრია მოციქული აწყურში მობრძანდა, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით ხელში, "ციხესა ზედა" შეისვენა. ეს ციხე დღესაც დგას სოფელ აწყურში. აქედან დაინახა, რომ აწყურში არტემიდესა და აპოლონის ტაძარი იდგა. შემდგომ მოსახლეობამ იხილა ამ ხატის ბრწყინვალება.

იმდროინდელი სამცხისა და აწყურის მთავარი, სახელად - დედისიმედი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა, დაინტერესდა მოციქულის პიროვნებით და თავისთან იხმო. წმინდა ანდრიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შეწევნითა და ქრისტიანობის დიდი მადლით მკვდრეთით აღადგინა დედისმედის ვაჟი. ბუნებრივია, ამის შემდგომ სამცხის მოსახლეობა დიდმა გაოცებამ მოიცვა.

მეორე სასწაული, რომელიც ხატს უნდა მოეხდინა, ადგილობრივ მოსახლეობას ქრისტიანობა რომ ერწმუნა, ჯერ კიდევ წინ იყო. ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი აპოლონისა და არტემიდეს ტაძარში შეასვენა და ადგილობრივ ხალხს უთხრა, მისულიყვნენ და ენახათ, ვისი ღმერთი იყო ძლიერი. მეორე დღეს, როგორც მემატიანე მიუთითებს, მოსახლეობამ აპოლონისა და არტემიდეს ტაძარი მთლიანად განადგურებული იხილა. ხალხმა ირწმუნა ქრისტიანობის ჭეშმარიტი ძალა. დედისმედის მითითებით, ამ დროს სამხრეთ საქართველოში ანუ სამცხეში ქრისტიანობა პრაქტიკულად ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ამის შემდეგ ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი აწყურში დატოვა, თავად კი ჯავახეთში გაემგზავრა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა მყის გაითქვა სახელი მთელ აღმოსავლურ სამყაროში. ჯუანშერი შემდგომი ხანის მოვლენებს ასე აღწერს: "ჰერაკლე კეისარს ესმა სასწაულთმოქმედება ხატისა მისისა" და მოისურვა აწყურში ჩამოსვლა. როდესაც ხატს მიეახლა, საყდრის აშენება ბრძანა, რათა იქ შეებრძანებინათ სიწმინდე.

"ქართლის ცხოვრების" ეს ჩანართი რომ წავიკითხე, გადავწყვიტე, შემექმნა ექსპედიცია, რომელიც აწყურში იმუშავებდა და, მატერიალურ ნაშთებს გამოიკვლევდა ამით კი წერილობითი წყაროს ექსპერტიზა მოხდებოდა. კვლევის პირველ ეტაპზე უნდა დადასტურებულიყო ის ფაქტი, რომ აქ მართლაც იყო დიდი დასახლება, რელიგიურ-პოლიტიკური ცენტრი, ცხოვრობდა დაწინაურებული არისტოკრატიული ფენა. აუცილებლად უნდა შემორჩენილიყო ანდრია მოციქულის პერიოდის ციხის ნაშთებიც; აპოლონისა და არტემიდეს ტაძარი თუ არა, ბერძნული გავლენის რაიმე კვალი მაინც. ასევე უნდა ყოფილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწების დამადასტურებელი ნიშნებიც.

ისტორიული ქრონიკები მოგვითხრობს, რომ XV საუკუნეში გაიტაცეს ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. სადაც სიწმინდე ჩაასვენეს, იმ ადგილას 7 წლის განმავლობაში მოსავალი არ მოსულა, არც ერთი ოჯახი არ გამრავლებულა. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შემდეგ იაზრეს, ეს უბედურება ხატის განრისხებით ხომ არ მოვიწიეთ თავსო. გაუხედნავ კვიცზე დაუმაგრებიათ ხატი და გაუშვიათ. კვიცი თავისი ფეხით მოსულა აწყურში და ხატი მოუბრუნებია.

აწყურში შემორჩენილია ღვთისმშობლის კათედრალური ტაძრის ნაშთები. მიუხედავად იმისა, რომ მისგან კედლებიღა გადარჩა, ის მაინც გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს მასშტაბით, მშენებლობის ტექნიკით, ორნამენტით... ქრისტიანული ტაძრები, განსაკუთრებით კი ისეთი დიდმნიშვნელოვანი, როგორიც ღვთისმშობლის კათედრალი გახლდათ, როგორც წესი, წარმართული ტაძრების ადგილას შენდებოდა. ამდენად, საფიქრებელია, რომ ეს ტაძარიც ძველი - არტემიდესა და აპოლონის წარმართული ტაძრის ადგილას ააგეს. ქრისტიანობამ არა მარტო რწმენის, არამედ არქიტექტურის თვალსაზრისითაც ჩაანაცვლა ყოველივე წარმართული.

გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ ანდრია მოციქულის დროინდელი სამარხი, სადაც ვიპოვეთ მონეტა - ქარონის ობოლი, რომელსაც, ძველბერძნული ტრადიციისამებრ, მიცვალებულს პირში უდებდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ აქ მართლაც იყო ელინიზებული მოსახლეობა და იდგა აპოლონისა და არტემიდეს ტაძარი. შემდეგ არქეოლოგიურად დავადასტურეთ, რომ აწყური იმ დროისთვის დიდი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აღმოჩნდა ძვ. წთ. აღ-ის VI საუკუნის იონიური ნაწარმი და ბერძნულ ქალაქებში დამზადებული საკმაოდ ნატიფი და ძვირად ღირებული კერამიკული ნიმუშები. ამ აღმოჩენით გაირკვა, რომ, როგორც ჩანს, აწყურის მიმართ ვაჭრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. ის მართლაც დაწინაურებული ქალაქი იყო, სადაც მმართველი იჯდა. სამარხების უმეტესობაში აღმოჩნდა ოქროს ნივთები, რაც განსხვავებული სოციალური ფენების არსებობაზე მიუთითებს.

ამგვარად, ყველაფერი, რასაც "ქართლის ცხოვრება" წმინდა ანდრია მოციქულის აწყურში მობრძანების შესახებ მოგვითხრობს, არქეოლოგიურად დადასტურდა.

- რომ არა წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის სრული შესაბამისობა, ბუნებრივია, აწყურის გათხრები მსოფლიოში ასეთ დიდ გამოხმაურებას ვერ გამოიწვევდა. როგორც ვიცი, ეს საკითხი საერთაშორისო ინტერესის საგნად იქცა...

- აწყურის გათხრების მიმართ დიდი ინტერესის დასტური გახლავთ თუნდაც ის, რომ ნიურნბერგის ბუნებისა და ისტორიის საზოგადოების წევრები მუდმივად ჩამოდიან და მუშაობენ აწყურის ნაქალაქარში. ისინი ისევე მიჰყვებიან ანდრია მოციქულის კვალს, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. უკვე 7-8 წელიწადია, აშშ-დანაც ჩამოდიან, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. ვფიქრობ, ეს იმ თემატიკის აღიარებაა, რასაც ქრისტიანობის პირველი საფეხურები ჰქვია. ხოლო თუ როგორ აისახა ქრისტიანობის პირველი ნაბიჯები ყოფაში, ამის შემოწმების ერთადერთი კრიტერიუმი არქეოლოგია და არქეოლოგიური ნაშთები გახლავთ. ამდენად, ვთვლი, რომ ქრისტიანულ არქეოლოგიას ქრისტიანობის საწყისი ეტაპების კვლევის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქრისტიანობა და ქართველობა ხომ განუყოფელი ცნებებია.

- სულიერი თვალსაზრისით რამდენად იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს კვლევა, რამდენად დაგეხმარათ რწმენის განმტკიცებაში?

- ბუნებრივია, როდესაც ქრისტიანობის კვლევას იწყებ, ბევრ რამეს სხვაგვარად ჩაუფიქრდები, ცხადია, არამარტო მეცნიერული თვალსაზრისით.

2 წლის წინ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოჩნდა XII საუკუნის უნიკალური, ტიხრული მინანქრით შემკულ ოქროს ჩარჩოში ჩასმული იასპის ქვა, რომელზეც გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, აქეთ-იქით კი - იოანე ღვთისმეტყველი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ხატი ბრწყინვალედ შემოინახა. ვთვლი, რომ ამ ხატის აღმოჩენა უაღრესად დიდი პატივია, რომელიც ღმერთმა მე მარგუნა.

არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ის, რასაც წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ანდრია პირველწოდებულის შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა. სწორედ ამ რწმენით დავიწყე სამუშაო. სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, თავიც კი მიმენებებინა. მოგეხსენებათ, 20 წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობა იოლი არ გახლავთ. თანაც, გარშემო უამრავი დიდი მეცნიერული ღირებულების მქონე არქეოლოგიური ძეგლია. მაგრამ მე ვარჩიე, ანდრია მოციქულის შესახებ თხრობას მივყოლოდი და ამ რწმენის გამო ღვთისგან ჯილდოდ ეს შესანიშნავი აღმოჩენა მივიღე, რომელიც ქართული ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი შედევრია და სულ მალე ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიციას დაამშვენებს. ვთვლი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ჩემთვის სულიერი და არა მხოლოდ არქეოლოგიური (მეცნიერული) თვალსაზრისით.

- მეცნიერული კვლევა-ძიება რწმენას ემყარება. მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) ამბობდა: "შემთხვევითი არ არის, რომ დიად გამოგონებათა და აღმოჩენათა ნაწილი ეკუთვნით მათ, ვინც დიდი მეცნიერიც იყო და დიდი ქრისტიანიც... თვით თვისებები შეუპოვარი კვლევა-ძიებისა, თავდადებული შრომა, საბოლოო შედეგის რწმენა, თავმდაბლობა - რელიგიის ნაყოფს წარმოადგენს". ამასთან, არსებობს ინტუიცია, გუმანი, რომელიც ამოიცნობს, განჭვრეტს იქ, სადამდეც მეცნიერული საშუალებები ვერ სწვდება. თქვენს მეცნიერულ კვლევებში რა როლს ასრულებს რწმენა, ინტუიცია?

- კვლევისას ზოგჯერ კრიზისული პერიოდი დგება. აწარმოებ გათხრებს და მხოლოდ სტანდარტულ, ჩვეულებრივ ნიმუშებს პოულობ, რომლებსაც არავითარი მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. მაგალითად, 2 წლის წინ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიდამოებში დავიწყეთ გამოკვლევები. ორი კვირის განმავლობაში ვერც ერთი ნატეხი ვერ აღმოვაჩინეთ. არადა, ერთთვიანი კონტრაქტი გვქონდა. როგორც იქნა, წერაქვის დარტყმისას რაღაცამ გაიწკარუნა. მართლაც, იმ დღიდან საინტერესო აღმოჩენები დაიწყო. შესანიშნავი მარნები გავთხარეთ. ვიპოვეთ ქვითკირის უზარმაზარი საწნახლები. რომ არა საბოლოო შედეგის რწმენა, ხელს ჩავიქნევდი და ძიებას აღარ გავაგრძელებდი.

აწყურში მუშაობის დროს ღრმად მწამდა, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზას მივყვებოდი, რომ წერილობითი წყაროები უტყუარ ცნობებს შეიცავდა და ამასთანავე მქონდა ინტუიცია, რომელიც გარკვეულწილად ცოდნასა და გამოცდილებასაც ემყარება.

მინდა უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს მიმართ, რომელიც ხშირად გვსტუმრობდა გათხრების დროს და დიდ ყურადღებას გვაქცევდა.

- როგორი დამოკიდებულებაა დღეს არქეოლოგიის მიმართ საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური წინსვლისთვის?

- განვითარების ისეთ ეტაპზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არქეოლოგია, ცხადია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ვერ იქნება. დიდ სუბსიდიებს სახელმწიფოსგან დღეს ვერ ვიღებთ. იმისთვის, რომ არქეოლოგიურ ძეგლებს ჯეროვანი ყურადღება მიექცეს და სათანადო დაფინანსება მიიღოს, შესამუშავებელია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სახელმწიფო სტრატეგია - ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რომლის ნაწილსაც არქეოლოგიური მემკვიდრეობა წარმოადგენს. საჭიროა შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის მართვის შესახებ. ეს დოკუმენტი კი უნდა შეიცავდეს ყველა ნიუანსს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და, რაც მთავარია, მისი გამოყენებისა.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნავთობკომპანია "ბრითიშ პეტროლიუმს", რომელიც საქართველოს არქეოლოგიაში დიდ ინვესტიციებს დებს.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამდენად არის დაინტერესებული ჩვენი ახალგაზრდობა არქეოლოგიით?

- საბედნიეროდ, უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრი არქეოლოგიაზე შეყვარებული ახალგაზრდა გამოჩნდა. ეს არ გახლავთ უბრალო ინტერესი; მათ სხვაგვარად ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად ცდილობს, მხარი დაუჭიროს არქეოლოგიურ სამუშაოებს. უკვე მეორე წელია, საკვირაო გასვლები დავიწყეთ. სტუდენტები ყოველ შაბათ-კვირას გაგვყავს აწყურში. ისინი უშუალოდ ეხებიან არქეოლოგიურ ძეგლს. ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ არქეოლოგიას აქვს მომავალი.

- ბატონო ვახტანგ, აწყურის გათხრების მაგალითი შესანიშნავი დასტურია იმისა, რომ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობას დიდი პერსპექტივა აქვს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ორი სფეროს დაახლოების მნიშვნელობას?

- მთავარია მოინახოს სწორი გზა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობისა. მრავალ ქვეყანაში ქრისტიანული არქეოლოგია ცალკე დარგად არსებობს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქრისტიანული კვლევის, არამედ ქრისტიანობის ჩამოყალიბების შესწავლის თვალსაზრისითაც. აქ აუცილებელიც კია რელიგიისა და მეცნიერების თანამშრომლობა. სხვაგვარად ასეთი საკითხები ვერ გადაწყდება. არადა ეს ის კარდინალური საკითხებია, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისთვის, ჩვენი წარსულის მართებულად განსაზღვრისთვის.

უნივერსიტეტში მომავალი წლიდან ახალი საგანი გაჩნდება, რომელიც ხარისხის სამსახურმა ძალზე მოიწონა. პროგრამაში, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ყველა რელიგიურ მიმართულებას, ცალკე საგნად არის ჩართული "ქართული ქრისტიანული წერილობითი წყაროები და არქეოლოგია". ქრისტიანობა უმაღლეს სასწავლებელში ასე ღრმად ჯერ არ შეუსწავლიათ. ეს კი არის საუკეთესო საფუძველი ქრისტიანული არქეოლოგიის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისა. ქრისტიანულ პერიოდში ამავე მსოფლმხედველობით შექმნილი დოკუმენტების მიხედვით შევეცდებით, სტუდენტებს ვუჩვენოთ შესაბამისობა, რომელიც არსებობს ქრისტიანულ დოკუმენტებსა და მატერიალურ ნაშთებს შორის. ვფიქრობ, ეს იქნება მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს კოოპერირება სამი მიმართულებისა - რელიგიისა, მეცნიერებისა და განათლებისა.
ბეჭდვა